შალვა სუთიაშვილი: "იმ ხალხის გვერდით ვარ, რომლებმაც ქართული რაგბის პროგრესი მოედანზე დაიწყეს და დარწმუნებული ვარ, მოედნის გარეთაც დიდ საქმეს გააკეთებენ"

შალვა სუთიაშვილი: "იმ ხალხის გვერდით ვარ, რომლებმაც ქართული რაგბის პროგრესი მოედანზე დაიწყეს და დარწმუნებული ვარ, მოედნის გარეთაც დიდ საქმეს გააკეთებენ"

ქართულ რაგბიში არეულობა კვლავ გრძელდება. ერთ წელიწადზე მეტია, რაც არჩევნებთან დაკავშირებით არეულობა მიმდინარეობს, ხოლო ივლისის ბოლოდან მოყოლებული რაგბის კავშირი უპრეზიდენტოდაა დარჩენილი და მას პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი მართავს.

თითქოს, ეს არეულობა 30 დეკემბერს უნდა დასრულებულიყო, როდესაც ყრილობა შედგა და ირაკლი აბუსერიძემ გაიმარჯვა, თუმცა საჯარო რეესტრმა საბუთები დაახარვეზა და ამის შემდგომ, არეულობა კვლავ გაგრძელდა. 

ჯერ კიდევ იქამდე, სანამ საჯარო რეესტრის პასუხი გახდებოდა ცნობილი, გამგეობამ 24 თებერვლისთვის ყრილობა ჩანიშნა, რასაც აბუსერიძის გუნდმა და მომხრეებმა დე ფაქტო არჩევნები უწოდეს და ბოიკოტი გამოუცხადეს, რადგან მათ უკვე ჰყავთ არჩეული პრეზიდენტი. ისინი 28 დეკემბრიდან მოყოლებული საუბრობენ, რომ კლუბებზე ზეწოლა ხორციელდება, რის შესახებაც 24 თებერვლის ყრილობის დღეს „წიქარას“ წარმომადგენლებმა საჯაროდ დაადასტურეს. განმეორებითი ყრილობა 10 მარტისთვისაა ჩანიშნული.

უკანასკნელ დღეებში ორივე ბანაკიდან გააქტიურდნენ ვეტერანი მორაგბეები და სოციალურ ქსელებში, სხვადასხვა ვებგვერდებზე არაერთი განცხადება დაიდო. იოსებ ტყემალაძის მხარდასაჭერად 111 ვეტერანმა მორაგბემ მოაწერა ხელი, აბუსერიძის მხარეს მცირე ჯგუფი უწოდა და რაგბში დესტაბილიზაციის შემოტანაში დაადანაშაულა, საპასუხოდ კი, აბუსერიძის მომხრეებმა გაცილებით ვრცელი 400-კაციანი ხელმოწერა გამოაქვეყნეს და განაცხადეს, რომ ტყემალაძის მომხრეები საკუთარი მცირე ჯგუფის, მრავალრიცხოვნად გამოყვანას ცდილობენ საზოგადოებისთვის და სურთ, რომ გულშემატკივარი შეცდომაში შეიყვანონ. 

ქართულ რაგბიში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს ნაკრების ლეგენდარულ მორკინალს შალვა სუთიაშვილს (82 კეპი, სამი მსოფლიო თასის მონაწილე) დავუკავშირდით და მასთან ვრცელი ინტერვიუ ჩავწერეთ, რომელმაც ირაკლი აბუსერიძეს და მისი გუნდის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დააფიქსირა და ამის კონკრეტულ მიზეზებზე ისაუბრა. 

- ქართულ რაგბში არსებული ვითარება ბოლო პერიოდში განსაკუთრებით დაიძაბა. როგორ შეაფასებდი ამ ყველაფერს და რას ფიქრობ, რატომ ხდება ეს ყველაფერი?

- კი და ძალიან სამწუხაროა და გულდასაწყვეტი. ეს პროცესი მიდის 2015 წლის შემდეგ და დღეს უკვე ძალიან ბოდიში და გულის ამრევი გახდა. 2015 წელსაც იგივე სიტუაცია იყო და მაშინ აბუსერიძემ, ზედგინიძემ და მათმა გუნდმა სიტუაციის განმუხტვისთვის ბევრ რამეზე დახუჭეს თვალი იმის იმედით, რომ ამ შეფხიზლების მერე მაინც მოხდებოდა წინსვლა და პროგრესი,  სამწუხაროდ ეს ასე არ მოხდა და სახეზეა დიდი რეგრესი. აი რაც დღეს ხდება, ეს უკვე მეტისმეტია და ზუსტად ამიტომ არავინ არაფრის დათმობას არ ვაპირებ.
მე რომ დავიწყე სანაკრებო კარიერა პატარა ბიჭი ვიყავი და ვაკვირდებოდი რამხელა ენთუზიაზმით იყვნენ ეს თაობა ვინც ეხლა ერთმუშტადაა შეკრული. არც ფული იყო, არც კომფორტი, პლიუს ამას ბიჭები თავისავე ფულით ყიდულობდნენ თვითმფრინავის ბილეთებს, რომ ეს მზარდი პროგრესი არ შენელებულიყო და შეეყვარებინათ ხალხისთვის რაგბი. 

დღეს ამ ადამიანებს რომ აუგად მოიხსენიებენ და დესტრუქციულ ძალად ასახელებენ, მაგითი იმ ჩემ სიამაყეს რითიც მიცხოვრია და ვის შემხედვარეც, ვისი გულისთვისაც ოჯახს თვეობით ვტოვებდი, ამ დიდ ოჯახს ლაფს ასხავენ.

- შალვა, ვნახეთ 111 მორაგბის ხელმოწერა. აქ არიან ის პირებიც, რომლებიც დღემდე გამგეობაში არიან. როგორ ფიქრობ, რატომ არიან ისინი ირაკლი აბუსერიძის წინააღმდეგ?

- ვნახე ეს სია. უმეტესობა მე არ მეცნო. შემდეგ ვიკითხე და სიმართლე გითხრათ, რამდენიმე ადამიანი საერთოდ ვერ ამოვიცანით. რაც შეეხება კითხვას, თუ რატომ არიან ისინი ირაკლი აბუსერიძის წინააღმდეგ, ალბათ ეს თავად მათ უნდა ვკითხოთ. იქით მხარესაც არის ჩემი რამდენიმე მეგობარი და ეს ისეთი თემაა, რომ ამის გამო, ვინ რომელ მხარეს დგას, კონფლიქტში არ შევალთ. ეს კითხვა კი იქით მხარეს უნდა ვკითხოთ, თუ რამ განაპირობა და რის გამოა ასეთი განხეთქილება მათი მხრიდან.  

- შალვა, შენ როგორც კი სანაკრებო კარიერა დაასრულე, მეორე დღესვე საჯაროდ დააფიქსირე ირაკლის მიმართ მხარდაჭერა. რატომ უჭერ მხარს ირაკლის და მის გუნდს რომ უთხრა გულშემატკივარს კიდევ ერთხელ?

- 2015 წელსაც დავაფიქსირე მე მხარდაჭერა და ინტერვიუ მივეცი თუ არ მეშლება პირველ არხს. ზემოთაც ვთქვი და გავიმეორებ, ახალგაზრდა ბიჭი ვიყავი, როდესაც მათ შევუერთდი ნაკრებში. როგორ მიმიღეს, როგორი სიმდიდრე გადმომცეს და ა.შ. მე დიდი ნდობა გამიჩნდა მათ მიმართ. მე ჯერ ილია ზედგინიძეს კაპიტნობის ქვეშ ვითამაშე, შემდეგ ირაკლი აბუსერიძის, შემდეგ კი ირაკლი მაჩხანელის და ის ერთგულება, ის ერთიანობა რაც იყო და რაც გააჩნდათ, ჩემთვის იყო ძალიან დასამახსოვრებელი და რა თქმა უნდა ის სიმდიდრე, რაც არის რაგბი და რის გამო ჩვენ დავიწყეთ თამაში და რის გამოც მამაჩემმა დაიწყო რაგბის თამაში, აი ეს ყველაფერი ჰქონდათ შენარჩუნებული. 

როდესაც ისინი ჯერ კიდევ მოქმედი სპორტსმენები იყვნენ, მე ვესწრებოდი იმ ლაპარაკს, თუ რა იყო გასაუმჯობესებელი, როგორ შეიძლება დაწეოდა რაგბის კავშირი ეროვნული ნაკრების პროგრესს, ისინი ამ ყველაფერზე ჯერ კიდევ მაშინ ფიქრობდნენ, როდესაც მოქმედი სპორტსმენი იყვნენ. მე ამ ყველაფერს ვაკვირდებოდი, ვაანალიზებდი, დისკუსიებიც იყო, იდეეების გაცვლა-გამოცვლაც და ამის გამო არის, რომ დღეს იმ ხალხის გვერდით ვარ, ვინც ქართული რაგბის პროგრესის განხორციელება მოედნიდან დაიწყეს და დარწმუნებული ვარ, რომ მოედნის გარეთაც ძალიან დიდ საქმეს გააკეთებენ. ისინი ძალიან დიდ პროგრესს განახორციელებენ, როგორც ეს მოედანზე ხდებოდა. 

როგორც ერთი წლის წინ, ახლაც ვარ იმ აზრზე, რომ ახალგაზრდული ძალა, ვინც არიან ამ გუნდში, დიდი კონტაქტები აქვთ საკუთარი კარიერიდან, მოღვაწეობიდან გამომდინარე, რაც საფრანგეთში შეიქმნეს. აქაური შიდა ჩემპიონატიც კარგად იციან, აქაურ მთელ უცხოელ მორაგბეებს კარგად იცნობენ. იგივე აგუსტინ პიშოსნაირი ფიგურა ავიღოთ, თითქმის ყველა კარგად იცნობს და კარგი ურთიერთობა აქვთ. ამ კონტაქტების გათვალისწინეთ, ირაკლი აბუსერიძეს და მის გუნდს, ქართული რაგბის განვითარებისთვის აუცილებელი გეგმების განხორციელება ბევრად გაუდვილდება. 

- 111 ვეტერანის საპასუხოდ, რომლებიც განცხადებაში იძახდნენ, რომ ვეტერანების უდიდესი ნაწილი მათ პოზიციას იზიარებდა ანუ იოსებ ტყემალაძეს უჭერდა მხარს, 400-მა ვეტერანმა მორაგბემ დააფიქსირა ხელმოწერით ირაკლი აბუსერიძის მხარდაჭერა.

- 400 ვეტერანს ვიძახით, მაგრამ ოთხასის გარდა კიდევ ძალიან ბევრია დამიჯერეთ. ამ 400-ზე რაღაც სიმბოლურად გავჩერდით. დარწმუნებული ვარ, ამხელა სიას რომ ჩამოვყვეთ, ადამიანს სიის წაკითხვა დაეზარება. უცებ რაც შედგა ეს სია, ის გამოქვეყნდა, თორემ 400-ის გარდა, კიდევ ბევრი ვეტერანი დგას ირაკლის გვერდით. ამ რიცხვების შედარება კარგი არ არის, მე არ მინდა, რომ ეს 111 ადამიანიც სხვა მხარეზე იყოს და ასეთი რაღაც ხდებოდეს. სამწუხაროა, რომ დღეს იძულებულნი გავხდით, რომ ასეთი რაღაც დაგვეფიქსირებინა, ძალიან სამწუხაროა. წეღანაც აღვნიშნე, რომ იმ 111 ადამიანში რამდენიმე ჩემი მეგობარია, ვისთან ერთადაც ეროვნულ ნაკრებში მითამაშია და გულდასაწყვეტია, რომ ასეთი გაყოფა მოხდა. 

ცუდია, ასეთი რაღაც შეჯიბრებები რომ გახდა საჭირო. ცუდია, რომ არ დაუჯერეს ამ ადამიანებს ირაკლი აბუსერიძეს, ირაკლი მაჩხანელს, ილია ზედგინიძეს და ა.შ. დავით ზირაქაშვილი, ვიტო კოლელიშვილი, თვითონ მეც, 2015 წლიდან ჩართულნი ვართ ამ ყველაფერში და ძალიან ცუდია, რომ ამის დამტკიცება გახდა საჭირო. ეს ჩვენი ბრალი არაა, ეს მათი მოთხოვნა იყო, მათ დააფიქსირეს 111-კაციანი ვეტერანთა სია და იძულებულნი გავხდით, რომ გამოგვეტანა ჩვენი ერთიანობა, თუმცა გარწმუნებთ, რომ აბუსერიძის მხარდამჭერთა რიცხვი 400 ვეტერანზე ბევრად მეტია. 

იმ 111 კაცში არიან ისეთი ადამიანები, რომლის გამოყენებაც ქართული რაგბისთვის საჭიროა და აუცილებელია. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი ჩაივლის ისე, როგორც საჭიროა, მორჩება ეს მაიმუნობა და არჩეული პრეზიდენტი ირაკლი აბუსერიძე დაიწყებს თავის საქმიანობას. მას აქვს ძალიან მაგარი გეგმები, რომელიც ძალიან კარგად ვიცი. უკვე 1 იანვარს ვილაპარაკეთ და უკვე თავის საქმეებზე, გეგმებზე ლაპარაკობდა, ჩართული იყო ამ საქმეში. დარწმუნებული ვარ, რომ ამ 111 ადამიანიდანაც ითანამშრომლებს იმ ადამიანებთან, ვისაც რა თქმა უნდა სურვილი ექნება, რომ რაგბის განვითარებას შეუწყოს ხელი. 

- შალვა, ოპონენტების მხრიდან ითქვა, რომ "კარგი მორაგბე არ ნიშნავს, კარგ მენეჯერს" და ამბობენ, რომ ტყემალაძე კარგი მენეჯერია, თუმცა, მისი სარაგბო საქმიანობა, თუნდაც მენეჯერული კუთხით, საზოგადოების დიდი ნაწილისთვის უცნობია. როგორია შენი აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით და ასევე ტყემალაძის პროგრამა-გეგმაზე, რომელშიც მან მსოფლიო ჩემპიონობისკენ 15-25 წელიწადში სვლა ახსენა. 

- კი, მაგრამ კარგი მორაგბე რომ იყო, ამის მერე რამდენი წელია, თუნდაც ირაკლი აბუსერიძე და სხვა ვეტერანი მორაგბეები, ვინც არიან აღარ თამაშობენ და ხელი მიყვეს სწავლა-განათლებას? ამ წლებში დაუგროვდათ სამუშაო გამოცდილება და უკვე იციან რა უნდა გაკეთდეს. და მე კიდევ მინდა ვთქვა, რომ ჩვენს განათლებაზე ნურავის ეჭვი ნუ შეეპარება, რადგან თუნდაც დღეს უკვე, მეც დავიწყე სწავლა და ჩვენ ამ მენეჯმენტს ვსწავლობთ უკვე, რადგან აქ, საფრანგეთში არის ისეთი სისტემა, რომ ადამიანი, როდესაც მიდის რაგბიდან, უკვე კარიერის ბოლოშია, „პროვალია“ ასეთი ორგანიზაცია, რომელიც ეხმარება ფინანსურად, რომ ადამიანმა თავის მომავალი უზრუნველყოს და განათლება მიიღოს შესაბამისი მენეჯმენტისთვის. 

თუმცა, აქ ეს ლექტორები იმას იძახიან, რომ ჩვენ მოედანზე ყოფნით, ლიდერობით, თუნდაც კაპიტნობით იმხელა გამოცდილება დაგვიგროვდა, რომ ავტომატურად შეძენილი გვაქვს ეს მენეჯმენტისთვის საჭირო უნარები. ამიტომაც, ასეთი რაღაც სალაპარაკო არ არის. მე როგორც ვხვდები, რომ ამ მესიჯით დაახლოებით ასეთ რაღაც მოდის „სპორტსმენია, თავში ტვინი არ აქვს და არ შეუძლია რაღაცის კეთება“? ძალიან მცდარი ინფორმაციაა ეს და დამიჯერეთ, დამიჯერეთ, რომ ძალიან ბევრი ვეტერანი სპორტსმენი, მორაგბე, წარმატებული ბიზნესმენიცაა, წარმატებული მენეჯერიცაა, თუნდაც სახელმწიფო მოხელე და ა.შ. ეს დაკნინება არ არის საჭირო. 

რა თქმა უნდა რაგბის განვითარებისთვის ფული, გარკვეული სახსრებია საჭირო, მაგრამ ესე თუ 15-25 წლის პერსპექტივას ვერ ვიტყვით. ეს ცოცხალი პროცესია და ის ყოველწლიურად, ყოველდღიურად უნდა გადაიხედოს ეს პროცესი და საფუძვლიანად უნდა გაკეთდეს ამ ყველაფრის გაანალიზება, კორექტირება, დაგეგმვა და ა.შ. ასე ადვილი სათქმელი არაა 15-25 წლის პერსპექტივა. სიტყვაზე იქნებ ჩვენ შეგვიძლია 2.5 წელიწადში გავაკეთოთ ძალიან მაგარი რაღაც, ისეთი მაგარი ბიჭები მოდიან ეს ახალგაზრდა მორაგბეები. კარგი მწვრთნელი და მენეჯერი რომ ჩაუდგეს სათავეში, კარგი სპეციალისტი, ერთობა რომ შეიკრას, ერთ აზრზე რომ მივიდეს ყველა, რატომ არა, რომ მოსალოდნელზე დიდი შედეგი დავდოთ 2023 წლის მსოფლიო თასზე?
ამიტომ არის, რომ სწრაფად უნდა მორჩეს ეს ყველაფერი, აღარ არის მაიმუნობების დრო. არის უკვე არჩეული პრეზიდენტი, დაგეგმილიც ჰქონდა ქართული რაგბის განვითარებისთვის საჭირო გეგმა და ამიტომ, ძალიან ცუდია, რომ დრო იკარგება ასე არაფრის გამო. როგორც გითხარით, ირაკლის უკვე 1 იანვარს ველაპარაკე, თავისი გეგმების ნაწილი გამიმხილა და ძალიან სწორ პოზიციაზე იდგა. დამიჯერეთ, რომ დღეს უკვე საკმაოდ წინ ვიდგებოდით. 
განათლებაზე მინდა დავამატო. ბოლო ორი წლის განმავლობაში, პირადად ჩემს განათლებაში ჩაიდო 22 000 ევრო, ორი წლის მანძილზე. ამ დონის განათლებას ვიღებთ ჩვენ. ასე რომ, ვიღაცეებს ნუ ეპარებათ ეჭვი იმაში, რომ რაგბის თამაშის გარდა, სხვა რაღაცეებიც გამოგვდის. 

- შალვა, 10 მარტს დაგეგმილია განმეორებითი ყრილობა. ირაკლის გუნდი საუბრობს, რომ გარე ძალების ჩარევა ხდება, რომლებიც მუნიციაპალურ კლუბებზე ზეწოლას ახდნენ. სააშაკარაოზე გამოვიდა წიქარას ფაქტი. როგორ შეაფასებდი ამ ყველაფერს, რა მოხდება შენი აზრით 10 მარტს?

- ვიცი და ძალიან ცუდია. რამდენიმე კლუბი ვინც ირაკლის საწინააღმდეგოდ აძლევს ხმას, მოთამაშიან-მწვრთნელიანად ირაკლის მხარეს არიან და რად უნდათ ასეთი პრეზიდენტობა ვერ ვხვდები. 

ჰყავს უკვე პატიოსნად არჩეული პრეზიდენტი რაგბს და ჩემი როგორც ერთ-ერთი მორაგბის, რომელსაც  ფედერაციის თანამშრომლობის და მითუმეტეს თანამდებობის ინტერესი არააქვს, თხოვნა იქნება ნუ უშლიან ხელს რაგბის განვითარებას. ყველას დიდი მადლობა გაწეული შრომისთვის, მაგრამ ცვლილებების დროა.

-  საბოლოო ჯამში რაში ხედავ გამოსავალს? როგორ უნდა განიმუხტოს ეს დაძაბული სიტუაცია? რას ეტყოდი ასე რომ ვთქვათ, მეორე მხარეს , რომლებიც თქვენგან განსხვავებულ პოზიციაზე დგანან?

- ჩემი სათხოვარი იქნება შეეშვან ამ ზეწოლებს და იმის თქმას, რომ ვიწრო წრეში წყდება ქართული რაგბის მომავალი აბუს და მისი გუნდის ხელში. 
დაგვიჯერეთ ყველაზე დიდი კრიტიკოსები და სიმართლის მთქმელი ჩვენ ვიქნებით, თუ რამე არ მოგვეწონება მის მართვაში. ეს არ არის ჩემი და ახალგაზრდების ახირება, მამაჩემი გიორგი სუთიაშვილიც ცვლილებების მხარდამჭერი იყო 2015 წლიდან და ამ ცვლილებებს უჭერდა მხარს სიცოცხლის ბოლო დღემდე და დარწმუნებული ვარ დღესაც მის გვერდით იქნებოდა, როგორც ავთო ღიბრაძე, თემურ ბენდიაშვილი ასევე და კიდევ ბევრი ძალიან დიდი დამსახურების ადამიანები რაგბში. ვცეთ უმრავლესობის აზრს პატივი და კიდევ ნუ დავძაბავთ სიტუაციას. აბუ პრეზიდენტია !!!!

- შალვა, ნაკრებზეც მკინდა გკითხო, როგორ შეაფასებდი გუნდის თამაშს შემოდგომის ერთა თასზე. დაინახე თუ არა ნაკრების პროგრესი?

- ნაკრებზე ცოტა რთულადაა სიტუაცია. ძალიან მინდოდა დამენახა პროგრესი, მაგრამ მე უბრალოდ უფლება არ მაქვს ამის თქმის, რადგან თვითონ საფრანგეთშიც და მსოფლიო პრესაშიც ძალიან გვაკრიტიკეს. თუნდაც აქაურ მწვრთნელებსაც როდესაც ველაპარაკები, ყველა იმას აღნიშნავს, რომ ჩვენ უბრალოდ არ გვაქვს თამაში, არ ვქმნით თამაშის სტილს, არ იდგმება სპექტაკლი ჩვენი თამაშით, ამიტომ არ ხიბლავთ საქართველოს მიღება 6 ერში. ზუსტად თვითონ „მსოფლიო რაგბიც“ იმის მომხრეა, რომ რაღაც ახალი შევიდეს ნაკრების თამაშში, თუნდაც დინამიკაში და უფრო გახსნილი და ლაღი რაგბი ვითამაშოთ. 

ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვამბობდე ჩვენ დროს უკეთესად იყო,მითუმეტეს, რომ ერთი წელიც არაა, რაც სანაკრებო კარიერა დავასრულე. უბრალოდ დიდი გამოცდა მოგვიწყეს, დიდ გუნდებთან თამაში გადაება და ყველას ერთიანი აზრია, რომ არანაირი პროგრესი არ შეიმჩნეოდა. ისეთი მაგარი ბიჭები მოდიან და ისეთი მაგარი თაობა მოდის, რომ იმედი მაქვს, კარგი და სწორი მუშაობის შემთხვევაში საკმაოდ სანახაობრივად მოთამაშე ნაკრები გვეყოლება. 

- შალვა, იწყება მსოფლიოს შესარჩევი ციკლი. როგორ ფიქრობ, რაგბი ევროპაზე არის რომელიმე ისეთი გუნდი, რომელსაც შეუძლია გარკვეული კონკურენცია მაინც გაუწიოს საქართველოს ნაკრებს? თუ მაინც იოლ გასეირნებას ელოდები?

- რაც შეეხება მოახლოებულ მსოფლიოს შესარჩევს, ვიცი, რომ ბევრ გუნდს ჩვენზე დამიზნებული აქვს. ვიცი, რომ ისინი განსაკუთრებით ემზადებიან ჩვენს წინააღმდეგ სათამაშოდ. ჩემს გუნდში ესპანეთის ნაკრების ერთ-ერთი მოთამაშეა, რუმინეთის ნაკრების ყოფილ კაპიტანთან ვმეგობრობ, პორტუგალიის ნაკრების კვაჭთან ვმეგობრობ და სულ ვსაუბრობთ ამის შესახებ, თითქოს თავს იკატუნებენ, მაგრამ ვიცი, რომ მათთვის ყველაზე დიდი სამიზნე მაინც საქართველოა. თუნდაც რუსეთთან თამაში რომ ავიღოთ, მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ გაგვითამამდნენ რუსები და პირველი ტაიმის მათთან 0:0-ის დასრულება არ არის სახუმარო ამბავი, რადგან რუსებს ეგეთი ხასიათი აქვთ რაგბში, რომ თუ ოდნავ გასაქანი მიეცი, მერე შიშს კარგავენ. 
რუსეთზე მთავარი ფსიქოლოგიური წნეხი ის იყო, რომ ჩვენთან მოგების იმედს კარგავდნენ და შიში ჰქონდათ თამაშის და რასაც ვუყურე რუსეთთან ბოლო მატჩს, მე ვფიქრობ ძალიან გათამამებულები არიან და აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, მათი გათვლაა რომ რუსეთში თამაში მოგვიგონ, რისთვისაც ჩვენგან სერიოზული, კარგი მომზადებაა საჭირო და იმედია სათანადოდ ვითამაშებთ მათ წინააღმდეგ. 

- შალვა, ბოლოს მინდა შენს კარიერაზეც გკითხო, მომავალ სეზონშიც აპირებ რაგბის თამაშს? და ასევე თუ გაქვს გადაწყვეტილი, რას აპირებ სარაგბო კარიერის დასრულების შემდეგ? 

- „ანგულემთან“ კიდევ ერთწლიანი კონტრაქტი მაკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ პრო დ2-დან დაქვეითების საშიშროებაა, მაინც ვაპირებ დარჩენას და აქ თამაშის გაგრძელებას. ჯერჯერობით არ ვაპირებ თამაშზე თავის დანებებას, მაინტერესებს სადამდე შევძლებ თამაშს და სადამდე გამიძლებს ორგანიზმი. ჩემი ერთ-ერთი გეგმაა, რომ როგორც დავიწყე რაგბი სამოყვარულო დონეზე, ასევე სამოყვარულო დონეზე დავასრულო და როგორ ვთქვა, ის რაც რაგბმა მომცა, უკან დავუბრუნო მას და სამოყვარულო დონეზე რაღაც შევძინო გუნდს, ახალგაზრდა მოთამაშეებს. ეს არის ერთ-ერთი ჩემი მიზანი, რომ კარიერა დავასრულო სამოყვარულო დონეზე თამაშით.  

უკვე დაწყებული მაქვს სამომავლო გეგმებზე ფიქრი, რომელიც კარიერის შემდგომ მოღვაწეობას ეხება. დაწყებული მაქვს ჩემი საქმიანობა, ბიზნესი და ასევე ვსწავლობ აქტიურად ბოლო ორი წელია და კიდევ ვაპირებ კარიერის ბოლო დღემდე სწავლის გაგრძელებას, დიპლომების აღებას, რომ შემდეგ საშუალება მომეცეს ჩემი საქმე ვაკეთო და ასევე დავრჩე რაგბში, ოღონდ ჯერ არ ვიცი რა სტატუსით, ყოველ შემთხვევაში რაგბთან ახლოს ყოფნას ვაპირებ და ასევე ჩემი საქმის კეთებას.

- ბარემ გკითხავ „ანგულემის“ ცუდის თამაშის მიზეზზეც. შარშან, სანამ პანდემიამდე შეწყდებოდა პრო დ2, პლეი-ოფის ზონაში იყავით და წელს გასავარდნ ზონაში ხართ. რატომ მოხდა ასეთი ვარდნა ამ 1 წლის განმავლობაში? ფინანსური კრიზისი ხომ არაა გუნდში?

-  „ანგულემის“ ეს ცუდი შედეგი განაპირობა მწვრთნელის შეცვლამ, რამდენიმე წამყვანი მორაგბის წასვლამ და სეზონის არასწორად დაწყებამ. ბევრი ფაქტორი იყო. ბევრი ფაქტორი იყო. დეკემბერში მწვრთნელის შეცვლა მოგვიწია და ვეღარ დავლაგდით. ვეღარ დავიბრუნეთ ის რწმენა, რომელიც გუნდში წინა წლებში იყო. გვყავს ახალი მწვრთნელი, რომელმაც ნელ-ნელა შეკრა გუნდი და ახლახანს სამი წლით გაახანგრძლივა კონტრაქტი, რაღაც ნათელი წერტილები ჩანს, მაგრამ რამდენად გვეყოფა ეს დარჩენილი ცხრა თამაში გუნდის გადასარჩენად არ ვიცი, თუმცა იმედი მაქვს, რომ პრო დ2-ში დარჩენას შევძლებთ.  

ფინანსური კრიზისი არ გვქონია, ფინანსურად პირიქით უკეთესი მდგომარეობაა, დიდი პროგრესია ამ თვალსაზრისით. მწვრთნელების და მენეჯერების ცვლილებება, ასევე წამყვანი მოთამაშეების წასვლაა ამ პრობლემების მიზეზი. თუმცა, რომც დაქვეითდეს გუნდი, კლუბის ხელმძღვანელობა აპირებს ძირითადი ბირთვის, ასევე ბიუჯეტის შენარჩუნებას და პრო დ2-ში დაბრუნებას დაისახავს მიზნად, თუმცა ეს რა თქმა უნდა იმ შემთხვევაში, თუ ქვედა ლიგაში დავქვეითდებით.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)