"ამ გამარჯვებას არ დავთმობთ" - მორაგბეებმა ჩინოვნიკების ჩარევა კანცელარიასთან გააპროტესტეს

"ამ გამარჯვებას არ დავთმობთ" - მორაგბეებმა ჩინოვნიკების ჩარევა კანცელარიასთან გააპროტესტეს

იუსტიციის სახლის შემდეგ, მორაგბეების მორიგი აქცია დღეს კანცელარიასთან გაიმართა.

მოთხოვნა უცვლელია: მაღალი თანამდებობის გარკვეულმა პირებმა შეწყვიტონ სარაგბო საქმიანობაში ჩარევა და საშუალება მისცენ 30 დეკემბერს არჩეულ პრეზიდენტს, ირაკლი აბუსერიძეს რაგბის კავშირის მართვა დაიწყოს. აქციაზე შეკრებილნი იყვნენ, როგორც სხვადასხვა კლუბების მორაგბეები, მწვრთნელები და მენეჯერები, ასევე ყველასთვის ცნობილი ვეტერანი "ბორჯღალოსნები". ისინი ერთხმად აცხადებენ, რომ ირაკლი აბუსერიძის არჩევა ლეგიტიმურად მოხდა და 30 დეკემბერს გამართული არჩევნები თავად იმ გამგეობის მიერ გახლდათ ჩანიშნული, რომელმაც შემდგომში არალეგიტიმური უწოდა, რისი მიზეზიც ის გახლდათ, რომ აბუსერიძე ძველი გამგეობისთვის არასასურველი კანდიდატია.

თბილისის "ლოკომოტივის" წარმომადგენლის ბობა კვინიხიძის თქმით, მათ აწ უკვე ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან კითხვები ჰქონდათ, რაზეც პასუხები აინტერესებდათ, თუმცა მისი გადადგომა არ ნიშნავს, რომ მათ აღნიშნული კითხვები გაუქრათ და პასუხს არ მოითხოვენ. 

"ჩვენ გვაინტერესებს უბრალოდ ეს ზეწოლა საიდან მიდიოდა ჩვენს მომხრე მუნიციპალურ კლუბებზე. აწ უკვე ყოფილი პრემიერ-მინისტრისკენ იშვერდნენ ხელებს ზოგზოგიერთები, სახელებს და გვარებს ჯერ არ დავასახელებ. უბრალოდ შეკითხვები გვქონდა. მაინცდამაინც დღეს გადადგა ეს ადამიანი. სიმართლე გითხრათ აიცილა ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. 

რაღაც შემოთვლები იყო, რომ კაცი წავიდა და მოდი გადავდოთ ეს აქციაო, მაგრამ ჩვენ მარტო პრემიერთან არ გვაქვს კითხვები. ეს კითხვები გვაქვს მთლიან ვერტიკალთან. ვინც არ უნდა იყოს პრემიერ-მინისტრი, ხომ დანიშნავენ როცა იქნება ერთ კვირაში იქნება თუ ორ კვირაში. ყველას დავუსვამთ კრიტიკულ კითხვებს, მოვითხოვთ ირაკლი აბუსერიძის, გამარჯვებული რაგბის კავშირის პრეზიდენტის აღდგენას ან როგორც გინდათ დაარქვით. ჩვენ არ დავთმობთ ამ გამარჯვებას", -
განაცხადა საქართველოს ნაკრების და თბილისის "ლოკომოტივის" ყოფილმა მგეზავმა. 

დიდი ხანია არსებობს ჭორები, რომ ირაკლი აბუსერიძის ოპონენტი გუნდის მხრიდან ახალი კანდიდატი იქნებოდა დასახელებული და ეს ადამიანი სოსო ტყემალაძე უნდა ყოფილიყო, რაც როგორც ჩანს სიმართლეს შეესაბამება და დღეს ამაზე მორაგბეები და კლუბების წარმომადგენლები უკვე ღიად საუბრობდნენ. მათ დაადასტურეს, რომ ტყემალაძე სარაგბო კლუბებსაც ხვდება, თუმცა დღეს კანცელარიასთან შეკრებილი მორაგბეებისთვის აღნიშნული კანდიდატურა მიუღებელია, რადგან ისინი თვლიან, რომ მათ უკვე აირჩიეს ლეგიტიმური პრეზიდენტი - ირაკლი აბუსერიძე. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)