ბობა კვინიხიძე: "ბოლომდე ვაწვებით და სიმართლისკენ მივდივართ, ყველაფერი სააშკარაოზე გამოვა"

ბობა კვინიხიძე: "ბოლომდე ვაწვებით და სიმართლისკენ მივდივართ, ყველაფერი სააშკარაოზე გამოვა"

"მედიაცენტრ მთავარში" გუშინ თბილისის "ლოკომოტივის" წარმომადგენელმა ბობა კვინიხიძემ და კიკეთის "იუნკერების" მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ზაბახიძემ პრესკონფერენცია გამართეს და ისაუბრეს, როგორც ხუთშაბათს დაანონსებული აქციის, ასევე ქართულ რაგბიში ბოლოდროინდელ და ამჟამად მიმდინარე პროცესებზე. 

"ეს ქაოსი, რაც ხდება დაიწყო 30 დეკემბრის არჩევნებამდე ორი დღით ადრე, როდესაც ზეწოლა მიდიოდა ჩვენს მომხრე მუნიციპალურ კლუბებზე ქვორუმის ჩასაშლელად. პირდაპირ ვიტყვი, რომ ქვორუმის ჩაშლა და არჩევნების 2021 წლისთვის გადატანა უნდოდათ და რაც მოხდა ყველამ კარგად ნახეთ. შეიქმნა ქვორუმი, ჩატარდა არჩევნები სრულიად ლეგიტიმურად. იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოგზავნილმა ნოტარიუსმა დაამოწმა და დაადეკლარირა ყველაფერი, როგორც წესი და რიგი იყო. ის ოქმები მივიტანეთ ჩვენ საჯარო რეესტრში და რაც მოხდა ყველამ კარგად ნახეთ. საჯარო რეესტრმა, იუსტიციის სამინისტრომ ფაქტობრივად უკანონობა დააკანონა და მაგას ვაპროტესტებთ ჩვენ.

რიგი მაღალჩინოსნების ხელშეწყობით უფათურა ხელები არამარტო საჯარო რეესტრში, არამედ რაგბის კავშირში და თითქმის ყველა გუბერნატორი, ქალაქის მერიის წარმომადგენლები ორკესტრირებულად უტევდნენ ჩვენს მხარდამჭერ გუნდებს, მაგრამ მაინც არაფერი არ გამოუვიდათ. ჩვენ ამ ამბავს ასე არ დავტოვებთ, ბოლომდე ვაწვებით და მივდივართ სიმართლისკენ. უნდა გავაშიშვლოთ ყველა ის ადამიანი, ყველა ის სახელმწიფო ინსტიტუტი, ვინც ამაში მონაწილეობდა. გვაქვს შეკითხვები პრემიერ-მინისტრთან. როგორც ვიცით პრემიერ-მინისტრისკენ იშვერენ ხელებს რიგი თანამდებობის პირები, ანუ იმათ არ აქვთ ისეთი პოლიტიკური წონა, რომ ეს გადაწყვეტილებები მიეღოთ თავად და მაგიტომაც დავაანონსეთ აქცია ხუთშაბათს კანცელარიასთან სამის ნახევარზე.

იქნება ერთსაათიანი გამაფრთხილებელი აქცია, ჩვენ არც პოლიტიკოსები ვართ და არც არასამთავრობო ორგანიზაცია, ვართ სპორტსმენები, უფლებაშელახული, გამწერებულები, რომელთათვის არჩევნების წართმევა უნდათ, გამარჯვების წართმევა, რასაც ჩვენ არ შევეგუებით და დავიცავთ ჩვენს უფლებებს. მივმართეთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, საელჩოებს, ასევე მივმართეთ ყველა სპორტულ ფედერაციას, ოღონდ ჯერ კულუარულად, ჯერ ოფიციალურად არ მიგვიმართავს და სიმართლე გითხრათ, ფედერაციების 90% გვამხნევებს და იძახიან, რომ ჩვენს გვერდში დადგებიან ბოლომდე, სიმართლის მისაღწევად.   

თავიდან პოლიტიკური თემა ნამდვილად არ ყოფილა, თუმცა არიან რიგი პოლიტიკოსები, რომლებიც ამ პროცესში ერევიან და ჩვენ ეს გვარები ბევრჯერ დავასახელეთ, არ მინდა უბრალოდ ერთი და იმავე გვარების ტრიალი, რომ გაიცვითოს. ყველამ კარგად იცის ვინ ერეოდა, ვინ აფათურებდა ხელებს და ვისი ინტერესია. უბრალოდ, კიდევ დაგვრჩა შეკითხვები რამდენიმე ადამიანთან და ყველაფერი გაირკვევა, გამოაშკარავდება. ვერ გეტყვით ამ ყველაფრის ინტერესი რა არის, თუმცა ასეთი აზრი მუსირებს, რომ შემოგდება უნდათ ასეთი პიროვნების, ტყემალაძის. მე ამ ადამიანს არ ვიცნობ და ვერც კარგს ვიტყვი და ვერც ცუდს. ახლა შეცვალეს ტაქტიკა, დადიან გუნდებთან და შანტაჟის მაგივრად "ენა ტკბილად მოუბარი". უნდათ მოსყიდვა გუნდების პირდაპირ ვიტყვი. იძახიან ისეთ კოლოსალურ თანხებს, რომელიც სიმართლე გითხრათ 12 წლის განმავლობაში თვით ბიძინა ივანიშვილსაც არ ჩაუდია რაგბიში, სადღაც 300 მილიონამდე ჩადო ივანიშვილმა. რაგბი იმიტომაც არის ამ სიმაღლეზე და ინფრასტრუქტურა რომ არის შექმნილი 2008 წლიდან 2020 წლამდე იმ კაცის დიდი დამსახურებაა, თუმცა რასაც ეს ადამიანი (ტყემალაძე) რა თანხებსაც იძახის, ისეთ კოლოსალურ თანხებს იძახის, რომ უბრალოდ სასაცილოა და ტყუილია, არავის სჯერა ამისი. 600 მილიონი, მერე 200 მილიონი, რაღაც ისეთ თანხებს აბრახუნებს. ჯერ საიდან მოაქვს ეს ფული, თავისი ფულია, წარმომავლობა ამ თანხის? უბრალოდ შეკითხვები გვაქვს. 

ვერ გეტყვით რაზეა ასეთი დიდი ინტერესი პრეზიდენტობაზე, ეს შეგიძლიათ იმ ადამიანებს ჰკითხოთ ვინც ხელებს აფათურებდა. ჩვენ დავასახელეთ გვარები და სახელები, ისინი რა თქმა უნდა უარყოფენ ამას, მაგრამ არის მტკიცებულებები, არიან ის ადამიანები, მაგრამ ჯერ უბრალოდ იმათ არ უნდათ ასე სააშკარაოზე გამოიტანონ ყველაფერი, მაგრამ თუ ძალიან დაუკრეფავებში გადავა ეს სიტუაცია, ალბათ მერე მოუწევთ გამოსვლა და ყველაფრისთვის თავის სახელის დარქმევა.


რაც შეეხება გამგეობას, ვადაგასული გამგეობა. 30 დეკემბრის არჩევნებზე იმ გამგეობას ყრილობამ შეუჩერა უფლებამოსილება. ჯერ კიდევ პროცესის განხილვა მიდიოდა საჯარო რეესტრში და იმის ფონზე წარმოიდგინეთ ცეცხლზე ნავთი ჩაასხეს. სიტყვებიც არ მყოფნის, არც იურიდიული, არც კაცური, ვაჟკაცური, ვერანაირ, ვერც ერთ ჩარჩოში ვერ ჯდება მათი საქციელი. ეს იყო პოლიტბიურო. ბავშვობაში მახსოვს კომუნისტები რომ იკრიბებოდნენ. ბოლშევიკებივით მიიღეს გადაწყვეტილება, პუნქტობრივად ყველაფერში შეცდომა დაუშვეს, ყველა კანონი დაარღვიეს და კიდევ უფრო გახლიჩეს ეს რაგბის თემი და დანარჩენი შედეგები კი იცით. ჩანიშნეს არაკანონიერი არჩევნები, უბრალოდ ჩვენ 24-ში დავაკვირდებით ამ არჩევნებს გვერდიდან და უბრალოდ დავთვლით რამდენი გუნდი მივა, როგორ ჩაატარებენ არჩევნებს და როგორ შექმნიან ქვორუმს", - განაცხადა საქართველოს ნაკრების და თბილისის "ლოკომოტივის" ყოფილმა მგეზავმა ბობა კვინიხიძემ. 
 
"ჩვენ სამართალი ვერ ვიპოვეთ. ჩვენი სურვილისგან საწინააღმდეგოდ რაგბი გადაიტანეს მოედნიდან ქუჩაში. ეს ყველაფერი არ დაწყებულა 30 დეკემბერს და არ გაგრძელებულა ეს განხილვები რომ იყო იუსტიციის სახლში. ყოველდღიური შეხება გვქონდა რაგბის კავშირთან და მის გამგეობასთან მთელი ზაფხულის განმავლობაში, რაც იყო ეს პრობლემები, რომ რაგბი გაჩერებული იყო პანდემიის შემდეგ და არ ვიცოდით როგორ უნდა გაგვეგრძელებინა საერთოდ რაგბი. იქიდან დავიწყეთ ყოველდღიური მუშაობა, შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ცდილობდა, რომ რაგბი დაებრუნებინა ისევ მოედანზე. ამ გამგეობის წევრები კი, რომლებიც ახლა არიან წარმოჩენილები და იღებენ გადაწყვეტილებებს, იმ გამგეობიდან მხოლოდ სამი-ოთხი კაცი დადიოდა შეხვედრებზე, როცა გაჭირვება იყოს რაგბის და როცა უნდა გადაგვერჩინა რაგბი. ერთად მუშაობის ნაცვლად, მათ ხელის შეშლის გარდა არაფერი არ უკეთებიათ.

როდესაც არჩევნების თარიღი ჩაინიშნა 9 დეკემბერს, სრული ერთსულოვნება იყო მათი მხრიდან, ყველას უნდოდა, რომ ჩატარებულიყო არჩევნები 29 ან 30 დეკემბერს და საბოლოო გადაწყდა, რომ 30 დეკემბერს ჩანიშნულიყო არჩევნები და ჩაინიშნა კიდეც. ყველაფერი იყო სამართლებრივად გამართული და ისე უნდა ყოფილიყო, როგორც ჩაინიშნა და ამის შემდეგ, როდესაც 16 დეკემბერს უკვე საბოლოოდ გადაწყდა არჩევნების დრო და თარიღი, მათ დაინახეს და მიხვდნენ, რომ ვერ იგებდა არჩევნებს თავიანთთვის სასურველი კანდიდატი, მერე დაიწყეს იმაზე ლაპარაკი, რომ თურმე ეს არის არალეგიტიმური არჩევნები და დარღვევების არის. მანამდე ყველა იყო ერთ აზრზე, მიუხედავად იმისა, თუ რომელ მხარეს იყვნენ. ყველა იყო იმ აზრზე, რომ 30 დეკემბერს უნდა ჩატარებულიყო არჩევნები. ზუსტად თავიანთმა გამგეობამ მიიღო ეს გადაწყვეტილება, უბრალოდ წააგეს ის არჩევნები, არ აწყობთ შედეგი და ამიტომაც ახლა ახალი არჩევნები ჩანიშნეს, რაც სრულიად უსაფუძვლო იყო, რადგან თავიანთი მოღვაწეობა მათ დაასრულეს 30 დეკემბრის ყრილობის შემდეგ, სხვა პრეზიდენტის და გამგეობის არჩევის შემდეგ. მათ ეს გადაწყვეტილება იმიტომ მიიღეს, რომ არ უნდათ უბრალოდ ირაკლი აბუსერიძის პრეზიდენტობა, ელემენტარული მიზეზის გამო, რომ ძალიან ბევრი დარღვევები აქვთ" , -
თქვა გიორგი ზაბახიძემ. 

იხილეთ სრული პრესკონფერენცია

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)