6 ერი: დრამა ედინბურგში - შოტლანდიამ 14-ქულიანი უპირატესობა გაანიავა და უელსთან დამარცხდა (VIDEO)

6 ერი: დრამა ედინბურგში - შოტლანდიამ 14-ქულიანი უპირატესობა გაანიავა და უელსთან დამარცხდა (VIDEO)

6 ერის მეორე ტურში შოტლანდიის ნაკრები "მარიფილდზე" უელსს დაუხვდა და დრამატულ ბრძოლაში დამარცხდა.

შოტლანდიელებმა მატჩი ძალიან კარგად დაიწყეს და დასაწყისით თუ ვიმსჯელებდით, თითქოს "ნარშავების" ზედიზედ მეორე გამარჯვება გარდაუვალი იყო, მაგრამ მასპინძლებმა 14-ქულიანი უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს და მინიმალური სხვაობით დამარცხდნენ.

მატჩის დასაწყისში გუნდებმა თითო ჯარიმა გაიტანეს, შემდგომ კი "ნარშავებმა" ორი გარდასახული ლელო დადეს. ჯერ მე-17 წუთზე დარსი გრემმა დაალელოვა მეტოქე, ხოლო 24-ე წუთზე სტიუარტ ჰოგმა აიღო მოწინააღმდეგის ლელო. გარდასახვები რასელმა გაიტანა და შოტლანდია 14 ქულით გავიდა წინ. უელსელებმა ტაიმის ბოლოსკენ გამოიღვიძეს: "დრაკონებმა" ჯარიმის უპირატესობა მოიპოვეს, შემდეგ ფრთაზე გაშალეს ბურთი, ლუის რის-ზემიტმა ცრუმოძრაობით დარსი გრემი გააბითურა და მშვენიერი ლელო დადო. გარდასახვა ზუსტი არ იყო და ტაიმი 17:8 დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში შოტლანდიელები კიდევ ერთი ლელოს დადებასთან ძალიან ახლოს იყვნენ, მაგრამ ბურთის ლელოში დამიწება ვერ მოახერხეს. სამაგიეროდ, სტუმრებმა გამოიყენეს საკუთარი შანსი და 50-ე წუთზე ლიამ უილიამსმა შოტლანდიელები დაალელოვა, კალუმ შიდმა კი გარდასახვა გაიტანა და სხვაობა ორ ქულამდე შეამცირა. გადამწყვეტი მომენტი ალბათ 53-ე წუთზე ვიხილეთ, როდესაც ზანდერ ფეგერსონმა რაქში გადაყრის მცდელობისას მეტოქეს სახეში იდაყვი ჩაარტყა და წითელი ბარათი მიიღო. აღსანიშნავია, რომ წინა ტურში ანალოგიური დარღვევის გამო უელსთან მატჩში მე-13 წუთზე პიტერ ო'მაჰონი გააძევეს.

უელსელებმა რიცხობრივი უპირატესობა ერთ წუთში გამოიყენეს და უინ ჯონსმა საკუთარი გუნდი დააწინაურა, შიდის გარდასახვა კვლავ უზუსტო იყო და სტუმრები სამი ქულით აღმოჩნდნენ წინ. მიუხედავად იმისა, რომ "ნარშავები" 14 კაცით დარჩნენ, მათ მძლავრად შეუტიეს, ჯარიმის კარში დარტყმაზე უარი თქვეს და 5-მეტრიანში შერკინება მოითხოვეს, რამაც გაამართლა: მათ შერკინებიდან სწრაფად გამოიტანეს ბურთი, რასელმა ჰოგს უპასა და ამ უკანასკნელმა კიდესთან ახლოს დაალელოვა მეტოქე, რითაც დუბლი გაიფორმა, ხოლო რასელმა რთული გარდასახვა გაიტანა და შოტლანდია 4 ქულით გავიდა წინ.

"ნარშავებმა" უპირატესობა მაინც ვერ შეინარჩუნეს: უელსელებმა ერთ-ერთი შეტევის დროს ფრთაზე მეტობა შექმნეს, მოედნის ცენტრთან ლუის რის-ზემიტმა მიიღო ბურთი, რომელმაც ჯერ მაღალი სისწრაფით ირბინა, შემდეგ ფეხით გადაკიდა ბურთი, თავადვე მიჰყვა და მოწინააღმდეგის ლელოში ბურთი მეორედ დაამიწა. გარდასახვა კვლავ უზუსტო გამოდგა და "დრაკონები" 1 ქულით გავიდნენ წინ. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)