საჯარო რეესტრი საქართველოს რაგბის კავშირის სარეგისტრაციო განცხადებაზე გადაწყვეტილებას აქვეყნებს

საჯარო რეესტრი საქართველოს რაგბის კავშირის სარეგისტრაციო განცხადებაზე გადაწყვეტილებას აქვეყნებს

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ დღეს რაგბის კავშირის სარეგისტრაციო განცხადებაზე გადაწყვეტილება გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

"2021 წლის 6 იანვარს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით მიმართა ირაკლი აბუსერიძემ  და მოითხოვა თავისი რეგისტრაცია „საქართველოს რაგბის კავშირის“ პრეზიდენტად და გამგეობის ახალ წევრად, ასევე, გამგეობის ახალი წევრების რეგისტრაცია.

 
რაგბის კავშირის პრეზიდენტის, ასევე, გამგეობის წევრების არჩევის წესს განსაზღვრავს   კავშირის წესდება, რომლის თანახმად, პრეზიდენტი აირჩევა კრებაზე, რომლის კვორუმია წევრთა ხმების 2/3 მაინც; ირაკლი აბუსერიძის მიერ   წარდგენილი დოკუმენტებით კი დგინდება, რომ კრებაზე, სადაც იგი კავშირის პრეზიდენტად უნდა აერჩიათ,  საკმარისი კვორუმი არ იყო.
 
აღნიშნულ ფაქტს პრეზიდენტობის კანდიდატი იმ მიზეზით ხსნიდა, რომ დეკემბერში გამართული კრება 2020 წლის თებერვალში   კვორუმის არარსებობის გამო  ჩაშლილი კრების განმეორებით კრებას წარმოადგენდა, თუმცა, კავშირის წესდება განმეორებით კრებას მხოლოდ მაშინ ცნობს,  თუ იგი  პირველი კრების გამართვიდან არაუგვიანეს 30 დღეში ჩატარდება; სინამდვილეში კი,  კრება, რომელზეც აბუსერიძის პრეზიდენტად არჩევა განიხილებოდა, არა 30 დღის განმავლობაში, არამედ 30 დეკემბერს – 10 თვის შემდეგ ჩატარდა.
 
ამასთან, წესდებითაა განსაზღვრული, რომ განმეორებით კრებაზე მხოლოდ იმ საკითხების განხილვაა დასაშვები, რომლებიც  პირველი მორიგი კრების დღის წესრიგით იყო გათვალისწინებული,  ასევე, ამ ჩანაწერის უგულებელყოფით, წესდების საწინააღმდეგოდ, 30 დეკემბრის კრებაზე, რომელიც თითქოსდა განმეორებითი კრება უნდა ყოფილიყო,  განიხილეს/კენჭი უყარეს რაგბის კავშირის გამგეობის ახალი წევრების არჩევას.
 
საჯარო რეესტრმა მისთვის კანონით დაკისრებული უფლება-მოვალეობების ფარგლებში, „საქართველოს რაგბის კავშირის“ წესდებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც ირაკლი აბუსერიძეს უარი ეთქვა  რაგბის კავშირის პრეზიდენტად რეგისტრაციაზე, ასევე, უარი ეთქვა გამგეობის ახალი წევრების რეგისტრაციაზე; ორივე შემთხვევაში  კი, მიზეზი მხოლოდ ისაა, რომ არც პრეზიდენტობის  და არც გამგეობის წევრობის კანდიდატებს არ მიუღიათ ხმების ის რაოდენობა, რაც წესდებითაა მოთხოვნილი."

ირაკლი აბუსერიძეს გადაწყვეტილება საჯარო რეესტრის იურიდიულ დეპარტამენტში აქვს გასაჩივრებული და გადაწყვეტილება 10 თებერვლისთვის უნდა გახდეს ცნობილი. გარდა ამისა, აბუსერიძეს უფლება აქვს, რომ გადაწყვეტილება 30 დღის ვადაში გაასაჩივროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, ხოლო შემდგომ სასამართლოს წესით.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)