6 ერის პროგნოზები: როგორ აფასებენ გუნდების პირველი ტურის მატჩების და საჩემპიონო შანსებს?

6 ერის პროგნოზები: როგორ აფასებენ გუნდების პირველი ტურის მატჩების და საჩემპიონო შანსებს?

დღეს 2021 წლის 6 ერი იწყება. აღნიშნულთან დაკავშირებით, ცნობილმა სარაგბო პროგნოზების გამოცემა Rugby Vision-მა, ტურნირის პირველი ტურის პროგნოზები შემოგვთავაზა და ასევე გუნდების საჩემპიონო შანსები პროცენტულად გადაანაწილა.

I ტურის პროგნოზები

ტურნირის გახსნით მატჩში იტალია "სტადიო ოლიმპიკოზე" საფრანგეთს დაუხვდება. "აძური" მატჩს საშინელი სერიით ხვდება - 6 ერში ზედიზედ 27 მატჩი აქვს წაგებული და Rugby Vision-ის ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ იტალიელები კიდევ ერთ მარცხს განიცდიან და ანტირეკორდს კიდევ ერთი მარცხით გაზრდის. ისინი თვლიან, რომ საფრანგეთის მოგების შანსები 86.7%-ს უტოლდება, ხოლო იტალიის შანსები მხოლოდ 13.3%-ით ფასობს. მათი ვარაუდით "ლე ბლე" 15 ქულით იმარჯვებს.

კიდევ უფრო გამოკვეთილ ფავორიტად მიიჩნევენ ინგლისს, რომელიც "თვიქნემზე" შოტლანდიას დაუხვდება. აღსანიშნავია, რომ ეს იქნება საიუბილეო მატჩი ორივე გუნდისთვის. საქმე იმაშია, რომ 1871 წლის 27 მარტს პირველი საერთაშორისო სარაგბო მატჩი სწორედ ამ ქვეყნებს შორის გაიმართა და აქედან 150 წელი გავიდა. ინგლისელები ამ ფაქტის აღსანიშნავად სპეციალური მაისურით ითამაშებენ. Rugby Vision-ის პროგნოზი ასეთია: 88%-იანი ალბათობით ინგლისი მოიგებს. რაც შეეხება სხვაობას - 16 ქულა. 

კვირას ერთი შეხვედრა გაიმართება: უელსი შინ ირლანდიას ეთამაშება და ამ მატჩში ყველაზე რთული იქნება გამარჯვებულის გამოცნობა. ზემოხსენებულ გამოცემასაც ფრთხილი პროგნოზები აქვს. ისინი ოდნავ ფავორიტად, ისიც ალბათ საშინაო ფაქტორიდან გამომდინარე უელსს მიიჩნევენ. შანსებს კი ასე აფასებენ: 52.5% - 47.5%. მათი აზრით, უელსი მინიმალური სხვაობით იმარჯვებს.

საჩემპიონო პროგნოზი

Rugby Vision-ის ანალიტიკოსების აზრით, ტურნირის ფავორიტი ინგლისია და მათი შანსები საკმაოდ მაღალი პროცენტული მაჩვენებლით - 62.1%-ით შეაფასა, რასაც ძალიან ბევრი გულშემატკივარი არ დაეთანხმა. განსაკუთრებით საწინააღმდეგო მოსაზრება საფრანგეთის ნაკრების შანსებთან მიმართებაში იყო: სარაგბო პროგნოზების ვებგვერდმა ირლანდიის საჩემპიონო შანსები 18.8%-ით შეაფასა, ხოლო ბრწყინვალე ფორმაში მყოფი საფრანგეთის მხოლოდ 8.1%-ით. არადა ძალიან ბევრი გულშემატკივარი და სარაგბო ექსპერტი სწორედ "ლე ბლეს" მიიჩნევს ტურნირის ფავორიტად. შოტლანდიის შანსები 6%-ით არის შეფასებული, უელსის 5.2%-ით, ხოლო იტალიის - 0.1%-ით.

ისინი ფიქრობენ, რომ 90.6%-ით იტალია ბოლო ადგილზე გავა. უელსის ბოლო საფეხურზე გასვლის ალბათობას 4.4%-ით აფასებენ, ფრანგებისას 2.1%-ით, შოტლანდია რომ ცხრილის ფსკერზე აღმოჩნდება კიდევ უფრო ნაკლებად წარმოუდგენიათ (1.6%), შემდეგ ირლანდია მოდის (1.3%), ინგლისმა რომ ხის კოვზი მოიპოვოს, ეს მთლად წარმოუდგენლად მიაჩნიათ და ამის შანსს 0.1%-ით აფასებენ.    

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)