"უსამართლობას არ შევეგუებით" - აბუსერიძის მხარდასაჭერად მოქმედი და ვეტერანი მორაგბეები შეიკრიბნენ

"უსამართლობას არ შევეგუებით" - აბუსერიძის მხარდასაჭერად მოქმედი და ვეტერანი მორაგბეები შეიკრიბნენ

4 თებერვალს იუსტიციის სახლთან ვეტერანმა და მოქმედმა მორაგბეებმა აქცია გამართეს და ირაკლი აბუსერიძეს მხარდაჭერა გამოუცხადეს.

იუსტიციის სახლთან მრავლად იყვნენ დიდი 10-ის კლუბების მორაგბეები, მწვრთნელები და საქართველოს ნაკრების ვეტერანი მორაგბეები. აქციაზე ასევე იმყოფებოდა ვეტერანთა რაგბის კავშირის პრეზიდენტი ავთო ღიბრაძე. 

აქციაზე შეკრებილი მორაგბეების თქმით, ირაკლი აბუსერიძის პრეზიდენტად არჩევა 30 დეკემბერს აბსოლუტურად ლეგიტიმურად მოხდა და ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი რაგბის კავშირის საქმიანობაში ჩარევას ცდილობს, რითაც რაგბის ავტონომიას არღვევს, რაც მათთვის მიუღებელია და იმ შემთხვევაში, თუ მათი მხრიდან ჩარევები არ შეწყდება, ისინი პერმანენტული აქციით იმუქრებიან. 

"აქ ყველაფერი გადაწყვეტილია, დღეს ჩანიშნულია სპექტაკლი 3 საათზე. დაინტერესებული მხარეები, ჩვენი მხარე ახლადარჩეული გამგეობა, პრეზიდენტობის კანდიდატი გოჩა სვანიძე, პრეზიდენტად არჩეული ირაკლი აბუსერიძე და საჩივრის შემოტანი ბაჩო ხურციძე. იქითა მხრიდან ძველი ვადაგასული გამგეობა, ხაზს ვუსვამ ვადაგასული გამგეობა და დაინტერესებულ პირებად, რატომღაც, ჩვენდა გასაკვირად კანონის დარღვევით, კანონის უხეში დარღვევით, იუსტიციის სამინისტრომ არ დაუძახა იმ კლუბებს, რომლებმაც მონაწილება მიიღეს საპრეზიდენტო არჩევნებში და დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია, ეს უკვე უხეში დარღვევაა", - განაცხადა ვეტერანმა მორაგბემ ბობა კვინიხიძემ.

"მოლოდინი ბევრჯერ ვთქვით, რომ სამწუხაროდ არ არის მთლად დადებითი. ეს აქცია ზუსტად მაგას ემსახურება, რომ ამის პრევენცია მოვახდინოთ და კიდევ ერთხელ ვუთხრათ, მთავარი მესიჯი გავუგზავნოთ იმ ადამიანებს, მთავრობის წევრებს, რომლებიც უხეშად ერევიან რაგბის ავტონომიაში და მე ვფიქრობ, რომ ეყოფათ მათ გონიერება და შეწყვიტავენ და შორს იქნება მათი ხელები რაგბისგან. ეს ლოზუნგი, რაც გვაქვს "უსამართლობა არ შევეგუებით" - ბოლომდე ვიბრძოლებთ, უკან დამხევი არავინ არ არის და აქ მთელი რაგბის სამყარო დგას. ეს არის გამაფრთხილებელი აქცია", - თქვა საქართველოს 7-კაცა ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა და ამჟამად "იუნკერების" კაპიტანმა რამაზ ხარაზიშვილმა. 

"არჩევნებზე კვორუმი შედგა, ყველაფერი კანონიერად ჩატარდა, იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ირაკლი აბუსერიძემ არჩევნები მოიგო, საჯარო რეესტრში კი არ არეგისტრირებენ, თითქოს ვადებში დარღვევა იყო. დოკუმენტაცია შეგროვებულია და ველით გონივრულ პასუხს. თუ ასეთ პასუხს ვერ მივიღებთ ჩვენი აქციები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს", -
ეს უკვე "ყოჩების" მთავარი მწვრთნელის ვიქტორ დიდებულიძის განცხადებაა. 

"ჩვენ როგორც სახელმწიფო, როგორც ერი ვერასდროს განვვითარდებით, თუ ისეთი ინსტიტუციები არ იქნება თავისუფალი, როგორიც არის სასამართლო და საჯარო რეესტრი. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ირაკლი კობახიძის მამა, გია კობახიძე, რომელიც არის გამგეობის წევრი, აწ უკვე ყოფილი გამგეობის წევრი, გივი ჭიჭინაძე, უკვე მიხეილ ჩხენკელი - ისინი უხეშად ერევიან რეესტრის გადაწყვეტილებებში და ყველამ უნდა იცოდეს, რომ ქართულ რაგბის მათ არ დავუთმობთ. ქართულ რაგბიში უნდა იყოს არჩეული პრეზიდენტი კლუბებისგან და არ უნდა იყოს დასმული სახელმწიფოსგან", - თქვა საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა ირაკლი მაჩხანელმა. 

როგორც იცით, 30 დეკემბერს რაგბის კავშირის არჩევნების გადადებული ყრილობა გაიმართა, რომელშიც 20 სუბიექტი გამოცხადდა, რომელთაც ჯამში 43 ხმა ეკუთვნოდათ, რაც კვორუმისთვის საკმარისი იყო. ირაკლი აბუსერიძემ 31 ხმა დააგროვა, გოჩა სვანიძემ 10, ხოლო ბაჩო ხურციძე არჩევნებზე არ გამოცხადდა და 31 დეკემბერს საჯარო რეესტრში განცხადება შეიტანა, რომელშიც 30 დეკემბრის ყრილობის გაუქმებას მოითხოვს, რადგან ფიქრობს, რომ არალეგიტიმურია. ის თვლის, რომ ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს.

6 იანვარს 15:03 საათზე ირაკლი აბუსერიძემ საჯარო რეესტრში განცხადება შეიტანა, რომელშიც ის 30 დეკემბერს ჩატარებულ რაგბის კავშირის განმეორებით ყრილობაზე დაფიქსირებული შედეგების ასახვას მოითხოვს - პრეზიდენტის და გამგეობის წევრების ცვლილებას. იმავე დღეს 23:35 საათზე საჯარო რეესტრის ოფიციალურ ვებგვერდზე განცხადება დაიდო სტატუსით - "სარეგისტრაციო წარმოების ვადის დინება შეჩერებულია". რეესტრის გადაწყვეტილებით, სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა, ხოლო დადგენილი ხარვეზის აღმოსაფხვრელად განისაზღვრა 30 დღე. აბუსერიძე და მისი გუნდი თვლიან, რომ არჩევნები ლეგიტიმურად ჩატარდა და რეესტრის გადაწყვეტილება 22 იანვარს გაასაჩივრეს. საჯარო რეესტრის გადაწყვეტილება 8 თებერვალს გახდება ცნობილი.

31 იანვარს რაგბის კავშირის ძველმა გამგეობამ სხდომა ჩაატარა, არ დაელოდა რეესტრის გადაწყვეტილებას და ახალი საარჩევნო ყრილობა 24 თებერვალს დანიშნა, რაც აბუსერიძის გუნდის წევრებმა გააპროტესტეს და გადაწყვეტილებას უკანონო და არალეგიტიმური უწოდეს.



კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)