ახალი პრეზიდენტის რეგისტრაციის საკითხზე საჯარო რეესტრში ზეპირი მოსმენა გაიმართა

ახალი პრეზიდენტის რეგისტრაციის საკითხზე საჯარო რეესტრში ზეპირი მოსმენა გაიმართა

დღეს რაგბის კავშირის ახალი პრეზიდენტის რეგისტრაციის საკითხზე საჯარო რეესტრში ზეპირი მოსმენა გაიმართა. 

აღნიშნული მოსმენის დასრულების შემდეგ, საჯარო რეესტრმა ახალი განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც საბოლოო გადაწყვეტილება 8 თებერვალს გახდება ცნობილი, ხოლო ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას სააგენტო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში გამოიტანს. უცვლელად გთავაზობთ საჯარო რეესტრის განცხადებას:

"რაგბის კავშირის ახალი პრეზიდენტის რეგისტრაციის საკითხზე საჯარო რეესტრში ზეპირი მოსმენა დასრულდა.
 
პრეზიდენტობის კანდიდატს, გამგეობის წევრებს, გამგეობის წევრობის კანდიდატებს, ასევე, დღეის მდგომარეობით რეგისტრირებულ პირებს, ჯამში, 27 დაინტერესებულ პირს, გაეგზავნა ზეპირი მოსმენის მოსაწვევი. მოწვეულ პირთაგან ზეპირ მოსმენაზე 13 დაინტერესებული პირი გამოცხადდა და მათ მიეცათ საკუთარი პოციზიის დაფიქსირების შესაძლებლობა.
 
საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ირაკლი აბუსერიძემ განცხადებით 2021 წლის 6 იანვარს მიმართა. განცხადებით მოთხოვნილი იყო მისი რეგისტრაცია „საქართველოს რაგბის კავშირის“ პრეზიდენტად და გამგეობის ახალ წევრად, ასევე, გამგეობის ახალი წევრების რეგისტრაცია.
 
როგორც საჯარო რეესტრში წარდგენილი დოკუმენტაციით გაირკვა, „საქართველოს რაგბის კავშირმა“ პირველი კრება 2020 წლის 24 თებერვალს ჩაატარა, მაგრამ კვორუმის არარსებობის გამო კრება და, შესაბამისად, პრეზიდენტის არჩევნები ვერ შედგა. ასეთ დროს წესდება უშვებს პირველ კრებაზე წარმოდგენილი საკითხების განმეორებით კრებაზე განხილვის შესაძლებლობას, რომელიც პირველი კრების გამართვიდან არაუგვიანეს 30 დღეში უნდა ჩატარდეს. მიუხედავად ამ მოთხოვნისა, ირკვევა, რომ განმეორებითი კრება არა 30 დღის განმავლობაში, არამედ 30 დეკემბერს – 10 თვის შემდეგ ჩატარდა. სწორედ ეს გახდა ირაკლი აბუსერიძის განცხადების წარმოების შეჩერების ერთ-ერთი საფუძველი.
 
აღსანიშნავია, რომ რაგბის კავშირს 30 დეკემბერს კვორუმის არარსებობის გამო თებერვალში ჩაშლილი კრების განმეორებითი კრების ნაცვლად, წესდებით გათვალისწინებული მორიგი კრება რომ ჩაეტარებინა, მიღებული გადაწყვეტილებების ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ არ დადგებოდა. სხვაობა კი ისაა, რომ პრეზიდენტის არჩევის მიზნით ჩატარებული ჩვეულებრივი მორიგი კრება უფლებამოსილია, თუ ფიქსირდება ნამდვილ წევრთა ხმების 2/3 მაინც, ხოლო განმეორებითი წესით ჩატარებისას კრება უფლებამოსილია, თუ მას ესწრება მხოლოდ ნახევარი, 1/2 მაინც, ანუ ასეთ დროს პრეზიდენტად არჩევისათვის ხმების შედარებით ნაკლები რაოდენობაა საჭირო.
 
ამასთან, როგორც უკვე აღვნიშნეთ, პრეზიდენტის არჩევასთან ერთად, განცხადებით მოთხოვნილი იყო გამგეობის ახალი წევრების რეგისტრაცია. ამ შემთხვევაში, გარდა იმისა, რომ დარღვეული იყო განმეორებითი კრების მოწვევის ვადები, არსებობს წარმოების შეჩერების კიდევ ერთი საფუძველი. კერძოდ, წესდების მიხედვით, არ შეიძლება განმეორებით კრებაზე განიხილონ ისეთი საკითხი, რაც პირველი კრების დღის წესრიგში არ ყოფილა. როგორც წარმოდგენილი დოკუმენტებით ირკვევა, გამგეობის წევრების არჩევა 24 თებერვალს ჩატარებული კრების დღის წესრიგში არ შედიოდა. შესაბამისად, დეკემბრის კრება ვადაში და წესდების დაცვითაც რომ ჩატარებულიყო, ის არ იყო უფლებამოსილი, განეხილა გამგეობის წევრების არჩევის საკითხი.

2021 წლის 22 იანვარს ირაკლი აბუსერიძემ საჯარო რეესტრში შეიტანა ადმინისტრაციული საჩივარი, სადაც ის არ დაეთანხმა მისთვის დამატებითი დოკუმენტების მოთხოვნას. თუმცა, ირაკლი აბუსერიძეს სარეგისტრაციო სამსახურში ამ დრომდე არ წარმოუდგენია არცერთი საბუთი იმ ხარვეზების აღმოსაფხვრელად, რომლებიც არის სარეგისტრაციო დოკუმენტებში და რომლებიც უწყებამ არაერთხელ მკაფიოდ და გასაგებად განმარტა.

ხარვეზით გათვალისწინებული დოკუმენტების წარსადგენად დაინტერესებულ მხარეს ვადა ხვალ დღის ბოლომდე აქვს. სარეგისტრაციო სამსახური საბოლოო გადაწყვეტილებას ირაკლი აბუსერიძის „საქართველოს რაგბის კავშირის“ პრეზიდენტად რეგისტრაციის თაობაზე 8 თებერვალს მიიღებს, ხოლო ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას სააგენტო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში გამოიტანს."

საჯარო რეესტრის განცხადების იმ ნაწილს, რომელშიც ნათქვამია, რომ ირაკლი აბუსერიძეს ხარვეზების აღმოსაფხვრელად საჭირო ახალი საბუთები არ შეუტანია, საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი არ ეთანხმება. 

"კიდევ ერთხელ დავადასტურეთ და განვმარტეთ, რომ მეორე მხარეს, ლაშა ხურციძის მხარეს არანაირი არგუმენტაცია არ გააჩნია და სამართლებ ჭრილში მე ვიმედოვნებ, რომ ამ დღეების განმავლობაში მიიღებენ სიმართლიან განცხადება. თუ არადა, რა თქმა უნდა სამართლებრივად ვიდავებთ, რადგან სიმართლე ჩვენს მხარესაა, კანონი ჩვენს მხარესაა, სამართლებრივი ჭრილი, ყველანაირი კუთხით ჩვენს მხარესაა, ამიტომ უფლება არ აქვთ, რომ მე როგორც ლეგიტიმურად არჩეული პრეზიდენტი ირაკლი აბუსერიძე არ დამარეგისტრირონ. მეც დავმარცხდი 2016 წელს, მაგრამ არ შემიშლია ქართული რაგბის განვითარებისთვის ხელი. ამიტომ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ უკანონობა არ დააკანონ და რაგბი დაადგეს სწორი განვითარების გზას", - განაცხადა 30 დეკემბერს პრეზიდენტად არჩეულმა ირაკლი აბუსერიძემ.  

"დღეს საჯარო რეესტრში კიდევ ერთხელ წარვადგინეთ ის სამართლებრივი არგუმენტები, თუ რატომ უნდა დარეგისტრირდეს ირაკლი აბუსერიძე კავშირის პრეზიდენტად და ცალსახა იყო, რომ ჩვენი არგუმენტები არის წონიანი, ვალიდური და ვფიქრობ, რომ არავითარი სხვა გარემოება არ არსებობს, რაც წინ აღუდგება მის დარეგისტრირებას და სულ მოკლე ხანში გვეცოდინება გადაწყვეტილება და დარწმუნებული ვართ, საფუძველი გვაქვს ამის სამართლებრივი, რომ მართლაც რეგისტრირების პროცესი განხორციელდება და ის დარეგისტრირდება რაგბის კავშირის პრეზიდენტად", - თქვა ადვოკატმა დავით კლდიაშვილმა. 

როგორც ცნობილია, დღევანდელ ზეპირ მოსმენას არ დაესწრნენ ბაჩო ხურციძე და ძველი გამგეობის წევრები.

როგორც იცით, 30 დეკემბერს რაგბის კავშირის არჩევნების გადადებული ყრილობა გაიმართა, რომელშიც 20 სუბიექტი გამოცხადდა, რომელთაც ჯამში 43 ხმა ეკუთვნოდათ, რაც კვორუმისთვის საკმარისი იყო. ირაკლი აბუსერიძემ 31 ხმა დააგროვა, გოჩა სვანიძემ 10, ხოლო ბაჩო ხურციძე არჩევნებზე არ გამოცხადდა და 31 დეკემბერს საჯარო რეესტრში განცხადება შეიტანა, რომელშიც 30 დეკემბრის ყრილობის გაუქმებას მოითხოვს, რადგან ფიქრობს, რომ არალეგიტიმურია. ის თვლის, რომ ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს.

6 იანვარს 15:03 საათზე ირაკლი აბუსერიძემ საჯარო რეესტრში განცხადება შეიტანა, რომელშიც ის 30 დეკემბერს ჩატარებულ რაგბის კავშირის განმეორებით ყრილობაზე დაფიქსირებული შედეგების ასახვას მოითხოვს - პრეზიდენტის და გამგეობის წევრების ცვლილებას. იმავე დღეს 23:35 საათზე საჯარო რეესტრის ოფიციალურ ვებგვერდზე განცხადება დაიდო სტატუსით - "სარეგისტრაციო წარმოების ვადის დინება შეჩერებულია". რეესტრის გადაწყვეტილებით, სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა, ხოლო დადგენილი ხარვეზის აღმოსაფხვრელად განისაზღვრა 30 დღე. აბუსერიძე და მისი გუნდი თვლიან, რომ არჩევნები ლეგიტიმურად ჩატარდა და რეესტრის გადაწყვეტილება 22 იანვარს გაასაჩივრეს.

31 იანვარს რაგბის კავშირის ძველმა გამგეობამ სხდომა ჩაატარა, არ დაელოდა რეესტრის გადაწყვეტილებას და ახალი საარჩევნო ყრილობა 24 თებერვალს დანიშნა, რაც აბუსერიძის გუნდის წევრებმა გააპროტესტეს და გადაწყვეტილებას უკანონო და არალეგიტიმური უწოდეს.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)