სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

ხვალ, 4 თებერვალს საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ირაკლი აბუსერიძის საჩივარს განიხილავს.
„საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში“ (შემდგომში - „საჯარო რეესტრი“) მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება ირაკლი აბუსერიძის № 20677/17 (22.01.2021 წ.) ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით, რომლითაც მოთხოვნილია სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ № B21000582/3 (06.01.2021 წ.) გადაწყვეტილების გაუქმება და რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება.
№ 20677/17 (22.01.2021 წ.) ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის მიზნით, ზეპირი მოსმენის სხდომა ჩატარდება 2021 წლის 4 თებერვალს, 15:00 საათზე“ - ვკითხულობს საჯარო რეესტრის განცხადებაში.
იხილეთ სრულად
ხვალინდელ ზეპირი სხდომა დისტრანციურად ჩატარდება და მასში მონაწილეობას მიიღებენ: ძველი გამგეობის ყველა წევრი (გოჩა მაჭავარიანი, ლევან ვასაძე, ვასილ კევლიშვილი, ალექსანდრე ხვედელიძე, სერგო რამიშვილი, გიორგი გეგენავა, გიორგი ღლონტი, გაიოზ მონიავა, ალექსანდრე გრიგალავა, ერეკლე ტრიპოლსკი, გიორგი კობახიძე, ზურაბ ზოიძე, დიმიტრი კალანდაძე და გიორგი გორგასლიძე), ახალი გამგეობის ყველა წევრი (მამუკა ნამიჩეიშვილი, ალექსანდრე საკანდელიძე, აკაკი ქოპილაშვილი, დავით კაკაბაძე, კახა მხეიძე, იოსებ მაისურაძე, ბორის კვინიხიძე, გიორგი სოსელია, გივი ჩხარტიშვილი), პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატები (ირაკლი აბუსერიძე, გოჩა სვანიძე, ლაშა ხურციძე) და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი (თორნიკე გოგებაშვილი).
როგორც იცით, 30 დეკემბერს რაგბის კავშირის არჩევნების გადადებული ყრილობა გაიმართა, რომელშიც 20 სუბიექტი გამოცხადდა, რომელთაც ჯამში 43 ხმა ეკუთვნოდათ, რაც კვორუმისთვის საკმარისი იყო. ირაკლი აბუსერიძემ 31 ხმა დააგროვა, გოჩა სვანიძემ 10, ხოლო ბაჩო ხურციძე არჩევნებზე არ გამოცხადდა და 31 დეკემბერს საჯარო რეესტრში განცხადება შეიტანა, რომელშიც 30 დეკემბრის ყრილობის გაუქმებას მოითხოვს, რადგან ფიქრობს, რომ არალეგიტიმურია. ის თვლის, რომ ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს.
6 იანვარს 15:03 საათზე ირაკლი აბუსერიძემ საჯარო რეესტრში განცხადება შეიტანა, რომელშიც ის 30 დეკემბერს ჩატარებულ რაგბის კავშირის განმეორებით ყრილობაზე დაფიქსირებული შედეგების ასახვას მოითხოვს - პრეზიდენტის და გამგეობის წევრების ცვლილებას. იმავე დღეს 23:35 საათზე საჯარო რეესტრის ოფიციალურ ვებგვერდზე განცხადება დაიდო სტატუსით - "სარეგისტრაციო წარმოების ვადის დინება შეჩერებულია". რეესტრის გადაწყვეტილებით, სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა, ხოლო დადგენილი ხარვეზის აღმოსაფხვრელად განისაზღვრა 30 დღე. აბუსერიძე და მისი გუნდი თვლიან, რომ არჩევნები ლეგიტიმურად ჩატარდა და რეესტრის გადაწყვეტილება 22 იანვარს გაასაჩივრეს. საჯარო რეესტრს პასუხის გაცემის ბოლო ვადად 21 თებერვალი აქვს განსაზღვრული.
31 იანვარს რაგბის კავშირის ძველმა გამგეობამ სხდომა ჩაატარა, არ დაელოდა რეესტრის გადაწყვეტილებას და ახალი საარჩევნო ყრილობა 24 თებერვალს დანიშნა, რაც აბუსერიძის გუნდის წევრებმა გააპროტესტეს და გადაწყვეტილებას უკანონო და არალეგიტიმური უწოდეს.
გუშინ ირაკლი აბუსერიძის გუნდის წევრებმა განაცხადეს, რომ რაგბის კავშირის საქმიანობაში მაღალჩინოსნები ერევიან და კონკრეტული გვარებიც დაასახელეს: მიხეილ ჩხენკელი, გიორგი კობახიძე, ერეკლე ტრიპოლსკი, გივი ჭიჭინაძე. მათ ასევე განაცხადეს, რომ საჯარო რეესტრში წარმოდგენილი დოკუმენტაცია სრულყოფილია და რეესტრს მის დასახარვეზებლად არანაირი უფლება არ აქვს, თუ ეს პოლიტიკური ნება არ იქნება, რასაც საღამოს რეესტრმა განცხადებით უპასუხა: "იმის გათვალისწინებით, რომ წარმოდგენილი დოკუმენტები წინააღმდეგობაშია და არ შეესაბამაბა თვით რაგბის კავშირის წესდებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, საჯარო რეესტრმა მიიღო გადაწყვეტილება წარმოების შეჩერების თაობაზე და ირაკლი აბუსერიძეს საბუთებში არსებული ხარვეზების გამოსწორებისათვის ვადა 5 თებერვლამდე მისცა, თუმცა, დღეის მდგომარეობით, საჯარო რეესტრში შემოსულია მხოლოდ 2021 წლის 22 იანვრის ადმინისტრაციული საჩივარი, სადაც ირაკლი აბუსერიძე არ ეთანხმება მისთვის დამატებითი დოკუმენტების მოთხოვნებს, არსებული ხარვეზების გამოსასწორებლად კი, საჯარო რეესტრს დღემდე რაიმე ტიპის დოკუმენტი არ მიუღია." (იხილეთ სრულად)
ირაკლი აბუსერიძის თქმით, რეესტრის მიერ გავრცელებული განცხადებით გაკვირვებულია და ეს სიმართლეს არ შეესაბამება, მისი თქმით მათ ყველა საჭირო დოკუმენტი წარადგინეს, რომელიც ადასტურებს, რომ 30 დეკემბერს ჩატარებული არჩევნები ლეგიტიმური იყო.
"ხვალ გაიმართება საჯარო რეესტრის ზეპირი მოსმენა. მოწვეულები არიან ძველი და ახალი გამგეობის წევრები, ლაშა ხურციძე, გოჩა სვანიძე და ასევე მე. ჩვენ გავასაჩივრეთ რეესტრის განცხადება, რადგან ისინი ითხოვდნენ ოქმს, რომელიც ჩვენ მიტანილი გვაქვს, რომელიც იყო დადასტურებელი იუსტიციის სამინისტროს ლიცენზირებული ნოტარიუსის მიერ და ასევე ყველა ის დოკუმენტაცია დამატებით, რომელიც 30 დღის ვადის დარღვევას შეეხებოდა", - თქვა აბუსერიძემ.
აბსოლუტურად განსხვავებული პოზიცია აქვს ბაჩო ხურციძეს, რომელიც თვლის, რომ 31 იანვარს გამგეობის სხდომაზე სწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული და 24 თებერვალს არჩევნების ჩანიშვნა სწორია.
"გამგეობის ყრილობა 24 თებერვალსაა ჩანიშნული, ხოლო მათ პასუხი უნდა მიიღონ მანამდე. შესაბამისად, თუ ისინი დაეკარგებიან ამ ყრილობას აზრი დაეკარგება. ეს მოხდა მარტივი მიზეზის გამო, მოხდა იმიტომ, რომ მორიგი საარჩევნო ყრილობის ბოლო ვადა იყო 25 თებერვალი. ვფიქრობ, ეს იყო ერთადერთი სწორი გზა", - განაცხადა ხურციძემ.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.