ლევან მაისაშვილი: "თბილისის ჯგუფიდან საბოლოო სიაში ყველა ვერ მოხვდება. დაგვემატებიან ლეგიონერები"

ლევან მაისაშვილი: "თბილისის ჯგუფიდან საბოლოო სიაში ყველა ვერ მოხვდება. დაგვემატებიან ლეგიონერები"

"ბორჯღალოსნების" სამწვრთნელო შტაბი საქართველოში მოთამაშეების სასელექციო შეკრებას 25 იანვარს შევარდენზე შეუდგება. უშუალო შეკრება კი თვის ბოლოს დაიწყება, რა დროსაც ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა დასახელდება.

სასელექციო შეკრებაზე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა 22 მორაგბეს უხმო, თუმცა ვინ მოხვდება ამ მორაგბეებიდან რუსეთთან გასამართი მატჩის წინა შეკრებაზე, ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ნიკოლოზ სუხაშვილის გამოძახება, რომელიც 2020 წლის რუსეთის რეგულარული ჩემპიონატის საუკეთესო მორაგბედ დასახელდა. მას აქამდე "ბორჯღალოსნების" რიგებში არ უთამაშია. ასევე ახალი სახეები არიან სანდრო მამამთავრიშვილი, იოსებ გუშარაშვილი და თემურ კოხოძე, ხოლო გიორგი მარგალიტაძეს, გიორგი ბაბუნაშვილს და ლუკა მატკავას შეკრებებზე აქამდეც მიუღიათ მონაწილეობა, თუმცა ჯერჯერობით არ უთამაშიათ. აღსანიშნავია, რომ მატკავა შემოდგომის ერთა თასზეც იმყოფებოდა, მაგრამ მინდორზე გასვლა არ მოუწია.

"სასელექციო შეკრებაზე გვყავს მორაგბეები, რომლებიც ნაკრებში ადრეც თამაშობდნენ და არიან ახალი სახეებიც. ამ ერთი კვირის განმავლობაში დავაკვირდებით მოთამაშეების ფიზიკურ და ტექნიკურ მდგომარეობას და უკვე მომდევნო კვირიდან, დასახელდება ის 30-32 მორაგბე, რომლებიც უშუალოდ რუსეთთან სათამაშოდ მოემზადებიან. თბილისის ჯგუფიდან საბოლოო სიაში ყველა ვერ მოხვდება. სამაგიეროდ, დაგვემატებიან ლეგიონერები.

მზადება რთულ პირობებში გვიწევს. გვაქვს შეზღუდვები კოვიდ-რეგულაციებთან დაკავშირებით, პრობლემებია კლუბებთან ლეგიონერების კუთხით. პირველი თამაში ყოველთვის რთულია და ამიტომ აქცენტი იმ ბირთვზე გაკეთდება, რომელმაც „შემოდგომის ერთა თასზე“ ითამაშა. გვსურს ვნახოთ როგორ გამოავლენს გუნდი პოტენციალს შეტევაში. გარდა ამისა, წლის განმავლობაში სულ სამი აქტივობა გვაქვს და ეს პერიოდი შესათამაშებლად უნდა გამოვიყენოთ", -
ციტირებს ლევან მაისაშვილის სიტყვებს საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალური ვებგვერდი. 

შეგახსენებთ, რომ საქართველო - რუსეთის დაპირისპირება 7 თებერვალს 15 საათზე დაიწყება. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)