ესპანეთის ნაკრები ტოპ 14-ის მორაგბეებით გაძლიერებაზე ფიქრობს

ესპანეთის ნაკრები ტოპ 14-ის მორაგბეებით გაძლიერებაზე ფიქრობს

ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სანტიაგო სანტოსმა განაცხადა, რომ მათი მიზანი 2023 წლის მსოფლიო თასზე გასვლაა და ამისთვის, შემადგენლობის კიდევ უფრო გაძლიერებაზე ფიქრობენ. 

59 წლის სპეციალისტმა ტოპ 14-ის კლუბებიდან სამი ისეთი მორაგბე დაასახელა, რომელთა გამოძახება სურთ და ამაზე მუშაობენ. ეს მორაგბეები არიან: 1) "პოს" 23 წლის კვაჭი ლუკას რეი. ის არის ატლანტური პირენეების მხარის კლუბის ერთ-ერთი კაპიტანი, რომელმაც წლევანდელ ტოპ 14-ში 15 შეხვედრა ჩაატარა, საიდანაც 8 შემთხვევაში ძირითად შემადგენლობაში იყო და 3 ლელოს გატანა მოახერხა. სულ კი 2015 წლიდან მოყოლებული, "პოს" რიგებში 92-ჯერ უთამაშია და 8 ლელო მიითვალა. რეის 2015 და 2016 წლებში საფრანგეთის 18 და 19 წლამდელთა ნაკრებებში უთამაშია; 2) "ლიონის" 20 წლის კვაჭი ჯულიან ჰევენი, რომელიც ავსტრალიის მოქალაქეა და "ლიონის" ძირითად გუნდში დებიუტი წელს ჰქონდა. მან წლევანდელ ტოპ 14-ში ორი შეხვედრა ჩაატარა; 3) "კლერმონის" 22 წლის გარემარბი სამუელ ეზეალა, რომელიც ბარსელონაშია დაბადებული და ძალიან ნიჭიერი მორაგბეა. ეზეალამ 2018 წლიდან მოყოლებული "კლერმონის" რიგებში 18-ჯერ ითამაშა და 7 ლელო გაიტანა. მან სერიოზული ტრავმა მიიღო, თორემ კიდევ უფრო მეტი შეხვედრის ჩატარებას მოასწრებდა. სამუელს დაზიანების გამო ერთი წელი გაუცდა და ჯერჯერობით წლევანდელ სეზონში საერთოდ არ უთამაშია.

სანტიაგო სანტოსი პირველ ორ შემთხვევაში იმედიანადაა განწყობილი და ფიქრობს, რომ "პოს" და "ლიონის" კვაჭების გადმობირების რეალური შანსი აქვთ, ხოლო ეზეალას შემთხვევაში ნაკლებად ოპტიმისტურია, რადგან "კლერმონის" ტალანტის გამოძახება საფრანგეთის ნაკრებსაც სურს და გაცილებით დიდი შანსია, რომ უმაღლესი მიზნებისთვის მქონე "ლე ბლეს" რიგებში თამაში არჩიოს, ვიდრე განვითარებად ესპანეთის ნაკრებში ასპარეზობა, რომელსაც არც მსოფლიო თასზე თამაში აქვს გარანტირებული და არც ელიტარულ სანაკრებო ტურნირზე უწევს თამაში. 

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპი 2021-2022 წლების რაგბი ევროპის ჩემპიონატი იქნება, საიდანაც მოწინავე ორი გუნდი საფრანგეთში გასამგზავრებელ საგზურებს გაინაღდებს, ხოლო მესამე ადგილოსანი დამატებით შანსს მიიღებს და რეპეშაჟში გადაინაცვლებს. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)