დიდი 10: აკადემიამ შინ ვეფხვები ბონუსით დაამარცხა და ლიდერობა კიდევ უფრო გაიმყარა

დიდი 10: აკადემიამ შინ ვეფხვები ბონუსით დაამარცხა და ლიდერობა კიდევ უფრო გაიმყარა

© მარიამ გაგნიძე

დიდი 10-ის "ა" ჯგუფის მეშვიდე ტურში თბილისის "აკადემია" "რაგბი პლატოზე" პატარძეულის "ვეფხვებს" დაუხვდა და ბონუსით 46:17 იმარჯვა.

ლევან ობოლაძის შეგირდებმა პირველივე ტაიმში სოლიდური უპირატესობა მოიპოვეს და გამარჯვება ფაქტობრივად პირველივე ტაიმში გაინაღდეს. საწყის წუთებში დავით მოძღვრიშვილმა და ნიკა ბეჟუაშვილმა ზუსტი ჯარიმები გაცვალეს, ხოლო მე-19 წუთზე თორნიკე ზოიძემ პირველი ლელოს გატანა მოახერხა და აქედან მოყოლებული, "მხატვრების" უპირატესობა ეჭვქვეშ არ დამდგარა. ათ წუთში მეორე ლელო გუნდის კაპიტანმა გიორგი გოგლიძემ მიითვალა, ხოლო ტაიმის ბოლო წუთზე ზოიძემ დუბლი გაიფორმა. სამივე გარდასახვა მოძღვრიშვილმა ზუსტად შეასრულა და ტაიმი 27:3 დასრულდა.

მეორე ნახევრის დასაწყისში "ვეფხვები" ლევან ლომაურმა დაალელოვა, მოძღვრიშვილი კვლავ ზუსტი იყო. პატარძეულელებმა პირველი ლელო 59-ე წუთზე დადეს, მათ მოლში იყოჩაღეს და გიორგი ლაფერიშვილმა შეიტანა ბურთი. გარდასახვა ნიკა ბეჟუაშვილმა გაიტანა. დარჩენილ დროში "მხატვრებმა" კიდევ ორი ლელო გაიტანეს, რომლებიც ირაკლი ლუარსაბიშვილის და მიხეილ ახობაძის ანგარიშზეა, ხოლო სტუმართაგან კიდევ ერთი საპასუხო ლელო კაპიტანმა ბექა არველაძემ დადო. 

შეხვედრის საუკეთესო მორაგბედ "აკადემიის" მესამეხაზელი ირაკლი ლუარსაბიშვილი დასახელდა. 

ამრიგად, "აკადემიამ" მეექვსე მატჩი მოიგო და "ა" ჯგუფს 27 ქულით ლიდერობს. ლევან ობოლაძის გუნდი "იუნკერებს" 9 ქულით უსწრებს, რომელსაც ამ ტურში არ უთამაშია და შესაბამისად, ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. "ვეფხვები" 4 ქულით ბოლო ადგილზე იმყოფებიან.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)