დიდი 10: ლოკომოტივმა ლელო სარასენსი დაამარცხა და მესამე ადგილზე გადაინაცვლა

დიდი 10: ლოკომოტივმა ლელო სარასენსი დაამარცხა და მესამე ადგილზე გადაინაცვლა

© მარიამ გაგნიძე

დღეს დიდი 10-ის 2020/2021 წლების სეზონის მეორე წრემ აიღო სტარტი. "ა" ჯგუფში ერთმანეთს ტრადიციული მეტოქეები "ლოკომოტივი" და "ლელო სარასენსი" დაუპირისპირდნენ. 

ავჭალაში გამართული შეხვედრა საინტერესო გამოდგა და "რკინიგზელთა" გამარჯვებით დასრულდა. მიუხედავად იმისა, რომ "ლელო სარასენსმა" მეტოქეზე ერთით მეტი ლელო დადო, სტუმრებს დაცვითი ბონუს ქულაც კი არ ერგოთ. 

შეხვედრა მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო. ბექა წიკლაურმა საწყის 20 წუთში სამი ჯარიმა გაიტანა, ხოლო 33-ე წუთზე ლელო დადო, რომელიც თავადვე გარდასახა. სტუმართაგან საპასუხო ლელო 38-ე წუთზე დიტო კალანდაძემ დადო, რომელიც ასევე თავად გარდასახა. სტუმრებმა პირველ ტაიმში ათი წუთი რიცხობრივ უმცირესობაში გაატარეს, რადგან 28-ე წუთზე მეორეხაზელი ჯაბა სიხარულიძე გაასინბინეს. ტაიმი "ლოკომოტივის" გამარჯვებით 16:7 დასრულდა.

"ლოკომოტივმა" მეორე ნახევარიც აქტიურად დაიწყო და საწყის 20 წუთში ჯერ ნიკა წივწივაძემ შეძლო მოლიდან მეტოქის დალელოვება, მალევე კი ბექა წიკლაურმა მორიგი ჯარიმა გაიტანა და მასპინძლებმა 17-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს. აღსანიშნავია, რომ მატჩის დასკვნით 18 წუთში ნიკა ამაშუკელმა "ლოკომოტივს" ოთხი მორაგბე გაუსინბინა, რითაც სტუმრებმა ისარგებლეს და ორი ლელო დადეს. 62-ე წუთზე დიტო კალანდაძემ დუბლი გაიფორმა და გარდასახვაც გაიტანა, ამის შემდეგ წიკლაურმა კვლავ ჯარიმა გაიტანა და 76-ე წუთისთვის სხვაობა 13 ქულა იყო. სტუმრებს ქულის მოსაპოვებლად გარდასახული ლელოს დადება სჭირდებოდათ - გაწითლებულ დროში თენგიზ პერანიძემ მართლაც მოახერხა ლელოს დადება, მაგრამ ურთულესი პოზიციიიდან კალანდაძემ გატანა ვერ შეძლო და "ლელო სარასენსს" ქულა არ ერგო - 27:19.

 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)