ვინ იქნებიან გიორგი კვესელაძის კონკურენტები გლოსტერში?

ვინ იქნებიან გიორგი კვესელაძის კონკურენტები გლოსტერში?

გუშინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ საქართველოს ნაკრების შუამარბი გიორგი კვესელაძე კარიერას "გლოსტერში" განაგრძობს და ის იქნება პირველი ქართველი უკანახაზელი, რომელიც პრემიერშიპში ითამაშებს. 23 წლის "ბორჯღალოსანმა" ახალ კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ამ სტატიაში კი გაგაცნობთ იმ მორაგბეებს, რომლებიც ინგლისურ კლუბში კვესელაძის კონკურენტები იქნებიან. 

ბილი თველვთრისი (32 წლის)

ძალიან გამოცდილი მორაგბეა, რომელიც "გლოსტერში" 2012 წლიდან თამაშობს. შუამარბის პოზიციის გარდა, შეუძლია მგეზავად თამაში და არის კარგი კარში დამრტყმელი. მან რვა სეზონის განმავლობაში "ალუბლისფერების და თეთრების" რიგებში 214 შეხვედრა ჩაატარა და 856 ქულა და 19 ლელო გაიტანა. ბილის 2013-2015 წლებში 22 კეპი აქვს მოხვეჭილი და 3 ლელო მიითვალა. გარდა ამისა, 2013 წელს ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების ავსტრალიური ტურნეს განაცხადში იმყოფებოდა, მაგრამ თამაში არ მოუწია. თველვთრისმა 2019/2020 წლების სეზონში 28 შეხვედრა ჩაატარა, 3 ლელო დადო და 152 ქულა გაიტანა, ხოლო მიმდინარე პრემიერშიპში 3-ჯერ ითამაშა, 1 ლელო მიითვალა და 30 ქულა მოიხვეჭა. 

კრის ჰარისი (29 წლის)

ჰარისი "გლოსტერში" მეორე სეზონია თამაშობს, სადაც "ნიუკასლიდან" გადავიდა. მან განვლილ სეზონში 18 შეხვედრა ჩაატარა და 5 ლელო დადო, ხოლო წლევანდელ სეზონში ჯერ არ უთამაშია. მას "გლოსტერის" ხელმძღვანელობამ კონტრაქტი ოქტომბერში გაუხანგრძლივა. ჰარისი შოტლანდიის ნაკრების წევრია და 2017 წლიდან მოყოლებული ჩატარებულ 23 მატჩში 3 ლელოს გატანა მოახერხა. მან საქართველოს წინააღმდეგ 2-ჯერ ითამაშა: 2019 წელს "მარიფილდზე" მოგებულ (36:9) მატჩში და წელს გასახურებელ შეხვედრაში, რომელშიც "ნარშავებმა" 49:7 იმარჯვეს. ჰარისმა შემოდგომის ერთა თასზე 3 შეხვედრა ჩაატარა, ხოლო 2019 წლის მსოფლიო თასზე ჯგუფური ეტაპის ოთხივე მატჩში მიიღო მონაწილეობა. 

მარკ ატკინსონი (30 წლის)

ატკინსონი "გლოსტერში" 2014 წლიდან ირჯება და 129 მატჩში მოწინააღმდეგეთა ლელო 23-ჯერ აიღო. მარკმა განვლილ სეზონში 23 შეხვედრა ჩაატარა, ხოლო წლევანდელ პრემიერშიპში სამივეჯერ ძირითად შემადგენლობაში გახლდათ. მას ინგლისის 20-წლამდელთა ნაკრებში უთამაშია, 2019 წლის ზაფხულში კი "ბარბაროსებში" გახლდათ გამოძახებული და ინგლისის ნაკრებს 2 ლელო დაუდო.   

ჰენრი ტრინდერი (31 წლის)

ისიც ძალიან გამოცდილი მორაგბეა და "გლოსტერში" 2007 წლიდან ასპარეზობს. მან 13 წლის განმავლობაში გლოსტერშირელთა რიგებში 163 შეხვედრა ჩაატარა და 44 ლელო გაიფორმა. ტრინდერს სერიოზული ტრავმის გამო გასული სეზონი თითქმის მთლიანად გაუცდა და მხოლოდ 2 შეხვედრის ჩატარება მოასწრო, ხოლო წლევანდელ სეზონში 3-ჯერ გავიდა მინდორზე. ტრინდერს ინგლისის 20-წლამდელთა და "ა" ნაკრებში აქვს ნათამაშები. 

ტომ სიბრუკი (21 წლის)

ზემოხსენებული მორაგბეების მსგავსად, ის ტიპიური შუამარბი არაა და ფრთაზეც მშვენივრად ასპარეზობს. მაგალითისთვის, წლევანდელ სეზონში 3-ჯერ იყო ძირითად შემადგენლობაში და ორ შემთხვევაში ფრთაზე ითამაშა, ხოლო ერთხელ შუამარბის პოზიციაზე იყო გამწესებული. სიბრუკი "გლოსტერის" ძირითად გუნდში 2017 წელს გამოჩნდა, შემდეგ ჰართპურის კოლეჯში გახლდათ განათხოვრებული, სადაც ინგლისის ჩემპიონატის მეორე დივიზიონში ითამაშა, 2019 წელს კი "გლოსტერში" დაბრუნდა და მას შემდეგ ჩატარებულ 17 მატჩში 1 ლელო დადო. მან 2019 წლის მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატზე 3 შეხვედრა ჩაატარა და 1 ლელო მიითვალა. 

გარდა ამისა, "გლოსტერს" აკადემიაში კიდევ ოთხი ისეთი მორაგბე ჰყავს, რომლებიც სულ მალე შეიძლება გიორგი კვესელაძის კონკურენტებად მოგვევლინონ. ესენი არიან: შუამარბები 18 წლის ლუის ჰილმენ-კუპერი, 20 წლის ჯეკ რივზი, 20 წლის ისააკ მარში და 21 წლის უნივერსალი უკანახაზელი ტომ სტენტონი.  

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)