ახობაძის და შკინინის შესანიშნავი გარღვევები - აკადემია - ლოკომოტივი 25:19 (მატჩის ყველა ლელო)

ახობაძის და შკინინის შესანიშნავი გარღვევები - აკადემია - ლოკომოტივი 25:19 (მატჩის ყველა ლელო)

© გოგიტა ბუხაიძე

დღეს დიდი 10-ის მეხუთე ტურის ერთი გადადებული შეხვედრა გაიმართა. "ა" ჯგუფში "აკადემია" "რაგბი პლატოზე" "ლოკომოტივს" დაუხვდა და 25:19 იმარჯვა.

აღსანიშნავია, რომ მასპინძლებმა ერთი ლელო დადეს, სტუმრებმა კი სამი, მაგრამ გამარჯვება მაინც "აკადემიას" დარჩა, რადგან დავით მოძღვრიშვილმა ექვსი ჯარიმა შეასრულა ზუსტად, ხოლო "რკინიგზელებს" ჯარიმა არ გაუტანია.

შეხვედრის დებიუტში მასპინძელთა უხეში შეცდომით ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაბრუნებულმა ვეტერანმა ფრთამ გიორგი შკიკინმა ისარგებლა და სტუმრები დააწინაურა. ტაიმის ბოლომდე 37 წლის გიორგი შკინინმა კიდევ ერთხელ გაიბრწყინა, რომლის შესანიშნავი გარღვევა მასპინძელთა მორაგბეებმა ლელოს ხაზთანღა შეაჩერეს, მაგრამ შეტევა გაგრძელდა და ირაკლი ქვათაძემ კიდევ ერთი ლელო დადო, რომელიც ბექა წიკლაურმა გარდასახა, ხოლო მასპინძელთაგან დავით მოძღვრიშვილმა სამი ჯარიმა გაიტანა და ტაიმი 9:12 დასრულდა.

მეორე ნახევარი "აკადემიის" უპირატესობით წარიმართა. მოძღვრიშვილმა ჯარიმით მალევე გაათანაბრა ანგარიში, ხოლო 58-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა მიხეილ ახობაძემ ბრწყინვალე გარღვევა შემოგვთავაზა, მან ნახევარი "ლოკომოტივი" ჩამოიშორა და მოედნის ცენტრიდან ხუთმეტრიანამდე ირბინა, შემდეგ კი შეტევა გაგრძელდა და იოანე ხელაიამ დაასრულა ლელოთი, მოძღვრიშვილმა კი გარდასახა. მან 71-ე წუთზე ჯარიმაც გაიტანა და სხვაობა 10 ქულამდე გაზარდა. მატჩის დასრულებამდე ორიოდე წუთით ადრე ნიკა წივწივაძემ მესამედ დაალელოვა მეტოქე, წიკლარმა კი გარდასახვა გაიტანა და "რკინიგზელები" თამაშში კვლავ დაბრუნდნენ, მაგრამ მეტის გაკეთება ვეღარ შეძლეს, ხოლო გაწითლებულ დროში მოძღვრიშვილმა მორიგი ჯარიმა გაიტანა და "მხატვრებმა" საჭირო გამარჯვება გაიფორმეს. "ლოკომოტივს" კი მცირე სხვაობით მარცხისთვის ერთი ქულა ერგო.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)