ფიჯის ნაკრები ზაფხულის ტესტებზე ორ სუპერ მატჩს უახლოვდება

ფიჯის ნაკრები ზაფხულის ტესტებზე ორ სუპერ მატჩს უახლოვდება

© PHOTOSPORT

ახალზელანდიური გამოცემა rnz.co.nz წერს, რომ ფიჯის ნაკრები 2021 წლის ზაფხულის ტესტებზე, სავარაუდოდ, "ოლ ბლექსს" და ირლანდიის ნაკრებს ეთამაშება. 

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "მფრინავი ფიჯელები" ივლისში ახალ ზელანდიას გასვლაზე დაუპირისპირდებიან და თუ ეს მატჩი შედგა, ეს იქნება ამ გუნდების პირველი ტესტ-მატჩი 2011 წლის შემდეგ. მაშინ "ოლ ბლექსმა" დანიდინში 60:14 იმარჯვა.

გარდა ამისა, ფიჯის რაგბის კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯონ ო'კონორმა განაცხადა, რომ ისინი მოლაპარაკებებს აწარმოებენ ირლანდიასთან, რომლის წარმატებით დასრულებით შემთხვევაში, ივლისში "სამყურებს" უმასპინძლებენ. "მფრინავ ფიჯელებს" აქამდე ირლანდიის წინააღმდეგ ოთხჯერ უთამაშიათ. მათი უკანასკნელი დაპირისპირება სამი წლის წინ დუბლინში შედგა და ირლანდიამ მცირე სხვაობით 23:20 იმარჯვა. 

"მე ვფიქრობ, რომ მომდევნო წელს ჩვენ "ოლ ბლექსთან" მატჩი გვექნება და მოუთმენლად ველით ამას. გარდა ამისა, ჩვენ ვემზადებით ირლანდიის მასპინძლობისთვის. ვიმედოვნებ, რომ ამ დროისთვის ჩვენ გვექნება ვაქცინა და მომდევნო წლის ტესტები გეგმის მიხედვით გაიმართება. 

ჩვენ გვაქვს დისკუსიები ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზოგიერთ გუნდთან, რომლებიც შეიძლება ჩამოვიდნენ და ამით შესაძლებელი იქნება აღმოიფხვრას სათამაშო დეფიციტი, რომელიც აქამდე შეიქმნა", -
განაცხადა ო'კონორმა.

2020 წლის წყნარი ოკეანეთის თასის კორონავირუსის გამო გაუქმდა. ტონგას და სამოას კი 2019 წლის მსოფლიო თასის შემდეგ საერთოდ აღარ უთამაშიათ. ო'კონორის თქმით, ჯერჯერობით ბუნდოვანია, ჩატარდება თუ არა გაისად ეს ტურნირი. 

"პანდემიიდან გამომდინარე დარწმუნებული არ ვარ ჩატარდება თუ არა ეს ტურნირი. ჩვეულებრივ, ყოველწლიურად გეგმაში წყნარი ოკეანეთის თასი გვაქვს, მაგრამ სამოას და ტონგას მსოფლიო თასზე თამაშის უფლება მოპოვებული არ აქვთ და არ ვიცი საკვალიფიკაციო ეტაპთან დაკავშირებით რა გეგმები არსებობს", - აღნიშნა ფიჯის რაგბის კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა. 

შეგახსენებთ, რომ ფიჯიმ 2020 წელს მხოლოდ 1 მატჩი ჩაატარა. "მფრინავი ფიჯელები" შემოდგომის ერთა თასზე მიიწვიეს, მაგრამ საფრანგეთში შეკრებაზე მყოფი ფიჯელები კოვიდით დაინფიცირდნენ და მათი ეგიდით გასამართი ჯგუფური ეტაპის სამივე მატჩი გაუქმდა. მეშვიდე ადგილისთვის მატჩში თამაში კი შეძლეს და საქართველოს ნაკრებს 38:24 სძლიეს.  

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)