სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

კვირას 2020 წლის შემოდგომის ერთა თასის გათამაშება დასრულდა, რომლის გამარჯვებულიც ინგლისის ნაკრები გახდა.
საქართველოს ნაკრებს, რომელიც ელიტარულ ტურნირზე მიიწვიეს, პირველად ჰქონდა შესაძლებლობა, რომ ზედიზედ ეთამაშა უძლიერესი მეტოქეების წინააღმდეგ. "ბორჯღალოსნებმა" ინგლისთან, უელსთან, ირლანდიასთან და ფიჯისთან ითამაშეს. სამწუხაროდ, ჩვენმა გუნდმა ოთხივე მატჩი დათმო, თუმცა მეტოქეების სიძლიერიდან გამომდინარე ეს გასაკვირი არ გახლდათ. ამ მატჩებში "ბორჯღალოსნების" თამაშში გამოიკვეთა, როგორც სუსტი ასპექტები, ასევე ძლიერი სათამაშო ელემენტები.
გადავწვიტეთ, რომ საქართველოს ნაკრების შემოდგომის ერთა თასზე გამოსვლა ქართული მედიისთვის შეგვეფასებინა. ჩვენ დავუკავშირდით სხვადასხვა გამოცემების ჟურნალისტებს და ასევე რაგბის კომენტატორებს, რომლებმაც "ბორჯღალოსნების" თამაშზე საკუთარი შეფასება შემოგვთავაზეს, რასაც აქვე გთავაზობთ.
ნიკა ამაშუკელი (რაგბის კომენტატორი, პროფესიონალი მსაჯი): "რა თქმა უნდა ყველაფერი პროგრესს ემსახურება, თან მითუმეტეს ისეთი რთული პერიოდის შემდეგ, რაც ეს ერთწლიანი შესვენება იყო პანდემიის გამო. შესაბამისად, ეს თავიდანვე ბუნებრივი იყო, რომ საქართველოს ნაკრები ბევრად უკეთესი გუნდი იქნებოდა ტურნირის ბოლოს, ვიდრე დასაწყისში. მიზანის ეს იყო. მოდით ამ ტურნირს დავარქვათ, პანდემიიდან გამოსვლის თერაპია. ეს იყო ძალიან კარგი ტურნირი იმ თვალსაზრისით, რომ დიდ ნაკრებებს ვეთამაშეთ.
დაცვა იყო საიმედო, ბოლო თამაშს თუ არ ჩავთვლით და ამ ბოლო თამაშსაც თავისი მიზეზები აქვს. გადაღლა იყო, მენტალური გადაღლა იყო პირველ რიგში და შემდგომ იყო ფიზიკური და იგრძნობოდა ეს თამაშზე. დაცვას გამოვარჩევდი, რომელმაც ხარისხობრივად მოიმატა თვალშისაცემად. ბოჭვებს და ერთი-ერთზე თამაშს გამოვარჩევდი, თამაშიდან თამაშამდე ეს ყველაფერი უმჯობესდებოდა და ისეთ მაგარ მოთამაშეებთან გამოვლინდა ეს, რომელთა გაჩერებაც ძალიან რთულია. მე ვამბობ შუაწელში, ინგლისი, უელსი, ირლანდია. ბოლოში კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ არ იყო სასურველი მთლიანად ხარისხი. დაცვა იყო იმ მხრივ, რომ ბევრი ქულა არ გავუშვით და რამდენიმე რთული მომენტიდან დავიძვრინეთ თავი. და ამას გამოვყოფ, როგორც დადებით მხარეს.
მაგრამ, სამუშაო ბევრად მეტია, ვიდრე დადებითი მხარეები. ჩემთვის, პირველი, მოლი და დერეფანი, ძალიან ტექნიკური ასპექტები არის, რაზეც კარგი შერკინების მწვრთნელი იმუშავებს და ეს გამოსწორებადია. ეს სწორდება ერთ თამაშშიც, მაგალითად რომ ავიღოთ ირლანდიასთან დერეფანი და შემდგომ ფიჯისთან დერეფანი. გასაგებია, რომ ირლანდია მეტ გაშიფვრას და წინააღმდეგობას გიწევს, მაგრამ ეს ასპექტი გამოსწორდა და უნდა ვთქვათ. ეს მარტივი საკითხი არის.
ჩემთვის აქ პრობლემა არის ორი საკითხი და ვეცდები ამის ჩამოყალიბებას. პირველი და უმთავრესი არის საქართველოს ნაკრების შეტევითი სტილი, რომელიც ძალიან სუსტია და გუნდი ძალიან უშინაარსოდ გამოიყურება შეტევაში. ეს არ არის მოლზე მუშაობა და აუტზე მუშაობა, რომ სიტყვაზე კვირიდან კვირამდე პროგრესი გქონდეს და უცებ აღმოფხვრა ეს ტექნიკური საკითხი. ეს არის ერთი მთლიანი მექანიზმის, დაცვისგან განსხვავებული შეტევითი სტილი, რომელიც უბრალოდ მე ვერ დავინახე და ამაში არანაირი პროგრესი არ ყოფილა თამაშიდან თამაშამდე. გასაგებია, რომ ძალიან რთულია გქონდეს ინგლისთან, უელსთან და ასეთ გუნდებთან შეტევა გქონდეს დალაგებული, მაგრამ ჩვენ ვნახეთ თამაშიდან თამაშამდე პროგრესი რიგ ასპექტებში, მაგრამ ვერ ვნახეთ შეტევაში პროგრესი. მე ვგულისხმობ ფაზურ შეტევებს, ვუტევთ უშინაარსოდ, ხშირად ერთ ადგილზე ვართ და როგორც ერთიანი მექანიზმი, გუნდი შეტევაში არ მოქმედებს.
ჩემი როგორც მსაჯის თვალთახედვიდან, მე გამოცდილი მაქვს თუ როგორ ამყარებენ ძლიერი გუნდები შეტევით თამაშს, ეს არის ძლიერი და აგრესიული რაქი, რაც სამწუხაროდ ჩვენს ნაკრებს არ ეტყობოდა. შეტევით რაქში პრობლემები იყო, არ იყო დროული გადაყრა და ხშირად ჩვენი რაქი არ იყო ისეთი ეფექტური, რასაც შეეძლო მეტოქეებისთვის რაიმე საფრთხის შექმნა. არ დაგვავიწყეს, რომ რაქი არის თამაში 70-75% და შეტევითი რაქი თუ არ გაქვს მოედანზე ტემპერატურას ვერ აწევ, ტემპს ვერ აწევ, მეტოქეს ფსიქოლოგიურად ვერ დაჩაგრავ, რადგან რაქზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული. სამწუხაროდ, მე შეტევით რაქში პროგრესი ვერ ვნახე, შეტევა რომ ამით მოვიცვათ.
ასევე მინდა რომ შევეხო მეორე საკითხსაც. არ ვიტყვი, რომ ეს არის პრობლემა, ეს არ არის პრობლემა, მაგრამ მინდა, რომ შევეხო საქართველოს ნაკრების უშუალოდ სტატიკურ შერკინებას, რომელიც გვახსოვს, რომ 2015 წელს, 2016 წელს ყველაფერს ანადგურებდა და დღემდე გვაქვს გამოყოლილი ეს მუხტი და გვაქვს პრეტენზია, რომ ყველა შერკინება ჯარიმით უნდა დასრულდეს. ეს ასე არ არის, ეს ასე აღარ არის და ეს არის ის დეტალი, რაზეც ჩვენ ცოტა მეტი ყურადღება უნდა გავამახვილოთ. ყველა შერკინება ჯარიმით არ დამთავრდება, ამ გზით არ მიდის თამაში, არ გზით არ ვითარდება რაგბი და ამას ფეხი უნდა ავუწყოთ, ამას უნდა შევეგუოთ, რომ მეტოქეს ყველა შერკინებაში ვერ გადავუვლით. რა თქმა უნდა ისწავლეს შერკინებაში ძალიან დეტალიზირებუად დადგომა გუნდებმა, ჰყავთ ამის სათანადოდ გაწვრთილი ბურჯები, მეორეხაზელები და მესამეხაზელები.
ჩვენ თუ შევეცდებით, რომ ყველა შერკინებაში ვიყოთ ხელის შემშლელი, ეს არის რისკი. ეს არის რისკი, რომ მსაჯს მივცეთ გაურკვეველი სურათი და ვითამაშოთ ლატარია, რომელიც 50/50-ზე იქნება. მოგეხსენებათ, რომ თამაშიდან თამაშამდე მსაჯები არჩევენ თამაშებს და იციან, რომ როდესაც საქართველოა, იქ ყოველთვის პრობლემაა შერკინებაში. არ აქვს მნიშვნელობა ჩვენ მართლები ვართ თუ მტყუანები, მე მინდა ზოგად სურათზე ვისაუბროთ. და იქმნება წარმოდგენა, რომ საქართველოს ნაკრები პრობლემაა შერკინებაში, რადგან ყოველთვის ცდილობენ ჯარიმის მოპოვებას, ჯარიმის მოპოვებას ჩვენ ხანდახან არალეგალური ხერხითაც ვცდილობთ. მე არ ვამბობ, რომ ეს პრობლემაა, მაგრამ ყველა შერკინებაში ხელის შემშლელობის ცდა არის, რომ თამაშობ ლატარიას და მსაჯი აუცილებლად ხან ერთ მხარეს გაიშვერს ხელს, ხან მეორე მხარეს. რაც იყო ირლანდიასთან, სადაც ოთხ-ოთხჯერ თუ ხუთ-ხუთჯერ დანიშნა მსაჯმა ჯარიმა ორივე მხარეს. ასევე რაც მოხდა უელსთან, გაარჩიეს ჩვენი შერკინებები ინგლისთან, ნეგატიური ფონი შეიქმნა, რადგან ინგლისთან მსაჯმა დაგვინდო და უელსთან მატჩში მსაჯმა იცოდა, რომ ინგლისთან თამაშში შერკინებებში მაინცდამაინც კარგად არ ვიდექით, და ამ ნეგატიური ფონის გამო ძალიან მკაცრად მოგვექცა მსაჯი. ამიტომ ეს მიდგომა უნდა შეიცვალოს. ეს რა თქმა უნდა ჩემი აზრია და მსაჯის გადმოსახედიდან ვსაუბრობ, რომ ბევრად სასურველია ის, რომ მსაჯს ბევრად კარგი სურათი დავანახოთ. ჩვენს შერკინებაზე რა თქმა უნდა შეგვიძლია წავიდეთ, დომინანტურები ვიყოთ და დავაჯარიმოთ, მაგრამ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ მეტოქის შერკინებაზე, როდესაც ვცდილობთ რაღაც ხერხებით ჯარიმის მოპოვებას. თუ მივაწვებით აშკარად და დომინაცია თვალშისაცემი იქნება, ეს მისასალმებელია, მაგრამ ხანდახან უბრალოდ ისეთ ჯარიმებს ვიღებთ არასაჭირო დროს შერკინებაში, რომ მერე წნეხში ვექცევით და ამ წნეხიდან გამოსვლა გვიჭირს.
და ბოლოს მინდა აღვნიშნო ფიზიკური მომზადება, რომელიც საკმაოდ ოპტიმალური იყო, მაგრამ მეხუთე თამაშზე პრობლემა შეიქმნა, მაგრამ ეს ბუნებრივი იყო. ამ დონეზე მეხუთე თამაში ნიშნავს, რომ მსოფლიო ჩემპიონატი ჩაატარო რაგბიში და მეოთხედფინალში ითამაშო. ბუნებრივია, რომ ბიჭები ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად გადაიღალნენ, ამიტომაც მე ბოლო მატჩს არ ვეხები. გუნდი კარგად იყო ფიზიკურად მომზადებული, ამიტომაც სამწვრთნელო შტაბს და თვითონ ბიჭებს ამ შრომისთვის მადლობა.
შეფასებას რაც შეეხება, ვფიქრობ 6 ქულა, რადგან მისაღები ანგარიში იყო, ბევრი მომენტი იყო მისაღები და ხარისხის ზრდა ასე თუ ისე იზრდებოდა უმეტეს ასპექტებში, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენი შეტევითი მხარე, რომელიც ძალიან პასიური და ჩვენი შეტევითი რაქები, ეს უკეთესის სურვილს ტოვებს."
შეფასება: 6 ქულა;
ტურნირის საუკეთესო მორაგბე: თორნიკე ჯალაღონია;
სლავა გასპაროვი ("სარბიელი"): "ბორჯღალოსანთათვის ეს ტურნირი ცალსახად სასარგებლო იყო. გრძელვადიან პერსპექტივაში ნაკრების უკლებლივ ყველა მოთამაშემ და მწვრთნელთა უმრავლესობამ ამ ტურნირში მონაწილეობით ფასდაუდებელი საჩუქარი მიიღო. ოთხივე მატჩის წაგება ნამდვილად არაა დიდი პრობლემა.მართალია, ახლა ბიჭები მაგრად არიან გულდაწყვეტილები, და ეს სავსებით გასაგებიცაა,ისინი დღესვერ გრძნობენ იმას, თუ რამხელა ნახტომი გააკეთეს ამ 7 კვირაში გაუმჯობესებისკენ. თანდათან ემოციური ფონი დაიკლებს და ქართველი მორაგბეები, განსაკუთრებით კი ახალგაზრდები,გაიაზრებენ, თუ რამხელა გამოცდილება შეიძინეს გასულ პერიოდში. გამოცდილება ნიშნავს იმას, რომ უკვე არა ვიდეო-ანალიზით, არამედ პირადად იცი, თუ როგორ ეთამაშო ბილი ვუნიპოლას თუ სემი რადრადრას, იცი ვინ რისი მაქნისია, იცი რომელი მსაჯი როგორ სჯის ამა თუ იმ კომპონენტს, ექიმისა და მწვრთნელის გარეშე იცი, როგორ გაანაწილო ძალები ასეთ დიდ და ხანმოკლე ტურნირზე და უამრავი მსგავსი რამ.
ამიტომ ტურნირში საქართველოს ნაკრების გამოსვლას ყოველმხრივ დადებითად ვაფასებ. ნიშანი - 8, რადგან ზოგიერთი მატჩის ზოგიერთ ეპიზოდში უკეთ თამაში აშკარად შეეძლოთ, კონკრეტულ სიტუაციებში კონკრეტული შეცდომები იყო,მაგრამ მიზანი იყო ტიერ 1-ის გუნდებთან თამაში და ეს მისია შესრულებულია - ყოველ მომდვნო მატჩში გუნდი თავის განვითარებაში უზარმაზარ ნაბიჯს დგამდა გაუმჯობესებისკენ, მათ შორის ფიჯისთან წაგებულ შეხვედრაშიც კი. ყველაზე დიდი პრობლემა - მხტომელთა დეფიციტი. ამ მიმართულებით დიდი შრომაა გასაწევი."
შეფასება - 8;
ტურნირის საუკეთესო მორაგბე - ბექა გორგაძე;
სერგო გაბუნია ("რაგბი XV"): დადებითი - ასეთი დონის ტურნირში მონაწილეობა, უკვე დადებითი მოვლენაა. მოთამაშეები ერთა თასზე ვერასოდეს მიიღებდნენ მსგავს გამოცდილებას. რაგბის კავშირში და შიდა რაგბში დაგროვებული პრობლემების გამო, ნაკრები ტურნირს არც თუ საუკეთესო სიტუაციაში შეხვდა. შოტლანდიასთან გასახურებელ თამაშში სრული ჩავარდნის შემდეგ, გუნდმა ხასიათი აჩვენა და თამაშიდან თამაშამდე მოუმატა, როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში. რამდენიმე მორაგბემ ინდივიდუალურად კარგი თამაშით დაგვამახსოვრა თავი (ბექა საღინაძე, თორნიკე ჯალაღონია, ლაშა ჯაიანი, გიორგი კვესელაძე) და კარიერის საუკეთესო მატჩები ითამაშეს, რაც საკლუბო კარიერაში წინსვლაში დაეხმარებათ. გვქონდა პატარ-პატარა გამარჯვებები - გიორგი კვესელაძე მესამე ტურის საუკეთესო მორაგბედ დასახელდა, ბექა საღინაძემ კი ყველაზე მეტი ბოჭვა შეასრულა. უცხოელი ქომაგების გამოხმაურებაც, დადებითი იყო.
უარყოფითი - მიუხედავად იმისა, რომ ამ ასეთი ტურნირისთვის საკმარისი სათამაშო კლასი არ გვაქვს, ბევრი მარტივი შეცდომა დავუშვით, რაც ძალიან მაღალ უნარებთან არაა კავშირში. შერკინების დროს, მიწოლაში, რატომღაც სულ ვცდილობთ რომ მეტოქე დავაჯარიმოთ და უბრალოდ თამაშის განახლების საშუალებად, არასოდეს ვიყენებთ. ტურნირის დასაწყისში ძალიან სუსტები ვიყავით დაცვით მოლში, რაც ბოლოსკენ გამოსწორდა, მაგრამ შეტევითი მოლი ისევ სუსტი იყო და ასეთი მნიშვნელოვანი იარაღი, ფაქტიურად ვერაფერში გამოვიყენეთ. ცალსახად უარყოფითად შეგვიძლია შევაფასოთ, ბოლო, “მოსაგებ” თამაშში დაშვებული უამრავი ბავშვური შეცდომა და ასეთი მატჩის მოგების არცოდნა.
საუკეთესო მოთამაშე - თორნიკე ჯალაღონია. ტურნირის ნამდვილი აღმოჩენა. თავი დაგვამახსოვრა როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში. მიწაზე რამდენჯერმე დააჯარიმა მეტოქე, რაც ჩვენი სხვა მესამეხაზელების პრობლემად რჩება. ამ ყველაფერთან ერთად, ლიდერის თვისებებიც გამოავლინა.
შეფასება - 10-დან 7.5. ქართულ რაგბში მიმდინარე გაურკვევლობის ფონზე და იმის გათვალისწინებით, რომ ძალიან ახალგაზრდა გუნდი გვყავს, ტურნირზე გამოსვლას საერთო ჯამში მაინც დადებითად დევაფასებდი. ასეთ რთულ სიტუაციაში, გუნდმა მოახერხა და ექვს ერზე დამატების ან/და დაახლოების საუბრები, კიდევ უფრო გააძლიერა. გამოჩნდა, რომ ამ ბიჭებიდან ბევრს სურს მაღალი დონის რაგბის თამაში. როგორც გულშემატკივრებმა, ასევე მორაგბეებმა, თამასა ძალიან მაღლა ავწიეთ. პირველი ნაბიჯები გადაიდგა და შემდგომი პროგრესი, რაგბის კავშირში მდგომარეობის გამოსწორებაზე იქნება დამოკიდებული.
უჩა გოგიძე ("სპორტმიამბე"): " შეფასება - ჩემს მოლოდინებს ორ ნაწილად დავყოფ: რას ველოდი რეზულტატის მხრივ და რას - ტაბლოს მიღმა. 1. იმის გათვალისწინებით, რომ ზედიზედ ამდენი მაღალი დონის მეტოქის წინაშე პირველად ვთამაშობდით, კარგ შედეგად ჩაითვლებოდა თუ ხუთიდან(შოტლანდიასთან ტესტის ჩათვლით) ერთ მატჩს მოვიგებდით და მოვახერხებდით იმას, რომ სხვა მატჩებში მაქსიმალურად დიდხანს დავრჩენილიყავით თამაშში. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა - მეტოქე, რომელთანაც რეალურად მოსაგებად ბრძოლა და ბოლო წუთამდე ქულა-ქულაში ჭიდაობა შეიძლებოდა ფიჯი იყო. მათი პრობლემების გათვალისწინებით ქართველ ქომაგს ამ მატჩში რევანშის აღების იმედი მიეცა, მაგრამ დაცვაში დაშვებული შეცდომებისა და სათამაშო დისციპილინის პრობლემების გამო, შეხვედრის დასრულებამდე თითქმის 30 წუთით ადრე გამარჯვებულის ვინაობა უკვე ცნობილი იყო. თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ გუნდმა შარშანდელისგან განსხვავებით ბოლო წუთებში მობილიზება მოახერხა, აუდიტორიას ორი კარგი ლელო აჩუქა და საბოლოო შედეგი რესპექტაბელური გახადა.
რაც შეეხება პირველი ეშელონის გუნდებთან მატჩებს, რეზულტატის მხრივ პლუსში მხოლოდ ირლანდიასთან მატჩი შეიძლება ჩაითვალოს. „სამყურებთან“ დავდეთ ტურნირის პირველი ლელო, მეორე ტაიმი ფრედ დავასრულეთ და, რაც მთავარია, 80 წუთი თამაშში ვიყავით. ამ მატჩმა მთელი მსოფლიო თუ არა, ირლანდიური და ბრიტანული სარაგბო სამყარო ნამდვილად აალაპარაკა საქართველოზე, ამ ტურნირზე ჩვენი ერთ-ერთი მიზანიც ხომ ეს იყო: უცხოელ ექსპერტებსა და ქომაგებს ჩვენი დადებითი მხარეები დაენახათ და კვლავ დღის წესრიგში დავმდგარიყავით. სამწუხაროდ, ამის გაკეთება პირველ სამ მატჩში არ გამოგვივიდა, მაგრამ ვეთანხმები იმ აზრს, რომ გუნდი თამაშიდან თამაშამდე უმატებდა და იხვეწებოდა, მათ დიდი გამოცდილება მიიღეს, უბრალოდ მეხუთე და ამავდროულად ძალიან მნიშვნელოვან თამაშში თითქოს გადაღლილობა შეინიშნებოდა.
2. ტაბლოს მიღმა კი ველოდი წინა ტურნირებზე დაშვებული შეცდომების გამოსწორებას, შეტევაში მეტ ფანტაზიასა და ახალი სახეების გამოცდას. ბოლო ორ-სამ წელში შეინიშნება არასასიამოვნო ტენდენცია, რომ შერკინებასა და მოლში ძველებურად დამაჯერებლები აღარ ვართ. სურვილი გვქონდა, რომ ამ კომპონენტებში კვლავ დომინანტური ნაკრები გვეხილა, მაგრამ სამწუხაროდ ასე არ ხდება, ამას ხელს თაობათა ცვლის პროცესიც უშლის, რომელიც როგორც ჩანს „ბორჯღალოსნებში“ მტკივნეულად მიმდინარეობს. მსოფლიო თასზე დაცვაში დაშვებულმა შეცდომებმა თავი ამ ტურნირზეც იჩინა, განსაკუთრებით ეს უკანახაზელების თამაშზე ითქმის. რაც შეეხება შეტევაში მეტ ფანტაზიას, იყო გარკვეული გამონათებები, გავიხსენოთ ირლანდიასთან მატჩი, მხოლოდ გიორგი კვესელაძის ეფექტური ლელო რად ღირს? მაგრამ ამ „გამონათებებით“ შედეგს ვერ მოვაღწევთ. ხშირი იყო შემთხვევა, როცა კარგ შესატევ პლაცდარმს სათანადო გაგრძელება არ მოსდევდა, მაგალითად ფიჯისთან რიგ მომენტებში შეტევაში მეტი ფანტაზიის გამოჩენა გვმართებდა, სანაცვლოდ კი აქეთ დავჯარიმდით და უკან დახევა მოგვიწია.
რაც შეეხება ახალ სახეებს, ვფიქრობ ხუთი მატჩის განმავლობაში უფრო მეტი მორაგბის გამოცდაც შესაძლებელი იყო, თუნდაც პრობლემურ პოზიციებზე. გამიხარდა ლექსო ყაულაშვილის გამოჩენა, ასეთი მოთამაშეების პოტენციალი მაქსიმალურად გამოსაყენებელია. ახალგაზრდების,თორნიკე ჯალაღონიასა და დავით ნინიაშვილის კარგი თამაში კი ცალკე აღსანიშნია, მათ სათამაშო გამბედაობით სიასიამოვნოდ გააკვირვეს აუდიტორია. ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი ბიჭები აუცილებლად უნდა გამოიცადნონ საქმეში, რადგან მათ დიდი პოტენციალი აქვთ. ვფიქრობ, უმაღლეს დონეზე გამოცდილი სამწვრთნელო შტაბის ხელში ახალგაზრდებით დაკომპლექტებულ ნაკრებს კარგი პერსპექტივა ექნება.
ქულა
ხუთივე თამაშში გამოვლენილი პლუსებისა და მინუსების გათვალისწინებით 7 ქულა ობიექტური მგონია. ფიჯისთან მატჩი სხვა სცენარით რომ განვითარებულიყო ალბათ შედარებით მაღალი ქულის დაწერაც შეიძლებოდა.
საუკეთესო მოთამაშე
ნაკრებს ძირითადად დაცვაში თამაში უწევდა და საუკეთესო მოთამაშეც მეტწილად დაცვით სამუშაოებს ასრულებდა. როგორც აღვნიშნე, ძალიან მომეწონა თორნიკე ჯალაღონიას თამაში, მან ორი სრული მატჩი ჩაატარა და ორივეში გამორჩეული იყო. გამოსარჩევია ასევე გიორგი კვესელაძეც, განსაკუთრებით ირლანდიასთან. მაგრამ, საერთო ჯამში საუკეთესოდ ბექა გორგაძეს დავასახელებ, მცირე შეცდომების მიუხედავად, კიდევ დამტკიცდა რომ ის მომავლის ნაკრების ლიდერია. უელსთან მატჩის შემდეგ Planetrugby-მ სომბოლურ გუნდშიც შეიყვანა, დამაჯერებლი იყო სხვა მატჩებშიც, ირლანდიასთან სამწუხაროდ მძიმე ტრავმა მიიღო. მჯერა, ფიჯისთან მას რომ ეთამაშა, მატჩის მსვლელობაზე გავლენას მოახდენდა.
ირაკლი გულიაშვილი (Setanta.Ge): "ქართული რაგბის ისტორიაში საქართველოს ეროვნული ნაკრები პირველი დონის ქვეყნების დახურულ ტურნირში პირველად მიიწვიეს და თავის წარმოჩენის შანსი მისცეს - რამდენად გამოიყენეს „ბორჯღალოსნებმა“ აღნიშნული შანსი ცალკე საკითხია.
ტურნირის დაწყებამდე რამდენიმე თვით საქართველოს ნაკრებში დიდი ცვლილება მოხდა და მთავარი მწვრთნელი შეიცვალა. გარდა ამისა, მსოფლიოში შექმნილი პანდემიის გამო ნაკრები სათანადოდ ვერ მოემზადა და ამ ყველაფრის გათვალისწინებით, პირადად მე 2020 წლის შემოდგომის ერთა თასზე „ბორჯღალოსნებისგან“ დიდ შედეგებს არ მოველოდი.
ასეც მოხდა - საქართველოს ნაკრებმა ტურნირი მძიმედ დაიწყო და საწყისი 2 მატჩი უშანსოდ წააგო. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ინგლისს და უელსს ქართველმა მორაგბეებმა ვერაფერი დაუპირისპირეს და ქულაც კი ვერ მოიპოვეს. მე-3 და მე-4 მატჩში საქართველოს ნაკრებმა შეძლო წნეხიდან გამოსვლა და ქულების მოპოვება. განსაკუთრებით გამოვყოფდი ირლანდიასთან მატჩს, სადაც ქართველმა მორაგბეებმა დაცვაში უმაღლეს დონეზე ითამაშეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების გამოსვლას შემოდგომის ერთა თასზე 6 ქულად შევაფასებდი. ჩემთვის, ტურნირზე დადებითიშედეგი ლამაზი, გაშლილი რაგბის თამაში და 1 მატჩის მოგება იქნებოდა. ჩემთვის, ტურნირის საუკეთესო ქართველი მორაგბე ბექა საღინაძეა."
დათო მანჯავიძე (Popsport.Com): "თუკი შეიძლება ითქვას, რომ კორონავირუსმა რამე კარგი მოიტანა, ეს, საქართველოს რაგბის ნაკრების “შემოდგომის ერთა თასზე” თამაშია. რომ არა მთელი რიგი დამთხვევები, აღნიშნული ისტორიული შანსიც არ იქნებოდა, ასე კი, “ბორჯღალოსნებმა” მცირე დროში 5 უმაღლესი დონის ტესტ-მატჩი ჩაატარეს, რაც მსოფლიო თასზეც კი არ ხდება ხოლმე. შეიძლება ითქვას, რომ ქართველმა მორაგბეებმა რიგგარეშე მსოფლიო თასი ჩაატარეს პლიუს საპლეიოფო თამაშით.
სამწუხარო ის იყო, რომ ისტორიულ პერიოდს საქართველოს ნაკრები საუკეთესო ფორმაში არ შეხვედრია. მთელი რიგი მიზეზების გამო, თავიდანვე ცხადი იყო, “ბორჯღალოსნებს” შედეგზე თამაში გაუჭირდებოდათ. გეგმა გრანდებთან ტოლსწორად თამაში, გარკვეული მიკროდუელებისმოგება და რაც შეიძლება ნაკლები ანგარიშით წაგება იყო. რაღაც გამოვიდა, რაღაც – არა, მიზანი კი, ყველა ვარიანტში მიღწეულია.
საქართველოს ნაკრების მაგალითზე კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ელიტარულ დონეზე გასასვლელად მსოფლიოს უძლიერეს ნაკრებებთან რაც შეიძლება ხშირად ჭიდილია საჭირო. ეს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდა ქართველი მორაგბეებისთვის, რომელთაც 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე არაერთი გრანდი გაუმწარებიათ, ახლა კი, საკუთარი ძალის ეროვნული ნაკრების დონეზეც უნდა ირწმუნონ.
საფუძველი კი ნამდვილად არსებობს, რადგანაც ბექა საღინაძემ, თორნიკე ჯალაღონიამ, ოთარ გიორგაძემ, ბექა გორგაძემ, ლაშა ჯაიანმა, გიორგი კვესელაძემ და სხვებმა თავი უკვე კარგად წარმოაჩინეს. ეს უკანასკნელი საერთოდაც მთელი რიგი ინდივიდუალური პრიზების მფლობელი გახდა და უდავოა, რომ ევროპაში მასზე დაკვირვება სამომავლოდაც გაგრძელდება.
ჩემი აზრით, “შემოდგომის ერთა თასზე” საქართველოს ნაკრებიდან გამორჩეული მესამეხაზელი ბექა საღინაძე იყო. 22 წლის ფლანკერი ხუთივე გასულ მატჩში (შოტლანდიასთან, ინგლისთან, უელსთან, ირლანდიასთან და ფიჯისთან) სასტარტო შემადგენლობაში იყო და “ბორჯღალოსნებისთვის”, გარკვეულწილად, შეუცვლელ ფიგურად ჩამოყალიბდა. ბექას მთელს შეჯიბრზე ყველაზე მეტი (59) ბოჭვა მოუგროვდა, ამ მხრივ ინგლისელ ბილი ვუნიპოლასაც გაუსწრო, თავდადება კი ტურნირის დასკვნით მატჩში დაუფასდა, როდესაც ფიჯელებთან წყვილი ლელო მიითვალა. 10-ბალიანი სისტემით, საქართველოს რაგბის ნაკრების ექსპერიმენტულ ტურნირზე ასპარეზობას შვიდიანით შევაფასებდი."
ტატო ნიკურაძე (Blogsport.Ge): "პირდაპირ ვთქვათ, საქართველოს ნაკრებისგან შემოდგომის ერთს თასზე მეტს არც ველოდი, გარკვეული მიზეზების გამო. ამ ტურნირზე მთავარი ამოცანა იყო გამოცდილება მიგვეღო და ეს ნამდვილად დიდ გამოცდილებას მიცემს იმ ახალგაზრდა მორაგბეებს, რომლებზეც ახალი საქართველოს ნაკრები უნდა აშენდეს. რამდენიმე მორაგბემ თსვი კარგად წარმოაჩინა. განსაკუთრებით, მინდა გამოვყო თორნიკე ჯალაღონია, რომელიც ჩემი აზრით "ბორჯღალოსნების" შემადგენლობაში საუკეთესო იყო ამ ტურნირზე. სითამამე, მიედნის ხედვა, კარგი(მძლავრი).
მაგრამ, მიუხედავად რამდენიმე მორაგბის ინდივიდუალური გაბრწყინებისა, მთლიანი გუნდის თამაშით მე უკმაყოფილო ვარ. შერკინება, რომელიც ყოველთვის საქართველოს ნაკრების ძლიერ მხარედ ითვლებოდა, საგრძნობლადაა დასუსტებული. ლევან მაისაშვილი ამაში ჟურნალისტებს არ გვეთანხმება, მაგრამ მე ფაქტებს მოვიყვან. უელსთან 13:6 რომ წავაგეთ. უელსელები შერკინებაში დავჩაგრეთ და ბოლოს მორკინალის ტრავმა მოიმიზეს, რომ შერკინება არ შემდგარიყო. ახლა, კი ჯარიმის დროს რამდენჯერმე თავად მოითხოვეს შერკინება. ფიჯიზეც იგივე შეიძლება ითქვას. "მფრინავები" სულ ერიდებოდნენ ჩვენთან შერკინებას, ახლა კი საკმაოდ თამამად იყვნენ.
დაცვის მოლი საერთოდ კატასტროფა იყო ყველა თამაშში. ერთი ღერძის შეცვლა და წაგვლეკავდნენ ხოლმე. ასევე, ძალიან ცუდი იყო თამაში რაქებში. თუ რაგბი ევროპაზე გაცდიან ამ დენს, ასეთ დონეზე რაქში ამდენს არავინ გაცდის. ეს მწვრთნელსაც უნდა ჰქონოდა განხილული, მაგრამ ყოველ თამაშზს იგივე პრობლემა იყო. დერფნები ხომ ჩვენი აქილევსის ქუსლია. ისედაც, ძალიან ცოტა დროით რომ გაქვს ბურთი და ძლივს მეტოქის ხუთმეტრიანში შედიხარ, არაა საჭირო "ახალი ველოსიპედის" გამოგონება. ჩემი აზრით, ამ რესურსითაც შეიძლებოდა უკეთესი თამაშის ჩვენება, მაგრამ ლევან მაისაშვილის მოთამაშეთა სელექციას დავუწუნებ. მოთამაშე, რომელიც ამ ეტაპისთვის არაა სათამაშო ფორმაში და ბევრ შეცდომას უშვებს არ უნდა დააყენო. საბოლოოდ, მე ამ ტურნირზე ჩვენი ნაკრების განსაკუთრებული პროგრესი ვერ დავინახე.
ამის მიუხედავად, ნაკრებში ნამდვილად არის დიდი პოტენციალი და საჭიროა ამის სწორად გამოყენება. პირველ რიგში, ვჭირდებს მაღალკვალიფიკაციური უცხოელი მწვრთნელი, რომელიც კარგად მოერგება ქართულ ხასიათს და ჩვენს პოტენციალსა და ძლიერ მხარეებს კარგად გამოიყენებს. ჩემი აზრით, ლევან მაისაშვილს საკმარისზე მეტი დრო ჰქონდა და ამ დროში, მან ნაკრებში განსაკუთრებული შედეგი ვერ დადო. "
შეფასება - 7 ქულა;
ტურნირის საუკეთესო მორაგბე - თორნიკე ჯალაღონია;
ნიკა ჩალათაშვილი (რაგბის კომენტატორი): "პანდემიას რა ვუთხარი, თორემ შემოდგომის თასისნაირ ტურნირზე სათამაშოდ ჩვენ კიდევ კარგა ხანს არავინ დაგვპატიჟებდა. ბორჯღალოსნების სასარგებლოდ არ მეტყველებდა არც მსოფლიო თასზე ჩატარებული მატჩები და არც მანამდე გამართული ტესტები, „რაგბი ევროპის“ მიხედვით გუნდის სიძლიერეზე მსჯელობა კი უბრალოდ არასერიოზულია. ჰოდა, გაგვიმართლა და ჭირი ამაში მაინც გამოდგა ჩვენთვის მარგებელი: მოგვცა უნიკალური შანსი გვეთამაშა ზედიზედ ხუთი უმაღლესი დონის მატჩი და თავი საუკეთესო გუნდებისთვის შეგვედარებინა. შევადარეთ და რა დავინახეთ? გუნდი, რომელიც ძალიან ჩამორჩებოდა მეტოქეებს სათამაშო ტემპით (განსაკუთრების შეტევის ტემპით), ბურთთან ურთიერთობის სიმსუბუქით, მრავალფეროვნებით, სიტუაციური აზროვნებით და სწრაფი და სწორი გადაწყვეტილებებით.
დავინახეთ, რომ „ელიტამდე ბევრი გვიკლია“ უბრალო ბრტყელი ფრაზა კი არაა, არამედ კონკრეტული უნარების ერთობლიობას გულისხმობს, რომელიც იმათ აქვთ, ჩვენ - არა. დავინახეთ გუნდი, რომელსაც პროგრესის შანსი მხოლოდ მაშინ აქვს, თუ მუდმივად ხორცსაკეპ მანქანაში იქნება. სულ მაღალი ინტენსივობის მატჩებს ითამაშებს და ამოსუნთქვა სანატრელი გაუხდება. დავინახეთ გუნდი, რომელიც თამაშიდან თამაშამდე გადასხვაფერდა და „ადამიანს“ დაემსგავსა, უბრალოდ ძალა არ ეყო პრინციპულ თამაშში ეს „ადამიანური“ სახე მთელი 80 წუთით შეენარჩუნებინა. დავინახეთ მწვრთნელი, რომელიც მაძიებელი კაცია და ცდილობს ის თამაში იპოვოს, რომელიც შედეგიანიც იქნება, თანამედროვეც და კონტიგენტიც გაქაჩავს. დავინახეთ შიდა პირველობა, რომელიც ალთასაა ევროპულ ბალთასთან შედარებით; და მასში არსებული დრომოჭმული მიდგომების სავალალო შედეგები. დავინახეთ დაულაგებელი სიტუაცია რაგბის კავშირში და მთლიანად ქვეყანაში. დავინახეთ გაუგებარი ღვარძლი და გადაჭარბებული განდიდება გულშემატკივრების მხრიდან, თუმცა ეს უკვე სულ სხვა ისტორიაა.
საეჭვოა, პირველი ეშელონის ოთხ გუნდთან მხოლოდ ორი ლელოს გამტანი საქართველო, პანდემიის გარეშე, უახლოეს მომავალში კიდევ სადმე დაპატიჟონ. ალბათ ისევ ცალკეულ გადმოგდებულ ტესტებზე გადასვლა მოგვიწევს. მთავარია იმ მატჩებში მაინც აღარ მოგვიწიოს ნოლიდან დაწყება და ჩვენი თამაში შემოდგომაზე მიღწეული სიმაღლიდან განვაახლოთ. ნიშნების და ქულების დაწერა არ მიყვარს, მაგრამ რადგანაც მთხოვეს ბორჯღალოსნებს 10 ბალიანი სისტემით 5-ს დავუწერ. იმიტომ კი არა, რომ შედეგის დაკნინება მინდა, არამედ იმიტომ, რომ ვიცი რამდენად უკეთესები შეგვიძლია ვიყოთ და მოსამატებელი ქულები მინდა დავიტოვო სამომავლოდ. პატივისცემით ნიკა ჩალათაშვილი
ტურნირის საუკეთესო მოთამაშე: ბექა საღინაძე;
ლევან ყუფარაძე (Live.Ge): "პირველ რიგში გამარჯობა, არც თუ ისე რთულია შეფასება 8 ერზე ჩვენი თამაშის, რადგან თითოეული ქართველისთვის საბედნიერო იყო 8 ერში მონაწილეობა და თიერ 1 გუნდებთან თამაში. ინგლისი, ირლანდია, უელსი - სწორედ ეს ნაკრებები არიან ევროპაში მოწინავეები და მათთან თამაში ჩვენთვის რეალურად დიდი გამოცდილება იყო და მოსაგებად სტადიონზე ვერ გავიდოდით, მიუხედავად იმისა, რომ უელსი თითქმის მეორე გუნდით გვეთამაშა და ირლანდიას ლიდერები აკლდნენ, 10 ნომრის გარეშე თამაშობდნენ მთელი ტურნირი.
დადებითად შევაფასებდი ჩვენს თამაშს ამ ტურნირზე, რადგან ამ ტურნირმა გამოაჩინა ჩვენი დიდი პლიუსები და მინუსები. მოდი დავიწყოთ ერთა თასამდე ტესტ მატჩით, სადაც შოტლანდიის ნაკრებს ვეთამაშეთ და უდაბლესი დონის რაგბი ვანახეთ, შერკინებაში პრობლემა იყო, დერეფნებში, ბურთი თითქმის არ გვქონდა და 80 პასზე მეტი არ გვოქნდა გაკეთებული. ამის შემდეგ იყო ინგლისთან თამაში, პირველი სადებიუტო მატჩი შემოდგომის ერთა თასზე, სადაც 0-ზე დავმარცხდით, თუმცა მოწინააღმდეგეებს დავანახეთ, რომ ანგარიშგასაწევი ძალა ვიყავით, თუმცა საბოლოოდ ინგისთან თამაშიც უარყოფითად შესაფასებელია. უელსთან მეტეოროლოგიური პრობლემები იყოო, წვიმდა, ხელით თამაში ისედაც გვიჭირს და წვიმაში მითუმეტეს გაგვიჭირდა. ყველაზე კარგად უელსთან თამაშში გამოჩნდა, რომ დერეფნებში სერიოზული პრობლემა იყო. გვახსოვს ალბათ მომენტი, 5 მეტრიანში აუტი რომ გვქონდა, მოვიგეთ აუტი, თუმცა შემდეგ მოლში არასწორად დავდექით, მეორე დერეფანში კი ბურთის მოხსნის შემდეგ, მიქაუტაძემ პასის გაკეთება სცადა და მოლიდან ბურთის მალე გატანა, თუმცა თავში მოარტყა ჩვენს მორაგბეს.
ირლანდიასთან თამაში ჩვენი ნაკრების ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო და სწორედ ამ თამაშიდან გამოჩნდა, რომ თამაშიდან-თამაშამდე ვსწავლობდით. უნიკალური დაცვა 80 წუთის განმავლობაში, თითოეული მორაგბე სტადიონზე სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოდა. დერეფნები აქაც პრობლემა იყო, თუმცა ირლანდიასთან შერკინებაში ვიყავით კარგები, 2-ჯერ დავაჯარიმეთ მეტოქე. საბოლოო ჯამში ჯგუფის ბოლო მატჩი საუკეთესო გამოდგა და სავალალო შედეგითაც არ დასრულებულა ეს მატჩი და ნეიტრალური გულშრმატკივარი ვინც თამაშს უყურებდა ან ანგარიშს შეხედავდა იტყოდა, რომ ვა ყოჩაღ, საქართველოს ნაკრებმა კარგად "იჭიდავაო".
რაც შეეხება ტუნირის ბოლო მატჩს, უელსის მსგავსად მერიფილდზეც სერიოზულ წვიმას გადავეყარეთ და ეს ორივე ნაკრებისთვის მთავარი პრობლემა უნდა ყოფილიყო, რადგან ფიჯელებს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო, თუ საუკეთესო არა, უკანა ხაზი ჰყავთ და სულ ხელდახელ თამაშობენ. ცუდად დავიწყეთ, რამაც ანგარიშზე იმოქმედა და ძალიან გაგვექცა თავიდანვე ფიჯი, თუმცა პირველი ტაიმის 20 წუთიდან სრულიად შეიცვალა სათამაშო სურათი და ჩვენი სიძლიერეები გამოვაჩინეთ. შერკინებაში კარგად დავდექით, ძალისმიერ თამაშში ვერაფერი დაგვიპირისპირეს ფიჯელებმა და ლელოც დავუდეთ. მეორე ტაიმი პირველის მსგავსად ცუდად დავიწყეთ და ბევრი ლელო მივიღეთ, თუმცა აქაც ბოლოს კარგად ვითამაშეთ და 2 ლელო დავდეთ.
მოკლედ და ლაკონურად რომ ვთქვათ, ჩვენთვის ეს შეჯიბრი იყო გამოცდა, ის დიდი გამოცდა, რომელსაც მომავალში უნდა გავუმკლავდეთ და რომლითაც უნდა განვითარდეთ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამ ტურნირიდან ბევრი რამე ვისწავლეთ, სისტემატიური თამაში ასეთ ნაკრებებთან ჩვენს ნაკრებს კარგად წარადგება და 2015 წლის დიდი რეგრესის შემდეგ რაგბის აღმშენებლობა კვლავ დაიწყება. გამოსასწორებელია მოლები და დერეფნები. ყველაზე მეტად რაც საბოლოო ჯამში მომეწონა ამ ტურნირზე ჩვენი ნაკრების, ეს იყო დაცვაში თამაში (განსაკუთრებით ირლანდიასთან). ჩემი აზრით ტურნირის საუკეთესო მოთამაშე ჩვენ ნაკრებიდან არის - გიორგი კვესელაძე და თორნიკე ჯალაღონია. 10 ბალიანი სისტემიდან კი - 7"
ლადო გოგოლაძე ("კვირის პალიტრა"): "პირველ რიგში მადლობა ყველა მორაგბეს. რაც შეეხება თვითონ ტურნირს, დავიწყოთ იმით რომ თუ ჩვენ ზრდა გვინდა, ბელგია, გერმანია და ან თუნდაც რუსეთთან დიდი ანგარიშებით გამარჯვებებს მსგავსი დამარცხებები ჯობს. ერთი რომ ძლიერ გუნდებთან თამაშის პრაქტიკას ვიღებთ და მეორე, მსგავს თამაშებში უფრო ცხადად ის სისუსტეები რაზეც განსაკუთრებული ყურადღება უნდა გავამახვილოთ. დღეს ჩვენს ნაკრებში თაობათა ცვლაა რაც, ჩვენზე გაცილებით ძლიერ გუნდებსაც კი რთულად გადააქვთ. ერთბაშად დატოვა ნაკრები რამდენიმე გამოცდილმა ლიდერმა, რაც ბუნებრივია, გარკვეულ დაღს დაამჩნევდა გუნდს და ასეც მოხდა.
გუნდს არავინ თხოვდა ინგლისთან ან თუნდაც უელსთან გამარჯვებას, ამიტომ უმჯობესი იქნებოდა თუ უკვე გამოცდილი მოთამაშეების ნაცვლად ახალბედებს უფრო მეტი სათამაშო დრო თუ მიეცემოდათ. მით უფრო მიმტკიცებდა ეს აზრი მას მერე რაც ვნახეთ ახალბედების თამაში. ვფიქრობ ნინიაშვილს, რომელსაც ორჯერ მიეცა თამაშის საშუალება და ორჯერვე ძალიან კარგად წარმოაჩინა თავი, მეტი სათამაშო დრო უნდა ჰქონოდა, ასევე ალანიას რომელსაც ძალიან კარგი სათამაშო პრაქტიკა აქვს კლუბში, თაფლაძეს რომლის თამაშიც ფაქტობრივად ვერ ვნახეთ. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც რომ ამ ახალგაზრდებს სხვადასხვა ტურნირებზე, ბობოლებთან თამაშის გამოცდილება აქვთ და რიგ შემთხვევებში გამარჯვებულიც გამოსულან ამით იმის თქმა მინდა რომ მათ დიდ გუნდებთან გამარჯვების ფსიქოლოგია აქვთ რაც მოედანზე უდავოდ დიდ როლს ასრულებს. აუცილებლად მინდა გამოვყო, გუნდის ფიზ.მომზადების სპეციალისტების ძალიან კარგი მუშაობა, მიუხედავად დამღლელი განრიგისა გუნდმა შეძლო და ყველა თამაშში ბოლომდე იბრძოლა.
სამწვრთნელო შტაბის შესახებ მხოლოდ ერთს ვიტყვი - მადლობა, მაგრამ ცვლილებების დროა. ალბათ მოვა დრო როცა უფრო ხშირი იქნება მსგავს დიდ გუნდებთან თამაში და დიდი ალბათობით პირველ ეტაპზე დამარცხება უფრო ხშირი იქნება, თუმც მჯერა რომ ეს დამარცხებები იქნება მომავალი დიდი გამარჯვების საწინდარი, მთავარია დასკვნების სწორად გამოტანა და სწორი კრიტიკა. გუნდის გამოსვლას 5 ქულით შევაფასებ, რადგან მწვავე შეცდომებთან ერთად იყო არაერთი კარგი მომენტიც. გამორჩეული მოთამაშე ვფიქრობ თორნიკე ჯალაღონია იყო, რომელმაც მესამე ხაზში არსებული დიდი კონკურენციის მიუხედავად შეძლო თავის დამკვიდრება და შთამბეჭდავი თამაშით ნაკრებში თავის წარმოჩენა."
სანდრო ინაშვილი (რაგბის კომენტატორი და ყოფილი მორაგბე): "„შემოდგომის ერთა თასზე“ საქართველოს ნაკრების გამოსვლის შეფასებისას, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ის ფართო კონტექსტი, რომელიც თან ახლდა ჩვენი გუნდის აღნიშნულ ტურნირში ასპარეზობას. 6 ერის გუნდებისგან განსხვავებით, საქართველო ასეთი დონის ტურნირებზე ასპარეზობით ვერ დაიკვეხნის. მათთან მიახლოებული ვერც ეროვნული საკლუბო ჩემპიონატი გვაქვს. არადა, დიდ 10-ში ასპარეზობა ნაკრების არცთუ ისე ცოტა მოთამაშეს უწევს, სულ მცირე ათი იქნება ასეთი. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ლეგიონერების უმრავლესობა, ადგილსამყოფელ ქვეყნებში, საშუალო დონის ჩემპიონატებში თამაშობს, მათ შორის, მათი დიდი ნაწილი საფრანგეთის რიგით მე-2 დონის ტურნირში - პრო დ2-ში. გამოდის რომ, წამყვან საკლუბო ჩემპიონატებში სულ რამდენიმე მოთამაშე გვყავს. თუმცა, აქაც არ უნდა დაგვავიწყდეს ერთი დეტალი, სათამაშო სეზონის მანძილზე ელიტაში მოთამაშე ყველა ქართველ მორაგბესთანაბარი სათამაშო დრო არ ეძლევა და შესაბამისად, ოპტიმალური ფორმის შენარჩუნებას ყველა ვერ ახერხებს.
საქართველოსგან განსხვავებით, 6 ერის ნაკრებები ევროპის ტოპ-კლუბების საუკეთესო მოთამაშეებით არიან დაკომპლექტებული. ეს ტოპ-კლუბებიც ხომ მათვე ეკუთვნით. ხოლო ვისაც ასეთები არ ჰყავს, მინიმუმ 2 ძლიერი ფრენჩაიზით არის წარმოდგენილი. ამასთან, ექვსივე ერს რეგულარული ტესტ-მატჩების გამართვის საშუალება აქვს სამხრეთ ნახევარსფეროს გიგანტებთან, ხოლო წელიწადში მინიმუმ ხუთჯერ - ერთმანეთში თამაშის (6 ერის ყოველწლიური გათამაშება - თებერვალი-მარტი). შედარებისთვის, მთავარი ტურნირი, სადაც ბორჯღალოსნები „ვითარდებიან და პროგრესს განიცდიან“, რაგბი ევროპის ჩემპიონატია (ბელგია, ესპანეთი, პორტუგალია, რუმინეთი, რუსეთი, საქართველო).
რა თქმა უნდა, ცალკე გამოყოფის ღირსია მფრინავი ფიჯელების გუნდი. ერთი შეხედვით, შესაძლოა ითქვას, რომ არც ფიჯელებს აქვთ ძლიერი საკლუბო ტურნირი, არც რაგბი ჩემპიონშიპში მონაწილეობენ და არც ფრენჩაიზები ჰყავთ სუპერ რაგბიში. არამედ, ისევე, როგორც საქართველო, ისინიც მსოფლიოში გაბნეული ლეგიონერების იმედად არიან. თუმცა, ეს მხოლოდ ზედაპირული დაკვირვებით, ხოლო თუ ჩავუღრმავდებით, ფიჯელების გუნდი დაკომპლექტებულია, არათუ ევროპის წამყვან კლუბებში მოასპარეზე მორაგბეებით, არამედ თავიანთ პოზიციებზე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო, ან, შესაძლოა, საუკეთესო მორაგბეებითაც კი. მათი კონტექსტიც სრულიად განსხვავებულია ჩვენგან. ძლიერ სარაგბო რეგიონში მდებარე ფიჯელები, არაერთი ათწლეულია მსოფლიოს წამყვანი ნაკრებების და სარაგბო სკოლების სამიზნეს წარმოადგენენ. შედეგად, ფიჯელი სუპერ-ვარსკვლავების რაოდენობაც ყოველწლიურად იზრდება. ამასთან, ფიჯის, ხელშესახები გამოცდილება აქვს ისეთი ძლიერი ნაკრებების დამარცხების, როგორებიცაა უელსი, საფრანგეთი, შოტლანდია და იტალია. ერთ დროს,არგენტინა და ავსტრალიაც კი დაუმარცხებიათ. განსხვავების დასანახად დროებით საქართველოს რომ დავუბრუნდეთ, ვნახავთ, რომ ჩვენ Tier1-ის ნაკრები ჯერაც არ დაგვიმარცხებია. ფიჯიზე საუბრისას არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ მათი ეროვნული ნაკრების არსებობის ისტორიაში, ფიჯელებს დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ნაკრები ჰყავთ - თუ საუკეთესო არა!
ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, ან, როგორც ბრიტანელებს უყვართ, in light of this, შემოდგომის ერთა თასის ტურნირზე საქართველოს ნაკრების მონაწილეობას, დადებითად შევაფასებდი. აღნიშნულ კამპანიაში, ჩვენი მთავარი მიღწევა თამაშიდან-თამაშამდე განცდილი პროგრესი იყო. ძალზედ მოკლე დროში, საკუთარ თავსაც და ევროპული რაგბის ელიტასაც დავანახეთ, რომ გუნდს ზრდის დიდი პოტენციალი აქვს. ასევე, გავამართლეთ უკვე „მანტრად“ ქცეული ფრაზა - „განვითარებისთვის, Tier1-ის გუნდებთან მეტი თამაში გვჭირდება“. თამაშებს რომ დავუბრუნდეთ, მიუხედავად არაერთი ტექნიკური წუნისა და შეტევითი თამაშის ნაკლებობისა, გუნდმა დიდი კონკურენცია გაუწია მასზე გაცილებით ძლიერ მეტოქეებს; გამოავლინა მტკიცე ხასიათი და მედეგობა; ირლანდიასთან კი, ტურნირის საუკეთესო ლელო გაიტანა და მომავალი კვირების განმავლობაში, მთელი მსოფლიო ამ ლელოზე და მის დამდებზე აალაპარაკა. ყველაზე იმედის მომცემი კი ის გახლავთ, რომ შემოდგომის ერთა თასმა საქართველოს ნაკრების ახალი ბირთვი გამოკვეთა, სწორედ ის „20-იანები“ ვინც ნაკრებს 2023-ის და 2027-მსოფლიო თასებზე უნდა გაუძღვნენ და Tier1-ის გუნდების დამარცხებაში ლომის წილი დაიდონ.
სწორედ ასეთ ფართო კონტექსტში თუ შევხედავთ ამ ყველაფერს, მაშინ შესაძლოა 10 ბალიანი სისტემის პირობებში, ჩვენი 8 ერის ტურნირში მონაწილეობა - 8 ბალით შევაფასოთ. სიმბოლურიც იქნება და სამართლიანიც.
გამოვყოფდი თორნიკე ჯალაღონიას, ბექა გორგაძეს, ბექა საღინაძეს, გიორგი კვესელაძეს, მერაბ შარიქაძეს და დავით ნინიაშვილს."
ტურნირის საუკეთესო მორაგბე - თორნიკე ჯალაღონია;
ირაკლი ალიმბარაშვილი (Myrugby.Ge): "პირველ რიგში უნდა ვთქვათ, თუ რას ვგულისხმობთ სიტყვებში "პროგრესი" და "დადებითი". თუ ამ სიტყვებს გამოვიყენებთ იმ უდიდეს გამოცდილებასთან მიმართულებით, რომელიც ჩვენმა გუნდმა ამ ტურნირზე მიიღო, რა თქმა უნდა, ორივე ამ სიტყვის გამოყენება სწორი იქნება. ჩვენმა გუნდმა პრაქტიკაში არაერთი საინტერესო, დასამახსოვრებელი და მომავლისთვის გასათვალისწინებელი გაკვეთილი მიიღო, რაც მხოლოდ დადებით როლს შეასრულებს ნაკრების წინსვლისთვის. ასეთი გაკვეთილების მიღებაზე 4 თვის წინ მხოლოდ თუ ვიოცნებებდით, მაგრამ პანდემიამ და იაპონიის მკაცრმა შეზღუდვებმა საქართველოს ნაკრებს ბრწყინვალე შესაძლებლობები მისცა და ისტორიაში პირველად მიეცა საშუალება, რომ ტოპ გუნდების წინააღმდეგ ზედიზედ 5 შეხვედრა ჩაეტარებინათ (შოტლანდიასთან ტესტის ჩათვლით). ასეთი შესაძლებლობა „ბორჯღალოსნებს“ მსოფლიო თასებზეც კი არ ჰქონიათ.
რაც შეეხება უშუალოდ ჩვენი ნაკრების თამაშს, სანამ შემოდგომის ერთა თასი დაიწყებოდა, შოტლანდიასთან გასახურებელი ტესტ-მატჩი იყო. ამ მატჩს უდიდესი პრობლემებით შევხვდით, პანდემიის გამო და რაგბის კავშირში შექმნილი ვითარების გამო, დიდი 10-ის განახლება მხოლოდ ოქტომბრის დასაწყისში მოხერხდა და „ნარშავებთან“ დაპირისპირებას ნახევარი გუნდი აბსოლუტურად უთამაშებელი შეხვდა - 8 თვე რაგბის გარეშე. ბუნებრივია, რომ ამან თავისი ქნა და შოტლანდიასთან მატჩი ძალიან მძიმე გამოვიდა. ეს გასაგები იყო და ცხადია, 8-თვის უთამაშებელ მორაგბეებს ვერავინ უსაყვედურებს და ეტყვის, რატომ წააგე პრო 14-ში და პრემიერშიპში მოთამაშე მორაგბეებით დაკომპლექტებულ გუნდთანო.
შემდეგ იყო ინგლისთან მატჩი, სადაც გარკვეულ ასპექტებში უკეთესობა შეინიშნებოდა და ამაზე ორი აზრი არაა. პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ინგლისი შოტლანდიაზე გაცილებით ძლიერი გუნდია და ამ გუნდის წინააღმდეგ დაცვაში ბევრად უკეთ ვითამაშეთ, საწყის წუთებში არაერთ მძლავრი მიძალება მოვიგერიეთ და რიგ მომენტებში კარგად ვითამაშეთ, თუმცა ამ მატჩში შეტევა საერთოდ არ გვქონია და მეტოქის 5-მეტრიანში ფაქტობრივად არც ვყოფილვართ, რაც სამწუხაროა. შოტლანდიის მსგავსად, ინგლისთანაც ძალიან სუსტი იყო დაცვითი მოლი და „წითელი ვარდების“ კვაჭმა ჯეიმი ჯორჯმა მოლიდან სამჯერ დაგვალელოვა, რითაც ინგლისის ნაკრების ისტორიაში შევიდა. აქამდე, ინგლისელთა არცერთ კვაჭს ჰეთ-თრიკი არ ჰქონდა შესრულებული.
ამის შემდგომ, იყო უელსთან შეხვედრა, რომელსაც ძალიან ცუდი წელი ჰქონდა და ჩვენს გარდა, მხოლოდ იტალიასთან შეძლო 2 მატჩის მოგება. უეინ პივაკმა ამ მატჩში შემადგენლობა მკვეთრად გადაახალისა, რა თქმა უნდა იყვნენ ძალიან კარგი და საინტერესო მოთამაშეები, იგივე მგეზავი კალუმ შიდი, რომელმაც „ბრისტოლში“ ჩელენჯ თასის მოგება მოახერხა და ძალიან კარგი მოთამაშეა, ჯასტინ ტიპურიკი, ლიამ უილიამსი, სამსონ ლი, ელიოტ დი, ჯონი უილიამსი, ჯეიკ ბოლი და ა.შ. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ იმას, თუ როგორი მოთამაშეები აკლდათ „დრაკონებს“ , მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისინი გადახალისებული შემადგენლობით იყვნენ. რა თქმა უნდა, ჩვენს გუნდს თუნდაც ასეთი შემადგენლობით მოთამაშე უელსთან მოგებას ამ ეტაპზე ვერ მოვთხოვთ და არც 18 ქულით მარცხია ბევრი, მაგრამ რაც ძალიან სამწუხაროა, შეტევა ამ მატჩში კვლავ არ გვქონია. კი, იყო უკეთესობა ამ მატჩშიც და მეტოქის 22-ში უფრო მეტჯერ ვიყავით, მაგრამ მთლიანობაში, შეტევაში თამაშს დამაკმაყოფილებლად ვერ შევაფასებთ და ეს ტაბლოზეც აისახა. მეტი გამბედაობა და ფანტაზია იყო საჭირო, თანაც უკვე მესამე მატჩი იყო შემოდგომის სერიაზე და ასე თუ ისე, პრაქტიკის პრობლემა ისე მწვავე აღარ იყო. არც უელსი იყო ინგლისივით და თუნდაც შოტლანდიასავით ძლიერი, მითუმეტეს გადახალისებული გუნდით.
მივადექით „ბორჯღალოსნების“ საუკეთესო თამაშს განვლილ ტურნირზე. ირლანდიასთან მატჩში ჩვენმა გუნდმა თავი საუკეთესოდ წარმოაჩინა. დაცვაში გუნდმა ჩინებული თამაში აჩვენა და მეორე ტაიმში „სამყურებმა“ მხოლოდ 3 ქულის გატანა შეძლეს. გიორგი კვესელაძის ლელო კი ჯერ ტურის, შემდეგ კი ტურნირის საუკეთესო ლელოდ იქნა დასახელებული. ამ მომენტში კარგად გამოჩნდა, რომ საქართველოს ნაკრებს შეტევა შეუძლია, თუმცა სამწუხაროდ ეს მხოლოდ ეპიზოდურად ხდება და მრავალფაზიანი შეტევების აკინძვა და გააზრებული იერიშების ორგანიზება ჭირს, ამას არ აქვს სტაბილური ხასიათი. ალბათ, ყველაზე მეტი სამუშაო ამ მხრივ გვაქვს. იყო სხვა პრობლემებიც, იგივე დერეფანში თამაში ირლანდიასთან, მაგრამ ეს ასპექტი გამოსწორდა შემდეგ მატჩში, იქამდე იყო დაცვის სუსტი მოლი ჯერ შოტლანდიასთან და შემდეგ ინგლისთან, მაგრამ ესეც გამოსწორდა, აი შეტევაში კი მკვეთრად ვერაფრით მოვუმატეთ და ამის შესახებ, სტატიის დასაწყისში ნიკა ამაშუკელმა ძალიან კარგად ჩამოაყალიბა, რასაც აღარაფერს დავამატებ.
ფიჯისთან მატჩი ჯგუფური ეტაპისგან განსხვავებული გამოდგა, ტურნირის ყველაზე უხვქულიანი და უხვლელოიანი მატჩი. დავდეთ სამი ლელო, იმაზე მეტი, ვიდრე დანარჩენ ოთხ მატჩში ერთად (შოტლანდიასაც ვათვლი), მაგრამ მეორე მხრივ პირველივე წუთებიდან სუსტად ვითამაშეთ დაცვაში და მეტოქე საწყის 20 წუთშივე ძალიან წინ გავუშვით. გამოსწორებული იყო აუტი, თუმცა ისიც უნდა აღნიშნოთ, რომ მეტოქეს შერკინებაში სერიოზული პრობლემები ჰქონდა, არ ჰყავდა ლეონე ნაკარავა, რომელიც ერთ-ერთი გამორჩეული მეორე ხაზელია. ასე არ იყვნენ პესელი იატო, ვილიამე მატა, სემი კუნატანი, აპი რატუნიარავა და ტევიტა კავუბატი. ამის მიუხედავად, ფიჯელმა მორკინალებმა კარგად ითამაშეს და შერკინებაშიც კარგად დაგვიდგნენ, მეტოქე სამჯერ დავაჯარიმეთ, თუმცა თავად ორჯერ დავჯარიმდით. გასაგებია, რომ ყველა შერკინებაში მეტოქეს ვერ დავაჯარიმებთ და ამას ნამდვილად არ ვითხოვთ, მითუმეტეს ინგლისთან და ირლანდიასთან (ყოველ შემთხვევაში ამ ტექსტის ავტორი არ ითხოვს), მაგრამ ფიჯის ნაკრებს შერკინებაში იმდენი პრობლემა ჰქონდა, რომ კონკრეტულად ამ მატჩში, სტატიკაში უფრო მეტ დომინაციას ველოდი. ფიჯელებმა კორონავირუსის გამო პირველი შეხვედრა მხოლოდ ჩვენთან ჩაატარეს და ბევრი ელოდა, რომ მათ შეთამაშების და ფიზიკური მდგომარეობის მხრივ პრობლემები შეექმნებოდათ, მაგრამ მატჩი ძალიან კარგად ჩაატარეს და მატჩის დასრულებამდე 15 წუთით ადრე, 4 გარდასახული ლელოს სხვაობით გვიგებდნენ, თუმცა „ბორჯღალოსნების“ სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ბოლომდე იბრძოლეს და დარჩენილ დროში ბექა საღინაძემ ორი ლელო დადო და სხვაობა 14 ქულამდე შეამცირა.
ეს ტურნირი საუკეთესო საშუალება გახლდათ გამოცდილების მისაღებად და წნეხში თამაშში მისაჩვევად, რომელიც 2023 წლის მსოფლიო თასისთვის ძალიან გვჭირდება. ითამაშა საკმაოდ ბევრმა ახალგაზრდა მოთამაშემ, რაც მომდევნო მსოფლიო თასისთვის ამ ბიჭებს ძალიან გამოადგებათ. თორნიკე ჯალაღონია, ლაშა ჯაიანი, მიხეილ ალანია, დავით ნინიაშვილი, გიორგი ჯავახია, სანდრო სვანიძე, დემურ თაფლაძე, აკაკი ტაბუცაძე - ამ ახალგაზრდა მოთამაშეებმა ასეთი დონის ტურნირზე, ასეთი დონის გუნდების წინააღმდეგ პირველად ითამაშეს, რაც ძალიან კარგია, თუმცა რომ გადავხედოთ ზოგიერთ პოზიციას, დავინახავთ, რომ ოთხივე მატჩში ერთი და იმავე მოთამაშემ ითამაშა სასტარტო თხუთმეტეულში. „ბორჯღალოსნებიდან“ შვიდი ისეთი მორაგბეა, რომლებმაც ოთხივე მატჩი ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყეს. რასაკვირველია, სელექცია, შემადგენლობის შერჩევა, სამწვრთნელო შტაბის საქმეა, მაგრამ როდესაც სპორტის პოპულარულ სახეობას ვეხებით, ამ თემასთან დაკავშირებით კითხვები ყოველთვის იყო, არის და იქნება და თუ ასე არ მოხდა, ეს უბრალოდ იმას ნიშნავს, რომ სპორტის მოცემული სახეობა პოპულარული არაა და არ აინტერესებთ, ვინ ითამაშებს და ვინ არა. გულშემატკივრისთვის ძალიან საინტერესო იქნებოდა, თუ ამ პოზიციებზე სხვა ბიჭებსაც ნახავდა საქმეში. მაგალითისთვის, რომ გადავხედოთ უელსის ნაკრებს, მათ რიგებში არცერთი ისეთი მოთამაშე არაა, რომელმაც ოთხივე მატჩი სასტარტოდან დაიწყო, რაც იმას ნიშნავს, რომ როტაცია ყველა პოზიციაზე ხდებოდა.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს გუნდის კარგი ფიზმომზადება და ამისთვის სამწვრთნელო შტაბს, პირველ რიგში კი ფიზმომზადების მწვრთნელებს ეკუთვნით ქება. „ბორჯღალოსნები“ ძალიან კარგ ფიზიკურ კონდიციებში იყვნენ და ყველა მატჩში მეორე ტაიმში უფრო უკეთ ითამაშეს, ვიდრე პირველში. ეს ცალსახად გამოსაყოფია. ასევე ძალიან კარგია, რომ ამ დონეზე რამდენიმე ახალგაზრდა მოთამაშემ ძალიან კარგად წარმოაჩინა თავი და მათი ტალანტი სარაგბო სამყარომ შესანიშნავად დაინახა. პირველ რიგში ეს გიორგი კვესელაძეს ეხება, რომელიც მესამე ტურის სიმბოლურში მოხვდა და ტურის საუკეთესო მორაგბედ დასახელდა, ხოლო მისმა ლელომ მთელი მსოფლიო მოიარა და ჯერ მესამე ტურის, შემდეგ კი ტურნირის საუკეთესო ლელოდ დასახელდა. ცხადია, რომ ამ მატჩებს ევროპული გუნდების სკაუტები ყურადღებით აკვირდებოდნენ და მათ კვესელაძის, ჯალაღონიას და სხვა ახალგაზრდა ქართველების კარგი თამაში იხილეს, რამაც, შესაძლოა, მათ საკლუბო კარიერაში დიდი როლი შეასრულოს.
კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ საქართველოს ნაკრები კარგად თამაშობდა დაცვაში და ეს თუნდაც იმაში აისახება, რომ ბექა საღინაძემ ტურნირზე ყველაზე მეტი 59 ბოჭვა შეასრულა, ხოლო მერაბ შარიქაძემ 53 და მასზე წინ საღინაძის გარდა, მხოლოდ ბილი ვუნიპოლა იყო. ცხადია, ეს აღსანიშნავი ფაქტია, მაგრამ როდესაც გუნდს შეტევა უჭირს და ბურთი არ აქვს, ავტომატურად თავის დაცვა უწევს და სხვა გზა არ აქვს, აი ეს არის სამწუხარო. იმედია, შემოდგომის ერთა თასიდან სათანადო დასკვნებს გამოვიტანთ, პირველ რიგში შეტევაში და რაქში თამაშში არსებულ ხარვეზებს გავაანალიზებთ და ზაფხულის ტესტებზე ამ მხრივ გაცილებით დალაგებულები ვიქნებით. კი ზაფხულის ტესტებამდე, რაგბი ევროპის ჩემპიონატია, მაგრამ აქ საუბარია იმაზე, რომ ტოპ გუნდებთან გვიჭირს ხსენებულ ასპექტებში და არა რუმინეთთან, ბელგიასთან და რუსეთთან.
იქამდე კი, დეკემბრის ბოლოს უსაშველოდ გაწელილი საქართველოს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები უნდა შედგეს და ცხადია, ამ არჩევნების შედეგები ქართული რაგბის განვითარებას და მის შედეგებს მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს. ვნახოთ ამ მხრივ რა იქნება.
ბოლოსკენ ვიტყვი, რომ ინდივიდუალურად რამდენიმე მოთამაშეს გამოვარჩევდი: ბექა საღინაძეს, თორნიკე ჯალაღონიას, ბექა გორგაძეს, მერაბ შარიქაძეს, გიორგი კვესელაძეს, ვასილ ლობჟანიძეს და ბექა გიგაშვილს. საუკეთესოს დასახელება რთულია, მაგრამ მაინც ბექა გორგაძეს გამოვარჩევდი, რომელიც სამივე მატჩში ძალიან საიმედო იყო, თუმცა ირლანდიასთან მატჩში მძიმედ დაშავდა და სამწუხაროდ მიმდინარე სეზონში ვეღარ ითამაშებს. რაც შეეხება შეფასებას, არსებული ხარვეზების და პოზიტიური ასპექტების გათვალისწინებით, 10-ბალიანი სისტემიდან 6.5 ქულა.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.