ირაკლი ჭყონია: "გვაქვს იმის ენერგია და გამძლეობა, რომ დასკვნითი წუთებიც მაღალ დონეზე ჩავატაროთ"

ირაკლი ჭყონია: "გვაქვს იმის ენერგია და გამძლეობა, რომ დასკვნითი წუთებიც მაღალ დონეზე ჩავატაროთ"

ბორჯღალოსნებმა „შემოდგომის ერთა თასზე“ უკვე სამი მაღალი დონის შეხვედრა გამართეს – ინგლისთან, უელსთან და ირლანდიასთან, ასევე წინა სატურნირო ტესტ-მატჩი შოტლანდიასთან.

აღსანიშნავია, რომ ტურნირის სამივე განვლილ მატჩში თვალშისაცემი ქართველი მორაგბეების საუკეთესო ფიზიკური მომზადება და ეს შედეგებზეც აისახა – მეორე ტაიმში ნაკლებ ქულებს ვუშვებდით, ვიდრე პირველში და ირლანდიასთან მეორე ტაიმი სულაც 3:3 ვითამაშთ.

ბორჯღალოსნების ფიზიკურ მომზადებაზე ქართული ჯგუფია პასუხისმგებელი – მორაგბეებთან ირაკლი ჭყონია, დავით ნემსაძე და ნიკოლოზ პინაიშვილი მუშაობენ.

ფიზ.მომზადების ჯგუფის ხელმძღვანელი ირაკლი ჭყონია ამბობს, რომ როგორც ჯგუფის წევრებმა, ასევე გუნდის სამწვრთნელო შტაბმა და თავად მორაგბეებმა, ამ შედეგის მისაღწევად უზარმაზარი შრომა გაწიეს:

„მზადება ჯერ კიდევ ივნისის დასაწყისში დავიწყეთ. მაშინ ჩვენთან ერთად იყო ლეგიონერთა ნაწილიც და გავიარეთ მომზადების სრული კურსი. მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდით რისთვის ვემზადებოდით და უბრალოდ ვვარჯიშობდით, რათა ვყოფილიყავით უკეთესები. იმ შედეგის მისაღებად, რასაც ახლა ვიღებთ ბევრი იშრომეს ბიჭებმა და მწვრთნელებმა. ამისათვის მინდა მათ და ნაკრების მწვრთნელებს მადლობა გადავუხადო. ასევე მადლობა ჩვენი ჯგუფის წევრებს, დავით ნემსაძეს და ნიკა პინაიშვილს, რადგან მათ გარეშე ვერაფერს გავხდებოდი“.

ის, რომ საქართველო ფიზიკურად საუკეთესოდაა მომზადებული, ამაზე ციფრებიც მეტყველებს:

„თუ დავაკვირდებით 2019 წლის მსოფლიო თასზე და მანამდე ტიერ1-ის გუნდებთან გამართულ მატჩებს, დასკვნით 20 წუთში 2-4 ლელოს ვუშვებდით. მოწინააღმდეგეების მიზანიც ეს იყო, რომ დასკვნით წუთებში, დაღლილ საქართველოსთან უპირატესობა მიეღო, თუმცა პირიქითაა და დასკვნით 20 წუთს შეტევებში ვატარებთ. ეს იმის ფონზე, რომ ყველა თამაშის დებიუტში მეტოქის გააფთრებული შეტევების მოგერიება გვიწევს, რასაც დიდი ენერგია მიაქვს. მაგრამ გვაქვს იმის ენერგია და გამძლეობა, რომ დასკვნითი წუთებიც მაღალ დონეზე ჩავატაროთ და ეს დიდ განსხვავებას იძლევა შედეგზე“.

rugby.ge

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)