ლევან მაისაშვილი: "ვფიქრობ, რომ ირლანდიასთან უფრო მობილიზებულები გავალთ"

ლევან მაისაშვილი: "ვფიქრობ, რომ ირლანდიასთან უფრო მობილიზებულები გავალთ"

დღეს ირლანდიასთან სათამაშოდ საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა ბორჯღალოსანთა მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა, რომელმაც მოახლოებულ მატჩთან და შერჩეულ შემადგენლობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. 

„გვაქვს წვრილ-წვრილი ტრავმები, რის გამოც ამ კვირაში რამდენიმე მოთამაშემ სრულფასოვანი ვარჯიშის ჩატარება ვერ შეძლო. გარდა ამისა, სელექციის კუთხით, გვსურს ძლიერ მეტოქესთან დავაკვირდეთ სხვადასხვა მოთამაშეებს“.

„პირველ ხაზში ცვლილებები როტაციის პრინციპით მოხდა. კვირის განმავლობაში კარგად იმუშავა და შანსს მიიღებს გიორგი მელიქიძე. ტრავმა მოიშუშა და ვარჯიშებზე კარგად გამოიყურებოდა ნოდარ ჭეიშვილი, რომელსაც ძირითად შემადგენლობაში ლაშა ჯაიანი შეუწყვილდება, ხოლო გიორგი ჯავახია მარქაფიდან გაგვაძლიერებს“.

„მესამე ხაზში თამაშს თორნიკე ჯალაღონია იწყებს, რომლისაც მეიმედება როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში. ვფიქრობთ, ის ეფექტურობას და აგრესიას შემატებს ჩვენს შეტევებს. შეცვლიდან მიხეილ გაჩეჩილაძე გაგვაძლიერებს, რომელიც ინგლისში გვიან შემოგვიერთდა, ახლა სათამაშოდ მზადაა და ჩვენთვის საკმაოდ დიდი ძალაა“.

„უცვლელია ღერძი და ცენტრი, ფრთაზე კი თამაშს თამაზ მჭედლიძე იწყებს, რომელსაც მანამდე შეცვლაზე მცირე ხნით მოუწია მოედანზე შესვლა და ახლა სრულფასოვან შანსს მიიღებს. ტრავმიდან გვიბრუნდება სოსო მათიაშვილი, რომელმაც თაზოსთან ერთად ჩვენი შეტევა უნდა გააძლიეროს“.

„გვყავს ორი დებიუტანტი. ახალგაზრდა დავით ნინიაშვილს მწირი გამოცდილება აქვს, დიდ 10-შიც კი არ უთამაშია და მასთან მიმართებაში ცოტას ვფრთხილობდით. გვსურდა გუნდთან ერთად ყოფნით თავდაჯერებულობა მოეპოვებინა და ახლა თამაშის შანსს მიიღებს. ის შრომისმოყვარე ახალგაზდაა და მონდომებით ბევრის მიღწევა შეუძლია. პერსპექტიული და იმედისმომცემი მოთამაშეა მიხეილ ალანია, რომელსაც ასევე დებიუტი ექნება“.

ბორჯღალოსნები ინგლისიდან დუბლინში დღეს გაემგზავრნენ და ხვალ კაპიტნის ვარჯიში აქვთ. შემადგენლობა უკვე დაასახელა ირლანდიის ნაკრებმაც. მაისაშვილი იმედოვნებს, რომ გუნდი უფრო ეფექტური იქნება სტატიკურ ფაზებში და შეტევაში:

„ირლანდიამ საკმაოდ ძლიერი შემადგენლობა დააყენა, თუმცა ჩვენ ვეცდებით, რომ შეტევაში უკეთ ვითამაშოთ, ვიდრე უელსთან და ერთი ნაბიჯით წინ წავიწიოთ. მეტოქე სახიფათოა რაქებში, ყავს მძიმე, ხაზის გამგლეჯი ცენტრები და სწრაფი დამბოლოებლები ფრთის მოთამაშეების სახით. მათ შეტევაში მუდამ აქვთ გაგრძელების რამდენიმე ვარიანტი. ირლანდიის მეორე ხაზი ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში და ჩვენთვის დიდი გამოწვევა იქნება დერეფანში თამაში“.

„ძალიან მნიშვნელოვანი იქნება სტატიკური ფაზები. უელსთან თამაშის შემდეგ, დიდი გამოხმაურება მოყვა შერკინებაში მსაჯობას. ჩვენ გამოცდილი და ძლიერი ბურჯები გყავს, რომელთა დაჩაგვრა ადვილი არაა. გვაქვს იმედი, რომ ამჯერად შერკინებაში უფრო ობიექტური მსაჯობა იქნება. გარდა ამისა, გუნდი მზად უნდა იყოს ყოველგვარი წნეხისთვის, მოწინააღმდეგისგან იქნება ეს თუ მსაჯისგან და ასევე, სხვადასხვა ეშმაკობისთვის, რასაც მეტოქე შემოგვთავაზებს. ვფიქრობ, რომ ირლანდიასთან უფრო მობილიზებულები გავალთ და შერკინებაში სხვა სურათი გვექნება“ - განაცხადა მაისაშვილმა. 

საქართველოს შემადგენლობა ირლანდიასთან მატჩისთვის კი ასე გამოიყურება.


rugby.ge

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)