ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა, „შემოდგომის ერთა თასის“ მესამე ტურის მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა.
რვა ერის ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას საქართველო 29 ნოემბერს დუბლინში, „ავივა სთედიუმზე“ ირლანდიის წინააღმდეგ გამართავს და ის საქართველოს დროით 18 საათზე დაიწყება.
საქართველოს ირლანდიასთან აქამდე ოთხჯერ უთამაშია, ბოლოს 2014 წელს და აქამდე ყველა თამაში მეტოქის სასარგებლოდ დასრულდა.
„შემოდგომის ერთა თასზე“ ბორჯღალოსნებმა უკვე ითამაშეს ინგლისთან (0:40) და უელსთან (0:18). თავის მხრივ, პირველ ტურში ირლანდიამ უელსი 32:9 დაამარცხა, ხოლო ერთი კვირის წინ ინგლისთან 7:18 წააგო.
მჭედლიძე და მათიაშვილი იწყებენ
უელსთან ჰლანეჰლიში გამართული მატჩის შემდეგ, მწვრთნელებმა სასტარტო შემადგენლობაში ორი ხაზის მოთამაშე შეცვალეს. ტრავმა მოიშუშა და ფულბეკის პოზიციაზე ბრუნდება სოსო მათიაშვილი. ძირითად შემადგენლობაშია და ფრთაზე იწყებს თამაშს თამაზ მჭედლიძე, რომელიც სასტარტო შემადგენლობაში ბოლოს წლის დასაწყისში, ესპანეთთან მატჩში იყო, უელსთან კი შეცვლაზე ითამაშა.
უცვლელია ღერძი და მე-14 თამაშს იწყებს ვასილ ლობჟანიძისა და თედო აბჟანდაძის წყვილი. ცენტრში კვლავ მერაბ შარიქაძისა და გიორგი კვესელაძის დუეტს ვიხილავთ, ხოლო მეორე ფრთაზე ადგილი შეინარჩუნა აკაკი ტაბუცაძემ.
ირლანდიასთან გუნდის კაპიტანი შარიქაძე 70-ე კეპს მოიხვეჭს, მჭედლიძე კი მე-60-ეს. ხაზის მოთამაშეების კეპების ჯამი 260-ს შეადგენს.
ოთხი ცვლილება შერკინებაში
უელსთან მატჩის შემდეგ ოთხი ცვლილებაა შერკინებაში. როტაციის პრინციპით, ირლანდიასთან კვაჭის პოზიციაზე თამაშს შალვა მამუკაშვილი იწყებს. ტურნირზე ზედიზედ მესამე მატჩს იწყებენ ბურჯები მიხეილ ნარიაშვილი და ბექა გიგაშვილი.
სრულად შეიცვალა მეორე ხაზი. ტრავმა მოიშუშა და სასტარტო შემადგენლობაშია ნოდარ ჭეიშვილი, რომელსაც ლაშა ჯაიანი შეუწყვილდება. შეგახსენებთ, უელსთან მატჩის პირველ ტაიმში ნეკნი დაიზიანა კოტე მიქაუტაძემ და ის თამაშს იძულების წესით ტოვებს.
მესამე ხაზში ფლანკერის პოზიციაზე თორნიკე ჯალაღონიას ვიხილავთ. მეორე ფლანკერი კვლავ ბექა საღინაძეა, ხოლო შერკინების შემკვრელი ბექა გორგაძე.
შერკინების მოთამაშეების კეპების ჯამი 233-ს შეადგენს და მისი ნახევარზე მეტი – 140, ორ მორაგბეზე მოდის (ნარიაშვილი და მამუკაშვილი).
დებიუტანტები მარქაფაში
სიახლეებია მარქაფაშიც, სადაც ორი ახალგაზრდა დებიუტანტია. 9 ნომრის პოზიციაზე შეცვლაზე მიხეილ ალანია შევა, რომელსაც 19 ნოემბერს 20 წელი შეუსრულდა, ხოლო ფულბეკის პოზიციაზე 18 წლის დავით ნინიაშვილს ვიხილავთ.
ხაზში შეცვლაზე შევა ასევე ახალგაზრდა დემურ თაფლაძე, რომლის ანგარიშზე მხოლოდ 4 კეპია.
შერკინების მარქაფაშია მესამეხაზელი მიხეილ გაჩეჩილაძე, რომელმაც ნაკრებში ბოლოს წლის დასაწყისში, 9 თებერვალს ესპანეთის წინააღმდეგ ითამაშა. მეორე ხაზში შეცვლაზეა გიორგი ჯავახია.
კვაჭის პოზიციაზე კვლავ გიორგი ჭყოიძეს ვიხილავთ. შეცვლაზე შევა ლექსო ყაულაშვილი, რომელიც ამჯერად მარცხენა ბურჯის პოზიციაზეა, ხოლო მარჯვენა ბურჯი გიორგი მელიქიძე იქნება, რომელმაც შეცვლაზე შოტლანდიასთან ითამაშა.

შემოდგომის ერთა თასი. მესამე ტური
29 ნოემბერი. 18:00 საათი (საქ. დრო)
დუბლინი. ავივა სთედიუმი
ირლანდია – საქართველო
საქართველო
ხაზი: 15. სოსო მათიაშვილი (28 კეპი, 152 ქულა), 14. აკაკი ტაბუცაძე (5 კეპი, 30 ქულა), 13. გიორგი კვესელაძე (27 კეპი, 20 ქულა), 12. მერაბ შარიქაძე (69 კეპი, 60 ქულა, კაპ.), 11. თამაზ მჭედლიძე (59 კეპი, 35 ქულა), 10. თედო აბჟანდაძე (18 კეპი, 104 ქულა), 9. ვასილ ლობჟანიძე (54 კეპი, 40 ქულა);
შერკინება: 1. მიხეილ ნარიაშვილი (64 კეპი, 10 ქულა), 2. შალვა მამუკაშვილი (76 კეპი, 50 ქულა), 3. ბექა გიგაშვილი (16 კეპი, 5 ქულა), 4. ნოდარ ჭეიშვილი (26 კეპი), 5. ლაშა ჯაიანი (4 კეპი), 6. ბექა საღინაძე (15 კეპი, 5 ქულა), 7. თორნიკე ჯალაღონია (2 კეპი), 8. ბექა გორგაძე (30 კეპი, 40 ქულა);
მარქაფა: 16. გიორგი ჭყოიძე (12 კეპი, 5 ქულა), 17. ლექსო ყაულაშვილი (3 კეპი), 18. გიორგი მელიქიძე (20 კეპი, 5 ქულა), 19. გიორგი ჯავახია (3 კეპი), 20. მიხეილ გაჩეჩილაძე (10 კეპი, 10 ქულა); 21. მიხეილ ალანია (*), 22. დემურ თაფლაძე (4 კეპი, 5 ქულა), 23. დავით ნინიაშვილი (*).
rugby.ge