ფოტოზე - ნიკა ამაშუკელი მეთიუ ქარლისთან (მარცხნივ) და უეინ ბარნსთან (მარჯვნივ) ერთად
შემოდგომის ერთა თასის მეორე ტურში შოტლანდიის ნაკრები "მარიფილდზე" საფრანგეთს დაუხვდა და 15:22 დამარცხდა.
ეს იყო პირველი მატჩი ტიერ 1-ის ქვეყნებს შორის, რომელსაც ქართველი მსაჯი მოემსახურა. ნიკა ამაშუკელი გვერდითი მსაჯი და შესაბამისად, მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული მსაჯის უეინ ბარნსის ასისტენტი გახლდათ. 26 წლის ამაშუკელმა დაკისრებულ მოვალეობას თავი მშვენივრად გაართვა, აქტიურად იყო თამაშში ჩართული და შეხვედრის ბოლოს ბარნსს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარა, როდესაც ნიკამ სწორად შენიშნა, რომ ფრანგების 5-მეტრიანში უკანასკნელად ბურთს გაელ ფიკუ შეეხო და ისე გადავიდა აუტში.
Myrugby.Ge ამაშუკელს დაუკავშირდა და როგორც ზემოხსენებულ მატჩზე, ასევე სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.
შოტლანდია - საფრანგეთი, "მარიფილდი" და შთაბეჭდილებები
შთაბეჭდილებები მართლაც რომ საოცარია, აუცილებლად უნდა ინახულოს "მარიფილდი" ყველა რაგბის ქომაგმა. ულამაზესი და ძალიან ხატოვანი ადგილია. სტადიონის ყოველი დეტალი და ნიუანსი იმდენად დახვეწილია, რომ ამაღლებულად განგაწყობს. რაც შეეხება უშუალოდ თამაშს, ძალიან დიდი გამოცდილებაა და საინტერესოა იმით, რომ მოედანზე ძალიან სწრაფად ხდება ყველაფერი. ეკრანებზე ჩვენი თვალი მიჩვეულია მაღალი დონის რაგბს და არ აღიქმება ასე მძაფრად, მოედანზე ძალიან ინტენსიურია ყველაფერი. მინდა აღვნიშნო მოთამაშეების ათლეტიზმზე, განსაკუთრებით ფრანგების რიგებში. წარმოუდგენელ ფიზიკურ კონდიციებში იმყოფებიან მოთამაშეები, კუნთის მასის და ფეთქებადობის სინთეზი არის ალბათ ბოლო დონეზე აყვანილი.
უეინ ბარნსთან მუშაობაზე, მნიშვნელოვან სწორ გადაწყვეტილებაზე და მიღებულ შეფასებაზე
უეინი მართლაც რომ #1 არის მოცემულ მომენტში. საოცარი დიპლომატია და მოთამაშეებთან კომუნიკაცია უმაღლეს დონეზე აქვს. გავიარეთ ძალიან დეტალიზირებული წინასამატჩო მომზადება, გვქონდა გეგმა თუ როგორ ვიქცეოდით მთელ რიგ შემთხვევებში და ამან იმუშავა. თამაში კარგად იყო ნამსაჯი და შეფასებაც შესაბამისია. ბოლო მომენტს რაც შეეხება, უბრალოდ ჩემი საქმე გავაკეთე. ყველაზე ნაკლებად არ მინდოდა ვიდეომსაჯის ჩარევა იმის გასარკევად თუ ვისი იყო აუტი, რადგან ეს პროტოკოლს ეწინააღმდეგება და "მსოფლიო რაგბი" ამას კრძალავს. ამიტომ მაქსიმალურად კონცენტრაციით ვიყავი და გადაწყვეტილებაც სწორი იყო. გარდა ამისა, მქონდა რამდნეიმე ჩარევა თამაშგარის , შერკინების , და ზოგად ინფორმაციული სახით და ყველა ქმედება სწორი იყო. ბარნსთან მუშაობა ან დონეზე არის უდიდესი პასუხიმგებლობა. ვალდებული ხარ მოედანზე და მოედნის მიღმაც კარგად წარადგინო საკუთავი თავი. ძალიან კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა და იმედია მომავალშიც შევხვდებით.
ის, რაც ამ მატჩს აკლდა - გულშემატკივრები
ასეთ თამაშებზე გადავსებული სტადიონი სულ სხვა სამყაროში გადაგისვრის. სწორედ ასეთი მოვლენების გამო ღირს ცხოვრება. სამწუხაროა, რომ ცარიელი იყო სტადიონი, იმხელა წნეხი, მუხტი და ემოცია მოდის მაყურებლისგან, რომ მთელი მუღამი სწორედ ამაშია. დიახ, ვიმსაჯე საფრანგეთი-ინგლისი 20-წლამდელთა 6 ერში, სადაც 16000 ადამიანი იყო ტრიბუნაზე. წნეხი ძალიან დიდი იყო უბრალოდ თამაშისა, იმდენად ხარ შესული პროფენიალურ ეშხში, რომ ეს ყველაფერი გავიწყდება და მხოლოდ იმაზე ფიქრობ რომ გადაწყვეტილება სწორი იყოს. უბრალოდ თამაში რომ მთავრდება და ეშვები, მერე იგრძნობა ეს წნეხი და ემოციურად ძალიან იცლები.
უახლოესი სამომავლო გეგმების შესახებ
შარშანდელის მსგავსად, წელსაც მომიწევს ჩელენჯ თასზე მსაჯობა, სადაც ამ სეზონში შემცირებულია გუნდების რაოდენობა. პირველ და მეორე რაუნდში მიწევს მსაჯობა. ამ ეტაპზე მატჩების დასახელება, რომლებშიც ვიმსაჯებ არ შემიძლია, მაგრამ ჩვენს გულშემატკივარს გაუხარდება იმ გუნდების გაგება, რომლებსაც ვმსაჯობ და ამას სურპრიზად დავტოვებ. ორივე თამაშზე ოთხივე გუნდი არის ძალიან მაღალი დონის.
ოცნება და კარიერის მთავარი მიზანი
ბანალურად ჟღერს, მაგრამ ეს რა თქმა უნდა მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრაა, მაგრამ უდიდესი კონკურენციაა. ძალიან ბევრს ვმუშაობ, როგორც ფიზიკურად, ასევე მენტალურად. ყოველდღე ძალიან სიღრმისეულ სარაგბო დეტალებს გავდივარ ჩემს მენტორთან ერთად. ვცდილობ უკეთ ვისაუბრო ინგლისურად, რადგან მოთამაშეებთან სწორი კომუნიკაცია მსაჯის ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტია. ეს არ არის კვირიდან კვირამდე ცხოვრება, რომ მოედანზე გახვიდე, კვირის მანძილზე მიმდინარეობს დეტალიზირებული მომზადება. და ბოლოს მთავარი, არასოდეს არ უნდა იყო ღრუბლებში, მორჩები თამაშს და იწყებ მზადებას შემდეგისთვის.
შეგახსენებთ, რომ ამაშუკელს ისეთ ტურნირებზე უმსაჯია, როგორებიცაა: 20-წლამდელთა 6 ერი, რაგბი ევროპის ჩემპიონატი, მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატი, მსოფლიოს 20-წლამდელთა ალაფა, პრო 14 და ჩელენჯ თასი.