3 ერი: ავსტრალია და არგენტინა დაძაბულ ბრძოლაში დაზავდნენ (VIDEO)

3 ერი: ავსტრალია და არგენტინა დაძაბულ ბრძოლაში დაზავდნენ (VIDEO)

დღეს 3 ერის გათამაშების მეოთხე ტურის შეხვედრაში არგენტინა ავსტრალიას დაუპირისპირდა და მატჩი ფრედ 15:15 დასრულდა.

ახალ ზელანდიასთან ისტორიული გამარჯვებიდან ერთი კვირის შემდეგ არგენტინელებს ფიზიკური დაღლა აშკარად ეტყობოდათ, პირველი ტაიმი "ვოლაბების" სრული უპირატესობით წარიმართა, თუმცა დამაგვირგვინებელ ფაზაში ისინი ბევრ შეცდომებს უშვებდნენ და ამის გამო არაერთი სალელოვე შანსი გაანიავეს, ყველაზე ახლოს ლელოს დადებასთან ჯორდან პეტაია და მარიკა კორობეტი იყვნენ, თუმცა პირველ შემთხვევაში ახალგაზრდა ცენტრმა ბურთის დამიწებამდე ფეხი ხაზზე დააბიჯა და ულამაზესი ლელო გაუქმდა, მეორე ეპიზოდში კორობეტიმ კი გაიტანა ლელო, მაგრამ მანამდე მსაჯმა აშკარა წინ პასი დააფიქსირა. შედეგად ტაიმი ავსტრალიამ მხოლოდ 9:6 მოიგო. 

უნდა აღინიშნოს, რომ შეხვედრამ ლელოს გარეშე ჩაიარა და 30-ვე ქულა ჯარიმებით გავიდა. მეორე ტაიმი ავსტრალიელებმა ისევ აქტიურად დაიწყეს, რასაც ჯულიან მონტოჟას ყვითელი ბარათი და კიდევორი გატანილი ჯარიმა მოჰყვა. 9 ქულიანი უპირატესობის მოპოვების შემდეგ "ვოლაბებს" თითქოს უფრო უნდა გაეძლიერებინათ მეტოქეზე ზეწოლა და თამაში დამაჯერებელ გამარჯვებამდე მიეყვანათ, თუმცა არგენტინამ მობილიზება მოახერხა და 72-ე წუთისთვის ნიკო სანჩესის გატანილი ჯარიმების წყალობით ანგარიში გათანაბრდა. 

ავსტრალიამ თამაშის მოსაგებად კიდევ გაიბრძოლა და 77-ე წუთზე ათმეტრიან წყვეტილთან მოპოვებული ჯარიმა რის ჰოჯმა შეასრულა, მისი დარტყმული ბურთიც მარჯვნივ ასცდა კარს და საბოლოოდ მატჩი ფრედ 15:15 დასრულდა. 

4 ტურის შემდეგ სამივე გუნდს თანაბარი 6-6 ქულა აქვს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ არგენტინელებს მეტოქეებზე ერთით ნაკლები თამაში აქვთ ჩატარებული. ერთი კვირის თავზე არგენტინა უკვე ახალ ზელანდიასთან გამართავს მეორე მატჩს. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)