არგენტინა გახდა მეშვიდე ნაკრები, რომელმაც ახალი ზელანდიის დამარცხება მოახერხა

არგენტინა გახდა მეშვიდე ნაკრები, რომელმაც ახალი ზელანდიის დამარცხება მოახერხა

2020 წლის რაგბი ჩემპიონშიპის მესამე მატჩში არგენტინის ნაკრებმა ახალი ზელანდია ისტორიაში პირველად დაამარცხა და დიდი სენსაცია შემოგვთავაზა. "პუმებმა" სიდნეიში გამართულ მატჩში 25:15 იმარჯვეს.

აღსანიშნავია, რომ არგენტინა გახდა მეშვიდე ნაკრები, რომელმაც "ოლ ბლექსის" დამარცხება მოახერხა. "პუმებმა" ეს 30-ე ცდიდან მოახერხეს, იქამდე მხოლოდ ერთი ფრე ჰქონდათ ნათამაშება, 28 მატჩი კი ახალზელანდიელთა გამარჯვებით დასრულდა (ურთიერთშეხვედრების 93.33%). 

გულშემატკივარს რაღა თქმა უნდა დააინტერესებს, თუ რომელია დანარჩენი ექვსი ნაკრები, რომელთაც "ოლ ბლექსი" ჰყავთ დამარცხებული. ესენი არიან: ავსტრალია, ირლანდია, საფრანგეთი, ინგლისი, უელსი და სამხრეთ აფრიკა. 

"ოლ ბლექსს" ავსტრალიის წინააღმდეგ 166-ჯერ უთამაშია და აქედან 115 მატჩი მოგებული აქვს, 44 კი წაგებული. 8 შეხვედრა ფრედ დასრულდა. "კივებს" ყველაზე მეტი მატჩი სწორედ "ვოლაბებთან" აქვთ წაგებული, პროცენტულად კი გამარჯვებების რიცხვი 69.28%-ს შეადგენს.

ამის შემდეგ სამხრეთ აფრიკის ნაკრები მოდის. 99 მატჩიდან ახალზელანდიელებს 59 აქვთ მოგებული, 36 შემთხვევაში დამარცხდნენ, ხოლო 4-ჯერ გუნდები დაზავდნენ. "ოლ ბლექსს" "სპრინგბოკსთან" მატჩების 59.60% აქვს მოგებული, რაც მათთვის ყველაზე უარესი მაჩვენებელია.

ინგლისთან 42 მატჩში მსოფლიოს სამგზის ჩემპიონებს გამარჯვება 33-ჯერ დარჩათ, 1 მატჩი ფრედ დასრულდა, 8-ჯერ კი "წითელმა ვარდებმა" იმარჯვეს. "კივებს" მატჩების 78.57% აქვთ მოგებული.

61-ჯერ უთამაშიათ საფრანგეთის წინააღმდეგ და აქედან 48 შეხვედრა სწორედ "ოლ ბლექსის" გამარჯვებით დასრულდა, 1 შემთხვევაში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, ხოლო 12-ჯერ ფრანგები დარჩნენ გამარჯვებულნი. "შავებს" მატჩების 78.69% აქვთ მოგებული.

უელსთან 35 დაპირისპირებაში 32-ჯერ ახალზელანდიელები გამოვიდნენ გამარჯვებულები (91.43%), სამჯერ კი "დრაკონები". აღსანიშნავია, რომ უკანასკნელად უელსმა "ოლ ბლექსის" დამარცხება შორეულ 1953 წელს მოახერხა. 

და ბოლო ნაკრები, რომელსაც "ოლ ბლექსთან" გამარჯვების გემო აქვს გასინჯული, ირლანდიაა, რომელსაც ეს პატივი ორჯერ ერგო. "სამყურებს" მრისხანე მეტოქის წინააღმდეგ 32-ჯერ უთამაშიათ და პირველი გამარჯვების მოპოვება 29-ე ცდით მოახერხეს, როდესაც 2016 წლის ნოემბრის ტესტებზე ჩიკაგოში 40:29 იმარჯვეს. ამის შემდეგ, ირლანდიელებმა "ოლ ბლექსი" კიდევ ერთხელ 2018 წელს, ამჯერად "ავივა სთედიუმზე" დაამარცხეს. ამ გუნდების ერთი რკენა ფრედ დასრულდა, ხოლო დანარჩენ 29 შემთხვევაში ახალზელანდიელებმა იმარჯვეს (90.63%).

ასევე აღსანიშნავია, რომ შოტლანდიას 31 მატჩიდან 2-ჯერ ფრედ უთამაშია "ოლ ბლექსის" წინააღმდეგ, თუმცა გამარჯვება არასდროს მოუხერხებია. სხვა ნაკრებებს კი, ვისაც ახალზელანდიელთა წინააღმდეგ ოდესმე უთამაშიათ, ყველა მატჩი წაგებული აქვთ. 

გარდა ამისა, ახალი ზელანდიის ნაკრებს სხვადასხვა პერიოდში წაგებული აქვს ბრიტანელ და ირლანდიელ ლომებთან, ბარბაროსებთან და მსოფლიო XV-თან, თუმცა ამ სტატიაში მხოლოდ ეროვნულ ნაკრებებზეა ყურადღება გამახვილებული.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"