წინათქმა: ინგლისი VS საქართველო

წინათქმა: ინგლისი VS საქართველო

დადგა ნანატრი 14 ნოემბერიც და საქართველოს ნაკრები შემოდგომის ერთა თასზე პირველ შეხვედრას ჩაატარებს. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც "ბორჯღალოსნები" რომელიმე ელიტარულ ტურნირზე მიიწვეს და შესაბამისად, პირველი დონის გუნდების წინააღმდეგ მიჯრით პირველად გამართავენ ზედიზედ რამდენიმე შეხვედრას. 

ინგლისი

ედი ჯონსი და მისი შეგირდები შემოდგომის ერთა თასს შესანიშნავი განწყობით ხვდებიან. გასულ ტურში მათ იტალია გასვლაზე 34:5 დაამარცხეს, კონკურენტებმაც ისე ითამაშეს, როგორც მათ სურდათ და 2020 წლის 6 ერის საჩემპიონო ტიტულიც მოიპოვეს. ინგლისმა წელს სულ 5 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 4 მოიგო და საფრანგეთის წინააღმდეგ სტუმრად 17:24 დამარცხდა. 

ინგლისელთა შემადგენლობაში ორი დებიუტანტია, მათ შორის მესამეხაზელი ჯეკ ვილისი ძირითად შემადგენლობაში იქნება, რომელიც პრემიერშიპის საუკეთესო მორაგბედ დასახელდა, ხოლო მაქს მეილინზი მარქაფადან გააძლიერებს გუნდს. საერთო ჯამში ედი ჯოუნსის რაზმში იტალიასთან თამაშის შემდეგ 7 ცვლილებაა.

თავდაპირველად ედი ჯონსი საუბრობდა, რომ შესაძლებელი იყო, სასტარტო თხუთმეტეულში 9 მორკინალი დაეყენებინა, თუმცა საბოლოო ჯამში ასე არ გადაწყვიტა. მან უკანა ხაზში ერთი ექსპერიმენტი მაინც შემოგვთავაზა და შუამარბი ჯონათან ჯოზეფი ფრთაზე გაამწესა. სხვა მხრივ, "წითელი ვარდები" გამოცდილი და ნაცადი უკანა ხაზით დაგვიპირისპირდებიან, ტრავმა მოირჩინა და ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდა ელიოტ დეილი. ერთადერთი ახალი სახე ცენტრში ვუსტერელი ოლი ლაურენსი იქნება, რომელიც მეორე სანაკრებო კეპს მოიხვეჭს.

იტალიასთან მატჩთან შედარებით ინგლისელები განსხვავებული პირველი ხაზით ითამაშებენ, მაკო ვუნიპოლას ნაცვლად სასტარტო თხუთმეტეულში ელის გენჯი იქნება, ხოლო მასთან ერთად მარქაფაში კაილ სინკლერმაც გადაინაცვლა და მის ადგილას ვილ სტიუარტი იასპარეზებს. მესამე ხაზში გადაინაცვლა გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა მარო იტოჟემ, მეორე ხაზში კი ერთმანეთს ჯო ლონჩბრი და ჩარლი იუელსი შეუწყვილდებიან. 

გუნდს ამჯერადაც მგეზავი ოუენ ფარელი უკაპიტნებს, პასებით კი მას ბენ იანგსი მოამარაგებს, რომლისთვისაც ეს შეხვედრა ინგლისის ნაკრებში 101-ე იქნება. 

ინგლისის ნაკრების შემადგენლობა

უკანა ხაზი

15. ელიოტ დეილი, 14. ჯონათან ჯოზეფი, 13. ოლი ლაურენსი, 12. ჰენრი სლეიდი, 11. ჯონი მეი, 10. ოუენ ფარელი (კაპ), 9. ბენ იანგსი;

შერკინება

1. ელის გენჯი, 2. ჯეიმი ჯორჯი, 3. ვილ სტიუარტი, 4. ჩარლი იუელსი, 5. ჯო ლონჩბრი, 6. მარო იტოჯე, 7. ჯეკ ვილისი, 8. ბილი ვუნიპოლა;

მარქაფა

16. ტომ დანი, 17. მაკო ვუნიპოლა, 18. კაილ სინკლერი, 19. ბენ ერლი , 20. ტომ ქარი, 21. დენ რობსონი, 22. მაქს მეილინზი, 23. ჯო მარშანი;

საქართველო

23 ოქტომბერს "მარიფილდზე" შოტლანდიასთან წაგებული (7:48) ტესტ-მატჩის შემდეგ, "ბორჯღალოსნების" შემადგენლობაში რვა ცვლილება განხორციელდა: ოთხი შერკინებაში და ოთხი უკანა ხაზში.

პირველ ხაზში ორი ცვლილება განხორციელდა: შალვა მამუკაშვილი ძირითადში იქნება, ხოლო ჯაბა ბრეგვაძემ მარქაფაში გადაინაცვლა. "ბორჯღალოსნებს" დაუბრუნდა ბექა გიგაშვილი, რომელიც სასტარტო მარჯვენა ბურჯი იქნება, მას ლექსო ყაულაშვილი ჩაანაცვლებს. მეორე ხაზში ტრავმირებულ ნოდარ ჭეიშვილს ლაშა ჯაიანი შეცვლის, ხოლო მესამე ხაზში ოთარ გიორგაძე გიორგი თხილაშვილმა შეცვალა.

რაც შეეხება უკანა ხაზს, გელა აფრასიძე, რომელიც შოტლანდიასთან მატჩში შეცვლაზე ვიხილეთ, ამჯერად ძირითადში იქნება, ვასილ ლობჟანიძე კი თადარიგში. დებიუტი ექნება სანდრო სვანიძეს, რომელმაც ფრთაზე სანდრო თოდუა შეცვალა, შუამარბის პოზიცია დემურ თაფლაძე გიორგი კვესელაძემ ჩაანაცვლა, ხოლო ფულბექის ამპლუაზე სოსო მათიაშვილს ლაშა ხმალაძე შეცვლის.

თადარიგში ერთადერთი მორაგბე, რომელსაც შოტლანდიასთან არ უთამაშია, მესამეხაზელი თორნიკე ჯალაღონიაა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

უკანა ხაზი


15. ლაშა ხმალაძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. გიორგი კვესელაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. სანდრო სვანიძე, 10. თედო აბჟანდაძე, 9. გელა აფრასიძე;

შერკინება

1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ბექა გიგაშვილი, 4. ლაშა ჯაიანი, 5. გრიგორ ქერდიყოშვილი, 6. ბექა საღინაძე, 7. გიორგი თხილაიშვილი, 8. ბექა გორგაძე;

მარქაფა

16. ჯაბა ბრეგვაძე, 17. გურამ გოგიჩაშვილი, 18. ლექსო ყაულაშვილი, 19. ოთარ გიორგაძე, 20. თორნიკე ჯალაღონია, 21. ვასილ ლობჟანიძე, 22. დემურ თაფლაძე, 23. სანდრო თოდუა;

წინასამატჩო კომენტარები

ედი ჯონსი (ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელი):
"კარგი სავარჯიშო კვირა ჩავატარეთ. ვიცით, რომ დიდი მოლოდინები არსებობს ჩვენზე და ეს დიდ პასუხისმგებლობას გვაკისრებს მოახლოებულ თამაშში. 

საქართველო რთული მეტოქე იქნება, მაგრამ ჩვენ გვყავს ნამდვილად ძლიერი გუნდი ძლიერი ნახევარდაცვით. გვაქვს ახალგარდების და გამოცდილი მორაგბეების კარგი ბალანსი, რომლებიც მიმართულნი არიან იმისკენ, რომ შაბათს კარგი თამაში აჩვენონ. 

ველოდებით პაუზის შემდეგ "თვიქნემზე" დაბრუნებას, ამ შესაძლებლობით ძალიან გახარებულები ვართ და ქვეყნისთვის ამ რთულ პერიოდში გვინდა, რომ ხალხს ღიმილის მიზეზი მივცეთ."


ლევან მაისაშვილი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "ეს ტურნირი მთლიანი პროცესია, სადაც ხდება გუნდის ჩამოყალიბება და ახალგაზრდა მოთამაშეების ეტაპობრივი შემოდინება. ამას ჭირდება ბალანსი და გონივრული სინთეზი, მით უმეტეს, რომ ჩვენი მეტოქე მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდია“.

შემადგენლობის შერჩევისას იძულებითი გადაწყვეტილებების მიღება მოგვიწია, რადგან ტრავმირებული გვყავს ორი მეორეხაზელი – ჯავახიას მხარი, ხოლო ჭეიშვილს ფეხი აწუხებს. გვიან შემოგვიერთდა გაჩეჩილაძე, რომელსაც კარანტინის გავლა მოუწია. მხარი აწუხებს მათიაშვილს, ხოლო ალანიას თავის ტრავმა ჰქონდა და წინდაწინ ვიცოდით, რომ ინგლისთან ვერ ითამაშებდა.

სანდრო სვანიძე პერსპექტიული და გონიერი მოთამაშეა. მან ნაკრებთან ერთად დიდი გზა გამოიარა და მისი ერთადერთი პრობლემა დიდი ხნის უთამაშებლობაა. ინგლისთან დებიუტი არის ერთგვარი წნეხი და პასუხისმგებლობა, თუმცა, მეორეს მხრივ, არის უდიდესი შესაძლებლობა. ასეთ შეხვედრებში მორაგბე უფრო დიდ გამოცდილებას იღებს.

ვეცდებით უკეთესი თამაში ვაჩვენოთ, ვიდრე შოტლანდიასთან და დარწმუნებული ვარ ასეც იქნება. როგორც მოსალოდნელი იყო, ინგლისმა ჩვენთან სათამაშოდ საკმაოდ ძლიერი შემადგენლობა დააყენა, რაც დიდი პატივია. არის რამდენიმე შედარებით ახალი სახე, თუმცა ეს არაფერს ცვლის. პირობითად მეორე ნომრები არანაკლები მოტივაციით და შემართებით ითამაშებენ, რადგან მათ სურთ, რომ გუნდში ადგილი დაიმკვიდრონ.

არიან გამოცდილი მოთამაშეებიც და განსაკუთრებით ძლიერია მათი სათადარიგო სკამი, რომლებიც მეორე ტაიმში გარდატეხის შეტანას ეცდებიან. იტოჯე მესამე ხაზშიც ისეთივე წარმატებით თამაშობს, როგორც მეორეში და ეს გადაადგილება მეტოქეს დერეფანში მეტ არჩევანს მისცემს."  


მოთამაშეები, რომლებსაც თვალი უნდა ადევნოთ

ჯეკ ვილისი - 23 წლის მესამეხაზელს ინგლისის ნაკრების რიგებში დებიუტი ექნება. ჯეკმა 2019/2020 წლების პრემიერშიპი ბრწყინვალედ ჩაატარა, ნამდვილად აღმოჩენად იქცა და ტურნირის საუკეთესო მორაგბედ დასახელდა. ის განსაკუთრებით ძლიერი რაქებში თამაშშია და ბურთის ბრწყინვალე მღლეტელია. ვილისმა განვლილ სეზონში (ყველა ტურნირზე) 26 სეზონი ჩაატარა და 13 ლელო გაიტანა. ვილისმა 2019/2020 წლების სეზონში ბურთი 46-ჯერ (!) მოღლიტა, ხოლო მეორე ადგილოსანმა ბლერ ქოუანმა მხოლოდ 19-ჯერ. 


აკაკი ტაბუცაძე - 23 წლის ფრთა ძალიან მაღალი სისწრაფით გამოირჩევა და სწორედ ამის ხარჯზე, წინა მატჩში შოტლანდიის დალელოვება მოახერხა. გარდა ამისა, არც დაცვაში უთამაშია ცუდად და რამდენიმე ეპიზოდში ძალიან კარგი თამაში შემოგვთავაზა. ტაბუცაძეს "ბორჯღალოსნების" კვართით 3-ჯერ უთამაშია და 6 ლელო აქვს გატანილი. მას აქამდე მოედანი ულელოვოდ არ დაუტოვებია. 


ურთიერთშეხვედრები

საქართველოს და ინგლისის ნაკრებებს აქამდე ერთმანეთის წინააღმდეგ ორჯერ უთამაშიათ და ორივეჯერ ინგლისმა იმარჯვა. 2003 წლის მსოფლიო თასზე დიდი ანგარიშით 84:6 იმარჯვეს, ხოლო 2011 წლის მსოფლიო თასზე 41:10 მოიგეს. ამ მატჩში "ბორჯღალოსნებმა" ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვეს, სათამაშო უპირატესობაც ჰქონდათ, თუმცა საკუთარი შანსები ვერ გამოიყენეს (მერაბ კვირიკაშვილმა 5 ჯარიმა ააცილა), ხოლო კლასით გაცილებით მაღალი დონის მეტოქემ ფაქტობრივად ყველა შანსი გამოიყენა. ქართველთაგან ერთადერთი ლელო დიმიტრი ბასილაიამ დადო, ხოლო მატჩის საუკეთესო მორაგბედ მამუკა გორგოძე დასახელდა. 

მსაჯები

შეხვედრის მთავარ მსაჯს ბევრი წარდგენა არ სჭირდება - მსოფლიო რაგბის ცოცხალი ლეგენდა ნაიჯელ ოუენსი, რომელიც გასულ კვირას გახდა პირველი მსაჯი, ვინც საერთაშორისო რაგბიში 100 მატჩს გაუძღვა. 49 წლის მსაჯისთვის ინგლისი - საქართველოს მატჩი 101-ე ტესტი იქნება. გვერდითი მსაჯები და ვიდეორეფერი ასევე უელსები იქნებიან: კიდეებიდან გრეიგ ევანსი და ადამ ჯონსი, ტელეეკრანებთან კი - ბენ უაითჰაუსი.  

სად ვუყუროთ?

მატჩი თბილისის დროით 19 საათზე დაიწყება და მას ტელეკომპანიას "იმედის" და რაგბი ტვ-ის ეთერში იხილავთ. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"