ექსეტერ ჩიფსის ბრწყინვალე დუბლი - ბელადები ინგლისის ჩემპიონები არიან

ექსეტერ ჩიფსის ბრწყინვალე დუბლი -  ბელადები ინგლისის ჩემპიონები არიან

"ექსეტერ ჩიფსმა" პრემიერშიპის ფინალში "თვიქნემ სთედიუმზე" "უოსპსი" დაძაბულ ბრძოლაში 19:13 დაამარცხა და 2019/2020 წლების სეზონი ბრწყინვალე დუბლით დაასრულა. როგორც იცით, "ბელადებმა" გასულ კვირას ჩემპიონთა თასიც მოიგეს, რომლის ფინალში "რასინგ 92"-ს სძლია.

პირველი ქულები "უოსპსმა" მოიპოვა, ჯიმი გოპერთმა მე-12 წუთზე ჯარიმა გაიტანა და საკუთარი გუნდი დააწინაურა. რობ ბაქსტერის გუნდმა მეტოქეს სათანადო პასუხი მალევე გასცა: ხუთიოდე წუთში ჰენრი სლეიდმა "ბზიკების" დაცვის ხაზი გაარღვია და შესანიშნავი ლელო დადო, რომელიც ჯო საიმონდსმა გარდასახა. ტაიმის ბოლოს საიმონდსმა კიდევ ორი ჯარიმა გაიტანა, იქამდე კი "უოსპსის" რიგებიდან 29-ე წუთზე ჯეიკობ უმაგამ მშვენიერი ლელო დადო, რომელიც გოპერთმა გარდასახა. ტაიმი "ექსეტერის" სასარგებლოდ 13:10 დასრულდა.

მეორე ნახევარი მწირქულიანი გამოდგა. 58-ე წუთზე გოპერთმა ჯარიმით ანგარიში გაათანაბრა. შვიდ წუთში "ბელადებმაც" ჯარიმა გაიტანეს და კვლავ 3 ქულით გავიდნენ წინ, პრემიერშიპის საუკეთესო მორაგბე ჯელ უილისი, რომელმაც დღესაც ძალიან კარგად ითამაშა, შეცდა და დაჯარიმდა, რაც საიმონდსმა გამოიყენა. მატჩის ბოლოს "უოსპსს" ლელოს დადების ურეალურესი შანსი ჰქონდა, მოლით მძლავრად შეუტიეს და "ექსეტერმა" ის ჯარიმით ლელოდან დაახლოებით 2-3 მეტრში ჩააქცია. "ბზიკებმა" მახვილი კუთხიდან კარში არ დაარტყეს და ბურთი კიდეზე გადაიტანეს, მაგრამ დერეფანში ჯონი გრეიმ ააცალა ბურთი და "ექსეტერი" დიდი უსიამოვნებისგან იხსნა. ამის შემდეგ, "ბელადებმა" აქეთ მოახერხეს მეტოქის რამდენჯერმე დაჯარიმება და ბოლო წუთზე კარშიც დაარტყეს, საიმონდსმა კვლავ გაიტანა და საბოლოო შედეგიც დააფიქსირა - 19:13.

"ექსეტერ ჩიფსმა" პრემიერშიპი მეორედ მოიგო, ხოლო დუბლი პირველად შეასრულა. რობ ბაქსტერმა უნიკალური გუნდი შეკრა და 2020/2021 წლების სეზონშიც ორივე ტურნირის მთავარი ფავორიტი იქნება.

ლი ბლეკეტმა კვლავ არ ათამაშა ზურაბ ჟვანია. ამჯერად ძირითადში ტომ ვესტი გახლდათ, ხოლო შეცვლიდან ბენ ჰარისი შევიდა. უნდა ითქვას, რომ ბურჯებს შერკინებაში თამაში საკმაოდ გაუჭირდათ და "ექსეტერის" შერკინებამ ისინი ოთხჯერ დააჯარიმა. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)