2019/2020 წლების ევროპული სეზონი ინგლისელთა დომინირებით დასრულდა - ექსეტერ ჩიფსი ჩემპიონია! (+VIDEO)

2019/2020 წლების ევროპული სეზონი ინგლისელთა დომინირებით დასრულდა - ექსეტერ ჩიფსი ჩემპიონია! (+VIDEO)

ევროპის ჩემპიონთა თასის 2019/2020 წლების სეზონის ფინალი ბრისტოლში "ეშტონ გეით სთედიუმზე" გაიმართა, სადაც "ექსეტერ ჩიფსმა" "რასინგ 92" უმძიმეს ბრძოლაში 31:27 დაამარცხა.

გუნდებმა ერთმანეთს ოთხ-ოთხი ლელო დაუდეს და თითო ჯარიმა გაიტანეს, მაგრამ ინგლისელებმა ოთხივე ლელო გარდასახეს, ხოლო ფრანგებმა მხოლოდ ორი გარდასახვა შეასრულეს ზუსტად, რაც გადამწყვეტი გამოდგა. მატჩი "ექსეტერ ჩიფსის" აშკარა უპირატესობით დაიწყო და საწყის 15 წუთში ორი უპასუხო ლელოს გატანა მოახეარხეს. უნდა ითქვას, რომ სუსტი შეხვედრა ჩაატარა "რასინგ 92"-ის შოტლანდიელმა ვარსკვლავმა ფინ რასელმა. მართალია მან არაერთი საინტერესო მომენტი შემოგვთავაზა და საიმონ ზიბოს ბრწყინვალე სალელოვე გადაცემა გაუკეთა, მაგრამ ორჯერ უხეში შეცდომა დაუშვა, რაც მის გუნდს გაშვებულ ლელოებად დაუჯდა. ერთ შემთხვევაში 5-მეტრიანში ბურთი წინ გადაუვარდა და შერკინება დაინიშნა, საიდანაც "ექსეტერმა" ლელოს დადება მოახერხა, ხოლო მეორე შემთხვევაში სლეიდმა ბურთი ჩაუჭრა და ლელო დაუდო. 

ცუდი დასაწყისის შემდეგ ფრანგებმა თამაში გამოასწორეს და ჯერ ზიბომ შეამცირა სხვაობა, შემდეგ კი არგენტინელმა ვარსკვლავმა შეძლო მშვენიერი ინდივიდუალური ლელოს გატანა. ტაიმის ბოლოს კი კვლავ ინგლისელები გამოცოცხლდნენ და ჰარი უილიამსმა მეტოქეს გასახდელში ლელო გაატანა - 21:12.

სლეიდის ლელო უკვე ვახსენეთ, ფრანგების მხრიდან ჯერ ზიბომ გაიფორმა დუბლი, შემდეგ კი კამილ შამ დადო ლელო და 70-ე წუთისთვის, როდესაც "ექსეტერი" მხოლოდ ერთი ქულით იყო წინ, ინგლისელებს ტომას ფრანცისი გაუსინბინეს, რომელმაც სახიფათო შეტევა ბურთზე ხელის ჩარტყმით ჩაშალა. ამის შემდეგ "რასინგმა" მეტოქეს ნამდვილი შტურმი მოუწყო, ფრანგები ლელოს დადებასთან ძალიან ახლოს იყვნენ - ინგლისელებმა დაცვაში თავგანწირვით ითამაშეს და ანტონი კლაასენი ზედ ლელოს ხაზთან შეაჩერეს შემდეგ კი დააჯარიმეს და ხიფათი განმუხტეს, ხოლო ბოლო წუთზე თავად მოიპოვეს ჯარიმა, რომელიც მატჩის საუკეთესო მორაგბემ ჯო საიმონდსმა ზუსტად შეასრულა და ამით მატჩიც დასრულდა.

"რასინგ 92"-ის რიგებში გურამ გოგიჩაშვილი და გია ხარაიშვილი განაცხადში არ ყოფილან.

ამრიგად, 2019/2020 წლების ევროთასები ინგლისელთა სრული დომინირებით დასრულდა: გუშინ ჩელენჯ თასის ფინალში "ბრისტოლმა" "ტულონს" აჯობა, ხოლო ჩემპიონთა თასი "ექსეტერ ჩიფსს" დარჩა, რომელმაც არსებობის განმავლობაში ევროთასი პირველად მოიგო.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)