ირაკლი აბუსერიძის ინიციატივით, პირველად საქართველოში ბაგა-ბაღში რაგბის მოედანი გაიხსნა

ირაკლი აბუსერიძის ინიციატივით, პირველად საქართველოში ბაგა-ბაღში რაგბის მოედანი გაიხსნა

ამიერიდან, საქართველოში რაგბი ბაგა-ბაღებშიც შევა და ბავშვები მცირე ასაკიდან გაიცნობენ სპორტის ამ სახეობას, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გახლავთ საქართველოში და რაგბიში ჩართული ბავშვების რიცხვი ყოველწლიურად სულ უფრო მატულობს, ხოლო ბაგა-ბაღებში მისი პოპულარიზაცია ამ მაჩვენებელს კიდევ უფრო მზარდს გახდის.

საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტნის და ამჟამად ისნის მაჟორიტარის ირაკლი აბუსერიძის, საკრებულოს წევრი ლევან დავითაშვილის და თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახა გვენცელაძის ინიციატივით, გუშინ თბილისის N156 ბაგა-ბაღში რაგბის მოედანი გაიხსნა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოში ბაგა-ბაღში სარაგბო მოედნის გახსნა მოხდა.

"ჩვენს მაჟორიტარულ ოლქში, კერძოდ N156 ბაგა-ბაღში რაგბის მოედანი გავხსენით. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულო დღეა, რადგან ჩვენი ერთობლივი ინიციატივა შესრულდა. ეს მართლაც ისტორიული, ინოვაციური და უპრეცედენტო პროექტია, რომელიც საქართველოს მასშტაბით პირველად განხორციელდა. მხარდაჭერისთვის მადლობა მინდა გადავუხადო თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელს, კახა გვანცელაძეს.

საბავშვო ბაღში რაგბის მოედნის არსებობა და სასწავლო პროცესის ფიზიკური აქტივობებით დატვირთვა ხელს შეუწყობს ჯანმრთელი მომავალი თაობის აღზრდას, რაგბის პოპულარიზაციას და ბავშვებს საშუალებას მისცემს ადრეულ ასაკში დაეუფლონ სპორტის ამ სახეობას, ასევე ბავშვებისთვის რაგბის ელემენტების შესასწავლად და უნარების ჩამოსაყალიბებლად იგეგმება პედაგოგთა გადამზადება. დარწმუნებული ვარ აქ, ამ მოედანზე გაიზრდებიან წარმატებული სპორტსმენები, რომლებიც მომავალში დიდ რაგბს ითამაშებენ.

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩემი მხრიდან ყოველთვის არის მზაობა იმისთვის, რომ მაქსიმალურად შევუწყო ხელი ყველა რეგიონს, რათა ახალგაზრდა თაობას ჰქონდეს რაგბის თამაშის თანაბარი შესაძლებლობა", -
განაცხადა ირაკლი აბუსერიძემ, რომელიც საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატია და მის პროგრამაში ბავშვთა რაგბის განვითარებას წამყვანი ადგილი უკავია. 

"უმნიშვნელოვანესი პროექტი განვახორციელეთ ისნის რაიონის N156 ბაღში – საქართველოს მასშტაბით პირველად სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ტერიტორიაზე რაგბის მინი-სტადიონი მოეწყო. ეს პროექტი გარკვეულ სიახლეებს შეიტანს მეთოდოლოგიაშიც, რადგან ჩვენ დავგეგმეთ პერსონალის გადამზადება სპორტის ამ სახეობის წესების შესახებ, რათა მათ შეძლონ სწორი ცოდნით წარმართონ სპორტული აქტივობები ბაღში და ბავშვებს რაგბი შეაყვარონ. ჩვენ დიდი სურვილი გვაქვს, ანალოგიური პროექტი სხვა ბაღებშიც განვახორციელოთ", –
განაცხადა კახა გვანცელაძემ. 

იდეის ავტორი ირაკლი აბუსერიძე გახლავთ, რომელიც კახა გვენცელაძესთან ერთად მოედნის გახსნას დაესწრო და ბაღის აღსაზრდელებს რაგბის ბურთები გადასცა.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"