"ბადრი ალხაზაშვილი: სასიამოვნო სიურპრიზი" - ბრივის ფანები ქართველი კვაჭით კმაყოფილნი არიან

"ბადრი ალხაზაშვილი: სასიამოვნო სიურპრიზი" - ბრივის ფანები ქართველი კვაჭით კმაყოფილნი არიან

"ბორჯღალოსანი" კვაჭი ბადრი ალხაზაშვილს "ბრივს" ტოპ 14-ის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, ტრავმირებული ტომა აკვიერის ნაცვლად, სამედიცინო სტატუსით შეუერთდა. 

"ბრივმა" ტოპ 14-ში სამი შეხვედრის ჩატარება მოასწრო და 25 წლის კვაჭი სამივე მატჩში მეორე ტაიმში გამოჩნდა მინდორზე. ქართველი პირველხაზელის თამაშს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა "ბრივის" გულშემატკივართა ერთ-ერთი გვერდი. ისინი ბადრის თამაშით კმაყოფილნი არიან და მას სასიამოვნო სიურპრიზი უწოდეს. ვნახოთ, რას წერენ ისინი.

"ქართველი კვაჭი "ბრივში" 31 აგვისტოს ტომა აკვიერის შემცვლელად, სამედიცინო ჯოკრის სტატუსით ჩამოვიდა. "პოსთან" მატჩამდე წინა ორ თამაშში მან ჯამში 41 წუთი გაატარა მინდორზე. 

"პოსთან" მატჩში ის მოედანზე 58-ე წუთზე ფლორიან დეფურის ნაცვლად შემოვიდა. ჩანს, რომ ქართველი მორაგბე შესანიშნავად ეგუება "ბრივში" თამაშს. ჩვენი აზრით, მან ამ მატჩში საკუთარი მოვალეობა ძალიან კარგად შეასრულა და ფლორიანი შესანიშნავად შეცვალა. ის აუტის კარგი ამგდებია და თამაშში სწრაფია, ბადრის ბევრი კარგი რაღაცის ჩვენება შეუძლია, თუ მას ცოტათი მეტი სათამაშო დრო ექნება და რატომაც არ უნდა იყოს ძირითად შემადგენლობაში?

გარდა ამისა, გულშემატკივრების აზრით, ის არის მომხიბვლელი და საინტერესო მოთამაშე ფან-კლუბისთვის. 

როგორ შეაფასებდით ამ კვაჭს? უნდა დარჩეს ის უფრო დიდხანს "ბრივში" და უნდა მოაწეროს ხელი სრულფასოვან კონტრაქტს", - წერია პოსტში.

რაც შეეხება გულშემატკივრების პასუხს, ისინი კმაყოფილნი არიან ბადრის თამაშით და თვლიან, რომ "ბრივმა" სრულფასოვანი კონტრაქტი უნდა გაუფორმოს.

იხილეთ კომენტარები:

"მე ვთვლი, რომ "ბრივს" ბადრი ალხაზაშვილი სჭირდება და ის გუნდში უნდა დარჩეს, ხოლო პენიამი ნარისიას (ფიჯელი კვაჭი - ავტ.) შეუძლია "ბრივიდან" წავიდეს."

"ის ნამდვილად კარგი აუტის ამგდებია." 

"ვფიქრობ, რომ ის ძალიან კარგია და პირადად მე, ფლორიან დეფურს მირჩევნია."

"ბადრი ძალიან კარგად თამაშობს და თუ ასევე ითამაშებს, მაშინ მას შეუძლია დარჩეს და გააფორმოს სრულფასოვანი ხელშეკრულება."

"ალხაზაშვილი მართლაც მშვენივრად მოგვევლინა. ჩვენ ნამდვილად გვჭირდებოდა დეფურის გარდა სხვა კვაჭი და ეს ცუდი ვარიანტი ნამდვილად არაა. მოდით გავუფოროთ მას სრულფასოვანი ხელშეკრულება."

ცნობისთვის, "ბრივს" ტოპ 14-ის მეოთხე ტურში არ უთამაშია, რადგან "კასტრის" რიგებში კორონავირუსის 11 შემთხვევა დაფიქსირდა.

ბადრიმ გასულ სეზონში "ლიონის" რიგებში 8 შეხვედრა ჩაატარა. იქამდე კი, "პროვანს რაგბიში" (4 მატჩი) და "ტულონში" (2 მატჩი) თამაშობდა. მას საქართველოს ნაკრების რიგებში 9 კეპი აქვს მოხვეჭილი.

შეგახსენებთ, რომ "ბრივის" ღირსებას კიდევ 8 ქართველი იცავს: ვანო კარკაძე, სოსო ბეკოშვილი, ლუკა ჯაფარიძე, ირაკლი ცხადაძე, ოთარ გიორგაძე,  ალექსანდრე ზიბზიბაძე, ვასილ ლობჟანიძე და თედო აბჟანდაძე.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)