რა არის ზურაბ ჟვანიას უთამაშებლობის რეალური მიზეზი

რა არის ზურაბ ჟვანიას უთამაშებლობის რეალური მიზეზი

ინგლისის ჩემპიონატი აგვისტოში განახლდა, თუმცა 10 მატჩი ისე გავიდა, რომ „უოსპსის“ შემადგენლობაში ზურაბ ჟვანია არ გამოჩენილა, რამაც როგორც ქართველ, ასევე ინგლისელ გულშემატკივრებს შორის დიდი ინტერესი გამოიწვია.

„ბზიკების“ გულშემატკივრები სოციალურ ქსელებში ხშირად კითხულობენ, თუ რატომ არ თამაშობს ზურაბ ჟვანია და ჟურნალისტებიც ინტერესდებიან ამ საკითხით. ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე „უოსპსის“ მთავარმა მწვრთნელმა ლი ბლეკეტმა განაცხადა, რომ ზურას ტრავმები ჰქონდა, შემდეგ კი, როდესაც „სარასენსთან“ მატჩში შანსის მიცემას აპირებდა, მან კვლავ მცირე დაზიანება მიიღო, რის გამოც ეს შესაძლებლობა გამოტოვა. მან ასევე ხაზი გაუსვა იმ ფაქტსაც, რომ ზურას ტრავმებს სხვა ბურჯების კარგი თამაშიც ემატებოდა.

თუმცა, ფაქტები სულ სხვა რამეს გვიჩვენებს. „უოსპსი“ პრემიერშიპის განახლების შემდეგ, მართლაც საოცრად გამოიყურება და ფინალშიც გავიდა, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ბურჯები უშეცდომოდ ასპარეზობენ. ეს განსაკუთრებით ბენ ჰარისს ეხება, რომლის ბოლოდროინდელი თამაშით ბლეკეტი ძალიან უკმაყოფილო ყოფილა და ბოლო ორ მატჩში განაცხადში აღარ შეიყვანა. ვარჯიშზე გავრცელებულ ფოტოებსა და ვიდეოებში კი კარგად ჩანს, რომ ჟვანიას ტრავმა არ აქვს, სრული დატვირთვით ვარჯიშობს და მშვენიერ ფორმაში ჩანს, მაგრამ მაინც არ თამაშობს. ბუნებრივია, ეს უფრო ამძაფრებს კითხვას - რატომ?

„ბრისტოლთან“ მატჩამდე ამ საკითხს ბრიტანული გამოცემა coventrytelegraph.net გამოეხმაურა, რომელიც „უოსპსის“ ამბებს განსაკუთრებული ყურადღებით აშუქებს და ამ გუნდის შესახებ ბევრ ზუსტ ინფორმაციას ფლობს. გულშემატკივრის კითხვას, თუ რა არის ზურაბ ჟვანიას უთამაშებლობის მიზეზი, ტრავმა, მწვრთნელის გადაწყვეტილება, თუ სხვა ფაქტორი, ზემოხსენებული გამოცემის ჟურნალისტი ბობი ბრიჯი ასე პასუხობს:

„ეს არის კითხვა, რომელიც ძალიან ხშირად გაისმის.

ზურაბ ჟვანია 2018/2019 წლების სეზონში იყო „უოსპსის“ ერთ-ერთი ვარსკვლავი, როდესაც კლუბს შერკინების წინა ხაზში სერიოზული პრობლემები ჰქონდა.

თავდაპირველად, როდესაც ჟვანიას ეთამაშებლობის მიზეზზე იქნა კითხვა დასმული, მთავარმა მწვრთნელმა ლი ბლეკეტმა მიუთითა ტრავმებზე, რის გამოც ქართველი მოედანზე არ ჩნდებოდა.

მაგრამ ის ფაქტი, რომ ჟვანიას პრემიერშიპის განახლების და მთავარი მწვრთნელი პოსტზე დეი იანგის ნაცვლად, ლი ბლეკეტის დანიშვნის შემდეგ არცერთ მატჩში არ უთამაშია, გვაფიქრებინებს, რომ აქ რაღაც უფრო მეტი ხდება, ვიდრე ტრავმებია.

„უოსპსში“ ამ დროისთვის მარცხენა ბურჯის პოზიციაზე ძირითადი შემადგენლობის მოთამაშე გამოკვეთილი არაა. სეზონის განახლების შემდეგ, მუდმივად სხვადასხვა ვარიანტების მოსინჯვა მიდის, ბენ ჰარისი, საიმონ მაკინტირი და ბენ ჰარისი იბრძვიან და აქვთ პრეტენზია, რომ ძირითადი პირველი ნომრები იყვნენ.

ვეჭვობთ, რომ ზურაბ ჟვანიამ სეზონის დასრულების შემდეგ, შესაძლოა, საერთოდ კლუბი დატოვოს. ეს ეჭვი ბოლოს დროს განვითარებულ მოვლენებს და თვითონ კლუბში არსებულ მდგომარეობას ეფუძნება.

გასათვალისწინებელია ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, 2018 წლის ზაფხულში ის „სტად ფრანსედან“ გადმოვიდა და მისი ხელფასი მცირე ნამდვილად არ არის.“

მივყვეთ იმავე გამოცემის სხვადასხვა სტატიებს და სხვა წყაროებს. „უოსპსში“ სერიოზული ფინანსური კრიზისია და კლუბი მაქსიმალურად ცდილობს ხარჯების შემცირებას. ცოტა ხნის წინ, ბრიტანულ პრესაში საინტერესო სტატია გამოქვეყნა, რომელშიც პრემიერშიპის კლუბების ბოლოდროინდელი ფინანსური მდგომარეობაა ასახული. ერთადერთი კლუბი, რომელმაც მცირე მოგება ნახა „ექსეტერ ჩიფსია“, ხოლო ყველაზე დიდი ზარალი 9.7 მილიონი გირვანქა სტერლინგი სწორედ „უოსპსმა“ განიცადა, ამას დაემატა პანდემია, 6 თვით გადადებული ჩემპიონატი და მაყურებლების არ დაშვება, რითაც კლუბმა ბილეთებიდან შემოსული თანხის შესაძლებლობაც დაკარგა.

„უოსპსის“ ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ ყველა დასაქმებულისთვის ხელფასი მინიმუმ 25%-ით შეემცირებინა, რასაც ყველა დათანხმდა, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში, მათ მეტი მოინდომეს: 1) იმ მოთამაშეებს, რომელთაც კონტრაქტი ეწურებოდათ და ახალი ხელშეკრულება ჰქონდათ გასაფორმებელი, კიდევ უფრო შემცირებული თანხა შესთავაზეს, ზოგიერთ შემთხვევაში, ხელფასი განახევრებული გახლდათ; 2) მორაგბეების გარკვეულ კატეგორიას ახალი ხელშეკრულება უკვე გაფორმებული ჰქონდა, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელობამ მათი გადახედვა მოისურვა. თუმცა, ამ შემთხვევაში, ვინაიდან კონტრაქტი უკვე გაფორმებული გახლდათ, ორივე მხარის თანხმობის გარეშე, პირობები ვერ შეიცვლებოდა;

პირველ კატეგორიაში მოხვდა სამხრეთ აფრიკელი მესამეხაზელი ნიზაამ ქარი, რომელიც პანდემიამდე გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ და შესაბამისად, ანაზღაურებაც სათანადო ჰქონდა. მას კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურებოდა და როდესაც საქმე თანამშრომლობის გახანგრძლივებას შეეხო, „ბზიკებმა“ ქარს ფინანსურად მკვეთრად გაუარესებული ხელშეკრულება შესთავაზეს, რაზეც მან უარი განაცხადა და სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტა.

ჟვანია კი მეორე კატეგორიაში მოხვდა. მან ახალ ორწლიან კონტრაქტს მაშინ მოაწერა ხელი, სანამ პანდემია დაიწებოდა და ფინანსური თვალსაზრისით, მას კარგი პირობები შესთავაზეს. ქართველი ბურჯის ხელფასი გაცილებით მაღალია, ვიდრე „უოსპსის“ სხვა მარცხება ბურჯების ანაზღაურება. უფრო მეტიც, ზურას ხელფასი დაახლოებით ტომ ვესტის და ბენ ჰარისის საერთო ხელფასს უტოლდება. მას შემდგომ, რაც პანდემია დაიწყო, კლუბის ხელმძღვანელობამ როგორც ვთქვით ზოგიერთი მოთამაშის კონტრაქტებზე გადახედვა მოისურვა, როგორც ჩანს, ერთ-ერთი ამ მორაგბეთაგან სწორედ ზურა იყო და ჩანს, რომ მხარეები კონტრაქტის ჩასწორებაზე ვერ შეთანმდნენ. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსმევთ, რომ ჟვანიას სხვა მორაგბეების მსგავსად ჯამაგირის 25% ჩამოაჭრეს, მაგრამ როგორც ჩანს, ხელმძღვანელობას უფრო შორს სურდა წასვლა.

მას შემდგომ კი, რაც კონტრაქტის ჩასწორებაზე შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული, ჟვანია „შავ სიაში“ მოხვდა და საერთოდ აღარ ათამაშებენ. ეს ორი ფაქტით შესაძლოა აიხსნას: 1) უთამაშებლობის გამო, ქართველი დათანხმდეს გაუარესებულ პირობებს; 2) მაღალანაზღაურებადმა ბურჯმა კლუბის დატოვება მოისურვოს და ქართველზე გასაცემი ხელფასი ორ მოთამაშეზე გადაანაწილონ, როგორც მაგალითად ვესტის და ჰარისის შემთხვევაში ხდება.

ფაქტია, რომ „უოსპსის“ გულშემატკივრებს არ სჯერათ იმის, რომ ზურას უთამაშებლობა ტრავმას ან კიდევ კონკურენციას უკავშირდებოდეს, რადგან ყველას კარგად ახსოვს, თუ როგორ თამაშობდა ქართველი ბურჯი მათ რიგებში და ისიც, რომ კითხვის ნიშანი, თუ ვინ იყო ძირითადი პირველი ნომერი არ იდგა.

მაგალითისთვის, 29 წლის ბურჯმა 2018/2019 წლების სეზონში 23 შეხვედრა ჩაატარა და 13 შემთხვევაში ძირითადში იმყოფებოდა. სეზონის პირველ ნახევარში, როდესაც ჟვანია ადაპტაციას გადიოდა, უფრო შეცვლებზე უწევდა თამაში, 2019 წლის იანვრიდან მოყოლებული კი, პრემიერშიპის 8 მატჩიდან 7-ში სასტარტოში იყო. რაც შეეხება 2019/2020 წლების სეზონს, 11 მატჩიდან 8-ში ძირითადში გახლდათ. მან 6 დეკემბერს „ბორდოსთან“ ჩელენჯ თასის მატჩში ტრავმა მიიღო, რის შემდეგაც მხოლოდ ერთხელ „ლესტერ ტაიგერსთან“ მატჩში შეცვლიდან ითამაშა, თუმცა ტრავმა გაუმიზეზდა და მომდევნო ორი მატჩი გამოტოვა, შემდეგ კი პანდემია დაიწყო და სეზონი აგვისტოს განახლდა, თუმცა „უოსპსი“ ზურას გარეშე თამაშობს, ხოლო მიზეზებზე ზემოთ ვისაუბრეთ.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)