ესპანელი მორაგბეები რომლებიც პროფესიონალურ ფრანგულ კლუბებში ასპარეზობენ

ესპანელი მორაგბეები რომლებიც პროფესიონალურ ფრანგულ კლუბებში ასპარეზობენ

მსოფლიო მასშტაბით რაგბის პროფესიონალურ დონეზე თამაშით ბევრი ქვეყანა არ გამოირჩევა. უმრავლეს ქვეყანაში შიდა ჩემპიონატი ნახევარად პროფესიონალურია და შესაბამისად, მორაგბეებიც მოყვარულები არიან.

გადავწყვიტეთ, რომ ჩვენს მკითხველს სწორედ ასეთი, რაგბის კუთხით განვითარებადი ქვეყნების პროფესიონალი მორაგბეები გავაცნოთ, რომლებმაც შიდა ჩემპიონატებიდან სხვადასხვა წამყვანი ქვეყნების პროფესიონალურ ტურნირებს მიაშურეს და უმეტესი მათგანი, თავიანთი ნაკრებების ღირსებას იცავენ. ვიწყებთ ესპანეთით, რომელიც რაგბი ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეა და ბოლო წლებში, "ლომებმა" გარკვეული პროგრესი ნამდვილად განიცადეს.

ესპანელებს მეზობელ საფრანგეთში მრავალი მორაგბე ჰყავთ. ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ პროფესიონალურ ტურნირებზე: ტოპ 14-ზე, პრო დ2-ზე და ახალ ნასიონალ ლიგაზე. ამ სამ დივიზიონში ჯამში 33 ესპანელი მორაგბე ასპარეზობს: 5 ტოპ 14-ში, 15 პრო დ2-ში, ხოლო 13 - ნაიონალში.

ტოპ 14

შარლი მალი ("პო")

28 წლის მალი ესპანეთის ნაკრების ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი მორაგბეა. ის საფრანგეთში, ქალაქ ბეზიეშია დაბადებული და ორმაგ მოქალაქეობას ფლობს. მას თამაში შეუძლია როგორც მგეზავის, ასევე ფულბექის პოზიციებზე. არის ძალიან გამოცდილი მორაგბე: 2010-2014 წლებში მშობლიური ქალაქის ბეზიეს გუნდში 71 მატჩი ჩაატარა და 6 ლელოს გატანა მოახერხა, შემდეგ კი "მონტობანს" შეუერთდა, სადაც პრო დ2-ში კიდევ ერთი სეზონი ჩაატარა და 20 მატჩში 2 ლელო დადო. ამის შემდგომ, მალი "პოს" რიგებს დაემატა და უმაღლეს დონეზე შეაბიჯა. ის ტოპ 14-ში მეექვსე სეზონს იწყებს. ამ პერიოდში ტოპ 14-ში 94 შეხვედრა ჩაატარა და 8 ლელო გაიტანა, ხოლო ჩელენჯ თასზე 20-ჯერ ითამაშა და მოწინააღმდეგეთა ლელო ერთხელ აიღო.

მთლიანობაში მალის ფრანგული კარიერა 205 მატჩს, 17 ლელოს და 340 გატანილ ქულას ითვლის. ესპანეთის ნაკრებში დებიუტი 2011 წელს ჰქონდა, თუმცა "ლომების" რიგებში მხოლოდ პერიოდულად თამაშობს და ჯამში 12 კეპი აქვს მოხვეჭილი. 2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატზე მხოლოდ საქართველოს წინააღმდეგ ითამაშა, რომელშიც "ბორჯღალოსნებმა" მადრიდში 23:10 იმარჯვეს.

სამუელ ეზეალა ("კლერმონი")

20 წლის სამუელ ეზეალა უდავოდ ყველაზე ნიჭიერი ესპანელი მორაგბეა და ზოგადად ტოპ 14-ში ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ფრთაა. პატარა ასაკის მიუხედავად, მან ეს "კლერმონის" რიგებში არაერთხელ დაამტკიცა. მას ძირითად გუნდში უკვე ენდობიან და 18 მატჩში 7 ლელოს გატანა მოასწრო. მეტსაც მოასწრებდა, თუმცა ტრავმის გამო მნიშვნელოვანი პერიოდი გაუცდა.

ესპანეთის ნაკრებს ეზეალასთვის დიდი ბრძოლა მოუწევს, რადგან შარშან გავრცელებული ინფორმაციით, ეზეალას ნატურალიზებით ფრანგები არიან დაინტერესებულნი. მისი თქმით, ფრანგებმა უკვე შესთავაზეს 20-წლამდელთა ნაკრებში თამაში, თუმცა მაშინ საფრანგეთის მოქალაქეობა არ ჰქონდა. ნიჭიერ მორაგბეს არ აქვს გადაწყვეტილი, თუ რომელ ნაკრებში ითამაშებს, თუმცა თუ "ლე ბლეში" თამაშის რეალური შანსი მიეცა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ესპანეთის ნაკრებში თამაში მოისურვოს.

მარტინ ალონსო ("ლა როშელი")

20 წლის ფრთას ფრანგული სარაგბო სკოლა აქვს გავლილი. ის 2016 წელს მშობლიური "ვალიადოლიდიდან" "კლერმონში" გადავიდა, სადაც 3 წელი გაატარა და უძლიერესი სკოლა გაიარა. 2019 წელს კი "ლა როშელს" შეუერთდა და გასულ სეზონში ესპუარებში ასპარეზობდა. ასევე ითამაშა საფრანგეთის სუპერ 7-კაცაზეც. ალონსო ესპანეთის 7-კაცა ნაკრების წევრი 2018 წლიდანაა, ხოლო 2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატზე 15-კაცა ნაკრებშიც ჰქონდა დებიუტი. მან საქართველოს და ბელგიის ნაკრებების წინააღმდეგ ითამაშა.

ასიერ უსარაგა ("ბაიონი")

25 წლის მესამეხაზელი, რომელიც ესპანეთის ქალაქ სან-სებასტიანშია დაბადებული, ახლაც ბასკეთში თამაშობს, ოღონდ ფრანგულ ნაწილში. ის 2014 წელს "ბიარიცს" შეუერთდა და 5 სეზონის განმავლობაში პრო დ2-ში 84 შეხვედრა ჩაატარა და 4 ლელო დადო, ხოლო 2017/2018 წლების სეზონში ერთი სეზონი იჯარით იმდროისთვის ფედერალ 1-ის "ალბიში" ითამაშა და 15 მატჩი გამართა. უსარაგა განვლილ ზაფხულს მეორე ბასკურ გუნდს "ბაიონს" შეუერთდა, თუმცა ტრავმის გამო ტოპ 14-ში დებიუტი ვერ მოასწრო და რამდენიმე თვე მინდორზე ვერ ვიხილავთ. მას ესპანეთის ნაკრებში დებიუტი 2015 წელს ჰქონდა და 6 შეხვედრა ჩაატარა.

სხვათაშორის, ფრანგული პრესა წერს, რომ ტრავმირებულ უსარაგას სამედიცინო ჯოკრის სტატუსით "ბორჯღალოსანი" კონტანტინე მიქაუტაძე ჩაანაცვლებს.

გუილამე რუ ("ბაიონი")

საფრანგეთში დაბადებული კიდევ ერთი მორაგბე, რომელიც ესპანეთის ნაკრებში ასპარეზობს. რუს ესპანური წარმოშობა აქვს და იქიდან გამომდინარე, რომ "ლე ბლეში" მოხვედრის შანსი არ ჰქონდა, "ლომებში" თამაში არჩია. ის ძალიან გამოცდილი ცხრა ნომერია. 32 წლის მორაგბე 2010 წლიდან მოყოლებული "ბაიონის" ღირსებას იცავს და 175 მატჩში 17 ლელოს და 138 ქულის გატანა მოახერხა. აქედან 88 მატჩი ტოპ 14-ში ჩაატარა, 74 პრო დ2-ში, ხოლო 13 - ჩელენჯ თასზე.

რუს ესპანეთის ნაკრებში დებიუტი 2014 წელს ჰქონდა, დღემდე 22 კეპი მოიხვეჭა და 7 ლელო დადო. მან წლევანდელ რაგბი ევროპის ჩემპიონატზე 3 შეხვედრა ჩაატარა.

პრო დ2

ბიარიცი: გორბეი ალენდე ლარეა (19 წლის, მეორე ხაზი), კერმან აურეკოეჩეა (20 წლის, ჰავბექი), ხავიერ პრიეტო (20 წლის, ბურჯი);

ნევერი: ფრედერიკ ქუერსი (29 წლის, მესამე ხაზი - 7 კეპი, 1 ლელო);

ორიაკი: გოტიე მინგუილონი (26 წლის, ფულბექი - 7 კეპი);

კოლომიე: ფაბიენ პერინი (32 წლის, შუამარბი - 14 კეპი, 2 ლელო);

ბეზიე: ალვარ ხიმენო სორია (22 წლის, მგეზავი - 19 კეპი, 3 ლელო), ტომას მუნილა (22 წლის, ჰავბექი - 7 კეპი, 1 ლელო), მარკო პინტო ფერერი (32 წლის, კვაჭი - 23 კეპი, 5 ლელო);

ანგულემი: გოტიე გიბუინი (31 წლის, მესამე ხაზი - 42 კეპი, 7 ლელო), ლუკას რუბიო (29 წლის, ჰავბექი - 11 კეპი), ადრიენ აიესტარანი (32 წლის, ჰავბექი - 7 კეპი, 1 ლელო);

კარკასონი: ხერომ სივილი (26 წლის, ბურჯი - 12 კეპი), ტიერი ფეუტე (25 წლის, ბურჯი - 8 კეპი);

რუანი: ფაბიენ ფუსტერი (28 წლის, შუამარბი - 2 კეპი) * უთამაშია საფრანგეთის 20-წლამდელთა ნაკრებში;

ნასიონალი

ბურგ-ენ-ბრესი: გრეგორი მაიქუეზი (35 წლის, ჰავბექი - 15 კეპი, 1 ლელო);

დაქსი: ბენიატ აუზქუი (37 წლის, კვაჭი - 35 კეპი, 7 ლელო);

მასი: ხოაკინ გალი (18 წლის, მგეზავი), სერხიო მოლინერო (20 წლის, ფრთა - 7-კაცა ნაკრების წევრი);

ტარბი: ფერნანდო მარტინ ლოპეს პერერსი (34 წლის, ბურჯი - 45 კეპი, 4 ლელო), ხონ ზაბალა არიეტა (23 წლის, ბურჯი - 17 კეპი, 2 ლელო);

ნარბონა: პიერე ნუენო (25 წლის, შუამარბი - 2 კეპი);

შამბერი: უგო ალონსო (26 წლის, შუამარბი - 2 კეპი), მატიო ბელი (32 წლის, მგეზავი - 14 კეპი, 1 ლელო) * უთამაშია საფრანგეთის 20-წლამდელთა ნაკრებში;

კონიაკი: მატიო პელუჩონი (33 წლის, მგეზავი - 13 კეპი, 3 ლელო);

ალბი: ლუკას გუილამე (29 წლის, მესამე ხაზი - 20 კეპი, 5 ლელო);

დიჟონი: ჯოშ პიტერსი (24 წლის, მეორე ხაზი - 8 კეპი, 1 ლელო), ანდრეა რაბაგო (24 წლის, შუამარბი - 11 კეპი, 1 ლელო);

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)