ლეგენდარული სერჯო პარისე მორიგ ტიტულს უმიზნებს

ლეგენდარული სერჯო პარისე მორიგ ტიტულს უმიზნებს

ჩელენჯ თასის ნახევარფინალში "ტულონმა" "სტად მაიოლზე" "ლესტერ ტაიგერსი" დამაჯერებლად 34:19 დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც 17 ოქტომბერს "ბრისტოლს" დაუპირისპირდება.

ფინალში გასვლით კმაყოფილი გახლდათ ვეტერანი იტალიელი მორაგბე სერჯო პარისე. 37 წლის მესამეხაზელმა მატჩის შემდგომ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ბედნიერია ფინალში გასვლით და იმედოვნებს, რომ კარიერის მიწურულს კიდევ ერთი ტიტულის მოგებას მოახერხებს.

"ლესტერ ტაიგერსის" დამარცხებით კმაყოფილები ვართ, ეს კარგი გრძნობაა, მაგრამ ჩვენ გვსურს, რომ ეს გზა გავაგრძელოთ და ტიტული მოვიპოვოთ. ვფიქრობ, რომ ფინალში გასვლა დავიმსახურეთ.

ახალგაზრდული გუნდი გვყავს და ბედნიერი ვარ, რომ მისი ნაწილი ვარ. იმედი მაქვს, რომ ასევე გავაგრძელებთ და ტურნირის გამარჯვებულები გავხვდებით. "ლესტერთან" მატჩში ძალიან კარგად ვითამაშეთ, განსაკუთრებით გამოვყოფდი ძლიერ თამაშს ღლეტვებში, რის შემდეგადაც პირველ ტაიმში ორი ლელოს დადება შევძელით. მთლიანობაშიც ძალიან კარგად ვიასპარეზეთ. ახლა ჩვენ ველოდებით "ბრისტოლთან" ფინალურ დაპირისპირებას, რომელმაც საოცრად ითამაშა "ბორდოს" წინააღმდეგ.

ასევე მინდა ვთქვა მა'ა ნონუს შესახებ. მოხარული ვარ, რომ ის "ტულონში" ბრუნდება და მე კლუბის ყველაზე ასაკოვანი მოთამაშე აღარ ვიქნები (იცინის). გუნდისთვის ძალიან კარგია ნონუს დაბრუნება და დარწმუნებული ვარ, რომ "ტულონის" ყველა გულშემატკივარი ამით ბედნიერი იქნება", - განაცხადა პარისემ.

ცნობისთვის, პარისეს "სტად ფრანსეს" რიგებში 2016/2017 წლების სეზონში ჩელენჯ თასი მოგებული აქვს, ხოლო 2010/2011 და 2012/2-13 წლების სეზონში ფინალში დამარცხდა. მას იტალიის ნაკრებში 142 კეპი აქვს მოხვეჭილი, რაც "აძურის" რიგებში სარეკორდო მაჩვენებელია, ხოლო საერთაშორისო დონეზე ჩატარებული ტესტ-მატჩების რაოდენობის მხრივ, მხოლოდ რიჩი მაკქოუს ჩამორჩება.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)