ირაკლი აბუსერიძე ეს წარმატება დაუღალავი შრომის შედეგია

ირაკლი აბუსერიძე ეს წარმატება დაუღალავი შრომის შედეგია

დღეს გამართულ პარლამენტის პლენალურ სხდომაზე, ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ და საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა ირაკლი აბუსერიძემ, "ბორჯღალოსნების" 8 ერში ჩართვაზე ისაუბრა და ეს წარმატება მთელ საქართველოს მიულოცა.

აბუსერიძე საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი გახლავთ. რამდენჯერმე გადადებული არჩევნების ჩატარება კი, დეკემბერშია დაგეგმილი.

"ბორჯღალოსნების" ყოფილი კაპიტანი (85 კეპი) ფიქრობს, რომ ეს წარმატება მორაგბეების დაუღალავი შრომის შედეგია. გარდა ამისა, მან ხაზი გაუსვა ქართული რაგბის განვითარებაში "ფონდი ქართუს" და ბიძინა ივანიშვილის წვლილს, რომელთა მხარდაჭერით საქართველოს სხვადასხვა ქალაქში სარაგბო ინფრასტრუქტურა მოეწყო, რისთვისაც "ფონდ ქართუს" და მის დამფუძნებელს მადლობა გადაუხადა.

’’ჩვენმა ბორჯღალოსნებმა ამ წარმატების მისაღწევად დაუღალავი შრომის შედეგად დამსახურებულად დაიკავეს საპატიო ადგილი რჩეულთა შორის. მე დღეს ამაყი ვარ, რომ 13 წლის განმავლობაში ჩემს თანაგუნდელებთან ერთად ვიყავი ამ წარმატებების მონაწილე. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ქართული რაგბის განვითარებაში უდიდესი ღვაწლი და დამსახურება მიუძღვის "ფონდ ქართუს" და ასევე მის დამფუძნებელს ბატონ ბიძინა ივანიშვილს. სწორედ ფონდი ქართუს გულშემატკივრობითა და უპრეცედენტო ფინანსური მხარდაჭერით მთელი ქვეყნის მასშტაბით მოეწყო ინფრასტრუქტურა, აშენდა და აღიჭურვა 13 სარაგბო ბაზა, 28 მოედანი და 2 სარაგბო აკადემია, არა მარტო დედაქალაქში, არამედ რეგიონებშიც. ფონდი ქართუს მიერ რაგბის განვითარებისთვის გაწეული ქველმოქმედება ჯამში 200 მილიონ ლარს აღემატება.

აქვე მინდა კიდევ ერთხელ მივულოცო, გავამხნევო და გამარჯვება ვუსურვო ჩვენს ბიჭებს, დარწმუნებული ვარ ისინი მსოფლიო ასპარეზზე ღირსეულად წარმოაჩენენ ჩვენს ქვეყანას და თავიანთ შესაძლებლობებს. წარმატებები მორაგბეებს, გულშემატკივარსა და სრულიად საქართველოს.

გამარჯვებას ერთად ვიზეიმებთ!” - განაცხადა ირაკლი აბუსერიძემ.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)