არმაზმა საქართველოს ნაკრების და საქართველო XVის მორაგბეები დაიმატა

არმაზმა საქართველოს ნაკრების და საქართველო XVის მორაგბეები დაიმატა

მარნეულის "არმაზი" 2020/2021 წლების სეზონის დიდი 12-ისთვის მზადებას რამდენიმე დღის წინ შეუდგა.

ირაკლი მაჩხანელის გუნდი 2018/2019 წლების სეზონში შესანიშნავად გამოიყურებოდა და ისტორიაში პირველად, ბრინჯაოს მედლების მოპოვება მოახერხა, თუმცა ზაფხულში გუნდმა დაახლოებით 20 მორაგბე გაუშვა, სათანადო შევსება ვერ მოახერხა და 2019/2020 წლების ჩაშლილ სეზონში 14 ტურის შემდეგ ბოლო ადგილზე იმყოფებოდა.

როგორც ჩანს, წლევანდელ სეზონში "არმაზი" კვლავ მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებს. ყოველ შემთხვევაში, ამ დრომდე განხორციელებული ტრანსფერები ამის მანიშნებელია. Myrugby.Ge-სთან საუბარში, მარნეულის სახელით მოთამაშე და ვაზისუბანში დაბინავებული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, ირაკლი მაჩხანელმა აღნიშნა, რომ მათ 6 ტრანსფერი განახორციელეს. გარდა ამისა, შევსება მიიღეს მარნეულში არსებული სკოლიდან და ახალგაზრდული გუნდიდან.

"არმაზმა" მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში საქართველოს ნაკრების 3 მორაგბე დაიმატა: 22 წლის მეორეხაზელი ლაშა ჯაიანი (2 კეპი), რომელიც საქართველოში სათამაშოდ ინგლისური ექსეტერის საუნივერსიტეტო გუნდიდან ჩამოვიდა, დაიბრუნეს 25 წლის მგეზავი რევაზ ჯინჭველაშვილი (8 კეპი) და 22 წლის შუამარბი გიორგი კვესელაძე (24 კეპი), რომლებიც 2018/2019 წლების სეზონში "არმაზში" თამაშობდნენ, ხოლო გასულ სეზონი გორის "ჯიქში" დაადასტურეს.

"არმაზს" დაუბრუნდა საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების ყოფილი ფულბექი სანდრო სვანიძე, რომელიც საქართველო XV-ის წევრია და ტრავმა რომ არა, ეროვნულ ნაკრებშიც ექნებოდა დებიუტი. 21 წლის მორაგბე "არმაზს" ასევე ერთი წლით დაემშვიდობა და გასული სეზონი მანაც "ჯიქში" გაატარა. მარნეულის სახელით მოასპარეზე გუნდმა საქართველო XV-ის კიდევ ერთი მორაგბე, 32 წლის ბურჯი მიხეილ ორაგველიძე გაიფორმა, რომელიც განვლილ სეზონში "ლელო სარასენსში" თამაშობდა. მათ ასევე გაიფორმეს გორის "ჯიქის" 25 წლის მეორე/მესამეხაზელი გუგა ხანთაძე.

რაც შეეხება წამსვლელებს, "არმაზი" დატოვეს: ბაჩო მაჭარაშვილმა, ილია სურგულაძემ, ვახტანგ ამირანაშვილმა და საბა ნიკოლავამ.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"