სოსო ბეკოშვილი ნაკრებში დაბრუნება ყოველი დამღლელი დღე ამ მიზანს ემსახურება

სოსო ბეკოშვილი ნაკრებში დაბრუნება  ყოველი დამღლელი დღე ამ მიზანს ემსახურება

ექვსთვიანი პაუზის შემდეგ პარასკევს ტოპ 14 განახლდება. 2020/2021 წლების სეზონში ელიტაში 29 ქართველი მორაგბე ითამაშებს და მათგან თითქმის მესამედი, ცხრა მოთამაშე "ბრივში" გაირჯება.

"ბრივი" ერთწლიანი პაუზის შემდეგ გასულ სეზონში ტოპ 14-ს დაუბრუნდა და 17 ტურის შემდეგ 33 ქულით "ბაიონთან" და "კასტრთან" ერთად 9-11 ადგილებს იყოფდა. კლუბი გასავარდნ ზონას 7 ქულით უსწრებდა და ელიტაში დარჩენა წესით არ უნდა გაჭირვებოდა. ბრიველთა უმთავრესი მიზანი წელსაც ტოპ 14-ში დარჩენა იქნება და ამაში "სტად მუნიციპალის" ბინადარს სოსო ბეკოშვილი, ლუკა ჯაფარიძე, ვანო კარკაძე, ბადრი ალხაზაშვილი, ოთარ გიორგაძე, ირაკლი ცხადაძე, ალექსანდრე ზიბზიბაძე, ვასილ ლობჟანიძე და თედო აბჟანდაძე დაეხმარებიან.

Myrugby.Ge სოსო ბეკოშვილს დაუკავშირდა და ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა, რომელშიც ქართველმა ბურჯმა საკლუბო და სანაკრებო კარიერასთან მიმართებაში არაერთ საინტერესო საკითხზე ისაუბრა.

- პირველ რიგში როგორ ხარ? კარანტინის პერიოდი როგორ გაატარე და როგორია ამდენ ხანს ურაგბობა?

- კარგად ვარ, მადლობა. კარანტინის პერიოდი რთული იყო, როგორც ყველასთვის. ცხოვრების წესის შეცვლა მოგვიწია, მაგრამ ოჯახი აქ მყავდა და ბევრ დროს ვუთმობდი ჩემს შვილს და კარგადაც ვერთობოდით. რაც შეეხება ურაგბობას, სანამ კარანტინი დაიწყებოდა სამი თვით ადრე ხელი მოვიტეხე და ჩემთვის ურაგბობა უფრო დიდ ხანს გაგრძელდა, ვიდრე ყველასთვის. ასე რომ, რა თქმა უნდა რთული იყო.

- ნოემბერში "კასტრთან" მატჩში დაშავდი. რამდენ ხანში შეძელი გამოჯანმრთელება?

- სეზონი კარგად დავიწყე, რამდენიმე თამაში მოვასწარი და "კასტრთან" მოვიტეხე ხელი. მალევე გამიკეთდა ოპერაცია და რეაბილიტაციისთვის განკუთვნილი 3 თვის მაგივრად, დაახლოებით ოთხი თვე დამჭირდა. იყო რისკი მეორედ მოხვედრის შემთხვევაში კიდევ ადვილად დაზიანებულიყო ძვალი და ამიტომ ცოტა გაიწელა.

- კორონავირუსმა ბევრ ფრანგულ კლუბს შეუქმნა პრობლემა. ბევრ კლუბში ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა, რამაც მზადების პროცესში შეუშალათ ხელი და არაერთი მოსამზადებელი მატჩი გადაიდო. გადაიდო მატჩები ტოპ 14-ის და პრო დ2-ის პირველ ტურშიც. ამ მხრივ როგორი მდგომარეობაა "ბრივში"? რაიმე პრობლემა ხომ არ შეუქმნა მზადების პერიოდში ვირუსმა და როგორ ჩაიარა ზოგადად შეკრებამ, როგორ შეაფასებდი?

- თავიდან ჩვენ დავიწყეთ 5-კაციანი ჯგუფებით ვარჯიში. მაქსიმალურად ცდილობდნენ ჩვენს დაცვას. ყოველი კვირის დასაწყისში გვიტარდება კოვიდის ტესტი და ჯერჯერობით "ბრივში" არავის არ ჰქონია და ვვარჯიშობთ შეუფერხებლად. საკმაოდ გრძელი და ხარისხიანი მოსამზადებელი ეტაპი გავიარეთ, აღდგენის დროც საკმარისად გვქონდა და ჩემი აზრით, ფიზიკურად ასე მზად არასდროს შევხვედრილვართ სეზონის დასაწყისს.

- 6-თვიანი პაუზის შემდეგ ტოპ 14 ბრუნდება. კვირას საკუთარ მოედანზე "ბაიონს" ხვდებით და როგორც დაიწერა, გუნდმა უფლება მიიღო, რომ 9000 გულშემატკივარი დაუშვას. რას ელით ამ მატჩისგან, როგორი მოლოდინით ხართ, როდესაც ამდენხნიანი პაუზის მერე პირველად უნდა ჩაატაროთ ოფიციალური მატჩი, თან თქვენი შესანიშნავი ფანების წინაშე.

- რთული თამაში იქნება, დიდი პასუხისმგებლობაა ჩვენთვის. "ბაიონი" ჩვენი პირდაპირი კონკურენტია და ამ თამაშს ჩვენთვისაც და იმათთვისაც დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენი სტადიონი 9000 ათასი კაცით თითქმის გაივსება და რა თქმა უნდა ეს გუნდს ძალიან დაეხმარება.

- შენი აზრით, შარშანდელი სეზონის შემდეგ, "ბრივი" უფრო გაძლიერდა? რა იქნება წელს "ბრივის" მიზანი, როგორც ტოპ 14-ში, ასევე ჩელენჯ თასზე?

- ვერ ვიტყვი რომ უფრო გაძლიერდა, წავიდნენ გამოცდილი მოთამაშეები, მაგალითად კარლენ ასიეშვილი, რომელიც 7 წელი თამაშობდა აქ და კიდევ რამდენიმე ასეთი. და დაგვემატნენ უფრო ახალგაზრდა ნაკლებად გამოცდილი მოთამაშეები, თუმცა გუნდში მოტივაცია ძალიან მაგარია და ალბათ ეს დაგვეხმარება, რომ ორივე ტურნირზე კარგად ვითამაშოთ.

- როგორც ვთქვით, პარასკევს ტოპ 14 იწყება. როგორ შეაფასებდი საკუთარ სათამაშო ფორმას ახალი სეზონის სტარტისთვის?

- როგორც დასაწყისში ვთქვი, ამდენი დრო მოსამზადებლად არასდროს არ გვქონდა. მეც ეს პერიოდი კარგად გამოვიყენე და ვფიქრობ, რომ ფიზიკურად საუკეთესოდ ვარ მომზადებული და ჯანმრთელობაც ხელს მიწყობს ყველაფერი რიგზეა.

- ბადრი ალხაზაშვილის გადმოსვლის შემდეგ, "ბრივში" უკვე 9 ქართველი ხართ. გულშემატკივრები ხშირად ხუმრობენ, რომ საქართველოს ტოპ 14-ში ფრენჩაიზი ჰყავს ბრივის სახით. რას იტყვი, როგორია უცხო ქვეყანაში ამდენი ქართველი ერთ გუნდში რომ ხართ, რა პლიუსები აქვს ამას?

- კიდევ ერთი ქართველი აქაც გაუხარდათ. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ზოგადად ქართველ მოთამაშეებს საფრანგეთში აფასებენ და ჩვენც ვცდილობთ ყოველთვის ჩვენი საქმე პატიოსნად ვაკეთოთ. ბევრი ქართველი "ბრივში" ცუდად არავის ხვდება პირიქით. ჩვენთვისაც ძალიან მაგარია იმიტომ, რომ ბევრ დროს ვატარებთ ერთად.

- ვიცი, რომ ქართველი მოთამაშის ამ კუთხით გამორჩევა გაგიჭირდება, ამიტომ "ბრივის" ფრანგ მორაგბეებზე და სხვა ეროვნების ლეგიონერებზე გკითხავ. რომელ მოთამაშეს გამოარჩევდი ინდივიდუალურად განსაკუთრებით და რა უნარების გამო?

- ცნობილი ნამდვილად არ არის, მაგრამ გუნდის ერთ-ერთი საყრდენი მოთამაშეა და თავის საქმე კარგად იცის - სამხრეთ აფრიკელი მეორეხაზელი პიტ მარე. "ბრივში" ვარსკვლავებით არ ვართ განებივრებული, რამდენიმე ქართველს თუ არ ჩავთვლით.

- შენი აზრით, წელს რომელი გუნდი იქნება ფავორიტი ტოპ 14-ის მოსაგებად? და რატომ?

- რთულია მაგის თქმა, "რასინგ 92", "ტულუზი", "ლიონი", "ბორდო" ... მე ყველაზე მეტად "ბორდო" მომწონს, ბრძოლისუნარიანი გუნდია და ასე მგონია, არ ადარდებთ, წინ ვინ უდგათ.

- სოსო, სანაკრებო თემაზეც გკითხავ. ნაკრებში ბოლოს 2017 წლის ტესტებზე ითამაშე. არის თუ არა შენი მთავარი მიზანი ნაკრებში დაბრუნება და შენი არით, რა არის ამისთვის საჭირო შენი მხრიდან?

- ნაკრებზე და ჩემთვის მის მნიშვნელობაზე შემიძლია დილამდე ვილაპარაკო. თუმცა იქ თამაშამდე ჯერ გუნდში უნდა ითამაშო რეგულარულად, რაც ბოლო ორი წელია სხვადასხვა მიზეზების გამო მე ვერ შევძელი. მიზანი და უდიდესი სურვილი რა თქმა უნდა მაქვს, ამის გარეშე აქაც ვერ ვიქნებოდი. ყოველი დამღლელი დღე ამ მიზანს ემსახურება.

- ბოლო პერიოდში აქტიურად იწერება, რომ 8 ერში იაპონიას საქართველო შეცვლის. შენი აზრით, რამდენად ჰგავს ეს ინფორმაცია მართალს და ამ ტურნირზე თამაში, რას მისცემდა საქართველოს ნაკრებს?

- არ მგონია ჯერჯერობით ამის საშუალება მოგვცენ, თუმცა ეს დიდი გამოცდილება იქნებოდა ჩვენი გუნდისთვის. ამას რეგულარული სახე უნდა ჰქონდეს, რომ შედეგიც მოგვცეს.

- გამოყავი შენთვის ყველაზე დასამახსოვრებელი თითო მატჩი, როგორც საკლუბო, ასევე სანაკრებო კარიერიდან.

- საკლუბოდან ალბათ 2016-17 სეზონზე საკუთარ მოედანზე მოვუგეთ კლერმონს,სასტარტოში ვიყავი და კარგი თამაში გამოვიდა და თან 4 ქულაც წამოვიგეთ. სანაკრებოდან გამოვარჩევდი უელსის წინააღმდეგ თამაშსს,წავაგეთ მაგრამ,სასწაული გარემო იყო და სულ მემახსოვრება.

- თუ გაქვს რაიმე სათქმელი, რაზეც ინტერვიუში არ გვისაუბრია?

- დიახ, ერთს დავამატებდი - მინდა, რომ საქართველოს ჩემპიონატშიც დასტაბილურდეს სიტუაცია. არ შეიძლება მოთამაშეს ფინანსურ პრობლემებს უქმნიდნენ კლუბები. ოჯახები დგას მათ უკან. ვიღაცამ აუცილებლად უნდა აკონტროლოს ეს. სულ ეს არის.

ბეკოშვილი "ბრივს" 2016 წელს "შამბერიდან" შეუერთდა და "სტად მუნიციპალზე" მეხუთე სეზონს იწყებს. 26 წლის ბურჯს ბრიველთა მაისურით 44-ჯერ უთამაშია და 2 ლელოს დადება მოახერხა, ხოლო საქართველოს ნაკრებში 11 კეპი აქვს მოხვეჭილი.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)