ლადო მიმინოშვილმა რუმინეთის ჩემპიონატში დებიუტი ეფექტური ლელოთი აღნიშნა VIDEO

ლადო მიმინოშვილმა რუმინეთის ჩემპიონატში დებიუტი ეფექტური ლელოთი აღნიშნა VIDEO

©super-liga.ro

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ გასულ შაბათ-კვირას რუმინეთის ჩემპიონატი განახლდა. 2019/2020 წლების სეზონის საწყისი ცხრა ტური როგორც დაგეგმილი გახლდათ 26 ოქტომბრამდე ჩატარდა, დასკვნითი ნაწილი კი გაზაფხულზე უნდა გამართულიყო, მაგრამ პანდემიამ ეს შეუძლებელი გახადა და რეგულარული ჩემპიონატის განახლება საერთოდ ვეღარ მოხერხდა. ჩემპიონატი მხოლოდ აგვისტოს მიწურულს, ისიც პლეი-ოფებით განახლდა.

30 აგვისტოს პლეი-ოფის მეოთხედფინალში ერთმანეთს "კლუჟი" და ბუქარესტის "დინამო" დაუპირისპირდნენ. ბუქარესტული კლუბის რიგებში დებიუტი ჰქონდა საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების ყოფილ უკანახაზელს ლადო მიმინოშვილს, რომელმაც რუმინეთს ბოლნისის "ყოჩებიდან" მიაშურა. 23 წლის მორაგბეს ჩინებული დებიუტი გამოუვიდა - შეხვედრის 23-ე წუთზე სამ მოწინააღმდეგეს დაუსხლტა და შემდეგ ბურთი ლელოში დაამიწა. ლადოს ლელო ძალზე მნიშვნელოვანი გამოდგა, რადგან მატჩი ძალიან დაძაბული გამოდგა და "დინამომ" მხოლოდ გაწითლებულ დროში შეძლო გამარჯვების მოპოვება.

ბოლო წუთამდე ანგარიში თანაბარი 13:13 იყო. "დინამომ" გამარჯვების მომტანი ლელო გაწითლებულ დროში მოლიდან დადო, 20:13 იმარჯვა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც 5 სექტემბერს "ბაია მარეს" შეერკინება. მეორე ნახევარფინალში "ტიმიშოარა სარასენსი", რომელმაც "ტომიტანიი" 57:15 გაანადგურა, ბუქარესტის "სტიაუას" 6 სექტემბერს შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ ლადო მიმინოშვილი "ბათუმის" აღზრდილია და მშობლიურ კლუბში 2019 წლამდე თამაშობდა, რომელთან ერთადაც 2018/2019 წლების სეზონში საქართველოს ჩემპიონი გახდა. ლადოს 2016 და 2017 წლების მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატზე აქვს ნათამაშები და ასევე საქართველოს 7-კაცა ნაკრების წევრია.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"