სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

© enisei-stm.ru
პარასკევს 2020/2021 წლების სეზონის რუსეთის რეგულარული ჩემპიონატი დასრულდა. მოქმედი ჩემპიონი "ენისეი" მხოლოდ მესამე ადგილს დასჯერდა და პლეი-ოფებში ტიტულის დაცვა შორი გზიდან მოუწევს.
ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც "ენისეიმ" ძველებურად სტაბილურად ვერ ითამაშა, ტრავმებია. კრასნოიარსკულ გუნდს სეზონის მიმდინარეობისას არაერთი მორაგბე ჰყავდა ტრავმირებული, მათ შორის ქართველი ლეგიონერები მესამეხაზელი მიხეილ გაჩეჩილაძე და ფრთა დავით მესხი.
ქართველები რუსეთის მოქმედი ჩემპიონის წამყვანი მოთამაშეები არიან და დიდ ძალას წარმოადგენენ. მათი არყოფნა "ენისეის" აშკარად ეტყობოდა. გაჩეჩილაძე გუნდს მოგვიანებით შეუერთდა და მალევე, მეხუთე ტურში დაშავდა, რის გამოც 3 კვირა გაუცდა, დაბრუნებიდან მეორე თამაშში კი, უკანა კუნთი დაიზიანა და კვლავ ლაზარეთში გადაინაცვლა.
მესხმა ნეკნის ტრავმა მეოთხე ტურში მიიღო, ერთ თვეზე მეტი იძულებით მოუწია დასვენება და ცსკასთან მატჩში დაბრუნდა, თუმცა არ გაუმართლა და 27 აგვისტოს "მეტალურგთან" თამაშში, რომელთანაც დასაწყისში ლელოს დადება მოახერხა, ხელი დაიზიანა. საბოლოო ჯამში 22 წლის ფრთამ წლევანდელ რეგულარულ ჩემპიონატში 6 მატჩში (2 არასრული) მიიღო მონაწილეობა და 3 ლელოს გატანა შეძლო. საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების ყოფილ გარემარბს კრასნოიარსკულ კლუბში ევროთასების გამოცდილებაც დაუგროვდა და 2019/2020 წლების სეზონის ჩელენჯ თასზე ჯგუფურ ეტაპზე ექვსივე მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომლებშიც ორი გატანილი ლელოთი გამოირჩა - ერთი ლელო ინგლისურ "ვუსტერს" დაუდო, ხოლო მეორე უელსურ "დრაგონსს".
Myrugby.Ge დავით მესხს დაუკავშირდა და მასთან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა, რომელშიც ახალგაზრდა მორაგბემ ბოლოს მიღებულ ტრავმაზე, "ენისეის" წლევანდელ სეზონზე, რუსეთის და საქართველოს ჩემპიონატებზე, ევროთასებზე და სანაკრებო თემებზე ისაუბრა. დანარჩენი კი, ჯობს თავად წაიკითხოთ.
- პირველ რიგში, როგორ ხარ? "მეტალურგთან" მატჩში ხელი იტკინე და თამაში ვეღარ განაგრძე. რამდენად სერიოზულია დაზიანება?
- ტრავმა არც ისე სერიოზულია, საოპერაციო არ არის და როგორც ექიმები ამბობენ, ალბათ, მაქსიმუმ 2 თვეში მწყობრში ვიქნები.
- შენს მსგავსად, ტრავმა მიიღო მიხეილ გაჩეჩილაძემაც. მისი ტრავმა რამდენად სერიოზულია?
- ზუსტად არ ვიცი, ექიმებთან გამოკვლევების შემდეგ გადაწყდება, თუ რა პერიოდი გაუცდება.
- რუსეთის 2020/2021 წლების სეზონის რეგულარული ჩემპიონატი დასრულდა. რეგულარულ ჩემპიონატში წელს მხოლოდ მე-3 ადგილზე გახვედით, როდესაც წინა წლებში პირველ-მეორე ადგილი განაღდებული გქონდათ. როგორ შეაფასებდი "ენისეის" გამოსვლას?
- პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ რუსეთის ჩემპიონატის დონე ძალიან გაიზარდა შარშანდელთან შედარებით... ყველა გუნდში სამხრეთაფრიკელი მორაგბეები თამაშობენ, რომლებმაც თამაშის ტემპი ძალიან ააჩქარეს. ამას დავამატოთ საქართველოს ჩემპიონატიდან გადმოსული გამორჩეული ბიჭები, რომლებიც ასევე კარგად გამოიყურებიან.
რაც შეეხება "ენისეის", არ დაიწყო ეს სეზონი ჩვენთვის კარგად. ყოველ თამაშზე წამყვანი მოთამაშეები იმტვრეოდნენ, მაგრამ მაინც მოვახერხეთ 7 თამაშის მოგება. სამწუხაროდ ორი წავაგეთ, სადაც დაახლოებით 5-6 წამყვანი მოთამაშე გვაკლდა. თუმცა, ყველაფერი წინაა. დავიმატეთ 2 ძალიან კარგი სამხრეთაფრიკელი მორაგბე, რომლებიც ჩემი აზრით ძალიან გამოგვადგებიან.
- სექტემბერში "ვვა-პადმასკოვიესთან" რუსეთის თასის ნახევარფინალი და შემდეგ ჩემპიონატში "სტრელასთან" მეოთხედფინალები გელით, რომელიც ოქტომბერში გაიმართება. ამ მატჩებში "ენისეი" წესით ფავორიტია, შემდეგ კი გაზაფხულამდე რუსეთის ჩემპიონატში დიდი პაუზა გამოცხადდება. რა მოლოდინები გაქვს პლეი-ოფში? შეუძლია ენისეის კვლავ ჩემპიონობა და თასის მოგება?
- პირველ რიგში რუსეთის თასის ნახევარფინალია, სადაც "ვვა პადმასკოვიეს" ვეთამაშებით, რომელიც ასევე ძლიერი გუნდია. ჩვენი მიზანია რუსეთის თასი მოვიგოთ, რომელიც სექტემბერის ბოლოს და ოქტომბრის დასაწყისშია, შემდეგ კი რა თქმა უნდა "სტრელასთან" მატჩები, რომლებშიც რასაკვირველია "ენისეი" ფავორიტია.
"ენისეის" ძალიან დიდი გამოცდილება აქვს ევროპულ გუნდებთან თამაშისას მიღებული, ამიტომაც ვთვლი, რომ უკეთესად თამაში შეუძლია და შედარებით მაღლა დგას, ვიდრე სხვა რუსული გუნდები.
- ახსენე ევროპული გუნდები და ამის შესახებ გკითხავ. ევროპის პროფესიონალურმა საკლუბო რაგბიმ (EPCR) კონტინენტის ფარი გააუქმა და ჩელენჯ თასზე 2 საგზურის ბედი გაურკვეველი გახდა. თუ არის კლუბში ინფორმაცია, ითამაშებს თუ არა წელს "ენისეი" ჩელენჯ თასზე და თუ კი, რა ფორმით?
- "ენისეი" ჩელენჯ თასზე აღარ ითამაშებს. უნდა გაკეთებულიყო ახალი ჩემპიონატი, სადაც შედარებით დაბალი დონის ქვეყნების გუნდებს უნდა ეთამაშათ, მაგრამ ისიც ჩაიშალა.
- ზედმეტი დაკვირვებების გარეშეც ჩანს, რომ რუსეთის ჩემპიონატის დონემ აიწია და ეს არ ეხება მხოლოდ უშუალოდ თამაშს. იგივე ჩემპიონატის გადაღება, გაშუქება, შეფუთვა, ეს ყველაფერი აშკარად წინ წავიდა. რის ხარჯზე მოხდა ეს? შენი აზრით, რუსები სერიოზულად დაინტერესდნენ რაგბით და გადაწყვიტეს ამ სფეროში წარმატება?
- როგორც მე ვიცი, რუსებს მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარება უნდათ და არაა გამორიცხული მოახერონ... ცდილობენ, რომ ჩემპიონატის დონის მატებასთან ერთად, ნაკრების დონემაც მოიმატოს. ამიტომაც, ნატურალიზაციას მიმართეს და ეს სამხრეთაფრიკელები, ვინც აქ თამაშობენ, ცოტა ხანში ნაკრებშიც იქნებიან.
- მეორე წელია რუსეთში თამაშობ, იქამდე კი დიდ 10-ში ასპარეზობდი. ობიექტურად რომ შეადარო ეს 2 ჩემპიონატი ერთმანეთს, როგორც დონით, ასევე სტილით.
- შარშანდელი სეზონი რომ ავიღოთ, რუსეთის ჩემპიონატში მხოლოდ 4 გუნდი იყო, რომლებიც ძალიან მაღლა იდგნენ სხვა გუნდებთან შედარებით. ახლა თითქმის ყველა ძალიან ძლიერია. მარტივად რომ ვთქვა, საქართველოში ფრთაზე ბურთი 1-2 ჯერ თუ ჩამოდიოდა და აქ პირადად ჩემი გუნდი ცდილობს, რომ გაშლილი თამაში ითამაშოს. ვინც თვალს ადევნებს "ენისეის" თამაშებს ნახავდა, იმის მიუხედავად, რომ გუნდი არაა ფორმაში, თითქმის ყველა ლელო, რომელიც დავდეთ ძალიან ლამაზი იყო. ყველაფერი ფინანსებზეა დამოკიდებული, მაგიტომ მოხდა ასე მალე დონის გაზრდა რუსეთის ჩემპიონატში.
- როგორც გავიგეთ, დიდი 10-ის გუნდების ბიუჯეტი თითქმის გაორმაგდა და 700 000 ლარი გახდა. შენი აზრით, ეს თანხა რამდენად შეესაბამება იმ მოთხოვნებს, რომელიც შეაჩერებს მორაგბეების გადინებას რუსეთში ან საფრანგეთის ქვედა დივიზიონებში?
- ცოტა გვიანია, მაგრამ ჩემი აზრით მაინც ძალიან კარგია ბიუჯეტის გაზრდა გუნდებისთვის. დაფინანსების გაზრდა რა თქმა უნდა შეაჩერებს ბიჭების რუსეთში გადინებას, მაგრამ საფრანგეთში, თუნდაც ქვედა დივიზონებში არამგონია.
- რომელ გუნდს თვლი "ენისეის" მთავარ კონკურენტად პლეი-ოფში? პენზას "ლოკომოტივს" წლევანდელი სეზონის მიხედვით თუ მაინც ტრადიციულ მეტოქეს "კრასნი იარს"?
- წლევანდელ სეზონში პენზას "ლოკომოტივი" ძალიან კარგად გამოიყურება, მაგრამ მთავარი კონკურენტი რა თქმა უნდა "კრასნი იარი" და "ვვა-პადმასკოვიე" არიან, მაგრამ ვნახოთ რა იქნება. შეიძლება "ლოკომოტივმაც" სიურპრიზები შემოგვთავაზოს.
- ეროვნულ ნაკრებში ნელ-ნელა გაახალგაზრდავების პროცესი იწყება და წლევანდელ რაგბი ევროპის ჩემპიონატზე რამდენიმე ახალგაზრდას ჰქონდა დებიუტი. როგორ ფიქრობ, მზად ხარ ნაკრებში თამაშისთვის, მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ "ენისეის" რიგებში ევროთასების გამოცდილებაც მიიღე, რაც ჩვენს უკანახაზში პრობლემაა.
- საქართველოში ძალიან კარგი ახალი თაობა მოდის, რომელიც გააძლიერებს ჩვენს ნაკრებს. რაც შემეხება მე, ეგ მწვრთნელის გადასაწყვეტია, თუ როდის ვიქნები ნაკრებში.
- 2016 და 2017 წლების 20-წლამდეთა მსოფლიო ჩემპიონატებიდან მაყურებელს ძალიან კარგად ახსოვხარ. როგორ გაიხსენებ ამ ტურნირებს, რა მოგცა ამ ჩემპიონატებმა?
- ორ 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე ვითამაშე და რაც ვიცი, ყველაფერი მაგ დროს ვისწავლე. ძალიან მაგარი მწვრთნელები არიან ახალგაზრდულ ნაკრებში და ყველაფერი მათი დამსახურებაა... ყოველ წელს იზრდება შედეგი ჩვენი ახალგაზრდა ბიჭების. პირველი მსოფლიო ჩემი ასაკის ბიჭებთან ერთად ვითამაშე ინგლისში, სადაც იტალიას მოვუგეთ. შემდეგ საქართველოში უფრო ძლიერი არგენტინა დავამარცხეთ, სასწაული ემოცია იყო ქართველი მაყურებლის წინაშე თამაში, არასდროს დამავიწყდება.
- და ბოლოს, შენს სამომავლო გეგმებზე გკითხავ. როგორ წარმოგიდგენია შენი კარიერა სამომავლოდ და რა არის შენი მიზანი, როგორც საკლუბო, ასევე სანაკრებო დონეზე?
- სიმართლე გითხრა მაგაზე არ მიფიქრია, მაგრამ მინდა, რომ ევროტურნირებზე ისევ ვითამაშო და შედარებით მეტი ვისწავლო რაგბის კუთხით, ვიდრე ახლა ვიცი... საქართველოს და რუსეთს ჩემპიონატი ძალიან შორსაა ჩელენჯ თასთან შედარებით, ამიტომ ვიმედოვნებ, რომ კიდევ ბევრჯერ ვითამაშებ დიდ რაგბის, ჯერ მხოლოდ 22 წლის ვარ.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.