სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

ქართულ რაგბიში სერიოზული კრიზისი მძვინვარებს. 6 თვეა, რაც საქართველოს ჩემპიონატი ყველა დონეზე შეჩერებულია და განახლების ზუსტი თარიღი კვლავაც უცნობია. ამას მოჰყვა, კლუბების პროტესტი რაგბის კავშირისადმი და ჩამოყალიბდა 31 კლუბის გაერთიანება - "საინიციატივო ჯგუფი", რომლის მიზანიც ქართულ რაგბიში არსებული კრიზისის მოგვარება და რასაკვირველია ჩემპიონატის ბედის გადაწვეტა გახლდათ.
გოჩა სვანიძის გადადგომის შემდეგ, უნდა შექმნილიყო დროებითი კრიზისის მართვის საბჭო, თუმცა უთანხმოება აქაც მოხდა, რადგან საინიციატივო ჯგუფი საბჭოში სამ ადგილს ითხოვდა, ხოლო რაგბის კავშირის მმართველი გუნდი ერთი ადგილის გამოყოფაზე იყო თანახმა. 14 აგვისტოს თანამდებობა დატოვა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი გორგალიძემაც, რომელმაც მხოლოდ 10 დღე უხელმძღვანელა რაგბის კავშირს. მისი განცხადებით, შექმნილ სიტუაციაში, მართვის შემოთავაზებულმა ფორმამ ვერ გაამართლა.
14 აგვისტოს 31 კლუბის ორგანიზებით რაგბის კავშირში პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც არსებულ პრობლემებზე ითქვა, მთავარი მოთხოვნა კი პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრა იყო, რომელიც ზემოხსენებული პრესკონფერენციიდან ორ დღეში შედგა და კვირას ის რაგბის კავშირის და საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდა, რომელშიც პრემიერ-მინისტრი მორაგბეებს ფინანსურ დახმარებას დაპირდა და გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ახალი ჩემპიონატი სექტემბრის ბოლოსთვის დაიწყება.
პარასკევს გამართული პრესკონფერენციის შემდეგ, Myrugby.Ge-მ რუსთავის "ხარების" მთავარ მწვრთნელ მამუკა მინდორაშვილთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა, რომელსაც რამდენიმე დღის დაგვიანებით გთავაზობთ. რუსთავული კლუბი 2018/2019 წლების სეზონში საქართველოს ვიცე-ჩემპიონი გახდა, ხოლო სანამ კორონავირუსი დაიწყებოდა და ჩემპიონატი ჩაიშლებოდა, კლუბი მეოთხე ადგილზე იყო და ლიდერებს ექვსი ქულით ჩამორჩებოდა.
ინტერვიუში მინდორაშვილმა "ხარებში" არსებულ მდგომარეობაზე და პრობლემებზე ისაუბრა, რომელიც მთლიანად ქართულ საკლუბო რაგბიში ტრიალებს და ასევე ისაუბრა იმ გზებზე, რომლის გაკეთების შემთხვევაშიც, მთლიანად ქართული რაგბი წაიწევს წინ. დანარჩენი კი ჯობს თავად წაიკითხოთ.
- როგორი მდგომარეობაა "ხარებში"? როდის განაახლეთ ვარჯიშები და როგორია კლუბის ფინანსური მდგომარეობა?
- არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ძალიან დიდი კრიზისი არის და ბუნებრივია, რომ ეს ყველაფერი ჩვენს კლუბსაც შეეხო მნიშვნელოვნად, მაგრამ ჩვენ ქალაქის ხელმძღვანელობაც გვეხმარება და ასე თუ ისე, რაღაცნაირად მოვახერხეთ მობილიზება და დავიწყეთ ვარჯიში. უკვე სამი კვირაა რაც ვვარჯიშობთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ დაკმაყოფილებულები გვყავს ჩვენი მორაგბეები.
ალბათ მთლიანად გუნდის დამსახურებაა, რომ მოვახერხეთ ერთად შეკვრა და ვარჯიშების განახლება. კიდევ ვამბობ, რომ პრობლემა დიდია და მადლობას ვუხდი ბიჭებს, რადგან ფაქტობრივად ენთუზიაზმზე ვარჯიშობენ, რადგან ამ მომენტისთვის არ აქვთ კონტრაქტები, არ აქვთ ჯამაგირი და რაც ყველაზე ცუდია, აქვთ გაურკვევლობის შეგრძნება, რა იქნება არ იციან, მაგრამ რაგბის, ჩვენი ქალაქის და ჩვენი გუნდის სიყვარულმა შეგვაძლებინა, რომ შეკრება მოგვეხერხებინა და სამი კვირაა უკვე ვვარჯიშობთ. ვიცავთ ყველა წესს და რეკომენდაციას, რომელიც პანდემიის პერიოდში საქართველოს მთავრობის მიერაა დაწესებული და ასე თუ ისე, მოსამზადებელ ეტაპს შევუდექით, მაგრამ ისევ და ისევ დიდ პრობლემას ქმნის ეს გაურკვევლობა, თუ რა იქნება და როდის იქნება.
ძნელია ასეთ პირობებში სპორტსმენების შეკავება და ყველანაირად მესმის მათი, რადგან მათ სურთ თავიანთი კარიერის გაგრძელება, აქ კი ხედავს, რომ შეიძლება საერთოდ აღარაფერი მოხდეს და მთელი თავისი ამდენი ნაშრომი წყალში ჩაეყაროს. ეს არ ეხება მარტო დიდ 10-ს, აქ არის ჭაბუკა "ა" ლიგა, "ბ" ლიგა, აქ არიან პატარა ბიჭები, რომლებსაც უკვე საკუთარი გრძელვადიანი მიზნები აქვთ. ზოგიერთი უკვე კანდიდატია ახალგაზრდული ნაკრებებს, აქვთ პერსპექტივა, კარგი მონაცემები. ასეთი მორაგბეებისთვის ხუთთვიანი გაჩერება, ბურთთან არ შეხება ძალიან ცუდია. კი ინდივიდუალური ვარჯიშები მესმის, მაგრამ მოგეხსენებათ, რომ რაგბი ძალიან კოლექტიური თამაშია. ბიჭები მონდომებულები, მაგრამ გაურკვეველ მდგომარეობაში არიან, წინ რა გველის ჯერ არ ვიცით, ასეთი სიტუაცია გვაქვს. იმედია, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდება, გაითვალისწინებენ კლუბების მოთხოვნას და რაც შეიძლება მალე დავიწყებთ ჩემპიონატს.
- სავარაუდოდ,2019/2020 წლების სეზონი ვერ განახლდება და თუ ასე მოხდა, როგორ ფიქრობთ, როგორი ფორმატით უნდა ჩატარდეს მომდევნო სეზონის დიდი 10? უნდა დარჩეს 10 გუნდი, თუ ერთი სეზონით რაოდენობა 12-მდე გაიზარდოს?
- არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, რა ფინანსური შესაძლებლობაც აქვთ კლუბებს და როგორიც თუნდაც გასულ სეზონებში ჰქონდათ, კლუბების უმრავლესობა ასეთ პირობებში ჩემპიონატში თამაშსაც კი ვერ შეძლებენ, რადგან მოხდა მოთამაშეების გადინება, რომლებსაც ვერ ავსებენ ახლებით და ხარისხიანად ვერ ემზადებიან ახალი ჩემპიონატისთვის. გასახსნელია სატრანსფერო ფანჯარა, რათა გუნდებმა მოახერხონ მორაგბეების მოწვევა სხვადახვა კლუბებიდან, იგივე ქვედა ლიგებიდან გადმოიყვანონ პერსპექტიული ბიჭები, რომ შეძლონ ნორმალური ჩემპიონატის ჩატარება და რაღაც შედეგის ჩვენება.
12 გუნდზე საკითხის დაყენება მოხდა იმიტომ, რომ ჩაიშალა 2019/2020 წლების სეზონი და ვინმე რომ არ დაჩაგრულიყო, უსამართლო მდგომარეობაში რომ არ აღმოჩენილიყო, რადგან დიდი 10-დან გავარდნა არავის ჰქონდა განაღდებული და ყველას შეეძლო გადარჩენა, ხოლო პირველ ლიგაში "არესმა" და "ვეფხვებმა" იშრომეს, მთელი სეზონი დახარჯეს, ივარჯიშეს და მიაღწიეს წარმატებას. ასეთ პირობებში დატოვო 10 გუნდი, უსამართლობის გრძნობას ტოვებს და გამოდის, რომ ვიღაც დაიჩაგრება. ვთვლი, რომ 12-გუნდიანი ფორმატი ყველაზე სამართლიანი და უმტკივნეულოა ამ სიტუაციაში, ერთი წელი უნდა გავიჭირვოთ და უმაღლესმა ლიგამ 12 გუნდით უნდა ვითამაშოთ. ეს ასევე მოგვცემს იმის საშუალებას, რომ გავიგოთ, ადრეა თუ არა ჯერ 12 გუნდზე ფიქრი, იქნებ საერთოდ რვაგუნდიანი ჩემპიონატის ჩატარებაა საჭირო. ეს მოგვცემს ამის ანალიზის საშუალებას. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს მოხდება მხოლოდ ფინანსური დახმარების ხარჯზე, ხოლო თუ ფინანსური დახმარება არ მოხდა, შეიძლება სულ სამი კლუბი დარჩეს, ხოლო სამკლუბიანი ჩემპიონატის ჩატარება როგორ გამოვა, ადვილი მისახვედრია.
- დღევანდელ (პარასკევის - ავტ.) შეხვედრაზე ითქვა, რომ საინიციატივო ჯგუფს და რაგბის კავშირს ერთმანეთთან უთანხმოება აქვთ: რაგბის კავშირის ხელმძღვანელობას არ სურს, რომ საინიციატივო ჯგუფიდან კრიზისის მართვის დროებით საბჭოში სამი წევრი იყოს. თქვენი აზრით, რატომ არ სურს რაგბის კავშირის მმართველ გუნდს, რომ საინიციატივო ჯგუფიდან სამი წევრი იყო წარდგენილი? რას ემსახურება ეს პოზიცია?
- წარმოდგენა არ მაქვს, ვერ ვხვდები უბრალოდ. თუ ჩვენ ერთ საქმეს ვაკეთებთ, თუ რაგბის კავშირსაც და კლუბებსაც ერთი მიზანი აქვთ, რომ გამოვიდეთ კრიზისული მდგომარეობიდან, რას წყვეტს კავშირისთვის კვოტების ეს რაოდენობა. მე მესმის კლუბების მოთხოვნა, რომ საბჭოში სამი ადამიანი იყოს, რადგან იქ რაღაც გადაწყვეტილებების მიღების დროს კლუბებს უნდა ჰქონდეთ თავიანთი ხმა, რაღაც სადაო საკითხი რომ წარმოიშვას, კლუბებს უნდა ჰყავდეთ იმ რაოდენობის წარმომადგენლები, რომ თავისი მოთხოვნა გაიტანონ. ერთი კაცი მგონი რომ, ამისთვის ცოტაა.
კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ ჩვენ ერთი და იმავე მიზანს, რაგბის განვითარებას ვემსახურებით, წარმოუდგენელია დაქცეულ მდგომარეობაში მყოფმა კლუბებმა მოახერხონ იმ დონის შენარჩუნება, რომ ეროვნულ და ახალგაზრდულ ნაკრებს მიაწოდონ ძველებური ხარისხის კადრები. ზუსტად კლუბებში უნდა აღმოჩნდნენ ის ტალანტები, რომლებიც შემდეგ ასაკობრივ და ეროვნულ ნაკრებებს შეავსებენ. ამის საშუალება თუ არ მიეცათ კლუბებს და დავუბრუნდით იმ დროს, როდესაც ასფალტზე ვარჯიშები გვიწევდა და მხოლოდ და მხოლოდ ენთუზიაზმით ვიყავით, შეუძლებელი გახდება წინსვლა, რადგან მაშინ სულ სხვა დრო იყო და ახლა სულ სხვა დროა. მაშინ მეც და ბევრმა სხვა მორაგბემ გადავწყვიტეთ, რომ რაგბის სიყვარულის გამო გვეთამაშა, ზოგმა უფრო დიდ წარმატებას მიაღწია, ზოგმა ნაკლებს, თუმცა ყველაფერი გავაკეთეთ, რომ რაგბი უფრო წარმატებული გაგვეხადა, რაც მოვახერხეთ კიდეც, რომ უფრო მაღალ დონეზე ავსულიყავით, მაგრამ ახლა ფინანსების გარეშე მაღალ მიზნებზე ფიქრი უკვე შეუძლებელია, დღევანდელი საერთაშორისო რაგბიც სულ სხვა სიმაღლეზეა ასული.
ფინანსების გარეშე კლუბები ვერ შეძლებენ მოიზიდონ ნიჭიერი ბავშვები, იქნება ეს ქალაქებიდან, თუ რეგიონებიდან. ბავშვები, რომლებიც არიან მონდომებულები, სურთ რაგბის თამაში და მორაგბეებად ჩამოყალიბება, ვერ მოახერხებენ ხარისხიან, ნორმალურ ვარჯიშს. როგორ უნდა მოხდეს საკმარისი რაოდენობის კონკურენტუნარიანი მორაგბეების ჩამოყალიბება, რომლებიც მოხვდებიან ასაკობრივ და ეროვნულ ნაკრებებში, თუ არ იქნება კლუბებში ელემენტარული პირობები?
ბოლო წლებში ხშირად მესმოდა საუბარი, რომ თითქოს დიდ 10-ში კარგი მორაგბეები ვერ იზრდებიან და აქაური მორაგბეები, რაც შეიძლება მალე უნდა წავიდნენ უცხოეთში. მაგრამ, მოდით შევხედოთ იმას, თუ სად წავლენ. რატომ არის პროგრესი დაბალი დონის უცხოურ გუნდში წასვლა? ზოგიერთ შემთხვევაში ისეთ გუნდებში მიდიან მორაგბეები, რომ დამატებითი სამუშაოს მონახვაც კი უწევთ. ესაა განვითარება? ჩემი აზრით, არა.
საქმე იმაში კი არაა, რომ დიდი 10-ის გუნდები ვერ ახერხებენ კარგი მორაგბეების გაზრდას, არამედ იმაშია, რომ დიდი 10-ის და არამარტო დიდი 10-ის გუნდებს, ზოგადად ქართულ კლუბებს არ აქვთ იმის სახსრები, რომ უფრო ნაყოფიერად იშრომონ, უფრო მეტი გააკეთონ, უფრო მეტი კარგი მორაგბე რომ გაზარდონ. ახლა კი ისეთი სიტუაცია გვაქვს, რომ რასაც აკეთებდნენ კლუბები იმასაც ვეღარ გააკეთებენ, თუ მდგომარეობა არ გამოსწორდა. საჩქაროდ არის რაღაც ზომები მისაღება, რაღაც უნდა ქნას რაგბის კავშირმა. კლუბები ტყუილად არ შევკრებილვართ, სწორად ითქვა, რომ კლუბებს თვითგადარჩენის ინსტიქტი ჩაერთოთ, მართლა ასეა. თუ ასე გაგრძელდა, კლუბები უბრალოდ შეწყვეტენ არსებობას და ვეღარ მოახერხებენ ვერაფერს. რაგბი მარტო მოედანზე გასვლა და თამაში არაა, თითოეულ კლუბს უამრავი სამუშაო აქვს გასახორციელებელი, როგორც სტრუქტურაზე, ტაქტიკაზე, გონებრივ განვითარებაზე. ეს თუ ვერ შეძლო კლუბმა, მარტო აკადემია და ეროვნული ნაკრები ვერ იზამს ვერაფერს და რაც რუმინეთს დაემართა, შეიძლება მერე ჩვენ უარესი დაგვემართოს.
- როგორც გაიჟღერა, დიდი 10-ის კლუბები ითხოვენ, რომ დაფინანსება 400 000 ლარიდან 2 მილიონამდე გაეზარდოთ, რადგან დაფინანსება 2011 წლის შემდეგ აღარ გაზრდიათ.
- ფინანსურ საკითხვებში მე დიდად ჩახედული არ ვარ, თუმცა ბუნებრივია, რომ რაც მეტი იქნება დაფინანსება, მით უფრო უკეთესია. ჩვენი გუნდის მაგალითს გეტყვით: მწვრთნელები მე, ზაზა ხუციშვილი და გია ზირაქაშვილი ვართ, რომლებიც ვწვრთნით დიდი 10-ის გუნდს. ამ დროს ჩვენ არ გვყავს პროფესიონალი ფიზმომზადების მწვრთნელი, რადგან ამის არანაირი საშუალება არ გვაქვს. არა გვაქვს საშუალება, რომ ავიყვადროთ კადრი, რომელიც ვიდეომონტაჟს მიხედავს, წვალებით, რაღაცა ხერხებით ვახერხებთ, რომ სტატისტიკა შევადგინოთ, მეტოქეზე ინფორმაციები მოვიძიოთ. ასევე არსებობს ინვენტარის და ეკიპირების მხრივ ძალიან დიდი პრობლემა, პრობლემაა შეკრებების ჩატარებებიც. მოკლედ, უამრავ პრობლემაზე შეიძლება საუბარი. ფაქტობრივად სამოყვარულო დონეზე ვართ, ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, რომ მორაგბეებს საარსებო მინიმუმზე ცოტა მეტი მაინც მივცეთ, მაგრამ ეს საკმარისი არაა, რადგან როდესაც ბიჭები ასე ვარჯიშობენ, მათ სჭირდებათ ხარისხიანი კვება, ხარისხიანი დასვენება, კარგი ეკიპირება უნდათ. ყველანაირადვცდილობთ, რომ ბიჭებს ეს ყველაფერი მივცეთ, მაგრამ რაც გამოგვდის, ეს არის ზღვაში წვეთი, რაც მათ სჭირდებათ.
კიდევ ვიმეორებ, რომ ჩვენ ქალაქის ხელმძღვანელობაც გვეხმარება და კიდევ მაგიტომ ვახერხებთ სხვებზე ცოტა უკეთეს მდგომარეობაში ყოფნას, თორემ მხოლოდ 400 000-ით მთელი სეზონი გატანა, ფაქტობრივად შეუძლებელია. წარმოიდგინეთ, ჩვენ გვყავს დიდი 10-ის გუნდი, რომელიც ვარჯიშობს, დადის სხვადასხვა ქალაქში სათამაშოდ და მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა სურს. გარდა ამისა, ჩვენ გვყავს „ა“ და „ბ“ ლიგის ჭაბუკთა გუნდები, ყველა ასაკის საფესტივალო გუნდები. გარდა ამისა, მწვრთნელები, პერსონალი, სტადიონის გადასახადი და სხვა ხარჯები. მხოლოდ 400 000 როგორ უნდა გვეყოს? ეს ხომ წარმოუდგენელია. ნორმალური, ისეთი ხელფასი რომ გადავუხადოთ ადამიანს, ნორმალურად რომ იკვებოს და იარსებოს, ამაშიც კი არ კმარა ეს თანხა. წარმოუდგენლად მცირე თანხაა დღეისთვის.
- როგორც ვიცით, „ხარები“ რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს ირაკლი აბუსერიძეს უჭერს. რატომ? მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში, რას ელით ქართული რაგბისთვის?
- ირაკლი აბუსერიძე მეორედ იყრის კენჭს და ჩვენ 2015 წელსაც მას ვუჭერდით მხარს. მიზეზი? პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ არ ვეთანხმებოდით არც გია ნიჟარაძის, არც გოჩა სვანიძის ხედვებს. ჩვენ გვქონდა შეხვედრები, რომლებზეც ვაფიქსირებდით ჩვენს შენიშვნებს და მოთხოვნებს, ვსაუბრობდით ჩვენს ხედვებზე, რომლებიც რაგბის განვითარებას ეხება. იყო და არის ძალიან ბევრი ხარვეზი, რომელზე სასაუბროდაც ერთი ინტერვიუ არ გვეყოფა.
პირადად ჩემი აზრით, არ შეიძლება, რომ კლუბების წარმომადგენლები მუშაობდნენ ეროვნულ ნაკრებში, ასაკობრივ ნაკრებებში, აკადემიებში. მათ პროფესიონალიზმში ეჭვი ნამდვილად არ შემაქვს, პირიქით, მაგრამ ეს გარკვეულწილად მაინც ქმნის არაობიექტურ შეხედულებებს მოთამაშეების მიმართ. საქმეში ჩახედულ ადამიანებს კარგად მოეხსენებათ, რომ არცერთ ნორმალურ ქვეყანაში ასე არ ხდება. უნდა ჩამოაყალიბოს რაგბის კავშირმა სისტემა, რომლითაც ამ ყველაფრის დახვეწა მოხდება.
რაგბის კავშირმა ძალიან კარგი საქმე გააკეთა, რომ განავითარა მსაჯები. იყო ისეთი წარმოდგენა, რომ თითქოს ქართველებს მაღალ დონეზე მსაჯობა არ შეეძლოთ, თუმცა გამოჩნდა, რომ ამის გაკეთება მშვენივრად შეუძლიათ და ამ ახალგაზრდა ბიჭებმა უკვე ბევრ წარმატებებს მიაღწიეს და მომავალში კიდევ უფრო მეტი შეუძლიათ.
ჩვენ გვქონდა ლაპარაკი, რომ იგივე რაღაც მომხდარიყო სხვა მიმართულებითაც, მაგალითად ბავშვთა მწვრთნელებზე. სულ მიდის ხოლმე ლაპარაკი, რომ ბავშვთა მწვრთნელები არა გვყავს, რას ნიშნავს ბავშვთა მწვრთნელები არა გვყავს? როგორ არ გვყავს, მაგრამ იმ ბავშვთა მწვრთნელებს მომზადება სჭირდებათ, სემინარების ჩატარება, უცხოეთში წასვლა და იქ პრაქტიკის გავლა, ერთი სიტყვით სათანადო პირობების შექმნა სჭირდებათ. ჩემს პირად მაგალითზე რომ გითხრათ, ერთხელ მომიწია წასვლა საფრანგეთში. „კლერმონის“ ვარჯიშებს დავესწარი, ძალიან ბევრი საინტერესო რამ ვნახე, რაღაცეებს სხვანაირად შევხედე და ეს გამოცდილება მომავლისთვის ძალიან გამომადგა. ასე უნდა მოხდეს ბავშვთა მწვრთნელებზეც, უნდა ჰქონდეთ უცხოეთში წასვლის და გადამზადების შესაძლებლობა, როგორც ეს მოხდა მსაჯების შემთხვევაში. მათი ეს ცოდნა შემდეგ კლუბებს გამოადგებათ, როდესაც ბავშვი რაგბიზე შემოვა, ის გაცილებით ხარისხიან სწავლებას მიიღებს, რაც მათ განვითარებაზე გაცილებით უკეთ აისახება. ძალიან კარგი, რომ აკადემიას ექცევა ყურადღება, თუმცა აკადემიაში და ასაკობრივ ნაკრებებში ისევ კლუბებიდან მიდიან და ასეთ შემთხვევაში, ისინი კლუბიდან გაცილებით ხარისხიან მოთამაშეებს მიიღებენ. ამას სჭირდება გეგმის ჩამოყალიბება, რომლის მიხედვითაც მოხდება მწვრთნელების კვაფიკაციის, დონის ამაღლება. ამ მომენტშიც გვყავს ბავშვთა მწვრთნელები, მაგრამ მათ საერთაშორისო გამოცდილება აკლიათ და მათთვის აუცილებელია უცხოეთში ისეთივე სემინარების შესაძლებლობა ჰქონდეთ, როგორც ეს მსაჯების შემთხვევაში მოხდა.
ირაკლი აბუსერიძის და დავით ზირაქაშვილის დახმარებით ჩვენ დავამყარეთ ურთიერთობა „კლერმონთან“, ამ კლუბის აკადემიასთან, გვქონდა გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც უნდა მომხდარიყო ჩვენი ახალგაზრდული გუნდის წასვლა საფრანგეთში, „კლერმონის“ ესპუარების ჩამოსვლა რუსთავში და უნდა წასულიყო სერიოზული ურთიერთთანამშრომლობა, მაგრამ მოგეხსენებათ, რომ იმ წელს „ხარები“ პირველ ლიგაში დაქვეითდა და რის გამოც ეს პროექტი ვეღარ განვითარდა გარკვეული პრობლემების გამო. სამომავლოდაც მსგავსი პროექტები საინტერესო იქნებოდა.
კავშირის მოქმედ გუნდთან საუბრისას რაღაც პრობლემა როდესაც გვიხსენებია, ყოფილა, რომ დაგვთანხმებიან და ამ პრობლემის გამოსწორებაზე, რაღაცის შეცვლაზეც უსაუბრიათ, თუმცა სამწუხაროდ საქმეში ეს არ განხორციელებულა და შედეგებს ყველა ვხედავთ. ჩემთვის კონკრეტულ სახელს არ აქვს მნიშვნელობა, თუ ვინ იქნება სათავეში, ჩემთვის მთავარია, რომ გაკეთდეს საქმე და მოხდეს ქართული რაგბის წინსვლა.
გოგიტა ბუხაიძის ფოტო
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.