რაგბის ლაბორატორია როგორ უნდა მოხდეს სარაგბო ცნობიერების ამაღლება ამაშუკელის ახალი პროექტი

რაგბის ლაბორატორია როგორ უნდა მოხდეს სარაგბო ცნობიერების ამაღლება  ამაშუკელის ახალი პროექტი

© Icon Sport

ნიკა ამაშუკელის კარიერა სწრაფი ნაბიჯებით მიდის წინ. ჯერ მხოლოდ 25 წლისაა და ქართული რაგბის ისტორიაში უკვე შევიდა: ნიკა პირველი ქართველია, რომელმაც 6 ერის სტრუქტურაში იმუშავა - ის 20-წლამდელთა 6 ერში უკვე სამჯერ მიიწვიეს და ყველა შემთხვევაში, დაკისრებულ მოვალეობას თავი იდეალურად გაართვა. 2019 წელს იმსაჯა არგენტინაში გამართულ მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატზე, შემდეგ კი გინეს პრო 14-ში. იქამდე, ქართველი მსაჯებისთვის ასეთი წარმატება მიუღწეველი იყო. გარდა ამისა, ამაშუკელმა ჩელენჯ თასზეც დაიმკვიდრა თავი და წლევანდელი სეზონის ჯგუფურ ეტაპზე 5 მატჩი ანდეს, ხოლო გაზაფხულზე ფრანგულ პრო დ2-შიც უნდა ჰქონოდა, მაგრამ პანდემიის გამო სეზონი ჩაიშალა.

საქართველოში ბოლო 20 წელია რაგბი პოპულარობით სარგებლობს და რაც დრო გადის, როგორც გულშემატკივრების, ასევე რეგისტრირებული მორაგბეების რიცხვი იზრდება. მაგალითისთვის, 2007 წელთან შედარებით მორაგბეების რაოდენობამ დაახლოებით ოთხჯერ იმატა.

მიუხედავად ამისა, ბევრ გულშემატკივარს ჯერ კიდევ უჭირს რაგბის მთელი რიგი წესების აღქმა და სტადიონზე ხშირად გაგვიგია, როდესაც "ბორჯღალოსნების" საგულშემატკივროდ მისული ქომაგი კითხულობდა და ვერ გაეგო, თუ რატომ დააჯარიმა მსაჯმა რომელიმე გუნდი, ან რატომ დაინიშნა შერკინება, როდესაც მოლის შემდეგ ბურთი აღარ გამოჩნდა, ან რატომ შეეძლო თავისუფლად თამაში იმ მორაგბეს, რომელმაც ბურთი საკუთარ 22-ში დაიჭირა და ხელი მაღლა აწია და ა.შ. მსგასი კითხვები ბევრს გექნებათ გაგონილი და გასაკვირი არცაა, რადგან ვერ ვიტყვით, რომ რაგბის წესები მარტივია, პირიქით ბევრი წესი საკმაოდ რთულად აღქმადია და ყოფილა შემთხვევები, როდესაც მორაგბეებს, თანაც მსოფლიო დონის ვარსკვლავებსაც კი არ სცოდნიათ კონკრეტული წესი, მაგალითად სონი ბილ უილიამსმა არ იცოდა, რომ საკუთარ ლელოში დაკიდებული ბურთის მოედანს მიღმა განზრახ, ხელებით გადაგდება არ შეეძლო და ამისთვის საფრანგეთთან მატჩში ყვითელი ბარათით და საჯარიმო ლელოთი დაისაჯა.

2019 წლის საუკეთესო ქართველი მსაჯის სურვილია, რომ როგორც გულშემატკივრებს, ასევე დამწყებ, ახალგაზრდა მორაგბეებს სარაგბო ცნობიერების ამაღლებაში დაეხმაროს: ასწავლოს წესები, გააცნოს სპეციფიური დეტალები, რომლის გაგების შემდეგაც, რაგბის თამაში და ყურება ბევრად უფრო სასიამოვნო პროცესი იქნება, მოხდება თამაშის სწორად აღქმა და მსაჯის გადაწყვეტილების სწორად გაანალიზება.

სწორედ ამ მიზნით, ამაშუკელმა ახალი, საინტერესო პროექტი წამოიწყო, რომლის მიზანიც, როგორც უკვე ვთქვით, დამწყებ მორაგბეებსა და გულშემატკივრებში სარაგბო ცნობიერების ამაღლებაა. ნიკა იმედოვნებს, რომ მისი წამოწყება ადრესატებისთვის საინტერესო იქნება და ბევრ საინტერესო სიახლეს გვპირდება. ამაშუკელის ინიციატივით შეიქმნა ფეისბუქ გვერდი "რაგბის ლაბორატორია" და სწორედ ამ გვერდზე შეგვეძლება იმ სიახლეების გაცნობა, რომელსაც ქართველი მსაჯი შემოგვთავაზებს.

დანარჩენს კი თავად ნიკა გვეტყვის, რომელსაც ახალ პროექტთან დაკავშირებით Myrugby.Ge გაესაუბრა.

"ეს არის პირადად ჩემი იდეა, გვერდიც ჩემს მიერაა შექმნილი და მე ვიქნები ყველაფრის ორგანიზატორი. რა არის ამ გვერდის, აქტივობის შექმნის იდეა? მინდა, რომ გულშემატკივრებს და არა მხოლოდ მათ, იგივე ბავშვებს, "ბ" ლიგის მორაგბეებს დავეხმარო და სარაგბო ცოდნა გავუზიარო. აშკარაა, რომ ამ კუთხით რაღაცეები გვჭირდება. ვფიქრობ, რომ მოთამაშეები პატარა ასაკიდანვე ასეთ სპეციფიკებში რომ გაარკვიო, ძალიან კარგი იქნება. ასევე, გულშემატკივრებს ვისაც ექნებათ სურვილი, რომ გაერკვიონ ძალიან საინტერესო დეტალებში, რა თქმა უნდა არა ისეთ სიღრმისეულ დეტალებში, როგორც ამას მსაჯები განვიხილავთ, მაგრამ ისეთ დონეზე, რომ მათ წესები სწორად აღიქვან და თამაშის მიმდინარეობისას, სიტუაციის სწორად შეფასება შეძლონ.

რას მოიცავს უშუალოდ პროექტი? შედგება ჯგუფები, შემდეგ მოხდება გადანაწილება იმის მიხედვით, თუ ვინ როგორ ინტერესს გამოიჩენს. გულშემატკივრების ჯგუფი ცალკე იქნება, მოთამაშეები ცალკე და ა.შ. განსხვავებული კონტიგენტები ცალ-ცალკე იქნება დვ სწავლებაც შესაბამისად მოხდება. მთავარი მაინც ისეთი ტექნიკური სარაგბო დეტალებია, რომ უფრო მეტად გასაგები, აღქმადი გახდეს ეს სპორტი ხალხისთვის. ჩემი მიზანი სწორედ ეს იქნება, რომ გულშემატკივრისთვის რაგბი უფრო აღქმადი გახდეს და ყველამ გაითავისოს, რომ რაგბი მხოლოდ დაჯახება არ არის. რატომ და რა მომენტებზე ვუსტვენთ, რას ვუყურებთ, რა არის რაქი, შერკინების, მოლის პრინციპი. მინდა, რომ ეს ფუძეები გავაცნო გულშემატკივარს და მოთამაშეებს.

მექნება ამ ყველაფრის როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული გაკვეთილები. დიახ, პრაქტიკაშიც ვანახებ იმას, რასაც იქამდე გავივლით. იქნება ერთთვიანი კურსები, რომელიც არ იქნება უფასო და სურვილის მიხედვით, ვისაც როგორი სურვილი ექნება, იმის მიხედვით შედგება ჯგუფები. იქნება სახალისო გათამაშებებიც, მაგალითად ნაკრების ეკიპირებით ჯილდოები. მოკლედ, ბევრ კარგ და საინტერესო რაღაცას გპირდებით. მთავარია, რომ ინტერესი იყოს და მაყურებელმა მეტად მოინდომოს, რომ გაერკვიოს რაგბის დეტალებში, სპეციფიკაში. ძალიან ხშირად არის, როდესაც მსაჯსაც უჭირს გადაწყვეტილებას მიღება და ბევრი გულშემატკივრისთვის მითუმეტეს ბუნდოვანია რაღაც დეტალები. მსურს, რომ სწორედ ამ დეტალებს ავხადო ფარდა და იმედია გულშემატკივრებისგანაც სათანადო ინტერესი იქნება.

როგორც ვთქვი, ეს არ არის არც სამსაჯო კომიტეტის და არც რაგბის კავშირის ინიციატივა და პირადად ჩემი იდეაა. მგონია, რომ საინტერესო პროექტი უნდა იყოს, რომელიც გაამართლებს, რადგან რაგბის მიმართ ინტერესი დიდია, როგორც პატარების, ასევე ზრდასრულების მხრიდან. ეს იქნება ლექციებივით, უნდა გაიარო კურსი და როდესაც ის რაღაც მონახაზამდე მივა, გარანტიას მივცემ ჩემთან მოსულ ადამიანს, რომ რაგბს სულ სხვა თვალით შეხედავს, ბევრად უკეთ გაერკვევა და ბევრად უფრო მეტ სიამოვნებას მიიღებს, როგორც თამაშისგან, ასევე თამაშის ყურებისგან, რადგან ბევრ დეტალს სულ სხვაგვარად აღიქვამს.

გვერდზე დაიდება რა თქმა უნდა ვიდეოებიც. თეორია სწორედ ვიდეოებით იქნება, საჭირო ახსნები, ხოლო პრაქტიკა ცალკე იქნება, უშუალოდ მოედანზე. იმ ადამიანებს, ვისაც ეს დეტალები არ გამოუცდიათ, თავად გააკეთებენ ამ ყველაფერს ბურთით ხელში, ბევრად უფრო მარტივად გაიგებენ შემდეგ ყველაფერს და შემდეგ თამაშსაც ბევრად უფრო სასიამოვნოდ აღიქვამენ. ჩანაფიქრიც სწორედ ესაა და მგონია, რომ ეს ყველაფერი ძალიან საინტერესო უნდა იყოს", - განაცხადა 25 წლის ქართველმა მსაჯმა.

იხილეთ და მოიწონეთ ზემოხსენებული გვერდი "რაგბის ლაბორატორია".

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"