ლუკა ჯაფარიძე: "20-წლამდელთა ნაკრებში თამაში ჩემი განვლილი ცხოვრებიდან საუკეთესო პერიოდია"

ლუკა ჯაფარიძე: "20-წლამდელთა ნაკრებში თამაში ჩემი განვლილი ცხოვრებიდან საუკეთესო პერიოდია"

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები 2016 წლიდან მოყოლებული ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე შეუცვლელად ასპარეზობს. ამ პერიოდში, უმცროსმა ბორჯღალოსნებმა იტალიის, არგენტინის, ირლანდიის, იაპონიის, შოტლანდიის (ორჯერ) და ფიჯის დამარცხება მოახერხეს. ილია მაისურაძის, ზურაბ ამონაშვილის და ლადო კილასონიას გაწვრთნილმა გუნდმა განსაკუთრებული შედეგი 2018 წელს აჩვენა, როდესაც საქართველომ 20-წლამდელთა მსოფლიოზე ირლანდიის, იაპონიის და შოტლანდიის დამარცხება მოახერხა.


ამ გუნდიდან ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მოთამაშე მარჯვენა ბურჯი ლუკა ჯაფარიძე გახლდათ, რომელმაც ის ტურნირი ბრწყინვალედ ჩაატარა და 4 შეხვედრაში 2 ლელოს გატანა მოახერხა. თინეიჯერი პირველხაზელის ჩინებული ასპარეზობა "ბრივის" სკაუტებსაც არ გამორჩენიათ და გათამაშების დასრულებისთანავე, კონტრაქტი გაუფორმეს.


ლუკამ პირველი სეზონი "ბრივის" ესპუარებში გაატარა, ხოლო გასულ წელს ძირითად გუნდში დააწინაურეს. მან ჩელენჯ თასზე 3 შეხვედრა ჩაატარა, ხოლო ტოპ 14-ში ერთხელ მოუწია თამაში. დეკემბრის მეორე ნახევარში ქართველმა ბურჯმა მუხლის ტრავმა მიიღო, ხოლო მარტის პირველივე რიცხვებში კორონავირუსის გამო სეზონი შეწყდა, შესაბამისად, 2020 წელს ჯერ არ უთამაშია და ახალი სეზონის დაწყებას მოუთმენლად ელის.


Myrugby.Ge ლუკას საფრანგეთში დაუკავშირდა და მასთან ვრცელი, საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა, რომელსაც აქვე გთავაზობთ.


- პირველ რიგში, როგორ ხარ? როგორ გაატარე კარანტინის პერიოდი, სად და რას აკეთებდი უმეტესად შეზღუდვების დროს?


- პირველ რიგში მადლობა ყურადღებისთვის. კარანტინის პირველი პერიოდი ძალიან რთული იყო, რადგან სახლის პირობებში გვიწევდა ვარჯიში და გარეთ გასვლა შეზღუდული იყო. გარკვეული პერიოდის შემდეგ გუნდმა დაგვირიგა სათანადო ინვენტარი, რომ სახლის პირობებშიც ნორმალურად გვევარჯიშა. შემდეგ კი, უკვე შევძელით, რომ გარეთაც გავსულიყავით, მოედანზეც გვევარჯიშა და სათანადო ფორმა, ფიზიკური კონდიციები უკეთ შეგვენარჩუნებინა.


- როდის განაახლა ვარჯიშები "ბრივმა"? როგორ ემზადებით ახალი სეზონისთვის, კვლავ შეზღუდულად გიწევთ ვარჯიში, დაყოფილ ჯგუფებად, თუ სრულფასოვან ვარჯიშებზე გადახვედით?


- "ბრივმა" ვარჯიში განაახლა 12 ივნისს. დაყოფილი ჯგუფები იყო ოთხ-ოთხ კაციანი. პირველი ოთხი კვირა ასე ვემზადებოდით და ძირითადი ყურადღება დაერთმო ფიზიკური კონდიციების აღდგენას. ვვარჯიშობდით შტანგაზე, ბურთთანაც გვქონდა შეხება, თუმცა მინიმალურად. ოთხი კვირის შემდეგ, უკვე მთლიანმა გუნდმა კოლექტიური ვარჯიში განვაახლეთ და დავიწყეთ სრულფასოვანი წვრთნა, რომელშიც ბურთთან ვარჯიშსაც უფრო მეტი დრო ეთმობა.


- გადადიხართ უკვე მზადების დასკვნით ეტაპზე. აგვისტოში უკვე პრესეზონის მატჩები გელით "სტად ფრანსესთან" და "რასინგ 92"-თან. 5 თვეა მატჩი არ გქონიათ და როგორია შენი მოლოდინი ამხელა პაუზის შემდეგ?


- რა თქმა უნდა, მოლოდინი ძალიან დიდია. მე პირადად 18 დეკემბრის შემდეგ არ მითამაშია, რადგან მუხლის სერიოზული ტრავმა მივიღე. ძალიან საპასუხისმგებლოა, რომ ასეთ ძლიერ გუნდებთან გვაქვს მოსამზადებელი ეტაპის მატჩები. რასაკვირველია დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ და თუ მომეცემა შანსი, შევეცდები, გავიღო ჩემი მაქსიმუმი და დავამტკიცო, რომ გუნდისთვის საჭირო მოთამაშე ვარ. შევეცდები, რომ ამ ორ თამაშს ოპტიმალურ ფორმაში შევხვდე.


- ახსენე, რომ მუხლის ტრავმა გქონდა მიღებული. ახლა როგორ გრძნობ თავს, როგორ ფორმაში ხარ?

- რეაბილიტაციის პერიოდმა კარგად ჩაიარა, თანაც მას შემდეგ დიდი დრო გავიდა და ახლა თავს კარგად ვგრძნობ. თამაშებამდე დრო კიდევ არის დარჩენილი და შევეცდები, რომ კიდევ უფრო უკეთეს ფიზიკურ კონდიციებში შევიდე, რომ თამაშებს რაც შეიძლება კარგ ფორმაში შევხვდე.


- "ბრივში" 2018 წელს გადახვედი. ესპუარებში ერთწლიანი მომზადების შემდეგ, შარშან ძირითად გუნდში გამოჩნდი და ჩელენჯ თასზეც და ტოპ 14-შიც მოგიწია თამაში. როგორია პროფესიონალურ დონეზე თამაში და რას მოითხოვს ახალგაზრდა მორაგბისგან? ყველაზე მეტად რა კომპონენტი იყო, რომლისთვისაც ალღოს აღება თავიდან გაგიჭირდა უმაღლესი დონის ტურნირებზე?


- დიახ, ასე იყო. 2018 წელს ჩამოვედი "ბრივში" და პირველი წელი ესპუარებში გავატარე, მხოლოდ რამდენიმე ვარჯიში მომიწია პირველ გუნდთან. შემდეგ, 2019/2020 წლების სეზონის მოსამზადებელი ეტაპი მთლიანად პირველ გუნდთან ერთად გავატარე, რამაც ძალიან დიდი გამოცდილება მომცა. მაღალ დონეზე სათამაშოდ პირველ რიგში საჭიროა, რომ კარგად იყო ფიზიკურად მომზადებული, რადგან პროფესიონალურ დონეზე სულ სხვა ტემპში მიდის თამაში, უფრო ძლიერი და გამოცდილი მორაგბეების წინააღმდეგ გიწევს თამაში. რაც შემეხება პირადად მე, თავდაპირველად სათამაშო ტემპთან გამიჭირდა შეგუება, თუმცა ამანაც ჩაიარა და ვფიქრობ, რომ გუნდს კარგად შევეჩვიე. პროფესიონალურ დონეზე თამაში დიდ პასუხისმგებლობას და მუდმივად ფორმის პიკში ყოფნას მოითხოვს.


- ლუკა, მომდევნო სეზონისთვის "ბრივში", ესპუარების ჩათვლით ჯამში 12 ბურჯი ხართ. როგორ აპირებ ასეთი კონკურენციის ფონზე შემადგენლობაში ადგილის მოპოვებას და რა არის შენი მხრიდან საჭირო ამისთვის?


- დიახ, რა თქმა უნდა კონკურენცია ძალიან დიდია. ჩემი აზრით, ვინც პრესეზონის ამ ორ თამაშს შეხვდებიან კარგ ფორმაში და თავს კარგად წარმოაჩენენ, შემდეგ ისინი იქნებიან ფავორიტები სეზონის განმავლობაში, თუ რა თქმა უნდა შემდგომშიც ანალოგიურ დონეზე გააგრძელებენ თამაშს. ჩემი მხრიდან საჭიროა თავდაუზოგავი შრომა და როდესაც შანსი მომეცემა, გავიღო უნდა მაქსიმუმი და დავამტკიცო, რომ თამაშისთვის მზად ვარ.


- "ბრივში" ძალიან ბევრი ქართველი ხართ. რამდენად დაგეხმარა ეს ფაქტორი როდესაც ამ გუნდში ჩამოხვედი, როდესაც 19 წლის ასაკში უცხო ქვეყანაში აღმოჩნდი.


- რა თქმა უნდა, ძალიან ძნელია, როდესაც 19 წლის ასაკში ჩამოდიხარ უცხო ქვეყანაში, შენი ქვეყნისგან და ოჯახისგან ძალიან შორს. ასეთ დროს, როდესაც გხვდებიან ქართველი მოთამაშეები, ძალიან სასიხარულოა. მათგან ისეთი რჩევები მივიღე, რაც ჩემი კარიერისთვის ძალზე სასარგებლოდ აისახა. ასევე ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ სულ ვცდილობთ, თავისუფალი დრო ერთად გავატაროთ, სულ ერთად ვიყოთ და ეს ფაქტი მახარებს. ისიც მინდა ვთქვა, რომ ძალიან მოხარული ვარ, ამ ბიჭებთან ერთად თამაშის შესაძლებლობა რომ მომეცა.


- ლუკა, სანამ პანდემიის გამო სეზონი შეწყდებოდა, "ბრივი" ტოპ 14-ში ცხრილის შუაში იყო. რა იქნება წელს კლუბის მიზანი, როგორც ტოპ 14-ში, ასევე ჩელენჯ თასზე?


- ჩემი აზრით, "ბრივის" პირველი ამოცანა ტოპ 14-ში დარჩენა იქნება, ხოლო ჩელენჯ თასზე - ჯგუფიდან გასვლა. დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს.


- გუნდში სხვადასხვა ეროვნების ბევრი საინტერესო მორაგბე გყავთ, ქართველი მორაგბეების გარდა, ვის გამოარჩევდით ყველაზე მეტად და რატომ? 


- დიახ, მოგეხსენებათ, რომ "ბრივში" ძალიან სხვადასხვა ეროვნების მორაგბეები თამაშობენ. გამოვარჩევდი ირლანდიელ შუამარბს სტიუარტ ოლდინგს, რომელმაც ძალიან დიდი როლი ითამაშა "ბრივის" ტოპ 14-ის დაბრუნებაში და პრო დ2-დან აღზევებაში ძალიან დაეხმარა გუნდს. ფრანგი მორაგბეებიდან გამოვარჩევდი ტომა ლარენჟეირას, რომელიც გუნდის ერთ-ერთი ლიდერი და მომავალი კაპიტანია.


- ლუკა, ტოპ 14-შიც და პრო დ2-შიც შეინიშნება, რომ გუნდები გასვლით მატჩებზე ნაკლებ აქცენტს ატარებენ. 2 წელია საფრანგეთში ხარ და შენ როგორ ახსნიდი ამას? "ბრივში" როგორი მიდგომაა ამ მხრივ სამწვრთნელო შტაბისგან?


- სიმართლე გითხრათ, არ ვიცი რატომ ხდება. "ბრივის" შემთხვევაშიც უფრო ასე ხდება და მწვრთნელები უმეტესად საშინაო მატჩებზე აკეთებენ აქცენტს. ეს შეიძლება იმითაც აიხსნას, რომ "ბრივს" ძალიან კარგი გულშემატკივარი ჰყავს, რომლებიც 2019 წელს საფრანგეთში საუკეთესო ქომაგებად დასახელდნენ და ისინი დიდ სტიმულს აძლევენ "ბრივის" თითოეულ მორაგბეს, თუმცა ზუსტად ამ მიზეზზე საუბარი გამიჭირდება. რა თქმა უნდა, ყველა მატჩში მოგება გვინდა და ამისთვის გავდივართ მინდორზე, მაგრამ ფაქტია, რომ კომბინაციები, თამაში, საშინაო მოედანზე უკეთ გამოგვდის.


- ლუკა, სანაკრებო რაგბიზეც გკითხავ. 2018 წლის ახალგაზრდული მსოფლიო ბრწყინვალედ ჩაატარე და გულშემატკივარს ძალიან კარგად დაამახსოვრე. რა მოგცა ამ 20-წლამდელთა მსოფლიომ, როგორ გახსენდება ეს ტურნირი, 3 ბრწყინვალე გამარჯვება ირლანდიასთან, შოტლანდიასთან და იაპონიასთან მოგებული მატჩები.


- პირველ რიგში, ხაზი მინდა იმას გავუსვა, რომ საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებში თამაში, ჩემი განვლილი ცხოვრებიდან საუკეთესო პერიოდია. ძალიან კარგად დამამახსოვრდა ყველაფერი, პირველი შეკრებიდან - შოტლანდიასთან ბოლო მატჩამდე. პირველ რიგში 20-წლამდელთა ნაკრებმა შემძინა ძალიან ბევრი მეგობარი, რომლებთანაც ახლაც ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. კიდევ ის მომცა, რომ გამიხსნა საფრანგეთისკენ გზა, რაც თითოეული ქართველი მორაგბის ოცნებაა. ძალიან ბევრი კარგი და ტკბილი მოგონება მაკავშირებს 20-წლამდელთა ნაკრებთან. ეს ის 20-წლამდელთა ნაკრები იყო, რომელმაც პირველად მოიგო 3 მატჩი მსოფლიო ჩემპიონატზე და ოქროს ასოებით შევიდა ქართული რაგბის ისტორიაში.


- ყველა ქართველი მორაგბის ოცნება, საქართველოს ნაკრებში თამაშია. შენ თამაშობ ამპლუაზე, რომელზეც ყველაზე დიდი კონკურენციაა. რა გზა გაქვს გასავლელი და რა უნდა ქნა, რომ "ბორჯღალოსნებში" თამაში დაიმსახურო.


- რა თქმა უნდა, ყველა ქართველი მორაგბის, მათ შორის ჩემიც საქართველოს ნაკრებში თამაშია. ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა, თან პირველხაზელისთვის ორმაგად საპასუხისმგებლობაა, რადგან აქამდე ძალიან დიდი მორაგბეები თამაშობდნენ ამ პოზიციებზე. რაც შეეხება კონკურენციას, ჩემს პოზიციაზე, მარჯვენა ბურჯის ამპლუაზე მოგეხსენებათ თუ როგორი დიდი კონკურენციაა. იმისთვის, რომ მომავალში ნაკრებში მოვხვდე, რთული, ეკლიანი გზა უნდა გავიარო, უნდა გავიღო მაქსიმუმი, ბევრი ვიმუშავო ჩემს თავზე. ყველაფერს გავაკეთებ, რომ მომავალში საქართველოს ნაკრებში ვითამაშო.


- და ბოლოს: რას ეტყვი ქართველ გულშემატკივარს, რომლებსაც ძალიან კარგად დაამახსოვრდი 2018 წლის მსოფლიო 20-წლამდელთა ჩემპიონატიდან და შენი ეიმედებათ.


- პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მათ. ძალიან სასიხარულოა, როდესაც ბევრი ადამიანი გგულშემატკივრობს და გრძნობ ხალხის სიყვარულს. ეს გაძლევს სტიმულს, რომ შემდგომში გახდე კიდევ უფრო ძლიერი.


შეგახსენებთ, რომ "ბრივის" რიგებში მომდევნო სეზონში რვა ქართველი ითამაშებს: ლუკა ჯაფარიძე, სოსო ბეკოშვილი, ვანო კარკაძე, ოთარ გიორგაძე, ირაკლი ცხადაძე, ალექსანდრე ზიბზიბაძე, ვასილ ლობჟანიძე და თედო აბჟანდაძე.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"