ზურაბ ამონაშვილი ვეფხვებში ფინანსური კრიზისია გაჩერებულები ვართ ვერც ვვარჯიშობთ

ზურაბ ამონაშვილი ვეფხვებში ფინანსური კრიზისია გაჩერებულები ვართ ვერც ვვარჯიშობთ

ფოტო - მარიამ გაგნიძე

კორონავირუსის გამო, საქართველოს სარაგბო ჩემპიონატის ყველა დივიზიონი მარტის დასაწყისში შეწყდა. ჯერჯერობით ტურნირები კვლავ არ განახლებულა და უფრო მეტიც, გადაწყვეტილებაც ვერ იქნა მიღებული: საერთოდ განახლდება თუ არა წლევანდელი ჩემპიონატი, ან თუ არ განახლდა, რა იქნება შემდეგი სეზონისთვის - გაიზრდება თუ არა გუნდების რაოდენობა, იქნება გავარდნა-აღზევება ამჟამინდელი ცხრილის მიხედვით თუ ჩემპიონატები ანულირებული იქნება და გადაადგილებები არ მოხდება.

ამ ეტაპისთვის, გუნდებს მხოლოდ ვარჯიშების ჩატარება შეუძლიათ. მათ Covid 19-ის გავრცელების თავიდან ასაცილებლად უნდა დაიცვან საქართველოს მთავრობის მიერ შემოღებული წესები, რეკომენდაციები და საგანგებო პროტოკოლის მიხედვით გაიარონ წვრთნები.

როგორც გავიგეთ, გუნდების უმრავლესობა სრულფასოვანი ვარჯიშების ჩატარებას ვერ ახერხებს, რისი მიზეზიც უსახსრობაა. დიდი 10-ის და პირველი ლიგის არაერთ გუნდში ფინანსური კრიზისი მძვინვარებს და თამაშებს რომ თავი დავანებოთ, მათ ნორმალურად ვარჯიშის საშუალებაც კი არ აქვთ.

ერთ-ერთი ასეთი გუნდი, რომელსაც კორონავირუსმა სერიოზული ფინანსური პრობლემები შეუქმნა პატარძეულის "ვეფხვებია". კახური გუნდი ამჟამად პირველ ლიგაში მეორე ადგილზეა და დიდ 10-ში დასაბრუნებლად იბრძოდა.

Myrugby.Ge პატარძეულის კლუბში არსებული მდგომარეობით დაინტერესდა და ამბების გასაგებად, კლუბის მწვრთნელს ზურაბ ამონაშვილს დაუკავშირდა, რომლის თქმითაც, "ვეფხვებს" ფინანსურად ძალიან უჭირთ, მოთამაშეებს ხელფასს ვერ უხდიან და ვარჯიშებსაც ვერ ატარებენ, რადგან ნახევარი გუნდი თბილისში ცხოვრობს და იმის თანხაც კი არ აქვთ, რომ ეს მორაგბეები თბილისიდან პატარძეულში ატარონ.

"ფინანსური კრიზისი გვაქვს. მოთამაშეებს ხელფასებს ვერ ვუხდით. გარდა ამისა, იცით რომ ნახევარი გუნდი თბილისიდან დამყავს. მიკროავტობუსი გვყავს, რომლისთვისაც გვჭირდება საწვავის ფული და მძღოლის. ჯერჯერობით ჩიხში ვართ. დიდი ხანია უკვე, რაც გაჩერებულები ვართ. ამ პერიოდში დახმარება მუნიციპალიტეტისგანაც არ მიგვიღია.

ბიჭებს ოჯახები ჰყავთ და მითხრეს, რომ სამუშაოდ მიდიან და ვერაფრით ვერ ვაჩერებ და არც მაქვს უფლება რომ გავაჩერო. ისედაც გაგებით მოეკიდნენ არსებულ მდგომარეობას და მოთამაშეების მიმართ მადლობის მეტი არაფერი არ მეთქმის. ყველაზე ცუდი არის ის, რომ ისიც არ ვიცით რა იქნება მომავალში და ვერც ვერაფერს ვგეგმავთ.

დავიწყეთ ვარჯიში ივნისის დასაწყისში, ჩავდიოდი და ვავარჯიშებდი, ვინც პატარძეულში ცხოვრობს მარტო. სრულყოფილი ვარჯიში არ გამოდიოდა იქიდან გამომდინარე, რომ თბილისიდან ვერავინ მიგვყავდა ვარჯიშზე. რეგულაციებიც არ იძლეოდა მაგის საშუალებას, რომ გუნდს ერთად გვევარჯიშა, პლუს ფულიც არ გვქონდა მიკროავტობუსისთვის.

რაღაც პერიოდის მერე პატარძეულელებმა მთხოვეს, რომ ოჯახის საქმეებს მიხედავდნენ, ჩვენ ფულს ვერ ვუხდიდით და სოფელში კიდევ საქმეს რა დალევს.

ჩვენც დავფიქრდით: სრულად გუნდს ვერ ვავარჯიშებთ , ფულს ვერ ვუხდით, ბიჭებს სხვა სამუშაოზე უარი უნდა გვეთქმევინებინა და ისიც არ ვიცით დაიწყება თუ არა ჩემპიონატი, როგორ დაიწყება ან განახლდება და როდის? გადავწყვიტეთ რომ გუნდი გავუშვათ და მანამ არ დავიწყოთ ვარჯიში სანამ სიტუაციაში არ გავერკვევით", - განაცხადა ზურაბ ამონაშვილმა, რომელიც "ვეფხვებთან" ერთად, საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების ერთ-ერთი მწვრთნელია.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)