ტოპ 14 ქართველი ლეგიონერების 10 ყველაზე გამოსარჩევი ფაქტი წლევანდელი სეზონიდან

ტოპ 14 ქართველი ლეგიონერების 10 ყველაზე გამოსარჩევი ფაქტი წლევანდელი სეზონიდან

ტოპ 14-ის წლევანდელი სეზონი პანდემიამ შეიწირა. უკანასკნელი მატჩები 1 მარტს ჩატარდა, ხოლო 1 თვის წინ ცნობილი გახდა, რომ 2019/2020 წლების სეზონი ვეღარ განახლდებოდა.

წლევანდელ სეზონში ფრანგული ელიტის გუნდებში დაახლოებით 30 ქართველი ირიცხებოდა. მოდით, ერთად გავიხსენოთ ყველაზე საინტერესო, გამორჩეული და დასამახსოვრებელი მომენტები ქართველი ლეგიონერების შესრულებით.


მამუკა გორგოძის დუბლი პირველივე ტურში

გედის უკანასკნელი სიმღერა - ლეგენდარული ქართველის უკანასკნელი ლელოები ტოპ 14-ში. 35 წლის მორკინალმა სეზონი ბრწყინვალედ დაიწყო და 24 აგვისტოს, პირველივე ტურში "აჟენს" დუბლი შეუსრულა. ამ დროს, ქართველი გულშემატკივრები იმას ნატრობდნენ და ოცნებობდნენ, რომ გორგოძე მსოფლიო თასზე ენახათ. გავიდა სულ რაღაც 10 დღე და ოცნება რეალობად იქცა. მამუკამ გაითვალისწინა მთელი ერის, მათ შორის თანაგუნდელების და ყოფილი პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის თხოვნა და ნაკრებს დაუბრუნდა.

მამუკას მსოფლიო თასზე გამგზავრება იოლი არ ყოფილა. "ტულონის" ყოფილი პრეზიდენტი მურად მუჯელალი ამ ფაქტმა გააბრაზა, რადგან გორგოძის დიდი იმედი ჰქონდა, რომელზეც იცოდა, რომ პლანეტის პირველობაზე არ უნდა ეთამაშა. საბოლოო ჯამში, მამუკას სურვილმა და ავტორიტეტმა თავისი ქნა და ის მსოფლიო თასზე გაუშვეს, თუმცა ფრანგული კლუბის ყოფილმა პრეზიდენტმა თქვა, რომ ამ პერიოდში ხელფასის გადახდას არ აპირებდა.

"აჟენთან" მატჩის შემდეგ, მამუკამ კიდე ორი მატჩი ითამაშა ძირითადში, ხოლო 9 სექტემბერს საქართველოს ნაკრებს შეუერთდა და გეზი იაპონიისკენ აიღო. 13 ოქტომბერს მსოფლიო თასზე უკანასკნელი შეხვედრა ჩაატარა "ბორჯღალოსნების" რიგებში, არც დაუსვენია, უმალ საფრანგეთში დაბრუნდა და 19 ოქტომბერს "ბაიონის" წინააღმდეგ ბოლო 20 წუთი ითამაშა. შემდეგ კიდევ ორ-ორი შეხვედრა ჩაატარა ჩელენჯ თასზე და ტოპ 14-ში, ხოლო უკანასკნელად მინდორზე 30 ნოემბერს "პოს" წინააღმდეგ ვიხილეთ და მას შემდგომ, ტრავმის გამო აღარ უთამაშია. მარტის დაწყებისთანავე კი, ტურნირი შეწყდა.

[type="video" id="738"]
[type="video" id="739"]

ოთხი ქართველი ბურჯი "მონპელიეს" სამატჩო განაცხადში

25 იანვარს "ლა როშელმა" შინ "მონპელიე" 35:30 დაამარცხა. ამ მატჩში ორი აღსანიშნავი რამ მოხდა: 1) "მონპელიეს" რიგებში დებიუტი ჰქონდა 18 წლის მარჯვენა ბურჯს, ალექსი (რატი) ჭიჭიაშვილს; 2) "მონპელიეს" განაცხადში ოთხივე ბურჯი ქართველი გახლდათ - ძირითადში იყვნენ მიხეილ ნარიაშვილი და ლევან ჩილაჩავა, ხოლო მარქაფაში - უჩა ჭეიშვილი და ალექსი ჭიჭიაშვილი. ტოპ 14-ში პირველად მოხდა, როდესაც ერთი გუნდის რიგებში ოთხივე ბურჯი ქართველი გახლდათ.

აფრასიძის პირველი სასტარტო, სადებიუტო ლელო და დუეტი ანდრე პოლარდთან ერთად

ტოპ 14-ის მე-15 ტურში "მონპელიეს" ძირითად შემადგენლობაში გელა აფრასიძე გამოჩნდა და ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ის საფრანგეთის ჩემპიონატის მატჩში სასტარტო თხუთმეტეულში მოხვდა. გელამ ეს ფაქტი ბრწყინვალედ აღნიშნა და მე-15 წუთზე სადებიუტო, თანაც საკმაოდ ეფექტური ლელო გაიტანა "მონპელიეს" რიგებში. ცალკე აღსანიშნია ის ფაქტი, რომ ღერძს მსოფლიო ჩემპიონ ანდრე პოლარდთან ერთად ამაგრებოდა, რომელსაც ფრანგული კლუბის რიგებში დებიუტი ჰქონდა.

[type="video" id="740"]

აფრასიძე VS ლობჟანიძე

ქართველი გულშემატკივრებისთვის და არამარტო ქართველებისთვის, ზოგადად ტოპ 14-ის მოყვარულთათვის უკვე ჩვეულებრივი ამბავია ქართველი ბურჯების დუელი, თუმცა უკანახაზელებს ამას ნამდვილად ვერ ვიტყვით. ჯერ კიდევ იშვიათია ელიტაში ქართველი ბექების ასპარეზობა: ამჟამად მხოლოდ გელა აფრასიძე, ვასილ ლობჟანიძე და თედო აბჟანდაძე არიან ასეთები, ხოლო გასულ წელს თამაზ მჭედლიძეც ტოპ 14-ის "აჟენში" იყო, რომელიც წელს პრო დ2-ის დებიუტანტ "რუანს" შეუერთდა.

მოკლედ, ტოპ 14-ის მე-13 ტურში, 4 იანვარს ფრანგულ ელიტაში პირველად ვიხილეთ ქართველი ცხრა ნომრების დაპირისპირება. "მონპელიეს" რიგებში 52-ე წუთზე გამოჩნდა გელა აფრასიძე, ხოლო "ბრივის" რიგებში 58-ე წუთზე ვასილ ლობჟანიძე შემოვიდა. ეს ფაქტი ფრანგებსაც არ გამორჩენიათ და აღნიშნეს, რომ ერთ მატჩში, ორივე გუნდის რიგებში ქართველი 9 ნომრების თამაში, სიახლე იყო.

ლაშა ტაბიძის აღიარებული ლელო

ტოპ 14-ის მეოთხე ტურში "ბორდომ" "სტად ფრანსე" 52:3 გაანადგურა. მატჩის 21-ე წუთზე პარიზული კლუბი ლაშა ტაბიძემ დაალელოვა, რომელმაც ჟირონდელთა ბრწყინვალე კონტრშეტევა ეფექტური ნახტომით დააბოლოვა. მოგვიანებით, ეს ლელო "ბორდოს" გულშემატკივრებმა წლევანდელი სეზონის საუკეთესო ლელოდ დაასახელეს. აღსანიშნავია, რომ ამავე მატჩში ლექსო ყაულაშვილმაც დადო ლელო.

[type="video" id="741"]

ოთია გიორგაძე - "ბრივის" ნოემბრის თვის საუკეთესო მორაგბე

ნოემბერ-თებერვლის პერიოდში გიორგაძემ "ბრივის" რიგებში 10 შეხვედრა ჩაატარა და 3 ლელოს გატანა მოახერხა. 24 წლის მორაგბე ნოემბრის თვეში კლუბის საუკეთესო მოთამაშედ იქნა დასახელებული. გიორგაძემ გამოკითხვაში მარცხენა ბურჯ კახა ასიეშვილს, სამოელ მესამეხაზელს სო'ოტალა ფა'ასო'ოს და ასევე მესამეხაზელს მატიო ვოისინს აჯობა. ოთარმა ნოემბერში სამი შეხვედრა ჩაატარა და ერთი ლელო დადო.

თედო აბჟანდაძის დებიუტი ტოპ 14-ში

20 წლის მგეზავმა ივნისში 20-წლამდელთა მსოფლიოზე ითამაშა, სექტემბერში ორი შეხვედრა ჩაატარა უკვე კაცთა მსოფლიო თასზე, ხოლო 31 ოქტომბერს "ბრივის" ძირითადი გუნდის რიგებში პირველად ივარჯიშა. "აიას" აღზრდილ ათ ნომერს ძირითად გუნდში დებიუტიც მალე ჰქონდა, 15 ნოემბერს ჩელენჯ თასზე "სტად ფრანსეს" წინააღმდეგ სასტარტოში იყო. მან ჩელენჯ თასის ჯგუფურ ეტაპზე ექვსივე მატჩში ითამაშა და 35 ქულა გაიტანა, ხოლო 29 თებერვალს, ზედ ტოპ 14-ის ჩაშლამდე, "ლიონის" წინააღმდეგ შეცვლაზე გამოჩნდა და პირველად გასინჯა ფრანგული ელიტის გემო. "ბრივში" თედოზე დიდ იმედებს ამყარებენ.

ლუკა აზარიაშვილის დებიუტი ტოპ 14-ში

ტოპ 14-ში დებიუტი პირველივე ტურში, 24 აგვისტოს "კასტრის" წინააღმდეგ ჰქონდა. მართალია მხოლოდ 9 წუთი ითამაშა და ამის შემდგომ, ძირითად გუნდში მხოლოდ ერთხელ გამოჩნდა ჩემპიონთა თასზე, მთავარი ის გახლავთ, რომ 19 წლის ასაკში ელიტაში ჰქონდა დებიუტი და 20-წლამდელთა ნაკრებში არაერთხელ გვინახავს, რომ ძალიან ნიჭიერი და პერსპექტიული მორაგბეა. ლუკამ 2018 და 2019 წლების მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატზე ითამაშა და გულშემატკივრებში დიდი მოწონება დაიმსახურა.

ბოლო დღეებში გავრცელდა ჭორები, რომ, შესაძლოა, უჩა ჭეიშვილთან ერთად მომდევნო სეზონი "ბიარიცში" გაატაროს, რაც ძალიან კარგი იქნება სათამაშო პრაქტიკით კუთხით.

ბექა გიგაშვილის აღიარება "ტულონში"

ბექა გიგაშვილი "ტულონში" გასულ ზაფხულს "გრენობლიდან" გადავიდა, შემდეგ ითამაშა მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრებთან ერთად, ხოლო ნოემბერში ახალ კლუბში დებიუტი ჰქონდა და სულ მალე მოიპოვა ადგილი ძირითად შემადგენლობაში. ბექამ ნოემბერ-თებერვლის პერიოდში 12 შეხვედრა ჩაატარა და 3 ლელო გაიტანა.

28 წლის ბურჯმა ტულონელი ქომაგების სიყვარულიც მალე მოიპოვა, რისი დასტურიც ის გახლავთ, რომ ჩელენჯ თასზე "სკარლეტსთან" მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს, ხოლო სეზონის საუკეთესო ახალწვეულებს შორის მესამე ადგილზე გავიდა. მან გულშემატკივრების ხმების 9.09% დაიმსახურა და მხოლოდ საფრანგეთის ნაკრების ცხრა ნომერს ბატისტ სერენს და სამხეთ აფრიკის ნაკრების მეორეხაზელს ებენ ეთზებეთს ჩამორჩა.

პანდემია და ლეგენდების უცნაური დასასრული

დავით ზირაქაშვილი: 263 მატჩი, 17 ლელო| 16 სეზონი| 2010 და 2017 წლების ჩემპიონი| 2007, 2008, 2009, 2015 და 2019 წლების ფინალისტი;
მამუკა გორგოძე: 221 მატჩი, 27 ლელო| 15 სეზონი| 2011, 2016 და 2017 წლების ფინალისტი;

ტოპ 14-ში ამ მორაგბეების ეს სტატისტიკა უკვე ყველაფრის მთქმელია, თუმცა სტატისტიკაზე გაცილებით შთამბეჭდავი ორივეს თამაში გახლდათ. ქართველი ლეგენდები, რომლებიც თავიანთ ამპლუაზე წლების განმავლობაში გამორჩეულნი იყვნენ ფრანგულ ელიტაში და უდიდესი კვალი დატოვეს თავიანთ კლუბებში. ზირაქაშვილმა 16 წელი გაატარა "კლერმონში", ხოლო გორგოძემ 9 წელი "მონპელიეში" ითამაშა, შემდეგ კი "ტულონში" გაატარა 6 სეზონი.

მათ კარიერის დასრულებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მორაგბეებმა, მწვრთნელებმა, ჟურნალისტებმა, გულშემატკივრებმა, ყველამ ერთხმად აღნიშნა, რომ ისინი კარიერის იმ დასასრულს არ იმსახურებენ, რომელიც კორონავირუსის პანდემიამ განაპირობა და ორივე მათგანი გადაჭედილი ტრიბუნებით და უთვალავი აპლოდისმენტებით გაცილებას იმსახურებენ.

ცნობილმა სარაგბო გამოცემამ "მიდი ოლიმპიკმა" კი აღნიშნა, რომ ზირაქაშვილი და გორგოძე ფრანგები რომ იყვნენ, აუცილებლად "ლე ბლეს" ძირითადის მოთამაშეები იქნებოდნენ. ამით ყველაფერია ნათქვამი. ტოპ 14-ში ორი ქართველი გოლიათის დიდი ეპოქა დასრულდა.

სტატიაში გამოყენებული რამდენიმე ფოტო ეკუთვნის Icon Sport-ს.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)