სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

ქართულ რაგბიში არაერთი ნიჭიერი მორაგბეა, რომლებზეც დიდი იმედების დამყარება შეიძლება. უმეტესი მათგანი ფრანგულ კლუბებში ირჯებიან და ნელ-ნელა იქ დამკვიდრებას ცდილობენ.
ერთ-ერთი ასეთი 22 წლის მარჯვენა ბურჯი ლაშა ტაბიძე გახლავთ, რომელიც "ბორდოს" ძირითად გუნდში პირველად სამი წლის წინ გამოჩნდა. თავდაპირველად, ლაშას ჩელენჯ ქაფზე უწევდა, ხოლო შარშანდელიდან მოყოლებული ტოპ 14-შიც ხშირად თამაშობდა და რაც დრო გადის, უფრო და უფრო იმკვიდრებს ჟირონდულ გუნდში ადგილს.
ტაბიძე საქართველოს ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში იმყოფებოდა და იაპონიაში წასვლამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა. მიუხედავად ამისა, მისთვის სეზონი ძალიან კარგად დაიწყო და "სტად ფრანსესთან" მატჩში სადებიუტო ლელო დადო ტოპ 14-ში, ტურის სიმბოლურშიც მოხვდა, იქიდან ორ კვირაში კი კლუბმა კარგი თამაში დაუფასა და ახალი სამწლიანი კონტრაქტი გაუფორმა, რომლის მიხედვითაც ჟირონდაში 2023 წლამდე დარჩება.
ლაშა, რომელიც "არმაზის" აღზრდილია, სადაც მისი პირველი მწვრთნელი რატი გეგეშიძე იყო, 2016 და 2017 წლებში საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებში ასპარეზობდა, ორ 20-წლამდელთა ჩემპიონატზე ჯამში 9 შეხვედრა ითამაშა და 1 ლელო დადო, ხოლო 2017 წელს ეროვნულ ნაკრებშიც ჰქონდა დებიუტი და 4 კეპიც მოიხვეჭა.
ახალგაზრდა პირველხაზელს MyRugby.Ge ბორდოში დაუკავშირდა და მასთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა, რომელსაც აქვე გთავაზობთ.
- ახლახანს გახდა ცნობილი, რომ "ბორდოსთან" კონტრაქტი გაახანგრძლივე. რას იტყვი ამის შესახებ, დეტალებზე რომ ისაუბრო კონტრაქტის.
- კი, ახლახანს გავახანგრძლივე კონტრაქტი "ბორდოსთან" 3 წლით და საკმაოდ გახარებული ვარ ამ ფაქტით, რადგან სწორედ "ბორდო" არის ჩემი პირველი ფრანგული კლუბი. ბევრი რამ მომცა კლუბმა, როგორც მორაგბეს და მიხარია, რომ ისევ ამ გუნდში მომიწევს შემდეგი სამი სეზონი თამაში.
- ლაშა, მესამე სეზონს იწყებ უკვე "ბორდოს" ძირითად გუნდში. გვითხარი, რა შეიცვალა ამ პერიოდში შენს კარიერაში? რამდენად გაიზარდე როგორც პროფესიონალი მორაგბე?
- ვფიქრობ ერთი თავით გამზარდა პროფესიონალურ დონეზე თამაშმა. გავიზარდე როგორც ფიზიკურად ასევე მენტალურად. უფრო თავდაჯერებული ვარ მოედანზე.
- პირველ წელს მხოლოდ ჩელენჯ ქაფზე გიწევდა თამაში, გასულ წელს კი ტოპ 14-ში ხშირად თამაშობდი, წელს კი სულ ცოტა ხნის წინ პირველი ლელოც დადე "სტად ფრანსესთან", თანაც სკმაოდ ეფექტური. როგორი გრძნობა იყო ეს? რა იფიქრე პირველად, როცა გაანალიზე, რომ ეს შენი პირველი ლელო იყო ტოპ 14-ში?
- კი, მხოლოდ ჩელენჯ ქაფზე მომიწია პორველ წელს თამაში, მაგრამ ასეა ზოგადად, ახალგაზრდა მორაგბეს ნელ-ნელა აჩვევენ პროფესიონალურ დონეს, მითუმეტეს ჩემს პოზიციაზე. წინა წელი კი ერთგვარი ტრამპლინი იყო ჩემს კარიერაში, ასე ვფიქრობ საკმაოდ ბევრი რამ შემძინა როგორც მორაგბეს. ლელოს რაც შეეხება, საკმაოდ დიდი ემოციები გამოიწვია ჩემში. მახსოვს ბავშვობაში ჩვენს ქართველ მორაგბეებს ვუყურებდი როგორ თამაშობდნენ ტოპ 14-ში და სულ ოცნებად მქონდა ერთ დღეს მეც მეთამაშა ამ ჩემპიონატში და ასეთ ნახტომში დამედო ლელო. ოცნებაც ახდა.
- ყველამ ვიცით, რომ "ბორდო" ძალიან მაღალი დონის გუნდია, თუმცა მოდი შენ დაგვიხასიათე, როგორც "ბორდოს" მორაგბემ. რა არის გუნდის ძლიერი და სუსტი მხარეები?
- ახალი მწვრთნელი გვყავს ქრისტოფ ურიოსი, რომელმაც ბევრი რამ შეცვალა წელს დადებითისკენ, სეზონის დაწყისსაც შეეტყო უკვე. ასე გამოკვეთილად წელს ძლიერი და სუსტი მხარე არ გვაქვს, ვცდილობთ შერკინების და ხაზის თამაში ერთ დონეზე კარგი იყოს, მაგრამ ყველაზე მეტად "ბორდოს" რაც გამოარჩევს სხვა გუნდებისგან, ეს არის მოთამაშეებს შორის საკმაოდ კარგი ურთიერთობა ჩემი აზრით.
- ძალიან კარგი და ვარსკვლავური შემადგენლობა გყავთ: რადრადრა, პოარო, ჟალიბერი, ტამანივალუ, ლამერა და ა.შ. რომელია მაინც ისეთი მორაგბე, რომლის თამაშმაც თავიდანვე გაგაოცა და დღემდე შეუძლია ამის გაკეთება?
- რა თქმა უნდა რადრადრა. ასეთი მოთამაშე არ ვიცი... მართლა ყველაფერი გამოდის და საკმაოდ მაღალი დონის პროფესიონალიცაა. კორდერომ კი ჩამოსვლისთანავე დაატრიალა ქარიშხალი მოედანზე.
- ახლა ქართველებზე. ლექსო ყაულაშვილი შენი კონკურენტია, აქაა ბექა გორგაძეც და საბა ყაულაშვილია ესპუარებში. როგორ დაახაასიათებდი მათ როგორც პროფესიონალებს და ასევე რამდენად მნიშვნელოვანია შენთვის მოედანს მიღმა, რომ შენს გვერდით ქართველები არიან?
- პირველ რიგში საკმაოდ მნიშვნელოვანია ქართველებთან ერთად გუნდში ყოფნა, ყოველდღე ერთად ვართ. საკმაოდ მაღალი დონის პროფესიონალები არიან და გუნდშიც ძალიან უყვართ.
- რა იქნება წელს ჩელენჯ ქაფზე და ტოპ 14-ში "ბორდოს" მიზანი?
- წლის პროგრამა მინიმუმი არის ტოპ 14 შიც და ჩელენჯ ქაფზე პლეიოფში გასვლა. მაქსიმუმი კი ჩემპიონობა რა თქმა უნდა.
- ქალაქ ბორდოს და ჟირონდის მხარის გახსენებაზე ყველას ალბათ ღვინო ახსენდება. შენ თუ გიყვარს ჟირონდული ღვინო და როგორ დაახასიათებდი ამ ქალაქს და მხარეს?
- კი, ბორდო ცნობილია ღვინით და საკმაოდ კარგი ღვინოც აქვთ, მაგრამ ყველაფერი ზომის ფარგლებში (იღიმის). ჩემი აზრით ერთერთი საუკეთესო ქალაქია, თან არისტოკრატიულია და თან თანამედროვე, იშვიათია ასეთი ბალანსი ნახო სხვაგან.
- ტოპ 14-ში და ევროთასებზე, ბევრი ძლიერი გუნდის და მორაგბის წინააღმდეგ გითამაშია? შეგიძლია, კონკრეტულად გამოყო რომელიმე გუნდი და მორაგბე, რომელმაც შენზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება დატოვა?
- გუნდს ალბათ წინა წლის "ტულუზს" გამოვყოფდი. წინა წელს მართლა ბრწყინავდა ეს გუნდი. კონკრეტულად მორაგბის გამოყოფა გამიჭირდება, მაგრამ ისევ ბავშობის მოგონებებს დავუბრუნდები, დავით ზირაქაშვილის და მამუკა გორგოძის წინააღმდეგ თამაშებს გავიხსენებდი. სულ სხვა შეგრძნებაა მათთან ერთად მოედანზე ყოფნა.
- ლაშა, ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში იყავი და სულ ცოტა დაგაკლდა იაპონიაში წასვლამდე. როგორ ფიქრობ, რა დაგაკლდა საბოლოო მიზნამდე და რა უნდა გააკეთო იმისთვის, რომ 2023 წელს საფრანგეთში გასამართ მსოფლიოზე აღმოჩნდე?
- მწვრთნელებმა გამოცდილების უქონლობის გამო დამიწუნეს. ცუდათაც დამემთხვა ყველაფერი. რამდენიმეჯერ გამომიძახეს ნაკრებში, მაგრამ სულ ტრავმები მქონდა, არ ვიცი... არ გამიმართლა უბრალოდ. 2023-ისთვის მთავარია განვითარება არ შევწყვიტო და დანარჩენი ვნახოთ.
- ნაკრებმა მსოფლიო თასზე პირველი შეხვედრა უელსთან გამართა, როგორ ფიქრობ, რატომ გაგვიჭირდა ასე ძალიან პირველი წუთებში და რის ხარჯზე გამოვასწორეთ თამაში მეორეში?
- ვფიქრობ, ცოტა არ იყოს დაბნეულები ვიყავით. პირველი თამაში მსოფლიოზე, ისიც უელსის წინააღმდეგ და საწყის წუთებშივე ლელო. ამან დიდი გავლენა იქონია თამაშზე. თუმცა, გასახდელში, როდესაც ბიჭები დაწყნარდნენ, მწვრთნელებისგან რჩევა დარიგებები მიიღეს ვნახეთ, რომ სულ სხვა გუნდი იყო მეორე ნახევარში მოედანზე. დარწმუნებული ვარ, შემდეგი თამაშები ბევრად უკეთესი იქნება.
- შენ იმ 20-წლამდელთა ნაკრებში იყავი, რომელმაც პირველ მსოფლიოზე ითამაშა. მაშინაც და მას შემდეგაც ვახერხებთ ელიტაში დარჩენას და ვპროგრესირებთ. როგორ ფიქრობ, რის ხარჯზე აღწევს ახალგაზრდული ასეთ შედეგებს? შენი თაობის მაგალითი რომ თქვა.
- პირველ რიგში მონდომების და შრომის ხარჯზე. ყოველი მსოფლიოს წინ იმართება შეკრება საკმაოდ დიდი დატვირთებით, სადაც ბიჭები და მწვრთნელები თავიანთ 100%-ს დებენ. მერე უკვე საკმაოდ კარგი თაობა მოდის, რაც უფრო გასახარია მობურთავე თაობა. უკვე მარტო შერკინება არაა ჩვენი მთავარი ძალა, ხაზიც საკმაოდ ძლიერი გვყავს.
- შენი აზრით ქართული რაგბის შემდგომი პროგრესისთვის რა არის ყველაზე მეტად საჭირო?
- ჩემი აზრით, ყველაზე მეტად საჭიროა უფრო მეტი გამოცდილი მწვრთნელი ბავშვთა რაგბიში, სადაც პროგრესი აშკარად შეინიშნება.
- და ბოლოს, შეგიძლია მიმართო შენს გულშემტკივარს, ან კონკრეტულად ვინმეს ვისაც გსურს და უთხრა რაც შენ გსურს.
- გულშემატკივარს მივმართავ და ვეტყვი, რომ სწორედ თქვენ მაძლევთ იმ ძალას, რომ უფრო მეტად განვვითარდე.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.