სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

30 იანვარს საქართველოს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. როგორც ცნობილია, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ქართული რაგბის გაძღოლის სურვილი აქვთ: ბაჩო ხურციძეს, ირაკლი აბუსერიძეს და გოჩა სვანიძეს.
გუშინ ბაჩო ხურციძის ვრცელი ინტერვიუს პირველი ნაწილი შემოგთავაზეთ, ამჯერად კი მეორე ნაწილს გთავაზობთ, რომელშიც ის განვლილ მსოფლიო თასზე, საკლუბო რაგბიზე, 2016-2019 წლებში რაგბის კავშირის მუშაობის შესახებ და მომავალი მწვრთნელის შერჩევაზე საუბრობს.
- მსოფლიო თასზე რომ ვისაუბროთ. სექტემბრამდე რაგბის კავშირში მუშაობდი და ბევრ რამეს შიგნიდან ხედავდით. მაინც რა გახდა ნაკრების წარუმატებლობის მიზეზი, ყველაზე მეტად რომელ ფაქტორს გამოყოფდით?
- ჩემი აზრით, ნაკრების წარუმატებლობის, მსოფლიო თასზე იმ შედეგის ვერ მიღების მიზეზი, რომელიც ჩვენ გვსურდა არის ის, რომ ჩვენს გუნდს აკლია მაღალი დონის თამაშები. ეს გამოჩნდა სამხრეთ აფრიკულ „საუზერნ კინგსთან“ მატჩშიც, რომელიც პრო 14-ის ბოლო ადგილოსანი გუნდია. ჩვენ ფაქტობრივად სრული შემადგენლობით, ნავარჯიშები ვეთამაშეთ ამ გუნდს და მოვუგეთ გაჭირვებით. შეთამაშება, სათამაშო კლასი დაგვაკლდა.
მოსამზადებელი პერიოდი კარგად გავიარეთ. გარკვეულწილად ვფიქრობ, რომ მთავარი მწვრთნელის მიერ დაშვებული იქნა შეცდომა ასისტენტების დაკონტრაქტების დროს. მე მქონდა მასთან საუბარი და ვფიქრობდი, უკეთესი იქნებოდა, რომ შეტევის მაღალი დონის მწვრთნელი ჩამოგვეყვანა და არ გაგვეკეთებინა აქცენტი დაცვაზე. ჩემი აზრით, ამას შეიძლება რაღაც სიტუაცია შეეცვალა, რადგან ასეთი გუნდების წინააღმდეგ დაცვიდან თამაში ძალიან რთულია.
და მესამე, ჩვენს ნაკრებში იყო თაობათა ცვლა და თუ გადახედავთ შემადგენლობას, ძალიან ბევრი ბიჭი იყო 20-წლამდელთა ნაკრებიდან დაწინაურებული, რომლებიც პირველად იყვნენ ამ დონის ფორუმზე. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მაგარი ბიჭები არიან, გამოცდილება ასაკთან ერთად მოდის და კიდევ სხვა რაღაცეებიც. ასევე ვიტყვი, რომ ჩვენ ვეთამაშეთ მსოფლიოს მოწინავე, უძლიერეს გუნდებს, ურთულეს ჯგუფში ვიყავით, ვინც მეტნაკლებად ჩვენი დონის ქვეყანაა იმას დამაჯერებლად მოვუგეთ, ბონუსიც ავიღეთ. ფიჯი რა გუნდიც არის კი იცით, უელსზე და ავსტრალიაზე აღარაფერს ვამბობ. მეც მქონდა უკეთესი თამაშის მოლოდინი და ამის გამო მეც ვფიქრობ, რომ ვერ ვაჩვენეთ სასურველი შედეგი.
ფიჯისთან თამაშამდე შანსებზე პროცენტულად რომ გვესაუბრა, ალბათ 70-30-ზე, ან 60-40-ზე მაინც იყო ფიჯის სასარგებლოდ. კი შეიძლება ფიჯის მოგება ეკუთვნოდა, ჩვენზე უკეთესი იყო და იყო კიდევაც, მაგრამ ჩემთვის გულდასაწყვეტი იყო ასეთი სხვაობით წაგება, რადგან თითქოს მოიშალა ბოლოს გუნდი.
- ნაკრების ხელმძღვანელობა და მწვრთნელები მსოფლიო თასამდე მუდმივად იძახდნენ, რომ მსოფლიო თასზე მიზანი აუცილებლად ორი მატჩის მოგება იყო, ურუგვაისთან და ფიჯისთან. როგორ ფიქრობთ, ამის გამო მოთამაშეებს ზედმეტი ფსიქოლოგიური წნეხი ხომ არ შეექმნათ?
- „მსოფლიო რაგბის“ სტრატეგიულ ხედვაში იყო, რომ 2019 წლის მსოფლიო თასზე მეოთხედფინალში ერთი მეორე დონის გუნდი მაინც უნდა გასულიყო და ასეთ ქვეყნებად „მსოფლიო რაგბი“ მოიაზრებდა იაპონიას, ფიჯის და საქართველოს. შესაბამისი დაფინანსებაც გვქონდა მათგან. მქონდა ურთიერთობა მათ წევრებთან და შესაბამისად, ვიცი რომ აქცენტი ამ სამ გუნდზე იყო გაკეთებული, თუმცა ჩვენ არ გაგვიმართლა და ფიჯისთან ერთად მოვხვდით ჯგუფში და არც ფიჯის გაუღიმა ბედმა მაგ კუთხით.
მოლოდინს რაც შეეხება, იქიდან გამომდინარე, რომ 2015 წლის მსოფლიო თასზე მოვიგეთ ორი თამაში, მოლოდინი იყო გუნდშიც. რაც შეეხება რაგბის კავშირის პოზიციას, მე ვიყავი იმ შეხვედრაზე და როდესაც იკითხე მოთამაშეებმა, რას ითხოვთ ჩვენგან 2019 წლის მსოფლიო თასზეო, პასუხი იყო მინიმუმ ორი თამაშის მოგებას და მაქსიმუმ მეოთხედფინალში გასვლას. ორი თამაშის მოგება იყო მინიმალური მოთხოვნა, თუმცა მიუხედავად იმისა, თუ რა რთულ ჯგუფში ვიყავით, თვითონ მოთამაშეებსაც ჰქონდათ ის მოლოდინი, რომ ორი თამაში უნდა მოეგოთ. ვფიქობ ეს სწორია, რადგან თუ წინა მსოფლიოზე ორი თამაში მოვიგეთ, თამასა ამაზე დაბლა აღარ უნდა დაგვეწია. ვფიქრობ, ეს მოლოდინი, სწორი და სამართლიანი იყო, უბრალოდ რიგი მიზეზების გამო, რაზეც ვისაუბრეთ, არ გამოგვივიდა ამის გაკეთება.
წინა მსოფლიოზე დაფიქსირებულმა შედეგმა ბუნებრივია, რომ წნეხი შექმნა. 2015 წლის ტურნირზე რომ ორი მატჩი მოვიგეთ, ბუნებრივია, შემდეგ მსოფლიოზე მინიმუმ იგივეს განმეორებაზე ვიფიქრებდით, რადგან გულშემატკივარიც უფრო მეტს მოელის ასეთ დროს, თვითონ მორაგბეებიც და საერთოდაც, ადამიანი ყოველთვის იმის გაუმჯობესებას ცდილობს, რასაც უკვე მიაღწია. 2019 წლის ფიჯი უფრო ძლიერი იყო, ვიდრე 2015 წლის ტონგა და მისიაც უფრო რთული იყო, თუმცა ეს ფაქტი ამოცანას ვერ შეცვლიდა. პროგრესიც ზუსტად ეგ არის, რომ უფრო რთულ მისიას შეეჭიდო და შედეგი გააუმჯობესო.
- თუ დავაკვირდებით ფიჯისთან ბოლო წუთებს, გუნდი ფაქტობრივად მოშლილი იყო, შენი აზრით გუნდი ფსიქოლოგიურად კარგად იყო მომზადებული?
- როდესაც ასეთ ძლიერ გუნდს, შენთვის გადამწყვეტ მატჩს ეთამაშები, ასე ზღვარზე მიდის თამაში და ერთმა ჯარიმამ შეიძლება გადაწყვიტოს თამაშის ბედი, შემდეგ კი უშვებ გარკვეულ შეცდომებს, ასევე იყო ხარვეზები, თუნდაც მსაჯობის კუთხით, წინ პასები და ა.შ. ასეთი დეტალები კი, ძალიან მოქმედებს გუნდზე, როდესაც ასე ზღვარზე თამაშობ და შემდეგ დასანან ლელოს გაუშვებ. გუნდმა კარგი მოსამზადებელი პერიოდი გაიარა და ფსიქოლოგიური პრობლემა არ ყოფილა. ასეთი რაღაც დიდ გუნდებზეც მოქმედებს ფსიქოლოგიურად და მინახავს დიდი გუნდებიც ასე მოშლილი. მაგალითად - მსოფლიო თასის მეოთხედფინალში ვნახეთ ირლანდიამ რა ანგარიშით წააგო ახალ ზელანდიასთან, რომელმაც ერთი წლით ადრე დაამარცხა „ოლ ბლექსი“. ასე რომ, ასეთი რამეები ხდება და ამ ყველაფერს ბიჭების ფსიქოლოგიურ მოუმზადებლობას ვერ დავაბრალებ.
- რომ გადავხედოთ 2016-2019 წლების ეტაპს, როდესაც ახალი პრეზიდენტი ბატონი გოჩა სვანიძე მოვიდა პოსტზე, თქვენი აზრით, აქედან მოყოლებული რა გაკეთდა ყველაზე კარგი და პოზიტიური, რაგბის კავშირის მხრიდან, რასაც დღესაც აქვს კარგი შედეგი და ასევე უარყოფითს რას გამოარჩევდით? მაინტერესებს თქვენი შეფასება, როგორც დადებითი ისე უარყოფითი კუთხით.
- რაც არ გაკეთდა, ვფიქრობ ეს არის აკადემია, 7-კაცას არასწორი დაგეგმარება. ასევე, არასწორი საკადრო პოლიტიკა განხორციელდა გარკვეულ პოზიციებზე, შიდა ჩემპიონატის სტრუქტურა არაა სათანადოდ გამართული თავისი წესებით და რეგულაციებით, თუნდაც ფრენჩაიზის მიმართულებით უნდა გვემუშავა აქტიურად. ვფიქრობ, რომ უფრო მეტი რაღაცის გაკეთება შეიძლებოდა, თუმცა ინერტულები ვიყავით.
- თვლით, რომ ფრენჩაიზის გაკეთება აქამდეც იყო შესაძლებელი?
- ვფიქრობ, რომ აქამდეც შეიძლებოდა ამაზე გვემუშავა. ყოველ შემთხვევაში შეიძლებოდა თანხმობა მოგვეპოვებინა და ახლა ფინანსურად მაინც ვიქნებოდით მზად. ცოტა ხნის წინ ვუსმინე მოქმედ პრეზნდენტს, სადაც განაცხადა, რომ ფრენჩაიზის თაობაზე სამხრეთ აფრიკელებს 2017 წელს გაუგზავნა წერილი. მე ასეთი წერილის შესახებ არ ვიცი, მაგრამ თუ გავაგზავნეთ, ახლა ხომ შეიძლებოდა რაიმე მონახაზი მაინც გვქონოდა, თუ რომელი მოთამაშეები იქნებიან დაკონტრაქტებულნი, რა ფინანსებზეა საუბარი, ამ თანხაზე გვაქვს თუ არა მოლაპარაკება სპონსორთან ან სახელმწიფოსთან და.ა.შ. თადარიგი უნდა დაგვეჭირა ამისთვის. თუ ეს წერილი გაიგზავნა და მოლოდინი იყო იმის, რომ ქარის თასზე შეგვეძლო ჩართვა, რაღაცით მზად ხომ უნდა ვყოფილიყავით. ვფიქრობ, რომ ჩვენი აქტიური მუშაობის შემთხვევაში, შეიძლება, ქარის თასზე ჩართვაზე, თანხმობა უფრო ადრეც მიგვეღო.
- რა გაკეთდა ყველაზე კარგი ამ წლებში?
- კარგი გაკეთდა ის, რომ საქართველოს რაგბის კავშირი გადავიდა უკეთეს სამუშაო პირობებზე. ჩემი აზრით, ეს არის მთავარი, ყველაზე კარგი, რაც გაკეთდა, რადგან ძველ რაგბის კავშირში არ გვქონდა სათანადო პირობები. ეს ძალიან სწორი ნაბიჯი იყო, იმიტომ, რომ ადამიანს თუ კარგი პირობა არ შეუქმენი, ის ვერაფერს ვერ გააკეთებს.
რაც შეეხება მსაჯების პროექტს, ეს დაიწყო წინა პრეზიდენტის, გია ნიჟარაძის დროს, ირლანდიის რაგბის კავშირთან მეგობრობით და კარგი იყო, რომ გოჩა სვანიძემ გააგრძელა ეს პროექტი. შეიძლება ვინმემ თქვას, რომ მოვიპოვეთ რაგბი ევროპის 7-კაცას ერთ-ერთი სერიის მასპინძლობა. მინდა ვთქვა, რომ ამ ტურნირს ვუმასპინძლებთ, თუმცა ამის მოპოვება არ წარმოადგენდა დიდ სირთულეს, რადგან რენტაბელური არ არის ეს ტურნირი და ბევრი ქვეყანა უარს ამბობს მასზე ევროპაში, ჩვენ კი, უბრალოდ თანხმობა ვთქვით ახლა, თორემ ამის შემოთავაზება მანამდეც იყო. მე არ მინდა ეს დავუკარგო პრეზიდენტს, რადგან თუ ტურნირის მასპინძლობისთვის საჭირო თანხას გამოვნახავთ, რა თქმა უნდა, კარგი იქნება რაგბი ევროპის ერთ-ერთი სერიის ჩვენთან ჩატარება.
- ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ქართულ რაგბიში არის საკლუბო რაგბი, რაც ალბათ პირველ რიგში ნაკრების განვითარებასაც აფერხებს და ფაქტობრივად მთლიანად ლეგიონერებზე ვართ დამოკიდებულნი. ამის შედეგი არის, რომ გვიჭირს უკანა ხაზის მხრივ. რა უნდა გაკეთდეს ისეთი, რომ რეალურად აიწიოს ჩვენი ჩემპიონატის დონემ? და როგორ უნდა მოხდეს ორგანიზების კუთხითაც მოწესრიგება? მაგალითად, წლევანდელ სეზონში იყო შემთხვევა, რომ საკაცე არ იყო სტადიონზე და ტრავმირებული მოთამაშე 30 წუთი იწვა მინდორზე, რის გამოც მატჩი შეჩერდა.
- პირველ რიგში აუცილებელია, რომ დაფინანსება გაიზარდოს. თანხა, რომელიც ამჟამად არის გამოყოფილი, მაღალი დონის ჩემპიონატის ჩასატარებლად საკმარისი არაა.
მეორე, აუცილებელი არის შიდა ჩემპიონატის გუნდების მენეჯმენტის გადამზადება, რისი რესურსიც კავშირს გააჩნია. პირველ რიგში ჩასატარებელია ლიცენზირება, რომელიც კავშირში 3 წელია ნათარგმნია და ამაზე მქონდა დავა, თუ რატომ არ ტარდება ამდენი ხანი ლიცენზირება. არ შეიძლება, რომ კაცთა გუნდში არ იყოს მესამე დონის ლიცენზიის მწვრთნელი, რადგანაც მესამე დონე არის მინიმალური და აუცილებელი მოთხოვნილება კაცთა გუნდებისთვის. ასევე უნდა მოხდეს მათი მენეჯერების გადამზადება, სავალდებულო უნდა იყოს ფიზმომზადების მწვრთნელი და სათანადო მომზადების მქონე ექიმი. დამატებითი დაფინანსების მიღების შემთხვევაში, ეს ყველაფერი შეიძლება გახდეს სავალდებულო და რაგბის კავშირმა უნდა აიღოს ეს ვალდებულება.
რაც შეეხება უშუალოდ თამაშის ორგანიზებას, არც ეს მუშაობს კარგად და ამის შესახებ რეგლამენტი, უნდა იყოს ძალიან მკაცრი, რადგან, როგორ პროფესიონალურ გარემოშიც ატარებ მატჩებს, შედეგიც შესაბამისად ისახება თამაშის ხარისხზე.
ეს ყველაფერი გავლილი მაქვს კომპეტენტურ ხალხთან და ვფიქრობ, რომ შეიძლება თამაშის აჩქარება. მაგალითად, მსაჯმა მიიღოს კონკრეტული გაფრთხილება, რომ სტატიკის მოწყობისას (აუტი,შერკინება, ა.შ) გუნდებს მიეცეთ ნაკლები დრო. ასევე არის შემთხვევებიც, როდესაც მოთამაშეს რაღაც გაეჭიმება და თამაშის დრო გადის, ასეთ მომენტში მოთამაშე გაყვანილი უნდა იქნას მოედნიდან და ხუთი წუთი არ უნდა ჰქონდეს დაბრუნების უფლება. ეს ძალიან ტექნიკური პატარ-პატარა ნიუანსებია, რის ხარჯზეც შეგვიძლია ჩემპიონატი გავხადოთ უკეთესი. კომისრის ინსტიტუტი უნდა ამუშავდეს ჩვენთან რეალურად, კომისარი უნდა იყოს ისეთივე მაღალი დონის და ისეთივე მომთხოვნი, როგორც მაგალითად 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი იყო. ჩვენ ისეთი კომისრები გვყავდა, ფაქტობრივად გეგმიდან გადახვევის საშუალებას ერთი წამით არ გვაძლევდნენ და იმიტომ იყო ასეთი მაღალი ხარისხის ტურნირი. რა თქმა უნდა ჩვენც ვიყავით ჩართულები, მაგრამ კომისრები იყვნენ სულ უცხოელები და ამას ჩვენც სათანადოდ უნდა მივაქციოთ ყურადღება. გვყავს კომისრები, მაგრამ მათაც დასჭირდებათ გადამზადება, რომ თამაში ჩაატარონ შესაბამისად მაღალ დონეზე.
- პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში პირველი რა იქნება რასაც გააკეთებთ?
- აქცენტს გავაკეთებდი ფრენჩაიზის საკითხზე, მაგრამ ბევრი რამ არის, ასე პირველი, მეორე და მესამეს ვერ ვიტყვი, ყველა თანაბრად მნიშვნელოვანია. ბავშვთა რაგბიშიც მაქვს რაღაც იდეები ჩემს მეგობრებთან ერთად, შიდა ჩემპიონატში, საერთაშორისო მიმართულებით, მაღალი მიღწევების განვითარების კუთხითაც.
- ისევ ნაკრებს რომ მივუბრუნდეთ, აქტუალური არის ეროვნული ნაკრების მწვრთნელის საკითხი როგორც პრეზიდენტობის ერთ-ერთ კანდიდატს შენ რა ხედვა გაქვს ამ საკითხთან დაკავშირებით და როგორი სტილის მწვრთნელს ანიჭებ უპირატესობას?
- სანამ კავშირიდან წამოვიდოდი მე მქონდა ამაზე საუბარი და ვფიქრობდი, რომ რადგან ფრენჩაიზის სამხრეთ აფრიკულ მოდელს ვლობირებდით, სამხრეთ აფრიკელი მწვრთნელი ძალიან ლოგიკური იქნებოდა ჩვენთვის. თან სამხრეთ აფრიკული სტილი მეტ-ნაკლებად ახლოს არის ჩვენთან, ფიზიკურიც არის და გაშლილ თამაშსაც თამაშობენ, რაშიც ჩვენ გვინდა რომ დავიხვეწოთ, განსხვავებით ვთქვათ პირობითად ზელანდიური და ავსტრალიურისგან. იგივე უელსური სტილი არის ჩვენთან ახლოს, მაგრამ მაინც რადგან გვინდოდა, რომ სამხრეთ აფრიკაში ვითამაშოთ, ვფიქრობდი, რომ სამხრეთ აფრიკელი მწვრთნელი ძალიან კარგი იქნებოდა, თან ლოჯისტიკურადაც მგზავრობის მხრივ სამხრეთ აფრიკა უფრო ახლო და ხელსაყრელია ჩვენთვის.
სამხრეთ აფრიკას ჰყავს ძალიან მაღალი დონის სპეციალისტები, რაც დაამტკიცა კიდეც რასი ერასმუსმა, თუმცა მოცემულ ვითრებაში მე ჩავატარებდი ექსპერიმენტს - ვინაიდან ისედაც გარემოებაა ამისთვის შექმნილი, დავტოვებდი ქართველ მწვრთნელს, ოღონდ მას მოვთხოვდი აუცილებლად ძალიან მაღალი დონის ერთი ან ორი უცხოელი სპეციალისტის ჩამოყვანას ასისტენტებად. იმიტომ, რომ უცხოელ მწვრთნელებთან შედარებით ქართველს აქვს ის უპირატესობა, რომ ძალიან კარგად იცნობს მოთამაშეებს, შიდა ჩემპიონატს, ქართულ მენტალიტეტს და ა.შ. ბევრ უცხოელ მწვრთნელთან მქონია შეხება და ქართული მენტალიტეტის გაგება უჭირთ, მოთამაშეებს ვერ უდგებიან სწორად. მაგალითად თუნდაც ავსტრალიელები. ჩვენი ნაკრები ერთი ოჯახივით არის და ამას არ ღებულობენ ხოლმე, რის გამოც ხშირ შემთხვევაში ხდება კონფლიქტი. იყო ასეთი შემთხვევები და ამიტომ ძალიან სარისკოა. მილტონი ამ მხრივ იყო გამონაკლისი იმიტომ, რომ ძალიან კარგად აუღო ქართულ მენტალიტეტს ალღო და ბიჭებთან ძალიან კარგ ურთიერთობაში შევიდა. კულტურული სხვაობები ხშირად დიდ როლს ასრულებს და ამიტომ ძალიან საფრთხილოა უცხოელი მწვრთნელის ჩამოყვანა. მაღალი დონის მწვრთნელი თუ იქნება, პრინციპში ნებისმიერს განვიხილავ, მაგრამ სამხრეთ აფრიკელი ალბათ პრიორიტეტული იქნება.
- თუ ნაკრებმა რაგბი ევროპაზე აჩვენა მაღალი ხარისხის რაგბი, თქვენი გამარჯვების შემთხვევაში, ლევან მაისაშვილს ექნება ზაფხულის ტესტებზე შანსი და ის იქნება მწვრთნელი?
- აუცილებლად, ასეთ შემთხვევაში, ვფიქრობ ლევან მაისაშვილი უნდა დარჩეს მარტივი მიზეზის გამო. უსამართლობა იქნება რაგბი ევროპის ჩემპიონატით რომ მოხდეს მისი შეფასება, ერთი მაღალი დონის თამაში ხომ უნდა ითამაშოს, რომ დაინახო მისი რეალური შესაძლებლობები. როგორ ვითამაშებთ ბელგიას და პორტუგალიასთან ეს არაა საზომი, მაგალითად ეს უნდა დავინახოთ აშშ-ის, იაპონიის და ასეთი დონის გუნდებთან, ოღონდ იქამდე რაგბი ევროპა მოგებული უნდა იქნა ხარისხიანი თამაშით, შეფასება არ უნდა იყოს მხოლოდ რაგბი ევროპის მოგება, ლაპარაკია ხარისხიან მოგებებზე, სხვადასხვა კომპონენტში მაღალი დონის ასპარეზობა. ჯამურად უნდა მოხდეს მწვრთნელის შეფასება, სელექციაზე, რაზე გააკეთა აქცენტი მომავალზე, შედეგი და ა.შ. ჩემი აზრით, აქცენტი იმ გუნდის შენებაზე უნდა იქნას გაკეთებული, რომელიც 2023 წლის მსოფლიო თასზე ითამაშებს, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი.
ბაჩო ხურციძის 2020-2023 წლებში რაგბის განვითარების სტრადეგიული ხედვა
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.