მილტონ ჰეიგი იაპონურ ოქროს ვერ შესწვდა - სანტორი სანგოლიასი ფინალში დამარცხდა (VIDEO)

მილტონ ჰეიგი იაპონურ ოქროს ვერ შესწვდა - სანტორი სანგოლიასი ფინალში დამარცხდა (VIDEO)

დღეს იაპონიის ტოპ ლიგის ფინალური შეხვედრა გაიმართა - ტოკიოში, "ჩიჩიბუნომია რაგბი სთედიუმზე" ერთმანეთს "სანტორი სანგოლიასი" და "პანასონიკ უაილდ ნაითსი" დაუხვდნენ.

რეგულარულ ჩემპიონატში ნაჩვენები შედეგების მიხედვით, ფავორიტად "სანტორი სანგოლიასი" მიიჩნეოდა. მილტონ ჰეიგის გუნდმა ტოპ ლიგის რეგულარული გათამაშების "წითელ ჯგუფში" შვიდიდან შვიდი მატჩი მოიგო და "წითელი ჯგუფი" შესაძლებელი 35-დან 34 ქულით დაასრულა, ანუ მხოლოდ ერთ მატჩში ვერ იმარჯვა ბონუსით. რეგულარულ ჩემპიონატში ჰეიგის შეგირდებმა 60 ლელოს და 420 ქულის გატანა მოახერხეს, ხოლო 129 გაუშვეს.

იქიდან გამომდინარე, რომ რეგულარული გათამაშება პირველ ადგილზე დაასრულეს, 1/16 ფინალი გამოტოვეს, მერვედფინალში "გრინ როკეტსი" 76:31 გაანადგურეს, მეოთხედფინალში კი "რიკო ბლექ რემსთან" უნდა ეთამაშათ, თუმცა მატჩი ამ უკანასკნელის მიზეზით გაუქმდა და "სანტორის" მოგება ჩაეთვალა, ხოლო ნახევარფინალში "სანტორი სანგოლიასმა" "ჰანაძონო რაგბი სთედიუმზე" "კუბოტა სპეარსი" 26:9 დაამარცხა.

რაც შეეხება "პანასონიკ უაილდ ნაითსს", მათ რეგულარული ჩემპიონატის "თეთრ ჯგუფში" შვიდიდან ექვს მატჩში იმარჯვეს და "კობელკო სტილერსს" ფრედ 13:13 ეთამაშეს, რომელსაც 2 ქულით აჯობეს და მაინც პირველი ადგილი დაიკავეს. მათ მერვედფინალში "კინტეცუ ლაინერსი" 54:7 გაანადგურეს, შემდეგ "ქენონ იგლსი" დაამარცხეს 32:17, ნახევარფინალში კი "ტოიოტა ვერბლიცს" 48:21 აჯობეს.

ახლა კი უშუალოდ ფინალურ შეხვედრაზე: "სანტორი სანგოლიასმა" პირველი ტაიმი საშინლად ჩაატარა და მეტოქემ საწყის 30 წუთში დიდი უპირატესობა მოიპოვა, რომლის აღმოფხვრაც მილტონ ჰეიგის შეგირდებმა ვეღარ მოახერხეს. პირველი ლელო ბოდენ ბარეტის უხეშ შეცდომას მოჰყვა, რომელსაც დილან რილიმ ბურთი ჩაუჭრა, 50 მეტრზე მეტი გაირბინა და "პანასონიკი" დააწინაურა. რიკია მაცუდამ გარდასახვა გაიტანა და მალევე ორი ჯარიმა შეასრულა ზუსტად, ხოლო 30-ე წუთზე 2019 წლის მსოფლიო თასის ერთ-ერთმა გამორჩეულმა მორაგბემ კენკი ფუკუოკამ ბრწყინვალე ლელო მიითვალა, რომელიც ჯობს თავად ნახოთ - მაცუდამ კი ურთულესი გარდასახვა გაიტანა და ანგარიში 0:20 გახდა. ტაიმის მიწურულს რიოტო ნაკამურამ ერთი ლელო გაქვითა, რომელიც ბარეტმა გარდასახა, ხოლო ბოლო წუთზე მაცუდამ კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანა და ტაიმი 7:23 დასრულდა.

მეორე ნახევარი "სანტორისთვის" იმედისმომცემად დაიწყო და 42-ე წუთზე ტაკააკი ნაკაძუნუმ კიდევ ერთი ლელო დადო, მაგრამ 55-ე წუთზე ასიელი აი ვალუმ მათ იმედებს წყალი გადაასხა და კვლავ 16-ქულიანი სხვაობა აღადგინა. 70-ე წუთზე ნაოტო საიტომ კიდევ ერთი ლელო გაიტანა, რომელიც ბარეტმა გარდასახა და გადამწყვეტი შეტევებისთვის მოემზადა, მაგრამ საკუთარ 22-თან ახლოს დაჯარიმდა, რაც შეცვლაზე შესულმა მგეზავმა ტაკუია იამასავამ 3 ქულად აქცია და მატჩის დასრულებამდე 7 წუთით ადრე სხვაობა 12 გახადა. "სანტორიმ" მაინც გაიბრძოლა და 78-ე წუთზე მათი 10-ფაზიანი შეტევა სეია ოზაკიმ დაასრულა ლელოთი, რომელიც ბარეტმა გარდასახა და მატჩის დასრულებამდე წუთნახევრით ადრე სხვაობა ერთ ლელომდე შემცირდა, მაგრამ დრო ძალიან ცოტა იყო, "სანტორიმ" ვეღარაფერი მოასწრო და მატჩი 26:31 დასრულდა.

ამრიგად, ტოპ ლიგის ბოლო გათამაშების გამარჯვებული "პანასონიკ უაილდ ნაითსი" გახდა, ხოლო მილტონ ჰეიგი და მისი შეგირდები ვერცხლის მედლებს დასჯერდნენ. მომდევნო სეზონიდან იაპონიაში ახალი ფორმატის სარაგბო ჩემპიონატი ჩატარდება.  

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"