ნიკა ამაშუკელს ევროთასების პლეი-ოფში დებიუტი ბრწყინვალე მატჩში მოუწია (+VIDEO)

ნიკა ამაშუკელს ევროთასების პლეი-ოფში დებიუტი ბრწყინვალე მატჩში მოუწია (+VIDEO)

© Clive Rose

პარასკევს, შაბათს და კვირას ევროთასების 1/8 ფინალური ეტაპის მატჩები გაიმართა.

ისტორიაში პირველად, პლეი-ოფების სტადიაზე ქართველს ანდეს მსაჯობა და ნიკა ამაშუკელი "ლონდონ აირიშისა" და "კარდიფ ბლუზის" დაპირისპირებას გაუძღვნა. შეხვედრა ბრწყინვალე საყურებელი გამოდგა და ვინც ამ თამაშს თვალი მიადევნა ნამდვილად ძალიან დიდ სიამოვნებას მიიღებდა. გუნდებმა 9 ლელოს და საერთო ჯამში 76 ქულის გატანა მოახერხეს. 

შეხვედრის პირველი ნახევარი 13:17 დასრულდა. მეორე ნახევრის საწყის 15 წუთში კი ამაშუკელს მასპინძელთა ორი მორაგბის ბარათების ჩვენება მოუწია: 47-ე წუთზე გოდრიკ-კლარკმა მეტოქეს სახეში მხარი ჩაარტყა და სრულიად დამსახურებულად წითელი ბარათი მიიღო, ხოლო 53-ე წუთზე ლოადერი გაასინბინა. მიუხედავად ამისა, მეორე ტაიმში პირველი ლელო, თანაც ძალიან ლამაზი მასპინძლებმა დადეს, ამის გაკეთება 49-ე წუთზე ჰასელ-კოლინსმა შეძლო. ამის შემდეგ, უელსელებმა რიცხობრივი უპირატესობა გამოიყენეს და მეტოქე ორჯერ დაალელოვეს, შესაბამისად მატჩის დასრულებამდე 10 წუთით ადრე 14-კაციანი "ლონდონ აირიში" 20:32 აგებდა.

დარჩენილ დროში ინგლისელებმა მცირე სასწაული შემოგვთავაზეს. მათ ხუთწუთიან მონაკვეთში, 75-ე წუთამდე ორი გარდასახული ლელო დადეს და წინ გავიდნენ, თუმცა 78-ე წუთზე სტუმრებს ევანსმა არეკნით 3 ქულა მოუტანა და ერთი ქულით დააწინაურა. თითქოს მაინც "კარდიფ ბლუზი" უნდა გასულიყო შემდეგ ეტაპზე, მაგრამ ბოლო წუთზე მასპინძლებმა საკუთარი ნახევრიდან ბრწყინვალე შეტევა წამოიღეს, რომელიც კურტის რონას ლელოთი დაბოლოვდა და საბოლოოდ მეოთხედფინალში "ლონდონ აირიში" გავიდა - 41:35.

ნიკა ამაშუკელი კი მშვენივრად გაუძღვა მატჩს და მორიგი ნაყოფიერი შეხვედრა ჩაიწერა აქტივში, ხოლო ქართული რაგბის ისტორიაში ჩვენებურმა მსაჯმა ასეთ მაღალ დონეზე პირველად იმსაჯა.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"