"ამას ბოლო უნდა მოეღოს, ჩვენი კლუბის ღირსებაში ხელებს ვერ ვაფათურებინებთ" - წიქარას წარმომადგენელი ზეწოლაზე

"ამას ბოლო უნდა მოეღოს, ჩვენი კლუბის ღირსებაში ხელებს ვერ ვაფათურებინებთ" - წიქარას წარმომადგენელი ზეწოლაზე

გუშინ ავჭალაში ჩანიშნული რაგბი კავშირის ყრილობა ხმაურის ფონზე წარიმართა, საბოლოოდ კი ქვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა.

განსაკუთრებით გამოდგა სარაგბო კლუბ "წიქარას" წარმომადგენლის ნიკოლოზ წიქარიძის განცხადება, რომელმაც სარეგისტრაციო პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კლუბის პრეზიდენტი თენგიზ გოცირიძე, რომელიც ნერვიულობის ნიადაგზე ცუდად გახდა და საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი, იძულებული გახდა, რომ მინდობილობა სხვა პირისთვის გადაეცა, რომელიც კლუბის საპირისპირო პოზიციას დააფიქსირებდა. იხილეთ აქვე. 

აღნიშნული ინფორმაცია გადაამოწმა "მთავარმა არხმა", რომელიც ტელეფონით დაუკავშირდა საავადმყოფოში მყოფ გოცირიძეს, რომელმაც განაცხადა, რომ მას მინდობილობის გადაცემა სხვა ადამიანისთვის, ერთ-ერთი დამფუძნებლის ნიკოლოზ წიქარიძისთვის სურდა, თუმცა იძულებული გახდა, რომ მინდობილობა ნოდარ ლიპარტელიანისთვის გადაეცა. იხილეთ აქვე. 

გუშინვე, "ლოკომოტივის" სარაგბო ბაზაზე პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც "წიქარას" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა უფრო ვრცელად ისაუბრა და დაადასტურა, რომ საავადმყოფოში მყოფ კლუბის პრეზიდენტზე ზეწოლა მოხდა, რომელიც იძულებული გახდა, რომ მინდობილობა მის ნაცვლად ისეთი ადამიანისთვის გადაეცა, რომელიც მათ კლუბთან არანაირ კავშირში არაა. 

"უკაცრავად, რომ ემოციურად ვილაპარაკებ. ჩვენი კლუბის მაისურს ღირსება აწერია, დღეს (გუშინ) მოხდა ძირითადი ტერმინი ანუ ღირსების შელახვა. მოხდა შელახვა იმით, რომ გამოიყენეს ჩვენი პრეზიდენტის თენგიზ გოცირიძის ავადმყოფობა. ანუ გეტყვით, რომ გუშინ (გუშინწინ) გახდა ძალიან ცუდად, გადატანილი ოპერაციის შედეგად ძალიან დამძიმდა და ღამის სადღაც 12 საათზე, პირველის ნახევარზე გადაიყვანეს კლინიკაში. ამის გადამოწმება შეგიძლიათ ყველა ჟურნალისტს. 

დღეს (გუშინ) დილით ვესაუბრე, როგორა ხარ, რა პოზიციებზე ხარ? აბსოლუტურად შეთანხმებულები ვიყავით ერთმანეთში, კლუბთან, კლუბის მწვრთნელებთან. გვქონდა გადაწყვეტილება, რომ არ წავსულიყავით არჩევნებზე. დამირეკა პირველის თხუთმეტ წუთზე, რომ მოხდა ის, რაც მოხდა. ანუ, მოტყუებით, მუქარით, მოქრთამვით არ ვიცი, თვითონ გიპასუხებთ, მოხდა გადაფორმება სხვა პიროვნებაზე. ეს პიროვნება ჩემთვის არის უცნობი, მაგრამ გვარი და სახელი ვიცი. ვიცი, ადრე აკავშირებდათ რაღაც მეგობრული ურთიერთობა, უკაცრავად ვიტყვი ამას, რომ ეს ადამიანი არის ნოდარ ლიპარტელიანი.

ამ ნოდარ ლიპარტელიანს მინდა შევეკითხო უბრალოდ, ერთხელ მაინც ერთხელ მაინც თუ უნახია ჩვენი 14 მწვრთნელი, რომლებიც უხელფასოდ ავარჯიშებენ ბავშვებს. უნახიათ თუ არა ის მეორე ლიგის ბიჭები, რომლებიც თვალანთებული რომ დაინახავენ თენგოს და თენგო ბიძია როგორა ხარო? მე ის არასდროს მინახავს. მეტი რა გითხრათ, თენგო გოცირიძე კლუბის დაარსების პირველი დღიდან არის პრეზიდენტი. ის მორაგბე არ არის, ის არის მორაგბის მშობელი, მე-11 წელია ის არის კლუბის უცვლელი პრეზიდენტი, გვყავს გაზრდილი არაერთი თაობა, რომლებიც ნაკრებებში არიან, საქართველოს ჯარში არიან, საქართველოს იცავენ.

უკაცრავად რა, ამას უნდა მოეღოს ბოლო. "წიქარას" სულში, "წიქარას" ღირსებაში მე ვერ ვაფათურებინებ და ჩვენ კლუბი "წიქარა" ვერ აფათურებინებს ხელს აი ასეთ ბოდიში და ტიპებს რა. მე ეს გითხარით და ჩემი სიტყვები შემიძლია დავადასტურო იმით, რომ თენგიზ გოცირიძე ახლა იმყოფება საავადმყოფოში და მძიმე მდგომარეობაშია", -
განაცხადა "წიქარას" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და მწვრთნელმა ნიკოლოზ წიქარიძემ. 

წიქარაძის განცხადებას უმალ გამოეხმაურა ირაკლი აბუსერიძე, რომელმაც სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა: "სამარცხვინო რეალობა!
მოუსმინეთ! ესაა სიმართლე და ესაა რეალობა! არ ვიცი რა ვთქვა. ვიფიქრე დამწერა "უკომენტაროდ", მაგრამ არ გამომდის. კითხვა მიჩნდება იმ ხალხთან ვინც დღეს, ნაცნობობა-სამსახური-ნათესაობით არის წაყეყეჩებული და მორაგბეებს, ქართული რაგბის მომავალს, მუქარას უბედავს: ხვალ, ზეგ, მაზეგ, ეგ ნაცნობობა, სამსახური, ნათესაობა რომ ვეღარ გიშველით, მერე რა ვქნათ?! ოთახნახევრიანი ქვეყანაა და სადმე ხომ შევხვდებით?! მე გეტყვით - ბურთივით აგიღებთ და სადმე ხაზს იქეთ დაგამიწებთ! საწყენად არ მიიღოთ, უბრალოდ რაგბია! ასეთია ეს თამაში!", -
წერს ირაკლი აბუსერიძე. 

როგორც იცით, დღევანდელი ყრილობა ქვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა. გამოცხადდა 24 სუბიექტი, საერთო ხმების რაოდენობა - 42. არჩევნების ჩასატარებლად კი 51 ხმა იყო საჭირო. "წიქარას", რომლის პრეზიდენტის იძულებით გაკეთებულმა მინდობილობამ აჟიოტაჟი გამოიწვია, სამი ხმა აქვს. 

ირაკლი აბუსერიძის მომხრეებმა დღევანდელ არჩევნებს დე ფაქტო უწოდეს და ბოიკოტი გამოუცხადეს, რადგან ისინი ხაზგასმით ამბობენ, რომ 30 დეკემბერს მათ უკვე აირჩიეს ლეგიტიმური პრეზიდენტი ირაკლი აბუსერიძე. ისინი დიდი ხანია საუბრობენ იმაზე, რომ კლუბებზე დიდი ზეწოლა ხდება, რის გამოც ბევრმა კლუბმა ვერ გაუძლო და არჩევნებზე იოსებ ტყემალაძის სასარგებლოდ გამოცხადდა, რაც "წიქარას" პრეზიდენტიმა და წარმომადგენელმა დაადასტურეს. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"