ემანუელ მაკრონმა მსოფლიო თასის კენჭისყრაზე საუბარი კრისტოფ დომინისის გახსენებით დაიწყო

ემანუელ მაკრონმა მსოფლიო თასის კენჭისყრაზე საუბარი კრისტოფ დომინისის გახსენებით დაიწყო

ორშაბათს პარიზში 2023 წლის მსოფლიო თასის კენჭისყრა გაიმართა. პანდემიიდან გამომდინარე, ცერემონიალს მხოლოდ საფრანგეთის დელეგაციიდან ესწრებოდნენ, ხოლო დანარჩენი ქვეყნების წარმომადგენლებს ამის საშუალება ონლაინ რეჟიმში ჰქონდათ.

მთავარი საპატიო სტუმარი, რომელიც კენჭისყრის პროცესს დაესწრო საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი გახლდათ. ბუნებრივია, რომ კენჭისყრის ცერემონიალის წამყვანმა მაკრონს ვრცელი სიტყვა მისცა, რომელმაც ისაუბრა იმ გამოწვევებზე და მნიშვნელობაზე, რომელიც 2023 წლის მსოფლიო თასის მასპინძლობაა და საფრანგეთის ნაკრების გეგმებზე, თუმცა სანამ ამ გამოსვლას დაიწყებდა, მან პირველ რიგში საფრანგეთის ნაკრების ლეგენდა კრისტოფ დომინისი და ფეხბურთის ცნობილი მწვრთნელი ჟერარ ულიე გაიხსენა.

დომინისმა 24 ნოემბერს სიცოცხლე თვითმკვლელობით 48 წლის ასაკში დაასრულა, ხოლო ულიე 73 წლის ასაკში ორშაბათს დილას გარდაიცვალა.

"სანამ საუბარს დავიწყებდე, მე მინდა რამდენიმე სიტყვით კრისტოფ დომინისი გავიხსენო. ჩვენ ყველანი ვფიქრობთ იმ დანაკარგზე, რაც ჩვენ გვაქვს. ასევე ამ დილით ჩვენ დავკარგეთ დიდი მწვრთნელი სხვა სპორტის სახეობიდან, ჟერარ ულიე. ის იყო საფრანგეთის ნაკრების, პსჟ-ს და სხვა ბევრი გუნდის მწვრთნელი. ჩემი ფიქრები არის მათთან, ჟერართან და დომისთან, რომელიც რამდენიმე კვირის წინ დავკარგეთ. აგრეთვე ვფიქრობ იმ ყველაფერზე, რაც დომის ფრანგული სარაგბო ოჯახისთვის გაუკეთებია", -
განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

დომინისი საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში 1998-2007 წლებში გამოდიოდა და ამ დროის მანძილზე 67 კეპი მოიხვეჭა. გულშემატკივარს კი ის ყველაზე მეტად 1999 წლის მსოფლიო თასზე ახალი ზელანდიის წინააღმდეგ დადებულ ბრწყინვალე ლელოთი ემახსოვრება. 

საკლუბო თვალსაზრისით დომინისი 1993-1997 წლებში "ტულონის" ღირსებას იცავდა, კარიერის ძირითადი ნაწილი კი "სტად ფრანსეში" გაატარა, სადაც 1997-2008 წლებში 5-ჯერ მოახერხა საფრანგეთის ჩემპიონის ტიტულის მოგება.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"