სენსაცია სამხრეთ ამერიკის 4 ერში - ჩილემ მსოფლიო თასის მონაწილე დაამარცხა (VIDEO)

სენსაცია სამხრეთ ამერიკის 4 ერში - ჩილემ მსოფლიო თასის მონაწილე დაამარცხა (VIDEO)

2020 წლის სამხრეთ ამერიკის 4 ერის მეორე ტურში ურუგვაის ნაკრები მონტევიდეოში ჩილეს დაუხვდა და მოულოდნელად დამარცხდა.

ჩილელები როგორც ჩანს სერიოზულ პროგრესს განიცდიან, რადგან გასულ ტურში არგენტინა XV-ს ძალიან დიდი ბრძოლა გაუმართლეს და მხოლოდ გაწითლებული დროის მეექვსე წუთზე გაშვებული ჯარიმით დამარცხდნენ მინიმალური ქულით. ამჯერად კი, თავად იმარჯვეს მინიმალური სხვაობით და თან მსოფლიო თასის მონაწილეს და იქ ფიჯის მომგებ ურუგვაის ნაკრებს სძლიეს, რომელიც ბოლო წლებია თავადაც დიდ პროგრესს განიცდის. 

მატჩი ურუგვაის უპირატესობით დაიწყო და საწყის 15 წუთში ფავაროს ლამაზი ლელოთი, გარდასახვით, არეკნით და ჯარიმით 13:0 დაწინაურდა. ამის შემდეგ, ჩილეც ათამაშდა და ათწუთიან მონაკვეთში ორი საკმაოდ კარგი ლელო დადო, ვიდელამ კი ორივე გარდასახვა გაიტანა. გარდა ამისა, გუნდებმა თითო ჯარიმაც გაიტანეს და ურუგვაიმ ტაიმი 16:17 დათმო.

მეორე ნახევარი მწირქულიანი გამოდგა და გუნდებმა მხოლოდ თითო გარდაუსახავი ლელო დადეს. ჯერ ურუგვაელებმა შეძლეს შეტევის გაშლა, ფეხით გადაკიდებული ბურთს ამაია იოლად დაეუფლა და მეტოქე კიდესთან დაალელოვა. მატჩის დასრულებამდე ხუთი წუთი ადრე ჩილელებმა მეტოქის 5-მეტრიანში აუტი ააგდეს, რომელიც მოიგეს, მაგრამ მასპინძლებმა თავიდან თავი კარგად დაიცვეს და მოლი წესების დაცვით დაუშალეს, მაგრამ რაქის გვერდით ფრთასთან ახლოს შეცვლაზე შემოსული მესამეხაზელი ესკობარი გამორჩათ, რომელსაც ცხრა ნომერმა ტორეალბამ გაუტანა ბურთი და ჩილელებმა გამარჯვების ლელო გაიტანეს - 21:22.

ტურნირის ბოლო ტური 25 ოქტომბერს გაიმართება: ჩილე თბილისის დროით 21 საათზე ბრაზილიას ეთამაშება, ხოლო 23:45 საათზე არგენტინა XV-ის და ურუგვაის დაპირისპირება დაიწყება. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"
საქართველო - ფიჯი 15:15 (VIDEO)