მიხეილ ალანია ლელოს დადების მომენტში ჩემი ოჯახის წევრების ემოციებზე უფრო ვფიქრობდი

მიხეილ ალანია ლელოს დადების მომენტში ჩემი ოჯახის წევრების ემოციებზე უფრო ვფიქრობდი

პრო დ2-ის მეოთხე ტურში "ორიაკი" გასვლაზე "მონტობანს" დაუპირისპირდა და 20:11 იმარჯვა.

"ორიაკის" რიგებში შესანიშნავი დებიუტი გამოუვიდა საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების ცხრა ნომერს მიხეილ ალანიას, რომელიც მინდორზე 52-ე წუთზე გამოჩნდა და 77-ე წუთზე საკუთარი გუნდის მიერ 22-მეტრიანიდან წამოწყებული იერიში ჩინებული ლელოთი დააგვირგვინა. ალანია თანაგუნდელებს მიჰყვა, რომელსაც ბურთი ფულბექმა თომას ვინსენმა ამოუგდო, შემდეგ კი ახალგაზრდა ქართველმა 40 მეტრი გაირბინა და საკუთარი გუნდის რიგებიდან ერთადერთი ლელო დადო.

Myrugby.Ge ახალგაზრდა მორაგბეს დაუკავშირდა და მასთან მცირე ინტერვიუ ჩაწერა.

- ისეთი დებიუტი გამოგივიდა, როგორსაც ალბათ ყველა დამწყები მორაგბე ინატრებს. რას იტყვი გუშინდელ მატჩზე?

- პირველ რიგში უნდა ვთქვა, რომ მოხარული ვარ გასვლითი მატჩის მოგებით, რადგან ძალიან გვჭირდებოდა ეს გამარჯვება, თან ასეთ გუნდთან. რაც შეეხება ჩემს დებიუტს, ასე თუ ისე კმაყოფილი ვარ.

- ლელო საკმაოდ ემოციურად აღნიშნე. რა იგრძენი იმ მომენტში, როდესაც ბურთი ლელოში დაამიწე სადებიუტო მატჩშივე.

- იმ მომენტში ჩემი ოჯახის წევრების ემოციებზე უფრო ვფიქრობდი, ვიდრე ჩემს დადებულ ლელოზე.

- ელოდი ერთი კვირის წინ, რომ ძირითად გუნდში დებიუტი გექნებოდა? და შენი აზრით, ასეთი კარგი დებიუტის შემდეგ, უფრო მეტად თუ ითამაშებ ძირითად გუნდში?

- დებიუტს უახლოეს მომავალში ველოდებოდი და ამისთვის მზად ვიყავი, თუმცა ამ გუნდში თამაში არ არის ადვილი. რა თქმა უნდა ამით არ ვკმაკოფილდები და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩემი თამაში გავაუმჯობესო და დავიმკვიდრო თავი გუნდის შემადგენლობაში.

- "ორიაკი" პრო დ2-ში ერთ-ერთი ყველაზე დაბალბიუჯეტიანი გუნდია. აქედან გამომდინარე, გუნდის მიზანი კვლავ ადგილის შენარჩუნებაა თუ უფრო მაღალი ამბიციები აქვს?

- მართალია წინა წლებში გუნდი საკმაოდ სუსტად გამოიყურებოდა, თუმცა დღევანდელი გადმოსახედიდან თამაშის ხარისხი ბევრად გაუმჯობესებულია. გუნდში ბევრი ცვლილება მოხდა მოთამაშეების მხრივ. შესაბამისად, ჩვენი მიზანი ჩემპიონატში ადგილის შენარჩუნება და შემდგომ უკვე უფრო მაღალი მიზნებისთვის ბრძოლაა.

ოთხი ტურის შემდეგ "ორიაკი" 9 ქულით მე-6 ადგილზე იმყოფება.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"