მერაბ შარიქაძე: "ეს გამარჯვება ლევან მაისაშვილს ეძღვნება"

მერაბ შარიქაძე: "ეს გამარჯვება ლევან მაისაშვილს ეძღვნება"

პირველმა ქართულმა ფრენჩაიზმა "შავმა ლომმა" დღეს სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა და ავჭალის სტადიონზე ასევე დებიუტანტი "თელ-ავივ ჰითი" დამაჯერებლად 33:10 დაამარცხა.

შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების წინაშე "შავი ლომის" და საქართველოს ნაკრების კაპიტანი მერაბ შარიქაძე წარსდგა. ბუკა "თელ-ავივ ჰითთან" ნაჩვენები თამაშით კმაყოფილი დარჩა და გუნდთან ერთად, ეს გამარჯვება ლევან მაისაშვილს მიუძღვნა, რომელმაც კორონავირუსი უმძიმესი ბრძოლის შემდეგ დაამარცხა და სრულად გამოჯანმრთელება მოახერხა.

"დღევანდელი დღე ემოციური იყო ბევრი მიზეზის გამო. პირველი ეს ბათუმის ტრაგედიაა და მინდა გუნდის სახელით მათ ოჯახებს მივუსამძიმრო. მეორე ლევანის დაბრუნებაა – გულით მიხარია ამ პრესკონსფერენციაზე მის გვერდით რომ ვზივარ. ლევანმა ძალიან რთული გზა გამოიარა ჩვენთან ერთად რომ ყოფილიყო. ალბათ სიმბოლურია, რომ დღემდე ბოლო თამაში სამხრეთ აფრიკასთან ჩავატარე, ლევანთან ერთად და იმ საშინელი სამი თვის შემდეგ, მოედანს მასთან ერთად დავუბრუნდი. ეს გამარჯვება სწორედ ჩვენს მთავარ მწვრთნელს ეძღვნება.

რაც შეეხება შეხვედრას, კარგი თამაში ჩავატარეთ. შეცდომები გვქონდა და რომ არა ეს, სხვაობა უფრო დიდიც იქნებოდა, თუმცა მთლიანობაში მიმაჩნია, რომ ხარისხიანი შეხვედრა ჩავატარეთ. განსაკუთრებით კარგად დაცვაში ვითამაშეთ, რაც ისევ და ისევ ლევანს გაუხარდება და ასეთი შედეგი ამანაც განაპირობა.

ყველამ ვნახეთ რამდენად მაღალი დონის მოთამაშეებით იყო დაკომპლექტებული ‘თელავივ ჰითი’. ვფიქრობ, როგორც ჩვენ, ასევე ისინი, პრო დე2-ის ნებისმიერ გუნდს ღირსეულ წინააღმდეგობას გავუწევთ და რამდენიმეს დავამარცხებთ კიდეც. დასაწყისისთვის ეს ძალიან კარგი, მაღალი დონის ტურნირია", -
განაცხადა შარიქაძემ.

"შავი ლომი" მომდევნო მატჩს 23 ოქტომბერს პენზაში "ლოკომოტივის" წინააღმდეგ ჩაატარებს.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"
საქართველო - ფიჯი 15:15 (VIDEO)